„პრეზიდენტი ნაცმოძრაობას ისე იყენებს, როგორც თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გამოიყენა“

„პრეზიდენტი ნაცმოძრაობას ისე იყენებს, როგორც თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გამოიყენა“

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მესამე ვეტოს უმრავლესობის გაღიზიანება მოჰყვა. მმართველი გუნდი ქვეყნის პირველ პირს ნაციონალებთან კავშირში ადანაშაულებს და ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. საკანონმდებლო ორგანო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე მსჯელობას სექტემბერში გეგმავს, თუმცა, მანამდე, უმრავლესობა მარგველაშვილს აფრთხილებს, რომ ვეტოს ხშირი გამოყენებით პრეზიდენტის თანამდებობისა და ვეტოს გაუფასურება მოხდება.

კანონის ერთ-ერთი ავტორი თამაზ მეჭიაური for.ge-სთან საუბარში პრეზიდენტს მკაცრად აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ ეროვნული ბანკი პოლიტიკური ნიშნის მატარებელია. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა დაკომპლექტებულია იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ.

კანონმდებელის ცნობით, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს, მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს დამატებით, თვეში 6000 ლარიანი დანამატი დაუნიშნა, რაც დეპუტატის ხელფასს ორჯერ აღემატება.

„საბჭოს წევრებს დიდი დატვირთვა არ აქვთ, ისინი თვეში ერთხელ იკრიბებიან, მაგრამ გასაგებია, ჯილდოს სახით საჩუქრის გაკეთება რატომ მოხდა. მიზანი ის იყო, რომ პოლიტიკური ძალის ინტერესები გატარებულიყო“, - აცხადებს მეჭიაური.

დეპუტატის შეფასებით, მის მიერ კანონში ცვლილებები იმ მიზნით განხორციელდა, რომ პოლიტიკური ინტერესების მატარებელი საბჭოს გაუვნებელყოფა მომხდარიყო და ისეთი მოდელი შექმნილიყო, რომელიც ეროვნული ბანკის დეპოლიტიზაციას უზრუნველყოფდა.

„იცით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისა და არასამთავროების რეაქცია როგორი იყო, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულნი არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეროვნული ბანკი მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალას ემსახურება და მათთვის ამ სააგენტოს შექმნა, რაც ეროვნული ბანკის საქმიანობას გამჭირვალეს გახდის, სერიოზული საფრხთის მატარებელია, რადგან ისინი შემჩნეულნი არიან ბევრ უკანონო ქმდებაში“, - აცხადებს დეპუტატი.

მეჭიაური მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ პრეზიდენტი ნაციონალებს ისე იყენებს, როგორც თავის დროზე, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ გამოიყენა.

„მარგველაშვილი ნაციონალების გარშემო მყოფი არასამთავროების გამოყენებასაც აპირებს. მისი მიზანია, თავის თავს რაიმე წონა შესძინოს, მაგრამ ის არანაირი პოლიტიკური წონის მატარებელი არ არის იმდენად რამდენადაც, ის ერთი კაცის გარდა, არავის აურჩევია. ის ყოველგვარი პოლიტიკური ლეგიტიმაციისა და წონის გარეშე დარჩა“, - აცხადებს მეჭიაური.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ მარგველაშვილი თავის თავისგან ლიდერის შექმნას ცდილობს.

„ის ფაქტობრივად, ნაციონალებისა და არასამთავროებს ინტერესებს ახმოვანებს, რომლებიც პირდაპირ ეროვნულ ბანკთან არიან დაკავშირებული, რომელიც „ნაცმოძრაობის“ სალაროა. მარგველაშვილს ჰგონია, რომ დივიდენდებს მიიღებს, მაგრამ მას არც ქარიზმა აქვს და არც პოლიტიკური წონა განსახვავებით მიშასგან. მოგვწონს თუ არა, მიშას რაღაც ქარიზმა აქვს. ფაქტია, რომ მარგველაშვილი ახალ გუნდს ეძებს, რადგან საკუთარი - იუკადრისა“, - აცხადებს მეჭიაური. პრეზიდენტი კი ირწმუნება, რომ ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების და არც კონფრონტაციის ინსტრუმენტი. მარგველაშვილის მოსაზრებით, საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით, ეროვნული ბანკი, მაღალ შეფასებას იმსახურებს, ხოლო ნაკლებად ისმის არგუმენტები, თუ რატომ უნდა შეიცვალოს ეროვნული ბანკის სტრუქტურა.

პრეზიდენტის განცხადებით, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება, ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე გავლენა მოახდინოს.

„ცვლილებების შედეგად, შესაძლოა, ეროვნული ბანკის ფუნქცია, რომ ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებს, ამ პროექტით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტურობა ძლიერდება. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან კონსულტაციის გზით მომზადდა. იმედია, დეპუტატები საკითხს შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან და ქვეყანას სწორ და გაწონასწორებულ კანონმდებლობას მისცემენ“, - აცხადებს პრეზიდენტი, რომლის ადმინისტრაციამაც პარლამენტს „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის ალტერნატიული ვერსია წარუდგინა.

ცვლილებებს ჯერ არ გაცნობია კანონის მეორე ავტორი ნოდარ ებანოიძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ზოგად განცხადებების საფუძველზე, რაიმეს თქმა ძნელია.

დეპუტატის ცნობით, მან ადმინისტრაციის სავარაუდო მოსაზრებები იცის, თუმცა, კანონმდებლებმა უნდა ნახონ, მათ პრეზიდენტი რას სთავაზობთ.

„უცნაური იყო, რომ პირველივე მოსმენაზე, პრეზიდენტმა ვეტო დააანონსა. აბაშიშვილთან შეხვედრა მქონდა და მას თავისი განწყობა ჰქონდა. ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფა აუცილებელია და მიდგომაში რა განსხვავებაც იყო, ის არის“, - დასძენს ებანოიძე, რომლის მსგავსად, მარგველაშვილის შენიშვნების გაცნობას აპირებს ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი.

როგორც for.ge-ს ბერძენიშვილმა განუცხადა, პრეზიდენტს სრული უფლება აქვს, რომ ნებისმიერ კანონს ვეტო დაადოს, მაგრამ მისი ეს ქმედება უმრავლესობამ სწორად არ მიიჩნია და შესაბამისად, ამ საქციელს ვერ შეაქებენ.

ბერძენიშვილის თქმით, თუკი პრეზიდენტი ვეტოს ხშირად გამოიყენებს და ხშირად დაიძლევა, ეს თანამდებობაც და ვეტოს გაუფასურდება.

„ვნახავთ, პრეზიდენტს რა შენიშვნები აქვს. თუკი შენიშვნები საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებს ეხება, მათთან მშვენივრად ვიმუშავეთ და მათი მოთხოვნების თითქმის 80 პროცენტი შევასრულეთ. თუკი შენიშვნებს სწორად არ მივიჩნევთ, მარტო იმიტომ, რომ პრეზიდენტია, ამით ბევრი ვერაფერი შეიცვლება. თუკი ის ვეტოს ხშირად გამოიყენებს და ხშირად დაიძლევა, ეს თანამდებობაც და ვეტოს გაუფასურდება“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

კანონმდებელის განცხადებით, მარგველაშვილს თავიდანვე გამოცხადებული ჰქონდა, რომ კანონს ვეტო დაადებდა და ახლა ამის წინააღმდეგ რომ წასულიყო, გაუგებარიც კი იქნებოდა.

„პარლამენტი ვეტოს მშვიდად შეხვდება და საკმარისი ვართ, რომ ვეტო დავძლიოთ“, - დასძენს ბერძენიშვილი.

ნაციონალი ზურაბ მელიქიშვილი, რომელიც for.ge-სთან კანონის უარყოფით ტენდენციებზე აპელირებს, ამბობს, რომ ეს ცვლილება ცალსახად მოტივირებულია იმ გადაწყვეტილებით, რომ ეროვნულო ბანკი დასუსტდეს.

მისი თქმით, ამ მიზნით, ბანკიდან მონიტორინგისა და დაზღვევის რეგულაციის სამსახურების გატანა მოხდა.

„ეს ცვლილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგს და იმ მიდგომას, რომლისკენაც მთელი მსოფლიო მიდის. ფინანსური სტაბლურობისთვის ზედამხედველობის ბერკეტი ეროვნული ბანკის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს. უმრავლესობა ყველას წინააღმდეგ გამოდის და ყველას მტრად მოიაზრებს. მმართველი გუნდი ცდილობს, რომ პირველი ხარისხის საკითხი 30-ე რიგში გადაიყვანოს, რათა იმაზე არ ვისაუბროთ, რა ხდება. ეს ფინანსურ სტაბილურობას ურტყამს“, - აცხადებს მელიქიშვილი.

„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე კი იმუქრება, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, მისი გუნდი კანონში შესულ ცვლილებებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დეპუტატი თვლის, რომ პრეზიდენტი სწორედ მოიქცა, როცა კანონს ვეტო დაადო და უმრავლესობას საშუალება მისცა, კიდევ ერთხედ დაფიქრდეს და თავის უპასუხისმგებლობაზე პასუხისმგებლობა აიღოს, რადგან კანონი ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძის განმარტებით, როდესაც პრეზიდენტმა იცის, რომ პარლამენტი მოახერხებს ვეტოს დაძლევას, ის უბრალოდ ასეთი გზით აფიქსირებს თავის პოლიტიკურ პოზიციას.

„პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა მშვენივრად იციან, რომ ეს ვეტო დაძლევადია, მაგრამ ამის მიუხედავად, იყენებს ვეტოს, რაც ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება - პრეზიდენტი არ ეთანახმება აღამასრულებელი ხელისუფლების და პარლამენტის მიერ შემოთავზებულ ვარინატს. ერთი მხრივ, ეს აიხსნება იმითაც, თუ ხვალ და ზეგ საქმე ცუდად წავა, იტყვის ამ პროცესებში მონაწილეობა არ მიმიღიაო და თავიდან იხსნის პასუხისმგებლობას. მე მაინც მგონია, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ რაში გამოიყენებს ამ პოლიტიკურ კაპიტალს პრეზიდენტი, ამას მომავალი გვიჩვენებს. თუ ის აპირებს პოლიტიკაში გააგრძელოს საქმიანობა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი არ იქნება, მაშინ გამოდის, რომ აგროვებს ამ კაპიტალს. თუ ასე არ არის, მაშინ ჩემთვისაც გაუგებარია, რისთვის იღწვის ამ შემთხევეაში პრეზიდენტი“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

პოლიტოლოგი ამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ პრეზიდენტის ძალიან ბევრი ნაბიჯი გათვლილი არ არის დღევანდელ კვერცხზე და უფრო ხვალინდელი ქათმის ანგარიშია. რა იგულისხმება ხვალინდელ ქათამაში, პოლიტოლოგის განცხადებით, აი, ეს არის საკითხავი.

„ამ შემთხვევაში, არ იგულისხმება პოლიტიკური პერსპექტივა. ამ ნაბიჯებით ქართულ საზოგადოებაში რეიტინგს ვერ აიმაღელბს, ვინაიდან საზოგადოებაზე ეს ვეტოები გამაღიზიანებლადაც მოქმედებს. მითუმეტეს, რიგ საკითხებში საზოგადოება არ ეთანხმება კიდეც ვეტოს და მათ შორის ბანკის საკითხში. მეორე მხრივ, ქართულ სინამდვილეში არის კიდევ მომენტი, რომელსაც ანგარიშს უწევენ - დასავლეთი.

აი, მომავალში დასავლეთთან საპალარაკოდ გამოადგება მარგველაშვილს ალბათ, ეს ვეტოები. არც ის არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილი ფიქრობდეს საქართველოს გარეთ რაიმე პოლიტიკურ კარიერაზე და საკუთარი პოლიტიკური მრწამსის იქ წარდგინებისთვის სჭირდება იმის მტკიცება, რომ ასეთ მნიშვნელოვან პოსტზე ყოფნისას და რთულ სიტუაციაშიც კი, იყო და არის დასავლური ღირებულებების მატარებელი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

უმრავლესობას 80 მომხრე ხმით მიღებულ კანონზე ვეტოს დაძლევისთვის 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება. რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტი ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.