რუსეთი საქართველოს საპასუხო სანქციებით ემუქრება

რუსეთი საქართველოს საპასუხო სანქციებით ემუქრება

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს საქართველოც შეუერთდა. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ყირიმის ანექსიასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოს გარდა, კიდევ ექვსი ქვეყანა შეუერთდა. კერძოდ - ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და უკრაინა. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 19 ივნისს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2015/959, საბჭოს გადაწყვეტილებით არსებული ზომები 2016 წლის 23 ივნისამდე შენარჩუნდება.

ევროკავშირის მხრიდან დაწესებული იყო 15 სანქცია, აქედან ერთ-ერთს მიუერთდა საქართველო, რომელიც სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს ეხება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით დონდუას განცხადებით, ეს ზუსტად იგივეა, რასაც საქართველო ითხოვს პარტნიორებისგან აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე.

„ჩვენ უბრალოდ არ გვქონდა იმის საშუალება არ მივერთებოდით, იმიტომ, რომ ზუსტად იგივეს ვითხოვთ ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართებაში. უბრალოდ, ჩვენ არ ვიქნებოდით თანმიმდევრულები, რომ ასეთი რამე არ გაგვეკეთებინა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ახალი არაფერი მომხდარა. საქართველო ევროკავშირის საბჭოს მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ჯერ კიდევ გასულ წელს შეურთდა“, - აცხადებს დავით დონდუა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ სანქციასთან დაკავშირებით შარშანდელი გადაწყვეტილება გაგრძელდა და ახალი არაფერი მომხდარა.

„მოგეხსენებათ, ევროკავშირის საბჭოს მიერ, უკრაინის მოვლენების გამო, რუსეთის მიმართ სხვადასხვა დროს 15 სხვადასხვა სახის სანქცია დაწესდა. საქართველო გასული წლის 23 ივნისს მიუერთდა ერთ სანქციას - ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებულ საქონელზე ექსპორტის კუთხით. ამჟამად, 19 ივნისს ავტომატურ რეჟიმში, კიდევ ერთი წლით მოხდა აღნიშნული გადაწყვეტილების გაგრძელება. საქართველოს მხრიდან რაიმე ახალ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ არის“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განმარტებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 19 ივნისს გახანგრძლივებულ სანქციებზე საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო. რაც შეეხება „იტარტასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს არ უერთდება მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს, ბაქრაძე აცხადებს, რომ „იტარტასის“ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. დავით ბაქრაძე ვერც იმას აკონკრეტებს რომელ სანქციებზე არის საქართველო შეერთებული და რომელზე არა.

„მინსკის პირველი და მეორე მოლაპარაკებების დროს ძალიან ბევრი სხვადასხვა სანქცია და ზომა იქნა მიღებული, რომელთა ნაწილზე ჩვენ ჩვენი პოლიტიკური და ჩვენი ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვართ შეერთებული, ან არ ვართ შეერთებული. ეს არის ის ნაწილი, რაზეც ჩვენ შეერთებული ვიყავით პირველივე დღიდან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ფაქტს უკვე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი, რომლის განცხადებით, რუსეთი მზად არის, საქართველოსა და უკრაინის სანქციებს უპასუხოს.

„აუცილებლად მოყვება შესაბამისი ზომები. რუსეთმა შესაძლოა, უპასუხოს სანქციებს იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც ევროკავშირში არ შედიან, მაგრამ რუსეთის მიმართ მიღებულ სანქციებს შეუერთდნენ“, - აცხადებს დიმიტრი პესკოვი.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო უერთდება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის პასუხიც ადეკვატური იქნება და ამ შემთხვევაში სანქციებიც ეკონომიკური ხასიათის იქნება.

„რუსეთს უყვარს ხოლმე სიმეტრიები, ვინაიდან, სანქციები ეკონიმიკური ხასიათისაა, სავარაუდოა, რომ თუ რუსეთი მიიღებს გადაწყვეტილებას სანქციებზე, ესეც ეკონომიკური ხასიათის იქნება. ზოგადად, სანქციების თემა საკმაოდ ძვირად უჯდება რუსეთს. ელემენტალურად, რუსეთს ბოსტეულის შეტანაც კი უჭირს უკვე თავის ქვეყანაში. ამიტომაც, მეეჭვება, რომ რუსეთმა იჩქაროს სანქციების დაწესება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.