პარლამენტის საგაზაფხულო სესია და რიგგარეშე სხდომების ფორმატი ისე დასრულდა, რომ დეპუტატებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს არ მოუსმინეს, რითაც რეგლამენტის 239-ე მუხლი დაირღვა.
ეროვნულმა ბანკმა 2014 წლის ანგარიში პარლამენტს აპრილის ბოლოს წარუდგინა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მასზე 25 მაისს იმსჯელა, რის შემდეგაც, დოკუმენტი სესიის ფორმატში უნდა განხილულიყო, თუმცა, კანონმდებლები საზაფხულო შვებულებაში ისე წავიდნენ, რომ ანგარიში არ განიხილეს.
უმრავლესობა ირწმუნება, რომ ანგარიშის განხილვის გადადებით რეგლამენტი არ ირღვევა, მაგრამ რეგლამენტის 239-ე მუხლი იმ ვადებს განსაზღვრავს, დოკუმენტის განხილვა, თუ როდის უნდა მოხდეს.
კერძოდ, რეგლამენტით, პარლამენტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წლიურ ანგარიშებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი კომიტეტების მიერ დასკვნების მომზადების შემდეგ - ანგარიშის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 30 დღისა, რაც იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტის განხილვა მაისის ბოლომდე უნდა მომხდარიყო.
პარლამენტმა თუ რატომ დაარღვია რეგლამენტი და უწყებაში თუ რატომ არ მიიწვიეს გიორგი ქადაგიძე, ამის გარკვევას for.ge შეეცადა. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს და საკითხის გადადებას დატვირთულ დღის წესრიგს უკავშირებს, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის „გათრევის“ შემდეგ, უმრავლესობას ქადაგიძის მოსმენის ჩატარების მოტივაცია დაეკარგა.
როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა განუცხადა, მას ეჭვი ეპარება, რომ გიორგი ქადაგიძეს სექტემბერში ვინმემ მოუსმინოს, ვინაიდან ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონის „გათრევის“ შემდეგ, უმრავლესობას ქადაგიძის მოსმენის ჩატარების მოტივაცია დაეკარგა. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ კანონპროექტს ვეტო დაედება და ის შენიშვნებითურთ პარლამენტს დაუბრუნდება. უმრავლესობა რა მოტივაციით უნდა სარგებლობდეს, რომ ამ ადამიანს მოუსმინოს? მის მოსმენას აზრი ეკარგება“, - დასძენს ცაგარეიშვილი.
კანონმდებლის მოსაზრებით, ქადაგიძის არმოსმენით რეგლამენტი და „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი ირღვევა.
„რეგლამენტი დარღვეულია, რომელიც ბევრჯერ ბევრად ცუდი შედეგებითაც დარღვეულა. არა უშავს, უმრავლესობა ამ ერთ დარღვევასაც აიტანს. როგორც ჩანს, უმრავლესობას ეროვნული ბანკის თაობაზე დებატები არ აწყობს, რადგან ცვლილებების წინააღმდეგ პრეზიდენტი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები გამოდიან. უმრავლესობამ ანგარიშის მოსმენის საკითხი ასე გადააბურთავა, რაც ძალიან ცუდია“, - აღნიშნავს დეპუტატი.
ცაგარეიშვილი აუდიტის სამსახურის ანგარიშის განხილვის გადადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელში ლაშა თორდია სრული მარიონეტია. მისი მოსაზრებით, თორდია ხმას იმის შიშით არ იღებს, რომ მოგელაძე არ გაახსენონ.
„ის მხოლოდ ე.წ. კაბელების საქმეზე აქტიურობს და თორდიას მაშინ ახსენდება, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარეა. იმისათვის, რომ პრეზიდენტისთვის ნიშანი მოეგოთ, ეროვნული ბანკი რას დაამსგავსეს, კი ხედავთ. ქადაგიძისთვის როგორმე დასაყრდენი რომ გამოეცალათ, საყრდენი საბანკო სისტემას გამოაცალეს. ის, რასაც ნაციონალები აკეთებდნენ, „ოცნებამ“ კარგად შეითვისა“, - დასძენს ცაგარეიშვილი.
ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე კი, for.ge-ს არწმუნებს, რომ რიგგარეშე სხდომების ფორმატში ქადაგიძის მოსმენა იმის გამო ვერ მოხდა, რომ პარლამენტის მუშაობა ძალიან დატვირთული იყო. კობახიძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი მიიღო, მათ შორის - „ეროვნული ბანკის შესახებ“, „საჯარო სამსახურის შესახებ“, „სახელმწიფო ენის შესახებ“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონები.
„ქადაგიძის ანგარიშს აუცილებლად მოვისმენთ და ეს იქნება საშემოდგომო სესიაზე. ყველა კითხვა დასმული იქნება და ანგარიშს საფუძვლიანად განვიხილავთ. სამწუხაროა, რომ ამ პერიოდში მისი მოსმენა ვერ მოესწრო, მაგრამ პარლამენტის მუშაობასაც აქვს თავისი რესურსი“, - აცხადებს კობახიძემ, რომელიც შემოდგომაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურებას არ ელოდება.
კანონმდებელი ფიქრობს, რომ ლარის კურსი კვლავ ვარდნას არ განიცდის.
„ასეთ პროგნოზს ნუ გააკეთებთ. ეს სიტუაციას არ გააჯანსაღებს. ეროვნული ბანკის მუშაობის თაობაზე სპეციალური საკომიტეტო მოსმენები გაიმართა და აქტუალური ფორმატი მხოლოდ პლენარული სხდომა არ არის. „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონი მივიღეთ, რომელიც კარგი ბერკეტი იქნება საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით და ეს საბანკო სისტემის სრულყოფილ და გამართულ მუშაობას ხელს შეუწყობს“, - დასძენს კობახიძე.
უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი, for.ge-ს არწმუნებს, რომ ქადაგიძის მოსმენა სავალდებულო არ იყო, ვინაიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რიგგარეშე სხდომების ფორმატში მოსმენის ჩატარება მართებული არ იქნებოდა.
„სავალდებულო არ იყო, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა მაინცდამაინც გაზაფხულზე მომხდარიყო. ეს საკითხი საშემოდგომო სესიის ერთ-ერთი პირველი განსახილველი თემა იქნება. პოლიტიკური გადაწყვეტილება ამას არ სჭირდებოდა, ერთი დღის გამოყოფა იყო საჭირო და ეს შეუძლებელი იყო, მაშინ, როცა რიგგარეშე სხდომები იმართებოდა“, - დასძენს საგანელიძე.
რაც შეეხება ქადაგიძის განწყობას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა მზაობა, რომ პარლამენტში მიწვევის შემთხვევაში, სხდომაზე წარმდგარიყო.
for.ge-სთან საუბარში გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ როგორც კი დაუძახებენ, მზად არის, პარლამენტში მივიდეს.
„კანონს, კონსტიტუციას პატივს ვცემთ და მზად ვართ, ნებისმიერ დროს, როგორც კი დაგვიძახებენ, პარლამენტში მივიდეთ. სამმა კომიტეტმა ჩვენს ანგარიშს უარყოფითი დასკვნა მისცა და ვფიქრობ, რომ სრულიად არაობიექტურად“, - განაცხადა ქადაგიძემ, რომელსაც კითხვით მივმართეთ, რას უკავშირებს იმას, რომ დეპუტატებმა პლენარულ სხდომაზე ანგარიში არ მოისმინეს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვირჩია, აღნიშნული კითხვით პარლამენტის წევრებისთვის მიგვემართა.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ანგარიში 240-გვერდისგან შედგება და მასზე საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა უარყოფითი დასკვნა დადეს. რაც შეეხება „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონს, მას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი ვეტოს ათი დღის ვადაში დაადებს და უწყებას უკან შენიშვნებითურთ დაუბრუნებს. პარლამენტი ვეტო დადებულ პროექტზე მსჯელობას კი, სექტემბერში გეგმავს.