მეორე Google ლარი პეიჯი

მეორე Google ლარი პეიჯი

ლარი პეიჯი ერთ-ერთი მათგანია, ვინც წარმატებული კარიერა საკუთარი ნიჭის და ალღოს წყალობით ააწყო და დიდი კაპიტალიც მოაგროვა. იგი 26 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის დამფუძნებელი, რომელიც თავისი სფეროს უპირობო ლიდერი გახდა.

ბავშვი და კომპიუტერი

ლოურენს ედუარდ პეიჯის კომპიუტერებისადმი სიყვარულს, შეიძლება ითქვას, გენეტიკური საფუძველი აქვს. იგი დაიბადა 1973 წლის 26 მარტს მიჩიგანის შტატის ქალაქ ლანსინგში, ტექნიკური ინტელიგენციის წარმომადგენლის ოჯახში. მამამისი კარლ ვიქტორი მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი და ინფორმატიკისა და

ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი პირველი შემსწავლელი იყო. დედას კი მაგისტრის ხარისხი ჰქონდა და ინფორმატიკისა და მონაცემთა ბაზის მასწავლებლად მუშაობდა. რაც შეეხება უფროს ძმას კარლს, ისიც კომპიუტერული ინჟინერიის მაგისტრი გახდა და საკუთარი ინტერნეტ-კომპანია eGroups.com დააარსა, რომელიც შემდეგ Yahoo!-ს 400 მილიონ დოლარად მიყიდა.

თავად ლარი ირწმუნება, რომ კომპიუტერები ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, უფროსების ყოველგვარი კარნახის გარეშე შეუყვარდა. მას უბრალოდ მოსწონდა კომპიუტერთან მუშაობა და თავისი სკოლის პირველი მოსწავლე იყო, ვინც საშინაო დავალების ელექტრონული სახით ამზადებდა. ბავშვი გამომგონებლებსა და მათ გამოგონებებზე ბევრს კითხულობდა და გული სწყდებოდა, რომ ბევრი ის ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის ცხოვრება რევოლუციურად შეცვალა, სათანადო აღიარების გარეშე დარჩა.

კოლეჯის დამთავრების შემდეგ პეიჯმა მიჩიგანის უნივერსიტეტში ჩააბარა. იქ მან მონაწილეობა მიიღო ლიდერთა სტუდენტურ პროგრამაში, რომელში მიღებულმა გამოცდილებამაც, როგორც თავად მოგვიანებით აღნიშნავდა, მის შემდგომ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა.

1995 წელს პეიჯმა მიჩიგანის უნივერსიტეტი დაამთავრა და ინფორმატიკის სფეროში მომსამზადებელი კურსების გასავლელად სტენფორდის უნივერსიტეტს მიაშურა. ცხადია, იგი არც ფიქრობდა, რომ რამე განსაკუთრებულს გამოიგონებდა, უბრალოდ, თავისი ცოდნის გაღრმავება სურდა. სადოქტორო დისერტაციის წერისას, თავის სამეცნიერო კონსულტანტთან, პროფესორ ტერი ვინოგრადთან ერთად ინტერნეტის სტრუქტურის შესწავლა დაიწყო. როცა ვებ-გვერდის რეიტინგის საკითხებს უღრმავდებოდნენ, მიხვდნენ, რომ შეიძლებოდა არსებულებზე ბევრად სრულყოფილი საძებნი საიტი შექმნილიყო.

ორი მეგობარი

პეიჯის კვლევებს ნამდვილი გასაქანი 1995 წლის მარტში სერგეი ბრინის გაცნობის შემდეგ მიეცა. ბრინიც სტენფორდის სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობდა და ახალი იდეების სიყვარულით გამოირჩეოდა. მათ ვარსკვლავურ ტანდემში საკუთარი როლი ორივემ ბრწყინვალედ შეასრულა. პეიჯმა შეიმუშავა მსოფლიო ქსელში ძებნის სრულიად ახალი, ბრწყინვალე სტრატეგია, რომლის განხორციელებაში დიდი როლი ითამაშა ბრინის მათემატიკურმა ტალანტმა.

სისტემას, რომელიც საფუძვლად საძებნ საიტ Google-ის დაედო, თავდაპირველად BlackRub ეწოდა. იგი პრინციპულად ახალი სისტემა იყო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნის შესაბამისად მოძებნილი უამრავი გვერდი მათზე სხვა გვერდებიდან მითითების რაოდენობის მიხედვით განლაგდებოდა. ამგვარად, ზემოთ ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტები მოექცეოდნენ.

მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ პეიჯმა სტენფორდის უნივერსიტეტი მიატოვა და ბრინთან ერთად 1998 წლის 7 სექტემბერს ოფიციალურად დაარეგისტრირა 1 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის მქონე კომპანია Google Inc. პეიჯი ამბობდა, რომ კომპანიის მიზანი მსოფლიო ინფორმაციის ორგანიზება, მისი ყველასათვის ხელმისაწვდომად ქცევა იყო.

პეიჯი და ბრინი ძალიან ბევრს მუშაობდნენ იმისათვის, რომ მათი საიტი სხვებისაგან განსხვავებული ყოფილიყო. 1999 წლის დასაწყისში ახალ, მოხერხებულ და სწრაფ საძებნ სისტემაზე ამერიკის გაზეთებში დაიწერა. ამან, Google-ს, რა თქმა უნდა, მომხმარებელი მოუმრავლა.

პეიჯი 2001 წლამდე Google-ის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იყო. შემდეგ მათ პოსტი ერიკ შმიდტს გადააბარა. კომპანიის საქმე კი სულ უფრო კარგად მიდიოდა და ძალიან დიდი შემოსავალი მოჰქონდა. 2004 წლის ზაფხულში Google სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ბირჟაზე აქციების ლისტინგიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ კომპანიის კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თავად პეიჯის პირადი კაპიტალი, ისევე, როგორც მისი საუკეთესო მეგობრის და პარტნიორის სერგეი ბრინის, 19,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამგვარი სიმდიდრისა, ლარი მეგობრის მსგავსად, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს, გამუდმებით თავისი კომპანიის, რომელიც სფეროს უდავო ლიდერია, წინსვლაზე ზრუნავს და ათასგვარ ნოვაციებს გეგმავს, ხოლო თავისუფალ დროს ჰოკეის თამაშით ერთობა.