ანზორ ჩუბინიძე, გიგლა აგულაშვილი, არჩილ თალაკვაძე, იოსებ გოგაშვილი, გიორგი მღებრიშვილი - ეს გახლავთ ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომლებიც შს მინისტრის თანამდებობაზე განიხილებიან. თუმცა, ამ ჩამონათვალს დაემატა ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის კანდიდატურაც. გავრცელებული ინფორმაციით, ანზორ ჩუბინიძის შემდეგ, კალაძის კანდიდატურა აქტიურად განიხილება შს მინისტრის თანამდებობაზე. ვინ გახდება ქვეყნის პირველი პოლიციელი, ამის შესახებ განცხადებას პრემიერ-მინისტრი 1 აგვისტოს გააკეთებს.
კულუარული ინფორმაციით, რესპუბლიკელები აქტიურად განაგრძნობენ ამ თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილის ლობირებას, თუმცა, ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, აგულაშვილი ქვეყნის პირველი პოლიციელის თანამდებობას ვერ დაიკავებს და ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები არ იბრძვიან ამ პოსტისთვის, შესაბამისად, ბერძენიშვილის განცხადებით, აგულაშვილის შესაძლო გამინისტრებაც ჟურნალისტების გამოგონილი ინფორმაციაა. გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრობაზე უარს აცხადებს ანზორ ჩუბინიძეც, თუმცა, როგორც ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, წარმოდგენილ კანდიდატებს შორის, ჩუბინიძე საუკეთესო კანდიდატია.
ვინ გახდება შს მინისტრი, რატომ ენდობა ანზორ ჩუბინიძეს და რა პრეტენზია აქვს კახი კალაძესთან? ამ საკითხებზე for.ge მურმან დუმბაძეს ესაუბრა.
მურმან დუმბაძე: თითქმის ყველა ძალოვან სტუქტურასთან ჰქონდა შეხება გიგლა აგულაშვილს და თუკი „რესპუბლიკური პარტია“ ლობირებს მას, ესეც ჩვეულებრივი პოლიტიკური საკითხია. ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროს შემდეგ, შსს-ს რესპუბლიკელებს ჩააბარებს თუ არა, ეს ბიძინა ივანიშვილის გემოვნების საკითხია. მე ვიცი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა და აქ უნდა იყოს ძალიან პრინციპული და ენერგიული ადამიანი, რომელსაც დაღლის უფლება არ აქვს.
თქვენი ინფორმაციით, ლობირებენ თუ არა რესპუბლიკელები აგულაშვილის კანდიდატურას?
- არ გამიკვირდება, რომ ისინი ამბიციას გამოხატავდნენ ამ თანამდებობის დასაკავებლად. საერთოდ, დასახელებული კანდიდატებიდან რეკომენდაციას გავუწევდი ანზორ ჩუბინიძეს. ის იქნებოდა კარგი სამოქალაქო პირი, რომელიც ღირსეულად წარუძღვებოდა შსს-ს.
გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია შს მინისტრი კახი კალაძე გახდეს...
- კახი კალაძე არის წარუმატებელი მინისტრი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ კახი კალაძე მთავრობაში არ უნდა იყოს. მას, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელს უამრავი შეცდომა აქვს დაშვებული და განსაკუთრებით - აჭარის მიმართ. მან ღია ეთერით დისკრედიტაცია გაუკეთა აჭარის უმაღლეს საბჭოს და პირადად მე. თუმცა, ამას ვერ მიაღწია, მე დღესაც მჯერა, რომ ეს იყო შეგნებული პროვოკაციული მოქმედება ჩემსა და რეგიონის წინააღმდეგ.
როგორც ჩანს, თქვენი სიმპატიები ჩუბინიძის მხარეს იხრება, რატომ?
- ნამდვილად ასეა. იმიტომ, რომ ეს არის ძალოვანი სტრუქტურა და ამ ძალოვანმა სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს ადამიანის უსაფრთხოება, მისი თავისუფლებისა და უფლებების დაცვა. მე მგონია, რომ დასახელებული კანდიდატებიდან ყველაზე ჰუმანური არის ანზორ ჩუბინიძე.
მაგრამ ჩუბინიძე რამდენად იქნება დამოუკიდებელი ფიგურა? როდესაც ვახტანგ გომელაურმა ჩაიბარა უშიშროების უწყება, მთავარი პრეტენზია მის მიმართ იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრია და ვერ იქნება დამოუკიდებელი. ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელეთ, მაშინ ჩუბინიძეც ივანიშვილზე იქნება დამოკიდებული...
- მე გამოვდივარ ადამიანის უსაფრთხოებიდან, მისი ჰუმანური პრინციპეპიდან და ცხოვრების წესიდან.
თქვენ იცნობთ ანზორ ჩუბინიძის ცხოვრების წესს?
- დიახ, მე ვიცნობ მისი ცხოვრების წესს, ის არის ძალიან მოწესრიგებული ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ ის გადაცდომას არასოდეს არ დაუშვებს და არც არავიზე არ იქნება დამოკიდებული, გარდა კანონისა. ასე გვეგონა, რომ მარგველაშვილი დამოკიდებული იქნებოდა ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა, ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი გახდა. შს მინისტრის უმთავრესი ამოცანაა, დაიცვას ადამიანის უსაფრთხოება და მარტო ძალოვანი სტრუქტურებიდან არ უნდა უყურებდეს საზოგადოებას. მგონია, რომ ანზორ ჩუბინიძე საუკეთესოდ გაართმევს თავს ამ თანამდებობას, თუმცა არ მიკვირს, რომ უარს ამბობს ამ თანამდებობაზე.
რატომ ამბობს უარს?
- ის ყველაზე კარგად ხედავს ამ თანამდებობის სირთულეს და ამიტომაც ამბობს უარს. ადამიანს, როდესაც შესთავაზებენ თანამდებობას და ის უცებ თანხმდება, მისგან უფრო ნაკლებ შედეგებს უნდა ველოდოთ.
იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერმა წარმოადგინა მისი კანდიდატურა, დაუჭერთ მხარს? თქვენ რეალურად ხართ ოპოზიცია ამ ხელისუფლების...
- მე ვარ ოპოზიცია, მაგრამ მე ვარ სახელწიფოებრიობის მომხრე და უნდა გითხრათ, რომ მე მხარი დავუჭირე ვახტანგ გომელაურს და დიახ, მხარს დავუჭერ ანზორ ჩუბინიძესაც.
გასაგებია, რომ კალაძეზე გაბრაზებული ხართ, მაგრამ წარმოდგენილ სხვა კანდიდატეტებიდან სხვას თუ დაუჭერთ მხარს?
- არა, საქმე გაბრაზებულზე არ არის. მან გამოიჩინა ანტისხელმწიფოებრივი მიდგომა აჭარის რეგიონის მიმართ.
ბატონო მურმან, უკვე მეორედ ამბობთ, რომ კალაძემ ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა გამოავლინა აჭარის რეგიონის მიმართ, დამიკონკრეტეთ რას ნიშნავს ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა?
- მან ღია ეთერში გააკეთა განცხადება აჭარის უმაღლესი საბჭოს მთავრობის მიმართ და ეს განცხადება ახსოვს ყველას. მისი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება გამოჩნდა იმით, რომ მისი განცხდების შემდეგ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ისევ იყიდა რამდენიმე მანქანა. მე ოფიციალურად მივმართე მას ამის შესახებ, მაგრამ კალაძეს ამაზე ხმა არ ამოუღია.
კალაძემ გააკეთა ანტიკონსტიტუციური განცხადება, რითაც დაირღვა როგორც დეცენტრალიზაციის პრინციპი, ასევე მორალური პრინციპი. გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები საჯარო არ უნდა გახადო. ამიტომ ვამბობ, რომ ის არის ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი. მან შეასრულა დავალება, რომელიც მისცა ბიძინა ივანიშვილმა.
თქვენ იცით, რომ მისი განცხადებიდან ზუსტად 5 წუთში კალაძემ ავთანდილ ბერიძეს ბოდიში მოუხადა? ეს საზოგადოებამ არ იცის. მე ვარ ვიცე-სპიკერი და თავისთავად მაქვს კულუარული ინფორმაციებიც და უნდა გითხრათ, რომ დიახ, კალაძეს სერიოზული პრეტენზია აქვს პრემიერობაზე, ცდილობს ივანიშვილს აჩვენოს, რომ დამოუკიდებელი მინისტრია, მაგრამ ასე არ არის. მე მას ვაღიარებ როგორც აღიარებული სპორტსმენი და საქართველოს საზოგადოებას ის მოსწონს, მაგრამ არ მომწონს, როგორც მთავრობის წევრი. არც მისი განვლილი პოლიტიკური ცხოვრება მომწონს. მახსოვს 2008 წლის 5 იანვრის ჰოლივუდის ღიმილით სააკაშვილთან ერთად ბილბორდზე შემოსკუპებული კალაძე.
ამ ლოგიკით, საქართველოს პარლამენტის ნახევრაზე მეტი სწორედ ასეთივე ღიმილით შესცქეროდნენ 2008 წელს სააკაშვილს...
- იმიტომაც ვლანძღავ ნახევარ პარლამენტს. დაუსვით კითხვა კახი კალაძეს რატომ არ იღებს ხმას ახლა, როდესაც მისი განცხადების შემდეგ 5 მანქანა იყიდა ავთანდილ ბერიძემ.
ბატონო მურმან, დავუბრუნდეთ შს მინისტრის კანდიდატურას და ავთანდილ ბერიძის გატაცებაზე შემდეგ ვისაუბროთ. თქვენ ბრძანეთ, ძალიან ბევრი კულუარული ინფორმაცია გაქვთ. რადგან ანზორ ჩუბინიძე უარს ამბობს გახდეს ქვეყნის პირველი პოლიციელი, ვინ გახდება სავარაუდოდ შს მინისტრი?
- ისევ ვიმეორებ, დასახელებული კანდიდატებიდან ყველაზე უკეთ ამ თანამდებობას თავს გაართმევდა ანზორ ჩუბინიძე, მაგრამ სამწუხაროდ, მან უარი თქვა. როგორც გითხარით, ვიცნობ გიგლა აგულაშვილს, რომელიც ჩემი პირადი შეხედულებით კარგად გაართმევს თავს ამ თანამდებობას. რაც შეეხება თალაკვაძეს, მე მას არ ვიცნობ, ისევე როგორც მღებრიშვილს.