რუსეთი საქართველოს ახალი დოქტრინით ემუქრება

რუსეთი საქართველოს ახალი დოქტრინით ემუქრება

რუსეთს ახალი საზღვაო დოქტრინა აქვს. მასში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ატლანტიკური და არქტიკული მიმართულებით. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი დოქტრინის მიღების მიზეზები მდგომარეობს მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლასა და რუსეთის ობიექტურ გაძლიერებაში, რომელიც უდიდესი საზღვაო სახელმწიფოა.

დოქტრინის ახალ რედაქციაში, რომელიც კრემლის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, ასახულია რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულება ნატოს გეგმებისადმი, რაც ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებამდე მიახლოებას უკავშირდება.

მართალია ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ დოქტრინაში ცვლილებები მსოფლიოში პოლიტიკური მდგომარეობის ცვლილებებმა გამოიწვია, თუმცა ანალიტიკოსთა განცხადებით, რუსეთს ახალი საზღვაო დოქტრინაში, ახალი არაფერი წერია და ის წინა დოქრინის იდენტურია.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპეტრი, შორენა ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ საზღვაო დოქტრინა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება, საქართველო თავისი გავლენის სფეროდან არ გაუშვას.

„მაქსიმალურს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას და ამას აკეთებს კიდევაც. იგივე ოკუპაცია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ინტეგრაციული პოლიტიკა, ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკებები, ყველა ეს ინსტრუმენტები და მათ შორის მათი ე.წ. უსაფრთხების ხედვები, ამაგრებს იმ პოლიტიკას, რომ არ დაუშვებს საკუთარ საზღვრებთან ნატოს გაფართოებას.

ასე რომ, ბუნებრივია, არსებობს საფრთხეები. ახლა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორი რეაგირების რეჟიმში ყოფნა და ჩვენი საქმის გაგრძელება. ნატოში გაწვერიანებაზე ზრუნვა, სხვა არჩევანი უბრალოდ არ არის, რადგან დასავლეთი არის, როგორც წინაპირობა ჩვენი განვითარების და უსაფრთხოების. ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა შევძლოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გავატაროთ თანმიმდევრული პოლიტიკა“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

„ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო“, - ასეთია თავდაცვის მინისტრის პოზიცია რუსეთის ახალ საზღვაო დოქტრინის შესახებ. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ დოქტრინას დეტალურად ჯერ არ გაცნობია, თუმცა, მისთვის გასაგებია, რომ რუსეთი არ აპირებს მეგობრობას.

„დეტალურად ჯერ არ წამიკითხავს რუსეთის საზღვაო დოქტრინა, მაგრამ ყველაფერი გასაგებია. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვხედავთ და რომელიც სამწუხაროდ, სავარაუდოდ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოვა კრემლიდან (მე არ მაქვს რუსეთთან დაკავშირებით ოპტიმისიტური პროგნოზი), იქნება მსგავსი შინაარსის, ზოგიერთი - ზღვაზე გაფართოების არდაშვების, ზოგი კი ჰაერში გაფართოების არდაშვების შესახებ.

მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, გაცილებით საინტერესოა დეკემბრის მინისტერიალზე რა დოკუმენტს მიიღებს ნატო. ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო წრეებში წამყვანი თემაა ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება მეზობელ ქვეყნებთან. თუმცა, მისი თქმით, ჯერჯერობით არ ჩანს ის ნაბიჯები, რას აპირებს რუსეთი იმ შემთხევავში, თუ ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა რუსეთის საზღვრებს მიუახლოვდება.

„შეშფოთება ერთია, მაგრამ კონკრეტული გეგმა რუსეთს ამასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია. ამიტომ, არ მგონია უპრიანი იყოს საქართველოს მხრიდან ამაზე აქცენტი. რუსეთის ახალი დოქტრინა უფრო ნატოს წინააღმდეგ არის მიმართული და ამის პირველი ნაბიჯი იყო მავთულხლართების გადმოწევა ისეთ ზონაში, სადაც მისი დაკვირვების ქვეშ მოხდა მილსადენი. ეს იყო პირდაპირი მინიშნება ნატოს ქვეყნებისთვისაც, რომ თუ რუსეთს მოუნდა, მას შეუძლია ხელი აღმართოს ამ მილსადენზე. რუსეთმა გეგმა შეცვალა, სამხედრო აგრესიას არ იყენებს, მაგრამ არტყამს ეკონომიკური მიმართულებით“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.