„პრეზიდენტის არმისვლის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ სიტყვით გამომსვლელთა სიაში არ იყო“

„პრეზიდენტის არმისვლის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ სიტყვით გამომსვლელთა სიაში არ იყო“

„ევროპის ოლიმპიურ ახალგაზრდულ ფესტივალს, „თბილისი 2015“-ს გახსნილად ვაცხადებ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „მიხეილ მესხის სახელობის“ სტადიონზე მიმდინარე ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე. ღარიბაშვილმა ახალგაზრდა ოლიმპიელებს საპატიო სტუმართა ლოჟიდან მიმართა, კადრებში ჩანს პრემიერის გვერდით ერთი თავისუფალი ადგილი, ორგანიზატორების განცხადებით, ეს ადგილი საქართველოს პრეზიდენტისთვის იყო განკუთვნილი. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიას არ დასწრებია.

გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას ევროპის ოლიმპიური ფესტივალის დაწყება „ფეისბუქით“ მიულოცა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტი ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალის გახსნაზე მიწვეული იყო, თუმცა, კითხვაზე, თუ რატომ არ დაესწრო გიორგი მარგველაშვილი გახსნის ცერემონიალს, ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ახალგაზრდული ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა უნდა გასცეს.

ევროპის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსი ახვლედიან აცხადებს, რომ პრეზიდენტი და პრემიერი ორივე მაღალი რანგის სტუმარია და შესაბამისად, ერთი და იმავე სახის მოწვევა ჰქონდათ გაგზავნილი.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია, რატომ ვერ დაესწრო პრეზიდენტი ღონისძიებას. რაც შეეხება „თბილისის 2015“-ის გახნის ცერმონიაზე სიტყვით გამოსვლებს, ახვლედიანის თქმით, საერთაშორისოდ წარდგენილი წესია, რომ სიტყვით მხოლოდ ორი ადამიანი - საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გამოდის. მისივე თქმით, ის შეეცადა დეტალები პრეზიდენტთან გაევლო, თუმცა, შეხვედრა პრეზიდენტთან ვერ შედგა.

„საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ღონისძიებაზე. პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს, კარლო ცქიტიშვილს მჭიდრო კავშირი ჰქონდა საორგანიზაციო სამსახურთან. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ მას გახსნის შესახებ ინფორმაცია. პირადად მას ვთხოვე, რომ თუ მოიცლიდა პრეზიდენტი და გამონახავდა დროს, შევხვედროდი და დეტალურად პირადად ამეხსნა ყველაფერი. რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას ვერ გეტყვით, რადგან ეს ჩემთვის უცნობია“, - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.

როგორც ირკვევა, პრეზიდენტის არმისვლის მიზეზი სწორედ ის გახდა, რომ პრეზიდენტი „თბილისის 2015“-ის გახნის ცერმონიაზე სიტყვით გამომსვლელთა სიაში არ იყო. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, პრეზიდენტის არდასწრების საკითხი საორგანიზაციო კომიტეტს და პროტოკოლს უნდა გაერკვია. მისივე თქმით, ოლიმპიადაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილი არ იყო და ამ საკითხზე პრეზიდენტი საქმის კურსში იყო.

„პრეზიდენტი, შესაძლოა, ილიმპიადის გახსნას იმიტომ არ დაესწრო, რომ ის პრემიერ-მინისტრმა გახსნა. მე დამიკავშირდა პრეზიდენტის პროტოკოლი და ავუხსენი როგორ იქნებოდა ღონისძიების თანმიმდევრობა. ვუთხარი, რომ ოლიმპიადას ხსნის პრემიერი. პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ იყო დაგეგმილი. მიუხედავად იმისა, რომ ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვარ, არც მე არ გამოვსულვარ სიტყვით. მეც შემეძლო მეთქვა რატომ არ გამოვდივარ სიტყვით, მაგრამ არ არის ასე გაწერილი.

გაწერილია, რომ სიტყვით უნდა გამოვიდნენ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი. მქონდა სურვილი, რომ პრეზიდენტი მოსულიყო, მაგრამ არ მოვიდა. ვადასტურებ, რომ მისი მოსვლა იყო გათვლისწინებული, მაგრამ არ მოვიდა და ალბათ, იმიტომ, რომ ოლიმპიადა პრემირემა გახსნა. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო პრემიერის მიერ ოლიმპიადას გახსნა. მიმაჩნია, რომ ყველა უნდა დაესწროს, ვინც ჩათვლის, რომ უნდა იზეიმოს“, - აცხადებს ლერი ხაბელოვი.

ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის, „თბილისი 2015“-ს გახსნას არ დაესწრო, მაგრამ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს, პატრიკ ჯოზეფ ჰიკ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უმასპნძლა გიორგი მარგველაშვილმა და საპატიო სტუმარი „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი 2015-ის“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

რა მოტივით არ დაესწრო პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიურ ახალგაზრდულ ფესტივალის გახსნას, ამ მიზეზებზე თავად პრეზიდენტი არ საუბრობს. ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონფლიქტის საფუძველი არ არსებობს.

„კონსტიტუციით პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და როდესაც ხელისუფლება მიდის ასეთ ღონისძიებაზე, მისი გახსნის პატივი უნდა იყოს პრეზიდენტის მხარეს, რადგან დაგეგმილი იყო, რომ ღონისძიება უნდა გაეხნა ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტის არმისვლის მიზეზიც ეს იყო, რადგან არ შექმნილიყო უხერხულობა და იგივე უცხოელებს არ გასჩენოდათ კითხვები, როდესაც ქვეყნის მეთაურის ნაცვლად პრემიერი ხსნის ღონისძიებას. ამიტომ თავი აარიდა იქ მისვლას, ისევ ხელისუფლების ავტორიტეტს გაუწია ანგარიში, რომ ხელისუფლება არ აღმოჩენილიყო უხერხულ მდგომარეობაში. ადამიანმა გააკეთა სწორი დიპლომატიური მანევრი და რატომღაც ამას ყველა უკუღმა უყურებს“, - აცხადებს გია ხუხაშვილი.