„მეეჭვება, ნატოს ხელმძღვანელობის გარეშე თურქეთი წასულიყო ასეთ ფართომასშტაბიან ოპერაციაზე“

„მეეჭვება, ნატოს ხელმძღვანელობის გარეშე თურქეთი წასულიყო ასეთ ფართომასშტაბიან ოპერაციაზე“

ალიანსი მხარს უჭერს თურქეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში, თუმცა, ჩაერთვება თუ არა სახმელეთო ოპერაციაში, ეს ხვალ, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ბრიუსელში, თურქეთის თხოვნით ალიანსის 28 ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. თავის მხრივ, თურქეთის ავიაცია, სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთების პოზიციების დაბომბვას აგრძელებს.

 დაბომბვის პარალელურად, თურქეთის პოლიციამ სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილთა დასაკავებლად რეიდები დაიწყო, ოპერაცია 26 პროვინციაში მიმდინარეობს და მასში 10 ათასი სპეცრაზმელი მონაწილეობს. თურქეთი, რომელიც აქამდე თავს იკავებდა სირიის კონფლიქტში ჩართვისგან, გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალა, რაც თურქეთის ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმეთ დავუთოღლუს განცხადებით, ოპერაცია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მანამდე გაგრძელდება, ვიდრე თურქეთში ტერორიზმის საფრთხე ბოლომდე არ იქნება ამოწურული. მისივე თქმით, ეს ოპერაცია, რომელსაც თურქეთი აწარმოებს, მხოლოდ ერთ წერტილში არ არის კონცენტრირებული.

ამასთან, თურქეთი „ისლამური სახელმწიფოსა“ და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ნატო-ში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა. უკვე ცნობილია, რომ თურქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, 28 ივლისს ბრიუსელში 28 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის საგანგებო შეხვედრა გაიმართება.

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთმა ალიანსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლი გამოიყენა, რომელიც ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, პარტნიორების საგანგებო სხდომა მოიწვიოს, თუ მის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება. სტოლტენბერგის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავითოღულსთან და მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის პოლიტიკისადმი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში.

ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის რამდენიმე ანკლავი, საიდაც ჯერ კიდევ ხდება ცოცხალი ძალის რეკრუტირება სირიაში.

„საქართველო ძალიან მინიმალურად არის ამ პროცესების მონაწილე. ერთია, რომ საქართველო არის ფართო კოალიციის წევრი და მხარს უჭერს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას და მეორე, საქართველოში ჯერ კიდევ არის რამდენიმე ანკლავი, საიდანაც ხდება ცოცხალი ძალის რეკრუტირება. მაგრამ, საქართველოს მთავრობამ დაიწყო აქტიური მოქმედება, რომ შეაჩეროს რეკრუტირება ჩვენი მოსახლეობის ამ ნაწილში. საერთოდ, მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ნატო მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას განახორციელებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ძალიან სახიფათო ხდება უკვე ეს ყველაფრი“, - აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მართალია, საქართველო ოფიციალურად ჩართული არ არის სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებაში, თუმცა უსაფრთხოების საკითხებში ექსპეტრი, ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ „ისლამურ ხალიფატთან“ დაპირისპირების შედეგად, ხალიფატი გააქტიურდება კავკასიის მიმართულებით. მისივე თქმით, „ისლამურ ხალიფატსა“ და თურქეთს შორის საომარი მოქმედების დაწყების პარალელურად, ხალიფატი შეეცდება აამოქმედოს თავისი რეგიონალური ქსელები, მათ შორის პანკისის ხეობაში და ქვემო ქართლში და ეს პროცესი შეიძლება აგვისტოს მეორე ნახევარში დაიწყოს.

„რაც შეეხება თურქეთში მიმდინარე პროცესებს, თურქეთი დააყენებს საკითხს, რომ ნატო გადავიდეს სახმელეთო ოპერაციაზე, ანუ ნატო ჩაერიოს სახმელეთო ოპერაციის დაგეგმარებაში. თურქეთი მოთხოვს ნატოს შეასრულოს ის ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია ალიანსის მე-5 და მე-10 მუხლებში. როგორც ჩანს, თურქეთი ლობირებს სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, რადგან სახმელეთო ოპერაციის გზით, თურქებს ეძლევათ საშუალება ღიად დაარტყან „ისლამურ ხალიფატს“. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ნატოს ხელმძღვანელობამ მიიღოს გადაწყვეტილება სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ. მითუმეტეს, გერმანია და ასევე სხვა ქვეყნები ამას მხარს არ დაუჭერენ“, - ამბობს ვახტანგ მაისაია.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვარაუდობს, რომ საეჭვოა თურქეთის ავიაცია ნატოს ხელმძღვანელობის გარეშე წასულიყო ასეთ ფართომასშტაბიან ოპერაციაზე.

„დღეს ასადის რეჟიმს არ აქვს იმის თავი, ისეთ დიდი სახელმწიფოს, როგორიც თურქეთია და რომელიც ნატოს წევრი სახელმწოფოა, მის წინააღმდეგ დაიწყოს რაღაცა აქციები. ამიტომაც მეეჭვება, ნატოს ხელმძღვანელობის გარეშე თურქეთი წასულიყო ასეთ ფართომასშტაბიან ოპერაციაზე. ფაქტია, რომ თურქეთი სირიის სახელმწიფოს და მის ხელძღვანელობას განიხილავს მის პირად მტრად. არ არის გამორიცხული, რომ ახლა თურქეთის ასეთი გააქტიურება პირდაპირ იყოს დაკავშირებული დასავლეთის იმ პოლიტიკასთან, რომელიც ბაშარ ასადის წინააღმდეგ არის მიმართული.

საერთოდ, თურქეთის პოზიცია სირიასთან დაკავშირებით ყოველთვის გაუგებარი იყო, თურქეთი უხალისოდ უშლიდა ხელს „ისლმაური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ საზღვრის გადალახვას. საქართველოდან, რუსეთიდან და ევროპიდან ჩასული მოხალისეები თურქეთის გავლით შედიოდნენ სირიასა და ერაყში. მიუხედავად აშშ-ის და დასავლეთის თხოვნისა, რომ საზღვარი გაემკაცრებინა, თურქეთი მხოლოდ დაპირებით შემოიფარგლებოდა და დიდს არაფერს აკეთებდა საზღვრის გამკაცრებისთვის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.