„თუ შენ გინდა იყო ობიექტური, მართლა მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და მართლა ეროვნული, მაშინ არ უნდა იყო მიკერძოებული, საკუთარი ოჯახის წევრიც არ უნდა შეიწყალო თუკი ის ამას არ იმსახურებს, აი მაშინ მეტი ნდობა ექნება საზოგადოებას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პარლამეტის ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს პრეზიდენტს, რომ გამოიჩინოს გულმოწყალება პატიმარი ქალების მიმართ და შეიწყალოს დედები.
რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა 4 შვილის დედა და არის თუ არა დასაბუთებული ბობოხიძის შეწყალება? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge მანანა კობახიძეს ესაუბრა.
„გამოიჩინეთ გულმოწყალება პატიმარი ქალების მიმართ, მითუმეტეს მრავლშვილიანი დედების მიმართ. ამაზე დიდ ჰუმანურ ნაბიჯს ვერ გადადგამთ. შეიწყალეთ დედები“, - ეს არის თქვენი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ. რატომ გადაწყვიტეთ, რომ სოციალური ქსელით მიგემართათ პრეზიდენტისთვის, არ გქონდათ მასთან შეხვედრის შესაძლებლობა?
- ჩემთვის, როგორც ადვოკატისთვის და უფლებადამცველისთვის პოზიტიურია ნებისმიერი პატიმრის მიმართ ეს ჰუმანური გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ვნახეთ, რომ შეწყალება არ შეეხოთ ქალბატონებს. შეწყალებას ძალიან ელოდებიან პატიმრები და განსაკუთრებით ქალბატონები. იმიტომ, რომ არიან მრავალშვილიანი დედები და მათ შორის ძალიან გახმაურებულია 4 შვილის დედის, თეა სირაძის საქმე, რომელიც 4 უცხოელი მამაკაცის ცემისთვის იხდის სასჯელს.
თქვენი ინფორმაციით ქალბატონი თეა ითხოვდა შეწყალებას?
- ვიცი, რომ ეს ქალბატონი ითხოვს შეწყალებას. ამ ფონზე პრეზიდენტმა შეიწყალა ერთი ქალბატონი, დანარჩენი კი მამაკაცები. ყველას ვულოცავ ვინც პრეზიდენტისგან მიიღო თავისუფლება, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ქალბატონებს სჭირდებათ ასეთი ჰუმანური მიდგომები. იმიტომ, რომ პირველ რიგში ისინი არიან დედები, რომელთა მზრუნველობა მათ შვილებს ძალიან სჭირდებათ. სწორედ ამით იყო განპირობებული ჩემი მიმართვა, რადგან დავინახე, რომ ქალბატონები არ იყვნენ ამ შეწყალებულთა სიაში. ისინი ჩემთან აგზავნიან შეწყალების შესახებ წერილებს, რომელსაც მე ვაგზავნი შეწყალების კომისიაში.
არ გქონდათ საშუალება, რომ პრეზიდენტთან გაგევლოთ ამ საკითხებზე კონსულტაციები? ფაქტია, რომ ძალიან დიდი კითხვის ნიშნები დატოვა ამ შეწყალებამ...
- დიახ ასეა, კითხვის ნიშნები დატოვა... ვფიქრობ, რომ ეფექტურია სოციალური ქსელი გამოხატო შენი პოზიცია, ამ ქსელს იყენებს ყველა პოლიტიკოსი და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ვერ მოახერხა შეხვედრა და ამიტომ დაწერაო. რა თქმა უნდა, პრეზიდენტთან შეხვედრა არასდროს არ არის პრობლემა და არაერთხელ მქონია სხვადასხვა ფორმატში შეხვედრის შესაძლებლობა, ოღონდ ეს არის უფრო ოფიციალური შეხვედრები.
ამ შემთხვევაში მე გადავწყვიტე, რომ ასე მიმემართა პრეზიდენტისთვის, რადგან ეს იქნებოდა ძალიან ოპერატიული, რადგან ამ შეწყალების მიმართ ძალიან ბევრი კრიტიკა წამოვიდა, თუ რატომ არ მოხდა ქალბატონების შეწყალება, აგერ 4 შვილის დედა ითხოვს შეწყალებას, რომელიც აპირებს შიმშილობის დაწყებას, რადგან არაფერი შედეგი არ დგება მის მიმართ. იცით, ზოგჯერ არის რისკები და ძალაუნებურად მახსენდება ოქროპირიძის საქმე, როცა მომმართა როგორც დეპუტატს და მთხოვა რეაგირება შეწყალებაზე. ჩემი მოვალეობა იყო განცხადების გადაგზავნა შეწყალების კომისიაში და მათი მოვალეობა იყო რეაგირება. როგორც ჩანს, მაშინ ამ საქმეზე ეს გადაწყვეტილება არ უნდა მიღებულიყო, რადგან ჩვენ ვნახეთ შედეგი. მართალია, საბოლოო განაჩენი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანს უმძიმეს დანაშაულში დაედო ბრალი.
შეწყალების კომისიას აქვს უზარმაზარი ტვირთვი და ეს ტვირთი არის შემდეგ პრეზიდენტზე, ვინც უშუალოდ აწერს ხელს შეწყალებას, მას ძალიან დიდი წინადახედულება მართებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებები არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშნებს და ეჭვებს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით აქვს ეს უფლება. შეწყალების უკან გარკვეული დასაბუთება და არგუმენტებია საჭიროა, რომელიც ძალიან ცხადი და აშკარა უნდა იყოს.
ლევან ბობოხიძის შეწყალებას მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და იურისტების შეფასებით, ამ შეწყალებამ აჩვენა, რომ სამართლიანობის დაცვასთან არ გვაქვს საქმე. 4 შვილის დედის გარდა, შეწყალებას ითხოვს გია გვიჩიანი და ე.წ. ტერაქტების საქმეზე დაკავებული ადამიანები. მაშინ ყველა ამტკიცებდა, რომ ესენი იყვნენ უკანონო პატიმრები. დღეს პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ ისინი არიან უდანაშაულო, მაშინ თავი უნდა იმართლონ სასამართლოში, პრეზიდენტის ლოგიკიდან თუ გამოვალთ, ბობოხიძესაც შეეძლო თავი ემართლებინა სასამართლოს გზით. სად არის აქ ლოგიკა, როცა პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან, მაგრამ შეწყალებულია ბობოხიძე, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებს, რომ პოლიტიკური ნიშნით იყო დაპატიმრებული?
- ამ კითხვებს, ალბათ, პრეზიდენტმა უნდა გასცეს პასუხები, იმიტომ, რომ ის იღებს გადაწყვეტილებას. სამართლებრივად, რომ შევხედოთ, შეწყალების არსი იმაში მდგომარებს, რომ დამნაშავე უნდა შეიწყალო. თუ უდანაშაულოა, შეიწყალო კი არა, პირიქით, ის უნდა გამართლდეს, სახელმწიფომ ბოდიშიც უნდა მოუხადოს და კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს უკანონო პატიმრობისთვის. მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენს რეალობაში ბევრი რამ კიდევ შესაცვლელია, თუნდაც სასამართლო სისტემაში. ვგულისხმობ სასამართლო განაჩენების გადახედვის და გადასინჯვის პროცედურებს, რაზეც ვიცი, რომ სასამართლო ხელისუფლება მუშაობს.
შეწყალების დროს, მეტი წინადახედულობა არის გამოსაჩენი. მე ვერ გეტყვით რა მოტივით მოხდა ბატონი ბობოხიძის შეწყალება, მაგრამ როდესაც ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიწყალა ახალაია, რომლის მიმართ განაჩენი 2 დღის გამოსული იყო, ეს პირდაპირ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და უპატივცემულობა იყო. ამითი ეჭვქვეშ დგება სამართლის არსი. შეწყალებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დასაბუთებული წინაპირობა. შეწყალების კომისია ძალიან ფრთხილად უნდა მიუდგეს ასეთ საკითხებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებებიც დასაბუთებული უნდა იყოს.
დასაბუთებული არის ბობოხიძის შეწყალება?
- ვერ გეტყვით, არ ვიცნობ საქმის მასალებს, არც პროცესებზე არ ვყოფილვარ, არც შეწყალების კომისიის წევრი ვარ და არ ვიცი რითი იხელმძღვანელეს. არც ის ვიცი რატომ არ იწყალებენ ე.წ. ტერაქტების საქმეზე მსჯავრდებულ ადამიანებს, არც ის ვიცი 4 შვილის დედას შეწყალებაზე უარი რატომ ეთქვა, ამაზე პასუხები უნდა გასცეს შეწყალების კომისიამ და პრეზიდენტმა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან.
თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამტკიცებდა, რომ ლევან ბობოხიძე იყო პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, რომელიც შეიწყალა პრეზიდენტმა და სწორედ ეს აჩენს კითხვებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პირველმა პირმა?
- კი ბატონო, - აჩენს, მაგრამ მე რა ვქნა? მაშინ უნდა იყოჩაღოს პრეზიდენტმა და უნდა თქვას, რომ ბობოხიძე პოლიტპატიმარი იყო. მაგრამ, ის ამას ვერ იტყვის, იმიტომ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არიან. არის თუ არა ადამიანი პოლიტპატიმარი, ამაზე პიველადი შეფასება უნდა გააკეთონ როგორც ადგილობრივმა, ასევე, საერთაშორისო არასამთავრობო და მიუკერძოებელმა ორგანიზაციებმა და არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულმა ორგანიზაციებმა. არსად, ასეთ ორგანიზაციას არ უთქვამთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები.
საქართველო გამოვიდა იმ წარსულიდან, რაშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვიყავით. ბუნებრივია, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვს პროკურატურას და სასამართლოს, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიპატიმრები. ბობოხიძის ძმა იქნება, ახალაია თუ ვინმე სხვა, მათ დადასტურებული ფაქტების საფუძველზე უნდა მიესაჯოთ და არა იმის გამო, რომ ვიღაცას ისინი არ მოსწონს ან არ უყვარს. ყველა დანაშაული უნდა იყოს დადასტურებული და დამტკიცებული. თუ ვერ დასტურდება დანაშაული, მაშინ ბუნებრივია, რომ ადამიანები უნდა გამართლდნენ და ამისთვის არის სასამართლო. საზოგადოებაც უნდა შეეგუოს, რაოდენ მძიმე უნდა იყოს, თუ ადამიანს არ დაუმტკიცდა დანაშაული, ის გამართლდება, ეს არის სწორედ დემოკრატია.
გვაქვს კიდევაც გამამართლებელი განაჩენები, თუნდაც იგივე ყოფილი მარალჩინოსნების მიმართ, გარკვეულ ეპიზოდებში ისინი გამართლდნენ...
- ნამდვიად, მაგრამ სხვა თემაა, ეს ვისი სისუსტეა და ვისი სიძლიერე. ფაქტია, რომ პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული პირები საქართველოში არ არიან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან ასოცირებული არასამთავროების განცხადება და არა სახალხო დამცველის, რომელმაც პარლამენტის ტრიბუნიდან ძალიან მკაფიოდ თქვა, რომ დღეს საქართველოში არ არიან პოლიტპატიმრები. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტიც ამას ამბობს.
პრეზიდენტი არ ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიან, მაგრამ მისი გადაწყვეტილება ამას არ ამბობს? ვგულისხმობ ბობოხიძის შეწყალებას...
- საქართველოში არ არიან პოლიტიკური პატიმრები და პრეზიდენტსაც არასად არ უთქვამს, რომ საქართველოში არიან პოლიტპატიმრები. თუ პრეზიდენტმა შეიწყალა რომელიმე პოლიტიკოსის ძმა, არ ნიშნავს, რომ ის პოლიტპატიმარი იყო და ამიტომ შეიწყალა. მოდით, ნუ დავარქმევთ ამას ასეთ სახელს, ამის დარქმევა უნდა სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“. ბუნებრივია, რომ უნდა გაგვცეს პრეზიდენტმა პასუხი რატომ არ შეიწყალა კოჭოიას საქმეზე დაკავებულები, თუკი ეს ხალხი იმსახურებს შეწყალებას. თუ თვლიან, რომ უკანონო პატიმრები არიან, მაშინ საქმე უნდა იყოს სამართლებრივი პროცედურების დაცვით გამოძიებული და შესაბამისად, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს მათი უდანაშაულობის თუ დანაშაუალის საკითხი. საბოლოო სიტყვა სასამართლომ უნდა თქვას. ისინი კი არ უნდა შევიწყალოთ, არამედ უნდა გავამართლოთ, კომპენსაციაც უნდა გადავუხადოთ და ბოდიშიც უნდა მოვუხადოთ.
„ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად „ნაციონალური“ პრეზიდენტი“, - ასე შეფასა პრემიერ-მინისტრმა აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალება და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა კეთილ ადამიანებსაც შეიწყალებს. პრეზიდენტი მრჩეველი კახა კოჟორიძე უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებს მოუწოდებს, მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს სიფრთხილით და მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედონ, რადგან პრეზიდენტი ნამდვილად არის ეროვნული პრეზიდენტი და ის ასეთი საკითხების გადაწყვეტის დროს არ მოქმედებს პარტიული ნიშნით. იზიარებთ პრემიერის პოზიციას?
- როგორც ჩანს, პრემიერმა ჩათვალა, რომ ლევან ბობოხიძე შეწყალებული იქნა იმიტომ, რომ ის არის აქტიური ნაციონალის ძმა და შესაძლებელია, ამიტომაც თქვა. პრემირემა ჩათვალა, რომ შეიძლება ეს გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის. რაც შეეხება კოჟორიძის განცხადებას, თუ შენ გინდა იყო ობიექტური, მართლა მთელი ქვეყნის პრეზიდენტი და მართლა ეროვნული, მაშინ არ უნდა იყო მიკერძოებული და საკუთარი ოჯახის წევრიც არ უნდა შეიწყალო, თუკი ის არ იმსახურებს, აი მაშინ მეტი ნდობა ექნება საზოგადოებას.