ბიძინა ივანიშვილი „ექსნაციონალებთან“ თანამშრომლობას არ გამორიცხავს. არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი გოგა ხაჩიძესთან, ზურა ჯაფარიძესთან და ნაციონალებიდან წასულ სხვა დეპუტატებთან შესახვედრად მზადაა.
„აბსოლუტურად პოზიტიურად ვაფასებ, რომ მათ გვიან, მაგრამ გააცნობიერეს ის, რომ მათი ქვეყანა საქართველოა და არა სააკაშვილი“, - აღნიშნავს ივანიშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი არც მოარულ ხმებს ადასტურებს, თითქოს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები სწორედ მან დააფინანსა. უფრო მეტიც, იგი დარწმუნებულია, რომ ნაციონალები ხელისუფლებას ვერ დაიბრუნებენ და მათ არანაირი პერსპექტივა არ ექნებათ.
ამის მიუხედავად, ყოფილი ნაციონალების გადასაწყვეტია, მიიღებენ თუ არა ისინი ბიძინა ივანიშვილის შეთავაზებას. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მათ დაფინანსების ძიებაში ცალკეული ქართველი ბიზნესმენები შეაწუხეს, თუმცა დაფინანსება ვერ მიიღეს და ბიზნესმენებმა უარით გაისტუმრეს. ახლა კი ბიძინა ივანიშვილი თავად სთავაზობს მათ თანამშრომლობას.
სხვათა შორის, ყოფილ თანაგუნდელებთან განშორების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და თეთრ სახლში შეხვედრები გამართა. იმთავითვე გახმიანდა, რომ ზურაბ ჯაფარიძე ახალი ალიანსის შესაქმნელად ან რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციასთან გასაერთიანებლად დაფინანსებას ეძებდა. არც პალიკო კუბლაშვილი მალავდა, რომ ახალი პოლიტიკური გაერთიანების დაფინანსების წყარო გამჭვირვალე იქნებოდა და ირწმუნებოდა, რომ მითიური დაფინანსების წყარო მათ ჯერჯერობით არ გააჩნდათ.
თუმცა საინტერესოა, ამ მითიური დაფინანსების წყარომდე მიღწევას ყოფილ ნაციონალებს ხომ არ გაურთულებს მათივე დანაქადები, რომ ისინი მეტი შემართებითა და ენერგიით აპირებდნენ ბრძოლას ქვეყანაში ოლიგარქის მმართველობის დასრულების მიზნით.
რა დივიდენდს შესძენს ბიძინა ივანიშვილს ყოფილ ნაციონალ ოთხეულთან თანამშრომლობა და რამდენად მომგებიანი იქნება ნაციონალებთან მებრძოლის იმიჯის მქონე ბიძინა ივანიშვილის ეს ნაბიჯი საზოგადოების თვალში?
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გათვლა ნამდვილად სწორია. რამდენი იქნება დაფინანსება, ან იქნება თუ არა თანხები მობილიზებული ყოფილ ნაციონალთა მიმართ, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მთავარია, რომ ამით ნაციონალების ფრაგმენტაცია გაგრძელდება.
„შეიძლება, ამ ოთხეულს ფინანსური მხარდაჭერაც აღმოუჩინონ, რადგან მომავალი არჩევნებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ეს ძალა ცალკე გამოვა, ნაციონალების ხმების რაღაც ნაწილი სწორედ აქეთკენ წამოვა. თუ ნაციონალთა კიდევ ერთი ჯგუფის, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ დამფუძნებლების - ნიკა რურუასა და გრიგოლ ვაშაძის გაერთიანებაც მოხდება და მათ ექნებათ ფინანსური უზრუნველყოფა, ეს ნიშნავს, რომ ნაცმოძრაობის ხმები მნიშვნელოვნად გაიყოფა. ანუ წმინდა ტაქტიკური თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება ძალზე სწორი და დროულია და ივანიშვილის მიმართვა სულაც არ ნიშნავს, რომ ნაციონალებთან თანამშრომლობა რაიმე უფრო მჭიდრო ურთიერთობაში, ან კოალიციურ სპექტრში გადაიზარდოს“,- აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.
გამოდგებიან თუ არა ექსნაციონალები მესამე ძალად, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ აქ მესამე ძალაზე საუბარი არ არის და აქ უფრო პრაგმატული გათვლებია - ნაციონალების გაყოფა ორ ჯგუფად, რაც კოალიციის ინტერესებშია. პრაგმატული საარჩევნო მიზნების გარდა, ვახტანგ ძაბირაძე ერთ მნიშვნელოვან ფაქტორსაც გამოყოფს. კერძოდ, ნაცმოძრაობიდან გამოსული ეს ოთხეული თავის დროზეც და შემდეგაც პოლიტიკური აგრესიულობით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა და გოგა ხაჩიძის ლიტერატურულ ენასა და მკვახე გამოსვლებს თუ არ ჩავთვლით, ნაცმოძრაობის ეს გაცილებით უფრო ზომიერი ფრთა სულაც არ იგივდება ნაცმოძრაობის აგრესიულ და დამნაშავე ნაწილთან.
„თუ საქართველოს პოლიტიკური ელექტორატის კონცენტრირება უნდა მოხდეს, მათი კონცენტრირება სწორედ ბიძინა ივანიშვილის ამ დროული შეთავაზებით მოხდება. ქართული პოლიტიკისთვის ესეც საინტერესო იქნება. თუკი ორად გაიყოფა ნაცმოძრაობა, ჩათვალეთ, რომ ვღებულობთ ერთ „ქართულ ოცნებას“ და ყველა დანარჩენ მეორე ძალას. მაშინ „ნაცმოძრაობას“, „თავისუფალ დემოკრატებს“, „დემოკრატიულ მოძრაობას“ და „ნაცმოძრაობის“ ამ ახალ ჯგუფს თითქმის ერთნაირი რაოდენობის ელექტორატი ეყოლება. საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის ამ შეთავაზებას საკმაოდ კარგად გაიგებს, რადგან ელექტორატისთვისაც მისაღები იქნება ნაცმოძრაობის ასეთი დაყოფა. თანაც, არა მგონია, ამ ოთხეულის დაფინანსება ღიად და დროშების ფრიალით განხორციელდეს“, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
ბიძინა ივანიშვილის შეთავაზების თაობაზე For.ge გოგა ხაჩიძესაც დაუკავშირდა, თუმცა მან გვითხრა, რომ ტელეფონით ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებდა.
სამაგიეროდ, ტელეფონით საუბარი არ გასჭირვებია ნაციონალ გიგი წერეთელს. For.ge-სთან კომენტირებისას ის აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, ივანიშვილისა და ექსნაციონალთა თანამშრომლობას რა მნიშვნელობა ექნება ქართული პოლიტიკისთვის. გიგი წერეთლისთვის ნათელია ის, რომ ივანიშვილი ყველა ნაბიჯს დგამს, რომელიც ნაცმოძრაობას რაღაცით დააზარალებს, მას მთავარ მტრად ჰყავს გამოცხადებული „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველაზე დიდ საფრთხედ რუსეთს და სიღარიბეს კი არა, ნაცმოძრაობას მიიჩნევს.
„ახლა უკვე ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების გადასაწყვეტია, შედგება თუ არა მათი რაიმე სახით თანამშრომლობა ივანიშვილთან. მე არ ვფიქრობ, რომ მათ შორის თანამშრომლობა უნდა შედგეს იმის გათვალისწინებით, რა პლატფორმითაც მოვიდნენ ჩვენი თანაგუნდელები პოლიტიკაში. გარდა ამისა, მათი ბოლოდროინდელი განცხადებაც ამას ადასტურებს, რომ მათი ბრძოლის მთავარი ადრესატი ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდია. გასაგებია, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ასეთი შეთავაზება გააკეთა, ეს გარკვეული ჟესტია, რომ მზად არის ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობისთვის. არც ის მგონია, რომ ეს თანამშრომლობა ფილოსოფიური საუბრებისთვის იყოს მიმზიდველი, ან რაიმე სხვა მიზიდულობის ძალა გააჩნდეს ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას. რა თქმა უნდა, აქ ერთადერთი მიმზიდველობა მისი ფინანსებია“,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.
მანვე განმარტა, რომ ყოფილ თანაგუნდელებთან ამ საკითხზე არ უსაუბრია და არც აპირებს მსგავსი თემებით დაინტერესებას, რადგან ეს ექსნაციონალთა პოლიტიკური გემოვნების, ეთიკის საკითხია, რაც მხოლოდ მათ უნდა გადაწყვიტონ.