„ოცნება“ პრეზიდენტს იმას ვერ პატიობს, რომ მას ღირსების გრძნობა აღმოაჩნდა“

„ოცნება“ პრეზიდენტს იმას ვერ პატიობს, რომ მას ღირსების გრძნობა აღმოაჩნდა“

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეწყალების აქტით ოპოზიცია გახარებული დარჩა, მმართველი გუნდი კი, გაკვირვებული და გაღიზიანებული. ქვეყნის პირველ პირსა და უმრავლესობას შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი - აკაკი ბობოხიძის ძმა ლევან ბობოხიძე გახდა.

სახელმწიფო რესურსის გაფლანგვაში ბრალდებულმა, ლევან ბობოხიძემ ციხის გისოსებს თავი რამდენიმე დღის წინ დააღწია, თუმცა, ის პოლიტიკური შეფასებების ეპიცენტრში აღმოჩნა. ყოფილი პატიმრის შეწყალების გამო, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მარგველაშვილს ცინიკურად „ნაციონალური და კეთილშობილური“ პრეზიდენტი უწოდა, უმრავლესობის წევრები კი, ქვეყნის პირველ პირს განმარტებების გაკეთებას სთხოვენ და კითხვით მიმართავენ - შეწყალების აქტის გამოცემისას რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს.

სანამ, პრეზიდენტი განმარტებებს გააკეთებს, მანამდე, ლევან ბობოხიძე for.ge-ს არწმუნებს, რომ ის უკანონოდ დაკავებული იყო და უფრო მეტიც, მან ისიც არ იცის, სახელმწიფო რას ედავება.

ბობოხის თქმით, საკუთარი სიმართლის დადგენის მიზნით, ის მზადაა, მის მიმართ სიცრუის დეტექტორი გამოიყენონ.

„პოლიტპატიმარი რას ჰქვია, არ ვიცი, მაგრამ უკანონოდ დაკავებული ვიყავი. როგორ შემიძლია, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო? ლევან ბობოხიძე ის კაცი არ არის, რომ თუკი დანაშაული ჩადენილი აქვს, ის დამალოს. რას მედავებიან, არ ჩამიდენია და სასამართლოზე სიცრუის დეტექტორიც მოვითხოვე. სადაც საჭირო იყო, ვაჟკაცობა იქ დავამტკიცე და თავიდან-ბოლომდე აწყობილი ვარ. იმის თქმა არ გამიჭირდებოდა, რომ რაიმე დანაშაული ჩავიდინე. რას მედავებიან, ვერც გავიგე“, - აცხადებს ბობოხიძე, რომელიც საქართველოს ორი ომის მონაწილეა.

დეპუტატი აკაკი ბობოხიძე პატიმრობიდან ძმის გათავისუფლების გამო, მადლობას როგორც პრეზიდენტს, ასევე შეწყალების კომისიას უხდის და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ პროცესში მისი როლი უმნიშვნელოდ არსებობდა.

კანონმდებელი ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვა - ადეკვატური ძალიან უყვარს და მას ჰგონია, რომ ამ სიტყვას რაც უფრო ხშირად გამოიყენებს, მით უფრო ადეკვატური იქნება.

დეპუტატის შეფასებით, სამწუხაროდ, საქართველოს აბსოლუტურად არადეკვატური პრემიერი ჰყავს.

„პრეზიდენტმა გადაწყვეტილება კომისიის მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. იმედი მაქვს, პრემიერის მოლოდინი გამართლდება და მის მიერ ჩამოთვლილი ადამიანების შეწყალებასაც მოეწერება ხელი. „ქართული ოცნება“ პრეზიდენტს იმას ვერ პატიობს, რომ მას ხელისუფლების ბევრი წევრისგან განსხვავებით, ღირსების გრძნობა აღმოაჩნდა“, - აცხადებს დეპუტატი.

ბობოხიძის განმარტებით, შეწყალების კომისიამ მის ძმასთან ერთად, სამი ადამიანი შეიწყალა. მათ შორის, ხონის ყოფილი გამგებლი ზურაბ ჯიბუხაია.

„კომისიამ სხდომაზე თავდაპირველად ზურაბ ჯიბუხაიას საკითხი განიხილა, რის შემდეგაც დღის წესრიგში ჩემი ძმის საკითხი დადგა. ამ პროცესში კაკო ბობოხიძის როლი შეიძლება არსებობს, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ“, - დასძენს ბობოხიძე, რომლისგან განსხვავებით, მიღებული გადაწყვეტილების გამო პრემიერმა პრეზიდენტი გააკრიტიკა.

ღარიბაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და „სხვა კეთილ ადამიანებსაც“ შეიწყალებს. პრემიერის განცხადებით, საზოგადოებამ ჭეშმარიტად „ნაციონალური“ პრეზიდენტი იხილა.

„ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს“, - დასძინა ღარიბაშვილმა, რომელსაც „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი და ყოფილი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი კიცხვას და for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილს მორალური უფლება არ აქვს, მარგველაშვილი აკრიტიკოს.

ცაგარეიშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტს პატიმრის შეწყალების უფლება ჰქონდა და მან ეს უფლება გამოიყენა.

კანონმდებელის შეფასებით, ვიღაცას შეიძლება პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოეწონა და ვიღაცას - არა.

„ეს ადამიანები პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ისინი გასამართლდნენ და გარკვეული სასჯელი მოიხადეს. ხშირად, ადამიანი საკუთარ თვალში ბეწვს ვერ ხედავს და სხვისაში დირეს ეძებს. ღარიბაშვილსაც ასე დაემართა. ნაციონალებსა და „ოცნებას“ შორის ზღვარი წაშლილია. ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც ნაციონალებსაც ემსახურებოდენ და ახლა ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებენ. ოპოზიციაში ყოფნის დროს სასამართლო სისტემაში საქმიანობის გამო მურუსიძეს ვაკრიტიკებდით, რომელიც ახლა სამართლიანობის მტრედი გახდა. ასევე წულუკიანი ამბობდა, რომ ბადრიაშვილს ყველაფრისთვის პასუხი უნდა ეგო, მან კი ე.წ. კაბელების საქმეზე რა გააკეთა, გახსოვთ“, - აცხადებს დეპუტატი.

ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილს მორალური უფლება არ აქვს, რომ მარგველაშვილი აკრიტიკოს.

„ოცნება“ ისე იქცევა, როგორც ნაციონალები იქცეოდნენ. ფაქტიურად, მათი ქმედებები ერთი-ერთზე ერთმანეთს ემთხვევა. ხელისუფლებამ საკუთარი ლექსიკონიდან - არა ამოიღო და ყველაფერზე - „კი, ბატონო ბიძინა“ დატოვა. მათ ლექსიკაში არა აღარ არის და მხოლოდ კი დარჩა“, - ამბობს ცაგარეიშვილი, რომლისგან განსხვავებით, მიღებული გადაწყვეტილების გამო პრეზიდენტს კითხვით მიმართავს უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე.

როგორც for.ge-ს საგანელიძემ განუცხადა, მან რამდენადაც იცის, აღნიშნული გადაწყვეტილება კომისიას არ მიუღია და ის პრეზიდენტმა ერთპიროვნულად მიიღო.

„მას კითხვით მივმართავ - გადაწყვეტილება რა კრიტერიუმებით მიიღო?! კარგი იქნება, თუკი პრეზიდენტი ამ კრიტერიუმებს დაასახელებს. იქნებ, მართლაც რაღაც კრიტერიუმი იყო და არ ვიცით“, - დასძენს საგანელიძე, რომლის პათოსს იზიარებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

„ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, რადგან ჩვენი კომიტეტიდან ბევრი შუამდგომლობაა გაგზავნილი და ბევრი ადამიანი სასჯელს იხდის, რომელთა შეწყალება შესაძლებელია, თუმცა, დადებით პასუხებს ვერ ვიღებთ. კითვები მიჩნდება, განმსაზღვრელი რა არის - პოლიტიკური მოტივი თუ სამართლიანი მიდგომა?! როდესაც, პრეზიდენტი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და კითხვები ჩნდება, მან განმარტება უნდა გააკეთოს“, - აცხადებს ბესელია.

რაც შეეხება შეწყალების კომისიის პოზიციას, კომისიის ხელმძღვანელი ზვიად ქორიძე განმარტავს, რომ შეწყალების თაობაზე ლევან ბობოხიძის საქმეს სასჯელაღსრულების დაწესებულების დადებითი რეკომენდაცია ახლდა.

მისი ცნობით, კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს არ იღებს და უცნაური იქნებოდა პრეზიდენტს ეთქვა, რომ ლევან ბობოხიძე ციხეში უნდა დარჩენილიყო.

 „შეწყალების მექანიზმი არ არსებობს იმიტომ, რომ მან გამოასწოროს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზები. შეწყალების კომისია სამართალს არ აღასრულებს. ეს დიდი ჟიური არ არის. შეწყალების კომისია გადაწყვეტილებას შეწყალების თაობაზე იღებს და არა იმაზე, რომ აღასრულოს სამართალი“, - აცხადებს ქორიძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ჯიბუხაია, ჭელიძე, ბობოხიძე და კირთაძე შეიწყალა, რომელთაც ბრალი სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და თაღლითობის ორგანიზების ფაქტზე ედებოდათ.