კონტროლის პალატის ყოფილ თანამშრომელს, ნუგზარ ნაჭყებიას, 5 წლის წინანდელი საქმე გაუხსენეს და 1 ივლისს, საქალაქო სასამართლოში პროცესი ჩანიშნეს. მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იგი არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ბოლო წლებში გამართული საპროტესტო აქციების ძალიან აქტიური მონაწილეა. ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პირადად მიხეილ სააკაშვილის დავალებით, პოლიტიკური ანგარისშწორება ხორციელდება. თუ რა აძლევს ამის თქმის საფუძველს, მასთან ჩაწერილი ინტერვიუდან შეიტყობთ.
საზოგადოებრივი ორგანიზაცია “გადაარჩინე სიცოცხლეს“ წარმომადგენლებმა, დარბაზ “ჯაზუში“ ნუგზარ ნაჭყებიას მხარდამჭერი ბრიფინგი გამართეს და საზოგადოების იმ ნაწილს (არასამთავრობო სექტორიდან, პოლიტიკოსებიდან), ვინც უსამართლობას ჭეშმარიტად ებრძვის, მოუწოდეს 1 ივლისს, 13 საათზე დაესწრნონ სასამართლო პროცესს.
საქალაქო სასამართლოში ნაჭყებიას საქმეს მოსამართლე მაკა გველესიანი განიხილავს. ნუგზარ ნაჭებიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში (სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილი) ედება ბრალი, რაც ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
რას გედავებიან, კონკრეტულად რაში გედებათ ბრალი?
ნუგზარ ნაჭყებია: ჩემი საქმე ძალიან ძველია, 2004 წლიდან იწყება, როდესაც კონტროლის პალატის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი და როცა სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბიძინა გიორგობიანის წინააღმდეგ ისეთი აქტის დაწერა დამავალეს, რის საფუძველზეც მას დაიჭერდნენ. 2004 წლის სექტემბრამდე მე ამას წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ 2005 წლის იანვარში, უშიშროებამ ჩემს უფროსობაზე ალბათ, ზეგავლენა მოახდინა და კონტროლის პალატიდან ახალქალაქში ჯგუფი შესამოწმებლად გაიგზავნა, რათა მათ გარკვეული ზარალი დაედგინათ. იქ არასწორი აქტი დაიწერა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რევიზორები გაფრთხილებული მყავდა, არაობიექტური არაფერი დაეწერათ. იქ დაწერილი აქტის საფუძველზე, ბიძინა გიორგობიანის მიმართ დევნა დაიწყო.
თქვენ როგორ მოიქეცით, ასეთ ვითარებაში?
– პრეზიდენტის სახელზე წერილი დავწერე, 2005 წლის 14 აპრილს, გლდანში, ერთ–ერთი მორიგი მაღაზიის გახსნის დროს გადავეცი და თან, საქმის ვითარება გავაცანი. დღემდე ვინახავ ამ წერილის ასლს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის კანცელარიაში ოფიციალურადაა გატარებული.
ამის შემდეგ, ჩემი ხელმძღვანელობის სახელზე ვრცელი მოხსენებითი ბარათი დავწერე, რომელშიც არასწორად, არაობიექტურად დაწერილი აქტის გასწორებას ვითხოვდი. “ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი აქტი გავასწოროთო“, – ასეთი პასუხი გამცეს.
რა შედეგი მოჰყვა სააკაშვილისთვის გადაცემულ წერილს?
– პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დაახლოებით 10 დღე იყო გასული, როცა გავიგე, რომ კონტროლის პალატის აქტი, რომლითაც გიორგობიანი უნდა დაეკავებინათ, სასამართლო საექსპერტო ბიუროში გადაიგზავნა და ერთ–ერთ ექსპერტს, ხათუნა ტყეშელაშვილს შესამოწმებლად დაეწერა. უშიშროებამ, რომელმაც მე ვერ დამიყოლია და ვერ დამაშინა, აი, ამ გოგონაზე დაიწყო ზემოქმედება, ზეწოლა.
ეს რომ გავიგე, პროკურორ დავით კორძაიას შეხვედრის თხოვნით მივმართე. “ახლა ქალაქში ვმოძრაობ და ახლა თქვენთან ამოსვლა შემიძლიაო“, – მითხრა მან სატელეფონო საუბრისას. კონტროლის პალატაში, ჩემს სამუშაო კაბინეტში, მეექვსე სართულზე ამოვიდა. დაახლოებით 1 საათი ვილაპარაკეთ. საქმის ვითარება დეტალურად გავაცანი, ავუხსენი, რომ კონტროლის პალატის დაწერილი აქტი ყალბი იყო და ვთხოვე, შემწყდარიყო სასამართლო ექსპერტზე ზეწოლა და საქმე სწორი მიმართულებით წარმართულიყო. ამის შემდეგ ის ადგა და იკითხა – “შეიძლება რომ წავიდეო?!“ კი ბატონო, წაბრძანდით–მეთქი, – მივუგე და მკითხა – “შეიძლება მე ეს ჩემს უფროსობას, რომ ვუთხრაო?“ და რასაკვირველია შეიძლება, ის რაც ახლა თქვენ გითხარით, პრეზიდენტსაც მოვახსენე და წერილობითი სახითაც გადავეცი–მეთქი. მე და პროკურორი ერთმანეთს ასე დავშორდით.
მოგვიანებით კონტროლის პალატაში ტესტირება, გამოცდების ჩაბარება დაიწყო და მე ეს პროცესი წარმატებით გავიარე, მაგრამ თან ხმამაღლა, პრესის საშუალებით ვამბობდი, რომ გიორგობიანის დევნა არასწორი იყო. ჩემი მოშორება გადაწყვიტეს, მაგრამ ტესტირება წარმატებით მქონდა გავლილი და იფიქრეს, ამას ჩვენ ვერ მოვიშორებთო და ამიტომ, პროკურორმა დავით კორძაიამ ჩემს შესახებ მოხსენებითი ბარათი დაწერა, რომელშიც ჩვენი შეხვედრის და საუბრის დეტალები აღწერა.
ამის საფუძველზე, პროკურატურაში დამიბარეს, ჩვენება ჩამომართვეს და სასწრაფო წესით დაკავებული თანამდებობიდან გადამაყენეს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალი დამდეს და ჩემს წინააღმდეგ სსკ–ის 33–ე მუხლის პირველი ნაწილით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.
სხვათა შორის, სასამართლო ექსპერტს ხათუნა ტყეშელაშვილსაც დევნიდნენ. მოგვიანებით ის “კონსერვატიულ პარტიაში“ გაწევრიანდა და საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიურად იყო ჩართული. 2010 წლის14 აპრილს მას ქუჩაში დახვდნენ და დაემუქრნენ. ძლივს გაასწრო აქედან, რამდენიმე დღეში უცხოეთში წავიდა; ახლა კანადაშია და თავშესაფარს ითხოვს.
2005 წელში აღძრული საქმე განიხილება 1 ივლისს, სასამართლოში?
– დიახ ბატონო. 2008 წლის თებერვალში უწყება მომივიდა, რომ პროცესი 2008 წლის 10 აპრილს ჩაინიშნა. ეროვნული საბჭოს ლიდერებს საქმის ვითარება გავაცანი. მითხრეს, რომ სასამართლო პროცესს უკლებლივ ყველანი დაესწრებოდა და პარალელურად, 10 000–კაციანი მიტინგი გაიმართებოდა. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ უკან დაიხია და მაშინ პროცესი აღარ ჩაუტარებიათ.
2008–ში გადადებული პროცესი ჩანიშნეს 2010 წლის 1 ივლისს. ამ ხნის განმავლობაში ჩემი საქმე ხან ერთ მოსამართლეს ეწერა, ხან მეორეს და დღემდე არავინ განიხილა. ამჟამად ჩემი საქმე მოსამართლე გველესიანს აწერია. საქმე რაშია იცით?! ამ საქმეს ხანგრძლივობის ვადა გაუდის და თუ პროცესი არ ჩატარდება, მე ავტომატურად უნდა გავმართლდე და შესაძლებელია, ამიტომ ჩაინიშნა პროცესი;
ან კიდევ მეორე ვარიანტიც შეიძლება იყოს – ჩვენთან სასამართლო ობიექტური ხომ არ არის?! და ალბათ შეკვეთაა, დააშინონ, ან დაიჭირონ ჩემნაირად შემორჩენილი პოლიტიკური აქტივისტები, რითაც ორ კურდღელს იჭერენ – ჩემი დევნით სხვებსაც აშინებენ, “ჭკუით თუ არ მოიქცევით, იგივე მოგელითო“. მაგრამ ჩემი დაშინება მხოლოდ ტყვიით შეიძლება, თუ მომკლავენ და ჩემთან ერთად ოჯახს მომიკლავენ; მე და ჩემი ოჯახი მზად ვართ სიმართლეს შევეწიროთ.
ვინ დაიცავს თქვენს უფლებებს სასამართლოში?
– ალეკო ალადაშვილი, მაგრამ ახლა ისეთი ვითარებაა, რომ ადვოკატიც მებრალება, მოსამართლეც და პროკურორიც, რადგან სხვაგან წყდება როგორ და რამდენი უნდა მიესაჯოს პიროვნებას. სასამართლოში სპექტაკლები იდგმება; ვის რამდენი უნდა მიესაჯოს, უკვე გადაწყვეტილია, სასამართლოში მხოლოდ ამის იურიდიულად გაფორმება ხდება ხოლმე. დაახლოებით 30 000 პატიმარია; ჩემი ვარაუდით, აქედან 25 000 უკანონო იქნება და მათ რიცხვს კიდევ ერთი დაემატება, ორი თუ ათი, დიდადად არ ანაღვლებთ.
სასამართლო სხდომა, რომელიც 1 ივლისაა ჩანიშნული, პოლიტიკური ზეწოლისა და ანგარიშსწორების შედეგია. თქვენ, ისევე, როგორც სხვა ჟურნალისტებს, არაერთხელ გინახავთ როგორ აქტიურად, კანონის ფარგლებში გამოვხატავ ხოლმე ჩემს პოზიციას, ამა თუ იმ უკანონობაზე, რის საპასუხოდაც აი, ამ კრიმინალურ ბანდას, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, უნდა სამაგიეროს გადახდა. ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორება პირადად სააკაშვილის დავალებით ხდება.
ხართ თუ არა რომელიმე ორგანიზაციის წევრი?
– არც ერთი პარტიის წევრი არა ვარ. ერთადერთხელ ვიყავი, რასაც ვნანობ – “ნაცმოძრაობის“, ამ ფაშისტური ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი გახლდით და ამისთვის ალბათ ღმერთი მსჯის. ახლა, არ გაგიტყდეთ ჩემზე გული – ზოგიერთი პოლიტიკოსივით არ მოვქცეულვარ და იქიდან წამოსვლის შემდეგ არ გავოპოზიციონერებულვარ; ბინძური შეკვეთა მომცეს, რაც არ გავაკეთე და იქ ყოფნის დროს შევეწინააღმდეგე, როგორც კი ამათი დანაშაულებრივი ქმედება დავინახე.
პირდაპირი მუქარა თქვენთან მიმართებაშიც ხომ არ ყოფილა?
– ერთადერთი შეუძლიათ მესროლონ, თორემ, მუქარას ვერ გამიბედავენ. მე ის მიკვირს, როგორ გამიბედეს, როცა გიორგობიანის წინააღმდეგ აქტის დაწერა მთხოვეს. ისე ამის შესახებ უშიშროების თანამშრომლებმა მითხრეს, თორემ, ჩემი ხელმძღვანელობა ამის თქმას ვერ გამიბედავდა.