MAP-ის ბედს აბაშიძე-კარისინის ფორმატი განსაზღვრავს

MAP-ის ბედს აბაშიძე-კარისინის ფორმატი განსაზღვრავს

გადავა თუ არა საქართველო ნატოსთან ურთიერთობაში თვისობრივად ახალ ეტაპზე, როგორც ჩანს, ეს დამოკიდებული იქნება აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნებაზე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნატო-ში მიაჩნიათ თუ საქართველო აბაშიძე-კარასინის ფორმატს გაწყვეტს, საქართველოსთვის MAP-ის მიღების საკითხი გართულდება.

„ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც მეკითხებოდნენ, იყო ის, ხომ არ აპირებს საქართველოს მთავრობა აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას მართლა, იმიტომ, რომ მათ ესმით ასეთი განცხადებები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან და თვლიან, რომ თუ ეს ასე გაკეთდება და მთავრობა გაწყვეტს ამ ძალიან მცირე, არც თუ ეფექტურ, მაგრამ აუცილებელ ხაზებს რუსეთთან ურთიერთობის, მაშინ ჩვენი საქმე გართულდება ნატო-სთან ურთიერთობის თვალსაზრისით, MAP-ის მიღების თვალსაზრისით და არ გაუმჯობესდება, რადგან საქართველოსთვის MAP-ის მოცემა, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის გააზრებული და მონდომებული ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან იმისთვის, რომ ხვალ ახალ კონფლიქტში შევიდნენ რუსეთთან. ნატო არ ეძებს რუსეთთან კონფლიქტში შესვლის ახალ მიზეზს და საბაბს“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მისივე თქმით, ხელისუფლება ახერხებს სტრატეგიული მიზნების და ამოცანებისკენ სვლას ისე, რომ დამატებით პრობლემებს არ უქმნის საკუთარ ქვეყანას და როცა სხვები უქმნიან ამ პრობლემებს, მათ მოგვარებას საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ცდილობს. როგორც უსუფაშვილი აცხადებს, სწორედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეთანხმებით უნდა ვდგამდეთ ნაბიჯებს, რადგან მათთან შეთანხმების გარეშე გადადგმული ნაბიჯების შედეგებს საქართველო დღესაც იმკის.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 8-9 ივლისს ნატოს ვარშავის სამიტი იმართება და როგორც თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ვარშავის სამიტზე საქართველომ უნდა მიიღოს MAP. თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ მისი ტონი ამ თემასთან დაკავშირებით არ შერბილდება.

„არ ვაპირებთ გეგმა „ბ“-ზე და გეგმა „ც“-ზე ლაპარაკს და ვაჭრობას. ყველაფერს აქვს ლოგიკური განვითარება და ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, მიიღოს პასუხი როგორც MAP-ზე, ისე გაწევრიანებაზე. გენერალურ მდივანსაც ვუთხარი, რომ ჩვენი მოსახლეობა იმსახურებს, ზუსტად იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება იბრძვის მაქსიმალური შედეგისთვის. ჩვენ უნდა მივიღოთ ვარშავაში MAP და არ ვაპირებთ, დავუწიოთ ტონს მოთხოვნის ნაწილში. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ერთიანი პოზიცია“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ მოლოდინები გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებასთან დაკავშირებით გასული წელსაც მაღალი იყო. თუმცა, 2014 წლის სექტემბერში უელსის სამიტზე საქართველო MAP-ის გარეშე დარჩა, თუმცა სანაცვლოდ ალიანსმა საქართველოს თანამშრომლობის „არსებითი პაკეტი“ შესთავაზა, რაც სხვა კომპონენტებთან ერთან ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს და შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებას გულისხმობს. სწორედ, უელსის სამიტზე მიღებული „არსებითი პაკეტის“ ფარგლებში გაიმართა ვაზიანში მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ნატო-ს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2015“, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელები. რაც შეეხება შეფასების ცენტრის ჩამოყალიბებას, სავარაუდოდ, ცენტრი წლის ბოლომდე გაიხსნება.

თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნებაზეა დამოკიდებული. უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ მისთვის ამოუცნობია რა კავშირშია აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოსთვის MAP-ის მიღებასთან.

„სავსებით ლოგიკურია, რომ საქართველო მიიღებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას. ალიანსი ყველანაირად შეეცდება რუსეთთან დაპირისპირების ფონზე მოგვცეს MAP, მაგრამ ეს რა კავშირშია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმება-არგაუქმებასთან, ეს ჩემთვის ამოუცნობია, მით უმეტეს, რომ ეს არ არის პოლიტიკური ფორმატი“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, შორენა ლორთქიფანიძე აბაშიძე-კარასინის ფორმატსა და MAP-ის მინიჭებასთან პირდაპირ კავშირს ვერ ხედავს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ეს ფორმატი ნატოს მინისტერიალამდე არ გაუქმდება.

„ბუნებრივია, რომ ამ ფორმატს ჰყავს კრიტიკოსები, მაგრამ მთავრობას ამაზე არ უმსჯელია და არც უნდა ველოდოთ, რომ გაუქმდება. მითუმეტეს, როდესაც უსუფაშვილი ასეთ განცხადებას აკეთებს. ეს ფორმატი MAP-ის მიღებასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რაღაცა ჩარჩოში მოექცევა და არ შეიქმნება მეორე ფრონტი. დიდი ანალიზი არ სჭირდება იმას, რომ ეს მითითებაა იმისკენ, რომ რაღაცა ტიპის პროვოკაციაზე არ წამოვეგოთ, რამაც შესაძლებელია ვითარება გაართულოს რეგიონში“, - აცხადებს შორენა ლორთქიფანიძე.

პოლიტოლოგი, ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ არასდროს ნატო-ს გაწევრიანების ან MAP-ის წინაპირობად რუსეთთან ურთიერთობების დალაგება არ დაუყენებია, რადგან კარგად ესმით, რომ ეს დამატებითი ბერკეტი იქნება რუსეთის მხრიდან.

„ილუზიაა, რომ ნატო-შიც შევალთ და რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობას, რისთვისაც შევქმენით აბაშიძე -კარასინის ფორმატი, თუმცა, ურთიერთობის გაუარესების სამი წლის შემდეგაც არ ვაღიარებთ ამ მიდგომის კრახს. ახლა, თუ ეს, ჩვენივე შექმნილი ხელოვნური არგუმენტი ჩვენი ინტეგრაციის პროცესის გასაჭიმად გამოიყენება, ქვეყნის შიგნით MAP-ით სპეკულირება კი არ უნდა დავიწყოთ, მათ უნდა მივაწოდოთ ბევრი არგუმენტი, რომ აბაშიძე-კარასინი მათი ჩარევის გარეშე არაეფექტურია, მოვითხოვოთ, მაგალითად, შვეიცარიის ჩართვა“, - აცხადებს ელენე ხოშტარია.