მარგველაშვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ოპოზიცია და პრეზიდენტის მრჩევლებით გაღიზიანებული უმრავლესობა

მარგველაშვილის გადაწყვეტილებით კმაყოფილი ოპოზიცია და პრეზიდენტის მრჩევლებით გაღიზიანებული უმრავლესობა

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი რიგით მესამე ვეტოს გამოყენებისთვის ემზადება, პარლამენტი კი - მისი დაძლევისთვის. ქვეყნის პირველი პირი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადებას გეგმავს, უმრავლესობა კი, მის განზრახვაში პოლიტიკურ სარჩულს ხედავს.

საკანონმდებლო ორგანომ კანონპროექტი გასულ კვირას მიიღო, პრეზიდენტი კი, კონსტიტუციური ვადების გამოყენებას აპირებს და ათი დღის ვადაში, ეროვნული ბანკიდან საზედამხდეველო სამსახურის გამოყოფის თაობაზე, შენიშვნებს დეპუტატებს წარუდგენს.

პრეზიდენტის მრჩეველის, ეკონომიკურ სალკითხებში გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია შენიშვნებზე უკვე მუშაობს. მისი თქმით, ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფით ასოცირების დღის წესრიგი ირღვევა.

„შინაარსთან დაკავშირებით, ვერც ერთი პროფესიული არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, ეროვნული ბანკიდან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმატებულად შეფასებული საბანკო ზედამხედველობის გამოყოფა რატომ ხდება. კანონს ვეცნობით და ნათლად ჩანს, რომ პასუხგაუცემელი კითხვებია“, - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი.

აბაშიშვილის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ ახალი კანონის სამუშაო ვერსია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორი პროგრამის - „სეიფგარდის“ და „ევსაპის“ რეკომენდაციაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას შეფასებები პარლამენტშიც მოჰყვა. ოპოზიცია ქვეყნის პირველი პირველი პირის გადაწყვეტილებას მიესალმება, უმრავლესობა კი მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენების უფლება უკვე გაუბრალოებულია.

როგორც for.ge-ს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნანა ყეინიშვილმა განუცხადა, საკითხზე პრეზიდენტისა და უმრავლესობის წევრების პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს დემოკრატიული პროცესია. მისი თქმით, უმრავლესობა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონზე ვეტოს გადალახავს.

„პრეზიდენტი ერთად ავირჩიეთ და ხანდახან, ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ ეს დემოკრატიაა. სახელმწიფოს მშენებლობის ტემპისთვის ეს კარგი არ არის, რადგან სხვადასხვა დინებები ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის. რას ვიზამთ, მას ასეთი მოსაზრება აქვს“, - აცხადებს ყეინიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე კი, პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენებას საკანონმდებო ორგანოს ფუნქციებში ჩარევად მიიჩნევს. for.ge-სთან საუბარში ფოფხაძე ამბობს, რომ ვეტო სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსისთვის გამოიყენება და არა იმისთვის, რომ ეს სტანდარტულ ურთიერთობად იქცეს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.

„გადაწყვეტილებას მხოლოდ სიმპატიებით არ ვიღებთ. თუკი საშუალებას არ მომცემ, რომ საკუთარი ფუნქცია შევასრულო, ეს სწორი არ იქნება. ვეტოს ხშირი გამოყენება იმას ნიშნავს, რომ ბალანსის ფუნქციას კი არ ასრულებ, არამედ იმის განსაზღვრას ცდილობ, რა კანონი მივიღო და რა - არა“, - დასძენს ფოფხაძე, რომლის პოზიციას იზიარებს ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე.

როგორც for.ge-ს კობახიძემ განუცხადა, ის პრეზიდენტის პოზიციას არ ეთანხმება, რადგან მიაჩნია, რომ კანონი დაბალანსებულია და ევროპაში არსებული პრაქტიკის შესაბამისია.

მისი განცხადებით, ის არ ფიქრობს, რომ კანონით ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას რაიმე საფრთხე ემუქრება.

კანონმდებელის მოსაზრებით, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენების უფლება აქვს, მაგრამ შენიშვნები ერთი ჯგუფი არასამთავრობო ორგანზაციებისა და ოპოზიციის მოსაზრებების საფუძველზე არ უნდა იყოს მომზადებული.

„არ შეიძლება, რომ შენიშვნები პირდაპირი ანარეკლი იყოს იმ შენიშვნებისა, რომელსაც ექსპერტების გარკვეული ჯგუფი ამზადებს და ის ერთი-ერთში ნაციონალების იდეოლოგიას იზიარებს. ეს ეჭვს ბადებს, რამდენად მიუკერძოვებელია არასამთავროებისა და ექსპერტების პოზიცია. როდესაც ვხედავთ, რომ ამ კონკრეტული ჯგუფის მოსაზრებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იმეორებს, შეიძლება, ობიექტურობასთან პრობლემა გვქონდეს“, - აღნიშნავს დეპუტატი.

კობახიძის მტკიცებით, პარლამენტს ვეტოს დაძლევის ბერკეტი აქვს და ბუნებრივია, მას დაძლევს.

„ჩვენი პოზიციები სწორია და შესაბამისად, ვეტოს დაძლევაზე ვიმსჯელებთ. ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნებით ის ადამიანებიც არ იყვნენ კმაყოფილნი, რომლებიც პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერდნენ. ისინი მისი პოზიციით სახტად დარჩნენ“, - დასძენს კობახიძე, რომლის მსგავსად, პრეზიდენტის პოზიციას მკაცრად აკრიტიკებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.

for.ge-სთან საუბარში ბესელიას ამბობს, რომ ვეტოს გამოყენების უფლება უკვე გაუბრალოებულია. მისი განმარტებით, პრეზიდენტი ვეტოს ისეთ სიტუაციებში მიმართავს, როდესაც კანონებთან დაკავშირებით, სამართლებრივ დისკუსიაში შემოდის და ეს პრეზიდენტის პრეროგატივა არ არის.

„ქვეყანაში კანონმდებლები იმიტომ არიან არჩეულნი, რომ მათ კანონები დაწერონ. ძალიან უხერხულია, როდესაც კანონპროექტის განხილვა დაწყებული არ იყო და პრეზიდენტმა, მისმა მრჩევლებმა განცხადება გააკეთეს, რომ პროექტს ვეტოს დაადებდნენ. კანონპროექტი ცვლილებებს განიცდის და პრეზიდენტმა ეს არც კი გაითვალისწინა. მან საწყისშივე პოლიტიკური განცხადება გააკეთა.

ჩემთვის კიდევ უფრო გაუგებარი იყო, როდესაც პრეზიდენტის მრჩევლები გვეუბნებიან, რომ ცვლილებებს ვეტოს დაადებდნენ. ეს პრეზიდენტის ინსტიტუტს კიდევ უფრო მეტ უხეხულობას უქმნის. ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მრჩევლებმა არ უნდა გვითხრან, რომ ვეტოს დადებაში მონაწილეობენ. თუკი ისინი ვეტოს დადებაში მონაწილეობენ, ეს დახურულ კარს მიღმა გააკეთონ და საჯარო განცხადებებს ნუ აკეთებენ“, - აცხადებს ბესელია.

კანონმდებელმა არ იცის, პრეზიდენტს რა შენიშვნები ექნება, მაგრამ ის ვარაუდობს, რომ მის შენიშვნებს გამართლება არ ექნება.

„ვეტოს დავძლევთ, რადგან როცა კანონს ვიღებთ, ვიზიარებთ, რა ცვლილებებს ვამტკიცებთ. პრეზიდენტის ვეტო განხილვებში შემოსვლას არ უნდა ეფუძნებოდეს, რადგან ის ბალანსის დამცველია და ვეტო შეიძლება მაშინ გამოიყენოს, როცა ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი ირღვევა“, - აცხადებს ბესელია.

უმრავლესობისგან განსხვავებით, ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს საღ აზრად აფასებს. როგორც for.ge-ს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ვეტოს გამოყენება უცნაური არ იქნება, რადგან პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლის გამოსვლები არაერთხელ მოუსმენიათ.

დეპუტატის შეფასებით, პრეზიდენტის მრჩევლის მოსაზრებები აბსოლიტურად მართებული შეფასებები იყო და მას მისი გუნდიც იზიარებს.

„ხელისუფლებას ვეტო კიდევ ერთხელ უქმნის შანსს, რომ დაფიქრდეს. განცდა არ მაქვს, რომ ვეტო უმრავლესობაზე იმოქმედებს, მაგრამ შეიძლება, ვინმე დაფიქრდეს. თუკი გათვალისწინება მოხდება, ქვეყნის ინტერესებში ეს უფრო შევა“, - დასძინა აბაშიძემ, რომლის მსგავსად, ნაციონალი მიხეილ მაჭავარიანი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება.

for.ge-სთან საუბარში მაჭავარიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტისა და ოპოზიციის მოსაზრებები ერთმანეთს კი არ ემთხვევა, არამედ საღ აზრს ერთმანეთს უჯერებენ.

მისი განცხადებით, ყველა ფინანსური ორგანიზაცია ამბობს ერთს, მთავრობა კი, მეორეს აკეთებს.

„იგივე ტარიფების ამბავი გაიხსენეთ. კანონის დარღვევაა ის, რომ სანამ გადაწყვეტილება სემეკმა გამოაცხადა, პრემიერმა გადაწყვეტილების თაობაზე იცოდა. კილოგრამისა და მეტრის ეტალონი, ხომ არსებობს? - უნიათობის ეტალობის ღარიბაშვილია, რომელიც მუზეუმში უნდა შეინახო. კაცი უნიათობა - ღარიბაშვილია. მარგველაშვილი კი, პასუხისმგებლობით იმ საკითხს მოექცა, რაზეც ამბობენ, რომ ცვლილებები ეკონომიკას პრობლემებს შეუქმნის. „ქართულ ოცნებას“ კანონი ჯინაზე გააქვს, მარგველაშვილი კი, საერთაშორისო ორგანიზაციებზე დაყრდნობით მსჯელობს. თუკი ჩვენი პოზიციები დაემთხვევა, მოხარული ვიქნებით“, - ამბობს მაჭავარიანი.

კანონმდებელის მოსაზრებით, ერთ მხარეს მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდის, ევროპის რესკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, „თავისუფალი დემოკრატები“, ნაციონალები და პრეზიდენტი არიან, ხოლო მეორე მხარეს - „20/30“ და „ქართული ოცნებაა“.

„საკითხზე კოალიციაში შემავალი პარტიებიც ჭმუნავენ, მაგრამ ისინი ცვლილებებს ეთანხმებიან, რადგან შუშის სასახლეში გამოკეტილ უფროსს - ბრძენ კაცს ეწყინება“, - დასძენს მაჭავარიანი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი for.ge-ს ვეტოს დაძლევის პროცედურულ საკითხებს განუმარტავს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუკი, პრეზიდენტი ცვლილებებს ვეტოს დაადებს, მასზე პარლამენტი სექტემბერში იმსჯელებს.

მისი ცნობით, პრეზიდენტს ათდღიანი ვადა აქვს, რომ კანონპროქტს ვეტო დაადოს.

„პრეზიდენტის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ, რადგან ეს ამ საკითხს ასე ხედავს. ვეტოს შენიშნები კანონპროექტის სახით უნდა იქნეს წარდგენილი და პარლამენტს 15 დღიანი ვადა აქვს, რომ ვეტოს დაძლევაზე, ან შენიშვნების გაზიარებაზე იმსჯელოს. შეიძლება, რომ ვეტო სექტემბერში დავძლიოთ“, - დასძენს კახიანი.

რაც შეეხება კანონპროექტის ავტორების განწყობას, ნოდარ ებანოიძე და თამაზ მეჭიაური აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტის შენიშვნებს გაეცნობიან, თუმცა, ვეტოს დაძლევისთვის მოემზადებიან.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ვეტო ორჯერ ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე გამოიყენა და თუკი ის მესამე ვეტოს მიმართავს, უმრავლესობას 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

რაც შეეხება ცვლილებებს, პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები 80 ხმით, 19-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.