პარლამენტმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის თაობაზე რეზოლუციის ორი პროექტი განიხილა, თუმცა, კენჭისყრაზე უმრავლესობის დოკუმენტი გავიდა, უმცირესობის კი, ჩავარდა.
საკანონმდებლო ორგანოში რეზოლუციის პროექტებზე მსჯელობა ცხარე კამათის, დაპირისპირებისა და პოლიტიკური წარსულის შეხსენებით წარიმართა. უმცირესობამ ხელისუფლებას ბრალი უმოქმედობაში დასდო, მმართველმა გუნდმა კი, ნაციონალებს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები შეახსენა.
ბოლო რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა ცხრაპუნქტიან და შვიდპუნქტიან რეზოლუციის პროექტებზე დაახლოებით სამი საათის მანძილზე იმსჯელეს, უმრავლესობის დოკუმენტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, ნაციონალების პროექტის წინააღმდეგ კი, 50 დეპუტატი წავიდა.
საკითხზე პოლიტიკური დებატები ვიცე-სპიკერმა, გუბაზ სანიკიძემ გახსნა, რომელმაც ნაციონალებს წინა ხელისუფლების პირობებში დაშვებულ შეცდომებზე მიუთითა.
სანიკიძის განცხადებით, ნაციონალების მთავრობამ ქვეყანას ერთი უკნანონო სამხრეთ ოსეთის ნაცვლად, მეორე უკანონო სამხრეთ ოსეთი მისცა და ახალგორის მოსახლეობას უკანონო სამხრეთ ოსეთის არჩევნებში მონაწილეობა მიაღებინა, ახალგორის რაიონი დაკარგა და აფხაზეთში უსამართლოდ ტერმინი - „ზემო აფხაზეთი“ დაამკვიდრა.
„სამი ათასი წელი მას დალის ხეობა ერქვა. მთელი ხეობის მოსახლეობა მოღალატეებად გამოაცხადეთ, იქ შეიარაღებული ძალები შეიყვანეთ და თოფის დაუცლელად კოდორი დატოვეთ. თქვენმა ცელქმა პრეზიდენტმა კონფლიქიტის მოგვარების თავისებური მეთოდი მოიგონა და ტერიტორიის დაბრუნება დისკოთეკებით განიზრახა“, - განაცხადა დეპუტატმა.
სანიკიძის მტკიცებით, დღეს, ხელისუფლების სტრატეგია ტაქტიკური ქმედებაა.
„რუსეთთან მიმართებაში გარკვეული პოლიტიკა დასავლეთსაც არ აქვს ბოლომდე ჩამოყალიბებული და ევროპელებიც ცოტა სხვანაირად ფიქრობენ. ამ ჩამოყალიბების პროცესში, ყველაზე დიდი ხიფათი გვაქვს. თავი ისე ნუ მოგაქვთ, რომ თქვენ პატრიოტები ხართ და ჩვენ მოღალატეები. საქართველო მეორე სამხედრო კონფლიქტს ვერ გაუძლებს. იმას ნუ გვეუბნებით, რომ ჩვენ საქართველო არ გვიყვარს“, - მიმართა უმცირესობას სანიკიძემ, რომელსაც აკაკი ბობოხიძე გამოეხმაურა.
ოპოზიციონერი დეპუტატის მოსაზრებით, „ქართული ოცნების“ მთავრობა რუსეთთან მიმართებაში საკუთარი დაპირებების ტყვეა. მისი მოსაზრებით, რუსეთმა მიერ ემბარგოს დაწესების შემდეგ, ევროპულ ბაზარზე საქართველოს პროდუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდებოდა, ახალი ხელისუფლების მიერ მოსკოვთან ურთიერთობის „გარღვევის“ შემდეგ კი, მცირდება.
„ბატონებო, დასავლეთთან მიმართებაში ნიჰილიზმს ნერგავთ. არავინ აყენებს საკითხს, რომ ომი უნდა დაიწყოს. ოსებთან ურთიერთობების დალაგებას დისკოთეკებითაც ვაპირებდით და თქვენგან განსხვავებით დისკოთეკებს ოსეთში ვმართავდით და არა - მოსკოვში. კოალიციაში შემავალი ერთი პარტია „ესენგე“-ში მიდის, რესპუბლიკელები ამბობენ, რომ დასავლეთის მატარებელში სხედან, მაგრამ თქვენ ყველა ერთ მატარებელში სხედხართ, რომელიც მოსკოვისკენ მიდის, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს გზა ბოლომდე ვერ მივა“, - დასძინა ბობოხიძემ.
ზემოთ აღნიშნული დეპუტატების მსგავსად, სხვა კანონმდებლების გამოსვლების შინაარსი ურთიერთბრალდებებით იყო გაჯერებული და ძირითადად მათი განცხადებების პათოსი - სხვის შეცდომებზე თითის გაშვერას ჰგავდა.
რაც შეეხება რეზოლუციის პროექტების შინაარს, ნაციონალები საკუთარ დოკუმენტში ხაზს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას უსვამდნენ და აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვდნენ. პარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტში კი საუბარია, რომ ხელისუფლების ყველა შტოს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის, ისევე როგორც სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორის ფუნქციის, გაძლიერება.
რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველო სრულად იზიარებს პასუხისმგებლობას რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებისათვის. ამდენად, პოლიტიკური პოზიციების რადიკალური დაპირისპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მოლაპარაკებების გზა აირჩია რუსეთთან ურთიერთობების მოსაგვარებლად.
„საქართველო გმობს რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ანექსიის, საკუთრებასა და გადაადგილებაზე ადამიანის უფლებების უხეშად შელახვის პოლიტიკის გაგრძელებას. ასევე საქართველო აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედება უპირისპირდება საქართველოს ძალისხმევას რეგიონული და ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
პარლამენტი დოკუმენტით მთავრობას მოუწოდებს ინტენსიურად გააგრძელოს მის ხელთ არსებული ყველა რესურსის (შესაძლებლობის) გამოყენება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის გაზიარებისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებში და ქვეყნებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ 10 ივლისს, სოფელ ხურვალეთის, წითელუბანისა და სოფელ ორჭოსანის საოკუპაციო ზოლთან რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის აღმართვა მოხდა.