მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივიან. მოსარჩელე უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, ბორის ფილატოვია, რომელიც ოდესის გუბერნატორს ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებასა და პოლიტიკურ მაქინაციებში ადანაშაულებს. მოსარჩელე პატივისა და ღირსების შელახვისთვის სააკაშვილისგან კომპენსაციის სახით 1 გრივნას ითხოვს, რომელსაც მისივე თქმით, უკრაინაში ქართველი დევნილების ფონდში გადარიცხავს. კონფლიქტი სააკაშვილსა და ფილატოვს შორის რამდენიმე დღის წინ ქალაქ ჩერნიგოვში დაიწყო, როდესაც სააკაშვილმა ფილატოვი ამომრჩევლის მოსყიდვაში დაადანაშაულა, თუმცა, როგორც წესი, ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
რადას დეპუტატმა საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ სააკაშვილი საქართველოში არ უყვართ და ამის მიზეზად ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, პატიმრების წამება და დამამცირებელი მოპყრობა დაასახელა, რისი მსხვერპლიც მაშინდელი პრეზიდენტის იდეოლოგიური მოწინააღმდეგეები გახდნენ.
„სააკაშვილი მატყუარა, პოპულისტი და ცინიკოსი ნაძირალაა, რომელიც მისმა მოქალაქეებმა საკუთარი ქვეყნიდან გამოაპანღურეს. ის პასუხს აგებს ყველაფერზე. მე ყველას მოვუყვები, რატომ მოხდა ეს. ამის მიზეზი გახდა ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა, პატიმრების გაუპატიურება და მისწრაფება ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე, რომელიც გონებას აღაგზნებს. მე მივმართავ სასამართლოს და კომპენსაციის სახით, მისგან ვითხოვს ერთ გრივნას, რომელსაც უკრაინაში ქართველი დევნილების ფონდში გადავრიცხავ“, - აღნიშნა ბორის ფილატოვმა.
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი არ არის ერთადერთი, რომელიც სააკაშვილის წინააღმდეგ გამოდის. სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო გამოსვლები გამართა და უკრაინის პრეზიდენტისგან დაუყოვნებლივ მოითხოვა ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან სააკაშვილის განთავისუფლება. თავად პოროშენკო გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქაროს, თუმცა, ანალიტიკოსთან განცხადებით სააკაშვილს უახლოეს მომავალში მოუწევს ოდესის დატოვება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიოგრი თევდორაძე აცხადებს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დასაწყისი და სჯერა, რომ „სააკაშვილი მტკივნეულ, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რეფორმებს განახორიციელებს უკრაინაში, როგორც თავის დროზე განახორციელა საქართველოში“. რაც შეეხება დეპუტატ ფილატოვის ბრალდებას, თევდორაძე აცხადებს, რომ რუსულ „ფეესბე“-ს მეთოდები მოუძველდა.
„ეს ყველაფერი წყლის წვეთივით ჰგავს იმ ბრალდებებს, რომელიც საქართველოში გაისმოდა. ახლა მოუთმენლად ველოდები როდის წამოვა ბრალდება იგივე მკერდის მოჭმის შესახებ. რაც შეეხება ბრალდებას ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების შესახებ, რაღაცა მის გაწონასწორებულ თუ გაუწონასწორებელ ფსიქიკასთან დაკავშირებით, მოუძველდა რუსულ ფეესბეს მეთოდები.
საქმე იმაში არ არის, ვის როგორი ფსიქიკა აქვს, ან რა პრეპარატებს იყენებს, არამედ რეფორმატორი და ცვლილებების მოსურნე ადამიანი დაჭაობებულ და ოლიგარქიულ სისტემაში აღქმულია როგორც უცხო სხეული. ამ ადამიანებს მათდა სამწუხაროდ უნდა გაუცრუო იმედი, ტყუილად ელოდებიან რაიმეს დასასრულს, ეს არის დასაწყისი, რომელიც დამთავრდება უკრაინისთვის ძალიან სასიკეთოდ და მავანისთვის კი ძალიან მტიკვნეულად“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი თევდორაძე.
ამ ბრალდებების ავტორის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობს, თუმცა არ გამოვრიცხავ მის როგორც სიმართლეს, ასევე სიცრუეს, ამბობს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, რომლის განცხადებით, გამორიცხული არ არის სააკაშვილს არც თუ შორეულ მომავალში მოუწიოს უკრაინის დატოვება.
„არ გამოვრიცხავ სააკაშვილს არც თუ შორეულ მომავალში მოუწიოს დატოვოს უკრაინა. ამიტომ, ვისაც სურს დაიჯეროს უკრაინელი პარლამენტარის ბრალდების, ეს მათი უფლებაა. მე კი, თავს შევიკავებდი უფრო საფუძვლიანი კომენტარებისგან. უკვე, სახეზეა გარკვეული რღვევა დღევანდელ უკრაინულ ხელისუფლებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ყოველივე ასეთი თავდასხმები სააკაშვილზე განპირობებული იყოს იმ ახალი მოძრაობით, რომელიც მოწადინებულია შეცვალოს პოროშენკოს ხელისუფლება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.
რაც შეეხება რადას დეპუტატის განცხადებას სააკაშვილის მიერ ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ეს არ ახალია, რადგან საქართველოშიც იყო ამაზე საუბარი. მისივე თქმით, სააკაშვილის არადეკვატურობა და ეგზალტირებულობა ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ რაღაცა წესრიგში არ არის.
„ჩვენც ხშირად ვამჩნევდით მის არადეკვატურ მდგომარეობას და მეც ვამჩევდი ამას, ძალიან ბევრი კადრები მაქვს ნანახი, მაგრამ ძალიან ძნელია ასე ხელაღებით და დაბეჯითებით საუბარი იმაზე, რომ ფსიქოტროპული მედიკამეტების ზემოქმედების ქვეშ იყო. ის, რასაც ამბობს ფილატოვი, რომ ის გააპანღურეს ქვეყნიდან, იმიტომ, რომ ბევრი დანაშაუალი ჰქონდა საქართველოში ჩადენილი, ეს აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, რაც ჩვენს საკუთარ ტყავზე გვაქვს გამოცდილი და ძნელია შეეკამათო, მაგრამ სხვა საკითხია რა ხდება რეალურად უკრაინაში და რა „მისია“ აქვს სააკაშვილს.
სააკაშვილმა ძალიან სარისკო თამაში წამოიწყო, უკრაინა ნამდვილად არ არის საქართველო, კორუფციის მასშტაბები და მაფიოზური კლანი იქ ბევრად უფრო მაღალია და ბევრად, უფრო მძლავრია. ეს სისტემა, რომ დაამსხვრიო, ცოტა გიჟი უნდა იყო და ასეთი გიჟია სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია ასეთი აგრესიული კანონდარღვევითი ქმედებებით დაანგრიოს ყველაფერი. ნამდვილად, ნგრევა მას კარგად შეუძლია და ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.