პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაპირისპირება ღრმავდება. მას შემდეგ რაც მთავრობამ არ გაიზიარა პრეზიდენტის პოზიცია მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მთავრობას და საპარლამენტო უმრავლესობას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა და „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა. გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის შემდგომ ცვლილება, სამართლიანობის გადადებაა.
გიორგი მარგველაშვილის კრიტიკას ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა. კახი კალაძემ მარგველაშვილს შეახსენა, რომ მისი პრეზიდენტობა იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია და პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელი წინასაარჩევნო პროცესი.
დაპირისპირება ყველა ხელისუფლებაშია, მაგრამ ამ მასშტაბის და ასე საჯარო, თითქმის არ ახსენდება პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს, რომლის განცხადებით, მარგველაშვილი თავის ადგილს ეძებს.
მიდის თუ არა პრეზიდენტი სიტუაციის გამწვავებაზე და ცდილობს თუ არა ძალოვან სტუქტურაზე გავლენის მოპოვებას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
პრეზიდენტის შეფასებით, ევროპულ პრაქტიკაში არ ჯდება, როდესაც წინასწარი პატიმრობები გრძელდება გონივრულზე უფრო დიდი ხნით. მართალია, პრეზიდენტი კომენტარს არც ერთ კონკრეტულ საქმეზე არ აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე ეხება გიგი უგულავას, ბაჩო ახალიას და ვანო მერაბიშვილს. ბატონო რამაზ, შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტი ოპოზიციაშია მთავრობასთან?
- ამ სიტუაციის დასათაურებისთვის ხშირად იხმარება სიტყვა - ოპოზიცია. თუმცა, მგონია, რომ ამ შემთხვევაში ეს შეფასება არასწორია, იმდენად, რამდენადაც პრეზიდენტი არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელიც ხელისუფლებისთვის იბრძვის.
მაშინ, რისთვის იბრძვის პრეზიდენტი?
- იბრძვის იმისთვის, რომ მისი ძალა და ხელისუფლება შეძლებისდაგვარად საგრძნობი გახადოს ქვეყანაში. ადამიანებმა იგრძნონ, რომ არსებობს პრეზიდენტი. მგონია, რომ მარგველაშვილმა ეს მოახერხა კიდევაც, რადგან ის არ არის რომელიმე სახელისუფლებო გუნდის ჩრდილი, რომელიც ყველა იმ მოძრაობას იმეორებს, რასაც სამთავრობო გუნდი გააკეთებს. მარგველაშვილი ეძებს თავის ადგილს, რომელიც კონსტიტუციურად მკაფიოდ არ არის გაწერილი. ამ თვალსაზრისით, ხშირია შემთხვევა, როდესაც მარგველაშვილის რეპლიკა ემთხვევა რომელიმე ოპოზიციური პარტიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციას.
ეს არის პოლიტიკური პარტნიორობა ოპოზიციასა და პრეზიდენტს შორის?
- თუკი დავაკვირდებით, მარგველაშვილი ხშირად სახელისუფლებო გუნდის პოზიციებსაც ეთანახმება. მთლად ასე არ არის, რომ მარტო ოპოზიციის პოზიციებს უსვამს ხაზზს. ერთ მხარესაც ცდილობს დაუფასოს გაკეთებული და მეორე მხარესაც, რომ არ აღმოჩნდეს რომელიმეს ჩრდილში. პოლიტიკაში ჩრდილში მოხვედრა შეიძლება არ იყოს მომგებიანი. როგორც წესი, ადამიანები ხშირად გარდამავალ ასაკში ცდილობენ საკუთარი თავის დამკვიდრებას და ამ მოტივით მშობლებს არასოდეს არ ეთანხმებიან, უნდათ, რომ თავისი პოზიცია გამოკვეთონ. აი, ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა პრეზიდენტი, იმიტომ, რომ მისი სტატუსი არ არის გარკვეული. ცდილობს გამოკვეთოს ეს სტატუსი და ერთ-ერთი იყო მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი.
პრეზიდენტის პოზიცია, რომ მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით დაამტკიცოს პარლამენტმა, ამით პრეზიდენტი ცდილობს ძალოვან სტუქტურაზე გავლენის მოპოვებას?
- არ გამოვრიცხავ. პრინციპში, ეს უკვე კონკრეტული ვერსია, რომ მას უნდა თავისი ძალაუფლების განმტკიცება. ამ შემთხვევაში - პროკურატურაზე გავლენის შენარჩუნებით და უდავოა, რომ ენდომება, ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ამ ნაბიჯებით პოლიტიკური მომავალის შექმნა ძნელია. პოლიტიკაში ერთი კაცი ძალიან იშვიათად არის შედეგიანი. ივანიშვილიც, რომ ივანიშვილია, მასაც თავისი გუნდის აკრეფა დასჭირდა პოლიტიკაში შემოსვლისას. როდესაც მარგველაშვილი დაიწყებს გუნდის შექმნას, ან უკვე შექმნილ გუნდში ჩართვას, ეს უკვე იქნება ახალი პოლიტიკური ცხოვრებისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებული დაპირისპირება ღრმავდება და ეს უკვე უკავშირდება მაჟორიტარულ სისტემას და სწორედ ამ ნაწილში შეახსენა მარგველაშვილმა „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო დაპირება და აღნიშნა, რომ მაჟორიტარული სისტემის 2016 წლის შემდგომ ცვლილება, სამართლიანობის გადადებაა. პრეზიდენტი სიტუაციის გამწვავებაზე მიდის?
- ასეთ გამწვავებებს მარგველაშვილი, ალბათ, არ მოერიდება და არც მთავრობა. ამ გამწვავებებში კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ვინც არ უნდა იყოს პრეზიდენტი, ის არის მეოთხე მხარე. ანუ, ჯერ არის პარლამენტი, მთავრობა, სასამართლო და პრეზიდენტი. დაპირისპირება ყველა ხელისუფლებაშია, მაგრამ ამ მასშტაბის და ასე საჯარო, თითქმის არც მახსენდება. მიუხედავადა იმისა, რომ თითოეული მხარის გაგება შეიძლება, ვერ ჩავთვლი, რომ ეს პოზიტიური მოვლენაა.