„მარეგულირებელ კომისიებში ბაქჰანალიაა, მათი ხელფასების ოდენობა რომ ნახოთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ“

„მარეგულირებელ კომისიებში ბაქჰანალიაა, მათი ხელფასების ოდენობა რომ ნახოთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ“

ხელისუფლება საჯარო სამსახურის რეფორმას იწყებს, ოპოზიცია კი, ცვლილებებს ფასადურს და პიარზე გათვლილს უწოდებს. საკანონმდებლო ორგანო 65 კანონში მომზადებულ ცვლილებებს სექტემბრის ბოლომდე დაამტკიცებს, ახალი რეგულაციები კი, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება.

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკა ქარდავას განმარტებით, ცვლილებებით, სახელმწიფო და საჯარო სამსახური გამიჯნული იქნება - სახელმწიფო სამსახურად დეპუტატისა და მინისტრების, მათი მოადგილეების საქმიანობა მიიჩნევა, აპარატების საქმიანობა კი, საჯარო სამსახურს განეკუთვნება.

მისი თქმით, პროექტით, საჯარო სამსახურში პროფესიული საჯარო მოხელის ინსტიტუტი ყალიბდება, ხოლო პროფესიულ საჯარო მოხელედ მიიჩნევა პირი, რომელიც საჯარო სამსახურის საშტატო თანამდებობაზე უვადოდ ინიშნება.

ქარდავას ცნობით, პროფესიული საჯარო მოხელე საკუთარ უფლებამოსილებებს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით განახორციელებს, რითაც საჯარო მოხელეს ეკრძალება თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პარტიული ინტერესებისათვის, ან რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის წევრობა.

ამას გარდა, ცვლილებებით, საჯარო მოხელის სერთიფიცირება მოხდება, ატესტაცია გაუქმდება და წელიწადში ერთხელ, საჯარო მოხელის საქმიანობის შეფასება მოხდება.

ამასთანავე, კანონპროექტით პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა რანგირების უნიფიცირებული წესის შექმნის საფუძველი დგინდება, რომლის მიხედვითაც, პროფესიული საჯარო მოხელის თითოეული თანამდებობა იქნება კარიერული საფეხური და განაწილდება იერარქიულ რანგებში კომპეტენციის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ასევე განისაზღვრება პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის კლასების მინიჭების მექანიზმი, მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგებისა და წელთა ნამსახურების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, პრემიერებისა და სახელფასო სისტემის დაკონკრეტება ხდება. კერძოდ, პროექტით, საჯარო მოხელის დანამატი შესაძლებელია გაიცეს მხოლოდ უშუალო უფროსის დავალებით შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაოს და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის ასანაზღაურებლად. ამასთანავე, კლასის ან შესრულებული სამუშაოს კუთხით, პრემია იქნება წახალისების ფორმა და არა ხელფასის რაოდენობა.

სახელფასო სისტემის ახლებულ რეგულაციებთან დაკავშირებით, პრეტენზიები აქვთ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიაში. კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე რეფორმას მიესალმება, მაგრამ მიიჩნევს, რომ კანონპროექტი დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის მარეგულირებელ კომისიებს არ უნდა შეეხოს.

მისი განმარტებით, პროექტის თანახმად, მთავრობის დადგენილებით უნდა განისაზღვროს მოხელეთა იერარქიულ რანგებში თანამდებობრივი სარგოების ოდენობა.

„კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიებს რომ არ შევეხო, რომლებიც მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოები არიან, მთავრობამ უნდა დაადგინოს, ეროვნული ბანკის აპარატის თანმშრომლების ხელფასები. ეს არის თუ არა გარკვეული დამოკიდებულება მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის?! როგორ შეიძლება, მთავრობას დავუქვემდებაროთ ეროვნული ბანკის და მარეგულირებლების საკადრო პოლიტიკა და ასევე ფინანსური პოლიტიკა?!“, - ინტერესდება აბაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ცვლილებები ბევრ უხერხულობას ქმნის და შეიძლება ბევრი პრობლემაც შეიქმნას, მათ შორის შესაძლო პოლიტიკური გავლენების ჩამოყალიბების წინაპირობების თვალსაზრისით.

აბაშიძის პროგნოზით, კანონპროექტით, კომუნიკაციების მარეგულირებლი კომისიის შესაძლებლობა მთლიანად „იკეტება“, რომ კადრები კერძო სექტორიდან მიიღოს.

„კომისიის სიხშირეებზე მონიტორინგის დეპარტამენტში, კადრი საიდან უნდა მოვიყვანო? კადრები სად ვეძებო, თუ არა კერძო სექტორში და როგორ უნდა მოვიყვანო ისინი, თუ ამის უფლება არ მექნება?“, - აცხადებს აბაშიძე, რომლის საპასუხოდ, for.ge-სთან საუბარში ქარდავამ განაცხადა, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის მარეგულირებელის კომისიის თემა დაიხვეწება და კონსულტაცები წარიმართება.

აბაშიძის მსგავსად, სახელფასო სისტემასთან დაკავშირებით, კითხვები აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ხმალაძეს.

როგორც for.ge-ს ხმალაძემ განუცხადა, კანონპროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება და სარგოს ზედა და ქვედა ზღვარი წესდება, ოდენობას კი, მთავრობა განსაზღვრავს. ხმალაძის შეფასებით, ეს მიდგომა საჯარო დაწესებულების ინტერესებთან ეფექტური არ იქნება.

„უმჯობესია, რომ ზღვარი კანონით განსაზღვრული იყოს. კონკრეტულ დაწესებულებაში რამდენი უნდა იყოს სარგო, ეს დაწესებულებამ უნდა განსაზღვროს და ყველას ერთ სარეცელში მოქცევა, სწორი არ იქნებოდა“, - აცხადებს ხმალაძე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზოგადად ცვლილებებს მნიშვნელოვან რეფორმად აფასებს და ამბობს, რომ საჯარო სამსახურების ერთიანი სისტემა ყალიბდება.

„დღევანდელი მდგომარეობისგან განსხვავებით, კანონის მოქმედების სფეროში საჯარო სამართლის იურიდული პირები და არაკომერციული პირები არ შედიან, რაც არასწორია. ისეთი სპეციფიკური დაწესებულება როგორიცაა პროკურატურა, ეროვნული ბანკი, ეროვნული მარეგულირებელი კომისიები და აუდიტის სამსახური, იქ განსაკუთრებული წესების დადგენა შესაძლებელი უნდა იყოს, მაგრამ საერთო ნორმები ერთიანი იქნება. ეს საჯარო მოხელეთა სოციალური დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირი თანამდებობიდან უსაფუძვლოდ არ გაათავისუფლონ და კარიერული ზრდა ყველგან უნდა იყოს შესაძლებელი“, - დასძინა ხმალაძემ, რომლის მსგავსად, ცვლილებებს მნიშვნელოვნად მიიჩნევს მისი მოადგილე თამარ კორძაია.

for.ge-სთან საუბარში კორძაია აცხადებს, რომ კანონპროექტი კონცეპტუალურად საინტერესოა და კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული, მაგრამ ისეთი საკითხებია, რაც აუცილებლად უნდა დაიხვეწოს. მისი თქმით, თუკი იმ იდეების დეტალიზაცია არ მოხდა, რაც კანონპროექტშია, ის იდეები ვერ განხორციელდება.

„საჯარო სამსახურის საბჭო ქმედითი ორგანო უნდა გახდეს და ბიურო ყველაფრის განმახორციელებელი არ უნდა იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ატესტაციაზე უარს ვამბობთ და შეფასების სისტემა შემოდის, მაგრამ კანონში გაწერილი არ არის, შეფასება რა კრიტერიუმებით მოხდება. შეფასების სისტემა შეიძლება ძალიან მყარი ინსტრუმენტი აღმოჩნდეს, თუკი კრიტერიუმები არ გაიწერება“, - დასძენს კორძაია. ცვლილებებს მიესალმება ზაქარია ქუცნაშვილი. როგორც for.ge-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, წარდგენილი პროექტი კარგია და მთელი რიგი სიახლეები შემოდის, თუმცა, როგორც ყველა პროექტს, ასევე ამ ცვლილებებს ნაკლოვანებები აქვს.

ქუცნაშვილის მოსაზრებით, ინიციატივა სამართლებრივი მექანიზმებით უნდა გაჯერდეს და არც ერთ თანამდებობის პირს არ უნდა ჰქონდეს მოქმედების ფართო არეალი.

„არ შეიძლება, რომ საჯარო სამსახური თვითრეგულირებაზე იყოს მიშვებული. ერთგულების უნარს, როგორ გაზომავენ? ეს რა სამართლებრივი მექანიზმით იქნება დაცული? პრინციპი, რომ ხელფასების რანგები განისაზღვრება, ამას მივესალმები. მარეგულირებელ კომისიებში ბაქჰანალიაა და მათი ხელფასების ოდენობა რომ ნახოთ, თმები ყალყზე დაგიდგებათ. მათ მინისტრებსა და დეპუტატებზე გაცილებით მაღალი ხელფასი აქვთ. ის ზღაპარი რითაც გვასაზროვებენ, რომ მათი მაღალი ხელფასი საჭიროა იმისთვის, რომ მათ პატიოსნად იმუშაონ, უკაცრავად, მაგრამ პატიოსნად მუშაობა ყველას ვალია“, - დასძენს ქუცნაშვილი, რომელიც ამბობს, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრებს 15-16 ათასიანი ხელფასები აქვთ.

რაც შეეხება ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის განწყობას, for.ge-სთან საუბარში გიგი წერეთელი აცხადებს, რომ საჯარო სამსახურის რეფორმის იდეა კარგია, მაგრამ წარდგენილი ცვლილებები რეფორმისტულ მიდგომებიდან შორს არის. მისი თქმით, საჯარო სამსახურში კორუფცია, ნეპოტიზმი ბრუნდება და კონკურსების არასამართლიანად ჩატარება ხდება.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, ადამიანები „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ რა მეთოდებით გადაჰყავდათ - გადაბირებით, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით და მუქარით. არ მგონია, რომ ხელისუფლება რაღაცას მიხვდა და ვითარების შეცვლა სურს. ალბათ, საჭიროა კოსმეტიკური ცვლილება, რომელიც პიარის თვალსაზრისით, რეფორმას კარგად წარმოადგენს. კონკურსების წარმართვა ისე გაგრძელდება, როგორც აქამდე ხდებოდა - ნათესავების დასაქმებით. საჯარო სექტორში რეფორმის განხორციელებას სკეპტიკურად ვუყურებთ, თორემ, ეს საკითხი მნიშვნელოვანია“, - დასძენს წერეთელი.

დამოუკიდებელი დეპუტატი პავლე კუბლაშვილი კი, for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ შექმნილი ვითარებიდან კანონპროექტით კონკრეტული გამოსავალი არ ჩანს როგორც აქციასთან დაკავშირებით, ასევე არც პრემირებასთან. მისი განცხადებით, საჯარო სამსახური კადრების ძალიან დიდი დეფიციტს განიცდის და ადამიანებს იმის საშუალება უნდა მიეცეთ, რომ ისინი დასაქმდნენ.

„ამ ხელისუფლებამ კადრების წმენდა განახორციელა. მაშინ კანონის ნორმები დაცული არ იყო და შეიძლება, ახალი ნორმები ფიქცია იყოს და პოლიტიკური ნიშნით ადამიანები სამსახურებიდან გაუშვან“, - დასძენს კუბლაშვილი.

პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებებს ივლისის ბოლომდე პირველი მოსმენით მიიღებს, საბოლოოდ კი, სექტემბერში დაამტკიცებს და ამისთვის თანხმობა ევროკავშირისგან უკვე მიღებული აქვთ.