რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე „სასაზღვრო ნიშნების“ აღმართვასთან დაკავშირებთ დასავლეთმაც, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის სახელით და საქართველოს მთავრობამაც ირაკლი ღარიბაშვილის მეთურობით, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა - რუსეთის ქმედება პროვოკაციად შეფასდა.
„მე ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი და დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა და ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ... მაღალ შეფასებას ვაძლევ თქვენ რეაქციას, თქვენი მთავრობის რეაქციას, ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისთვის, რათა აღნიშნული პრობლემა პასუხისმგებლობით მოგვარდეს, აღელვების ემოციების გარეშე“, - აღნიშნა ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა.
რისკენ არის მიმართული რუსეთის ეს პროვოკაცია და რა შეიძლება იყოს მისი რეალური მიზანი, ამაზე არც ოფიციალური თბილისი საუბრობს და მითუმეტეს, არც დასავლეთი. ისიც ნათელია, რომ თუკი რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე ომის წამოწყებას და საქართველოს ტერიტორიების მიტაცებას გეგმავს, სულ მცირე, იმავე მეთოდებს გამოიყენებდა, რასაც აგვისტოს ომის წინ მიმართავდა. როგორც ჩანს, მცოცავი ანექსია სხვა განაცხადია. ექსპერტულ წრეებში ფიქრობენ, რომ რუსეთის განაცხადი არა საქართველოსკენ, არამედ იმ ქვეყნებისკენ არის მიმართული, რომლებსაც საქართველოში გააჩნიათ სტრატეგიული ინტერესები.
როდესაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციაზეა საუბარი, ბუნებრივია, მრავალი ქვეყნის ინტერესი იყრის თავს, როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა შეიძლება იყოს რუსეთის საბოლოო მიზანი.
როგორც ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია თვლის, ამ ნაბიჯით რუსეთი კიდევ ერთხელ გახსენებს, რომ ამ რეგიონში ის არის პატრონი და მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები მუდმივად გასათვალისწინებელია.
„ამით აცხადებს, რომ „წინააღმდეგ შემთხვევაში შემიძლია, შევქმნა პრობლემები“. ეს არის ჩვეულებრივი, იმპერიული ნაბიჯი, შიშისმომგვრელი და თავზარდამცემი ინვესტორისთვისაც და მასპინძელი ქვეყნისთვისაც. ის, რასაც რუსეთი აკეთებს, დამლული და ძნელად გამოსაცნობი არ არის - ხომ არის საქართველოს მთავარი ეკონომიკური მიზანი, გახდეს სატრანზიტო ქვეყანა? - რუსეთი თავისი ნაბიჯებით ამბობს, რომ აქ მე ვარ და ჩემს გარეშე არაფერი არ იქნება“, - აცხადებს ჯგერენაია.
ექსპერტ, დემურ გიორხელიძეს მიაჩნია, რომ დასავლეთისა და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ ეს არის პროვოკაცია, არა მარტო უსუსურია, არამედ, არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ის, რაც ხდება, არის რუსეთის რეაქცია საქართველოს პოლიტიკაზე. ამ ნაბიჯში ჩანს საქართველოს უუნარობა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ ქვეყნებთან ერთად მოძებნოს გზები პოლიტიკური დიალოგისათვის, რადგან უსაფრთხოების პრობლემა არის ის, რაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობში დომინირებს“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
გიორხელიძის შეფასებით, სხვა ყველაფერი, ეკონომიკური თუ კულტურული ურთიერთობები არის მეორეხარისხოვანი. მისივე აზრით, ჩვენ ვერ ვხედავთ პოლიტიკას, რომელიც საფრთხეების აცილებასთან იქნება დაკავშირებული რეგიონალური კრიზისის შემთხვევაში.
„როგორც კი რუსეთი საფრთხეს იგრძნობს და ეს მოხდება ერთადერთ შემთხვევაში, თუკი აქ სხვა ქვეყნების ჯარები გაჩნდება ან კოლექტიური შეიარაღების ნაწილი გამოჩნდება. ასეთ გეოსტრატეგიულ გადანაწილებას რუსეთი დაუშვებდა მხოლოდ დიდი ომის შესაბამისად, მშვიდობიანი გზით არ ხდება ასეთი მნიშვნელოვანი გადანაწილება. ჩვენ ვკარგავთ და მომავალშიც დავკარგავთ ტერიტორიებს, გავაგრძელებთ დეზინტეგრაციის გზას. ქართველ პოლიტიკოსებს ეს ხუმრობა ჰგონიათ, არადა ძალზე საშიში საფრთხეა, ყოველი დაკარგული მეტრი ქართული ტერირორიისა ისეთია, რომლის უკან დაბრუნებაც საქართველოს თავისი ძალებით უბრალოდ, არ შეუძლია. სხვა ძალებს კი ვერ ვხედავ, რომელიც ადგება და ამ უზარმაზარ დანაკარგს შეგვივსებს“, - აცხადებს გიორხელიძე.
თუკი რუსული პოლიტიკა საქართველოში გათამაშებული გეოსტრატეგული გადანაწილების შედეგია, ალბათ, გასათვალისწინებელია, რომ იმ პროექტებში, რომელიც საქართველოში ხორციელდება, მონაწილეობენ სხვა ქვეყნებიც - აზერბაიჯანი, თურქეთი, ისეთი გიგანტური მოთამაშე, როგორიცაა BP. ამდენად საინტერსოა, მათი ეკონომიკური ინტერესები რუსეთისთვის ანგარიშგასაწევი რა შემთხვევაში გახდება.
ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ ყველა მათგანთან რუსეთს თავისი თამაში აქვს.
„აზერბაიჯანთან რუსეთს თავისი ომი აქვს და ყარაბაღის თემა არ მთავრდება. თურქეთთან თავისი დამოკიდებულება აქვს და მას კარგად იყენებს ევროპის წინააღმდეგ, იგივე „სამხრეთ ნაკადის“ პროექტი განხორციელდება თუ არა, თურქეთთან რუსეთს ძალზე სერიოზული მიდგომები აქვს - თანამშრომლობს სავაჭრო თუ სამხედრო კუთხით, თანამშრომლობს კონვენციებითაც - ყველა ქვეყანასთან რუსეთს თავისი თამაში აქვს, მათ შორის, ისეთ გიგანტურ კომპანიასთანაც როგორიცაა BP. ამის კარგი მაგლითია 15-წლიანი ომი BP-ში აქტივების გადანაწილების გამო“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ რუსეთს შეიძლება ჰქონდეს მრავალპლანიანი მიზნები და ეს არ არის მხოლოდ სატრანზიტო ტრასების გაკონტროლება.
„პირველ რიგში, ეს არის პრევენცია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარის დაშვების შანსი მოაშთოს. რაც შეეხება სატრანზიტო ფუნქციას, რუსებმა ისიც კარგად იციან, რომ კონფრონტაციულ რეჟიმში დიდი და მსოფლიო მასშტაბის პროექტები ვერ განხორციელდება. ეს დაძაბულობა უფრო დიდ ქვეყნებს შორის დაპირისპირების შედეგია. საქართველო, უბრალოდ, ცუდი პოლიტიკის გამო გაჩხერილია ამ დიდ დაპირისპირებში, რომელიც მას კარგს არაფერს უქადის. პოლიტიკა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს, შეიძლება იყოს ნაკარნახევი ძალიან ცივი გონებითა და პრაგმატული ინტერესებით, ამან შეიძლება დიდი სარგებელიც მოიტანოს ქვეყნისთვის. ცალმხრივ და ანგაჟირებულ პოლიტიკას, რომელსაც უკვე ბოლშევიკური პროპაგანდის ელფერი დაკრავს, შედეგის მოტანა არ შეუძლია“, - აცხადებს გიორხელიძე.
ექსპერტი, ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ არანაირ სატრანზიტო ფუნქციის დაკნინებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი.
„რუსეთის მიზანი ძალიან მარტივად ამოსაცნობია - აღდგეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ის საზღვრები, რომელიც თავის დროზე სტალინმა მოხაზა ფანქრით. რაც შეეხება ბაქო-სუფსის ნავთობსადენს, მას გადმოიტანენ - ნავთობსადენს ხელს არ მოკიდებს რუსეთი, რადგან იცის, რომ მკაცრი სანქციები დაუწესდება“, - აცხადებს ალექსანდრე თვალჭრელიძე.
ალბათ, ისიც საინტერესოა, თუკი ასეთი გეგმა აქვს რუსეთს, რა მიზანს შეიძლება ემსხურებოდეს სტალინის მიერ, თავის დროზე ფანქრით მოხაზული გეგმის დღეს განხორცილება და ვის უნთებს რუსეთი წითელ შუქნიშანს, თუმცა ამ თემაზე მხოლოდ ვარაუდები შეიძლება გამოითქვას.
თუკი მაინც გეოსტრატეგიულ ინტერესებზეა საუბარი, ისიც საინტერესოა, რომელი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება შეჩერდეს რუსული გეგმების განხორციელება საქართველოში.
ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ ყველა ქვეყანა უნდა გამოიყენოს საამისოდ საქართველომ - ეს იქნება აშშ, ევროპა თუ ჩინეთი.
„ვხედავთ, რუსეთი რასაც აკეთებს უკრაინაში, ის არ არის უბრალო მოწინააღმდეგე, ამიტომ საქართველომ ყველა საშუალება უნდა მოძებნოს მის შესჩერებლად. რაც შეეხება ჩინეთს, ის საკმაოდ ახალი მოთამაშეა რეგიონში და არ გამოუვლენია თავისი იმპერიული ზრახვები საქართველოში - შეეჯახება თუ არა რუსეთის ინტერესებს, ვნახოთ, მომავლის საქმეა, რადგან ჩინეთს თავისი სერიოზული გეგმები აქვს ევროპაში გასვლის თვალსაზრისით“, - აცხადებს ჯგერენაია.
რამდენად სერიოზულად მუშაობენ აღნიშნულ საფრთხეზე ქართული უშიშროების სამსახურები, ძნელი სათქმელია, რადგან როგორც წესი, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხები გასაიდუმლოებულია. თუმცა სასურველია, დაახლოებით მაინც ვიცოდეთ, რა მოლოდინები შეიძლება არსებობდეს და რამდენად დაცულია საქართველოს მოსახლეობა მსხვილი გეოპოლიტიკური გადათამაშების ეპოქაში.