უსაფრთხოების სამსახური გომელაურმა ჩაიბარა, ჩუბინიძე შს მინისტრობაზე უარს ამბობს

უსაფრთხოების სამსახური გომელაურმა ჩაიბარა, ჩუბინიძე შს მინისტრობაზე უარს ამბობს

უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ვახტანგ გომელაური არჩეულია, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა კი, ვაკანტური. პარლამენტში ვახტანგ გომელაურის ახალ სამსახურში გამწესებას მხარი - 83-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის განხილვა ცხარე კამათის, ფიზიკური შეხლა-შემოხლისა და შეურაცხმყოფელი რეპლიკების ფონზე წარიმართა. დეპუტატები ერთმანეთს ადამიანის უფლებათა დაცვისა და თავდაცვის კომიტეტების გაერთანებულ სხდომაზე დაუპირისპირდნენ და ერთმანეთის მიმართ არ დაიშურეს სიტყვები: „ნაძირალა“, „განდონო“, „შე ნაგავო“, „თავხედო“, „უზრდელო“, „ავადმყოფო“, „პროვოკატორო“.

სხდომაზე ზაზა პაპუაშვილის გაღიზიანება ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძის გამოსვლამ გამოიწვია, რომელმაც გომელაურს განათლების დონე დაუწუნა და განაცხადა, რომ ყოფილი შს მინისტრს სპორტის აკადემია აქვს დამთავრებული ბატუტზე ხტუნვის განხრით და გომელაურის პასუხით დაინტერესდა - მისი განათლება შეესაბამება თუ არა მის თანამდებობას.

„ეს პოლიტიკური თანამდებობაა და რა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდით გარდა იმისა, რომ ივანიშვილის დაცვაში იყავით? ასევე აღიარებთ თუ არა, რომ ქვეყანაში თქვენი მინისტრობის დროს კრიმინოგენური ვითარება დამძიმდა და სტატისტიკის გაყალბება დაიწყო?“, - მიმართა გომელაურს ბარამიძემ, რომლის გამოსვლაც პაპუაშვილსა და გიორგი თევდორაძეს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

მართალია, მანდატურის სამსახურმა პაპუაშვილს თევდორაძისთვის მიკროფონის სროლა არ აცადა, მაგრამ მან ეკა ხერხეულიძეს „ენის ჩაგდება“ მოსთხოვა, რის გამოც, უმრავლესობის წევრს ბარამიძემ „შე ნაგავო“ მიმართა და ქალბატონის მიმართ ეთიკის დაცვა მოსთხოვა.

სანამ, მანდატურები დეპუტატების დამშვიდებას ცდილობდნენ, მანამდე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კანონმდებლებს სიმშვიდისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდებდა. ბესელიამ დეპუტატებს შეახსენა, რომ ბაზარში არ იმყოფებოდნენ და სხდომა პარლამენტში მიმდინარეობდა.

უმცირესობის ნაწილმა ბესელიას რჩევა გაითვალისწინა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, ჩიორა თაქთაქიშვილმა კი, უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე გომელაურის დანიშვნის მიზეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სამწუხარო რეალობაა, რომ გომელაურის დაწინაურების ერთადერთი საფუძველი ბიძინა ივანიშვილის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

ოპოზიციონერის გამოსვლა უმრავლესობის წევრმა, მერაბ კაჭახიძემ დაგმო და მან თაქთაქიშვილს იმის დასაბუთება მოსთხოვა, მინისტრების პოსტებზე - კეზერაშვილი, ქობალია, მერაბიშვილი რა ბეგრაუნდით დაინიშნენ.

თაქთაქიშვილმა ყოფილი მინისტრების განათლებაზე არ ისაუბრა, მაგრამ საკუთარ საქმიანობაზე ვახტანგ გომელაურმა გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის შს მინისტრი იყო და მას ბევრად უფრო დიდი ძალაუფლება ჰქონდა, ვიდრე მომავალ სამსახურში ექნება.

„ძალაუფლება რომ გვქონოდა, მაშინ უწყებას არ დავშლიდით და ის თუნდაც ერთი პიროვნების ბრძანებების შემსრულებელი იქნებოდა. თუკი ჩემი მუშაობა არ მოგეწონებათ, თქვენ უფლება გაქვთ, პოსტიდან ჩემი გადაყენების საკითხი დასვათ. მე ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე ვარ და არა მხოლოდ პრემიერის წინაშე. ეს პატარა საქმე არ არის“, - დასძინა გომელაურმა, რომელსაც სხდომაზე ვიქტორ ჯაფარიძე ეხუმრა, რომ ის ყოფილი მინისტრებისგან განსხვავებით, „ტრუპებს არ მოითხოვს“.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებით, გომელაურის მომავალ საქმიანობას ოპოზიცია სკეპტიკურად უყურებს და ვარაუდობს, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოებას არა, მაგრამ ერთი კაცის უსაფრთხოებას დაიცავს.

როგორც for.ge-ს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, შს მინისტრის პოსტზე გომელაურმა შესაბამისი უნარები ვერ წარმოაჩინა და პირიქით, კრიმინალი გაიზარდა.

მისი თქმით, უსაფრთხოების სამსახურში მისი მუშაობის თაობაზე პოზიტიური განწყობები არ უნდა იყოს.

„ის ანგარიშვალდებულია არა პარლამენტის წინაშე, არამედ ერთი კაცის წინაშე“, - დასძინა წიკლაურმა, რომლის პათოსს მისი თანაგუნდელი აკაკი ბობოხიძე იზიარებს.

for.ge-სთან საუბარში ბობოხიძე აცხადებს, რომ უშიშროების მაღალი თანამდებობის პირი რუსეთში წავიდა და თან დოკუმენტაცია წაიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაში საქმე მთლად კარგად არ არის.

ბობოხიძის განცხადებით, საზოგადოებას იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ გომელაურის პირობებში უსაფრთხოება დაცული იქნება.

„საუბარია, რომ ვინმე ქართველიშვილი რუსეთში წავიდა და თან დოკუმენტაცია წაიღო. თუკი ის სპეციალურად გაგზავნილია, მაშინ ეს მთელმა საქართველომ გაიგო და ეს არავის უნდა გაეგო. თუკი ის საიდუმლო მისიითაა წასული, დროზე უკან გამოიძახონ, რადგან მისი ამბავი ყველამ იცის. კაცი, რომელიც ამბობს, რომ მილი უსაფრთხოდაა, რადგან ღრმად არისო, არ მგონია, რომ ამ კაცმა უსაფრთხოება კარგად დაიცვას. ის სახელმწიფო უსაფრთხოებას არა, მაგრამ ერთი კაცის უსაფრთხოებას დაიცავს. ივანიშვილი ცდილობს, რომ უსაფრთხოების სამსახურები გააკონტროლოს“, - აცხადებს ბობოხიძე.

უმცირესობის მსგავსად, გომელაურის მომავალ საქმიანობას ეჭვის თვალით უყურებენ „თავისუფალი დემოკრატებიც“. for.ge-სთან საუბარში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ მას გომელაურის რეპუტაციაზე შეკითხვები არ აქვს და მისი იმიჯი დადებითია, მაგრამ საინტერესოა იმ სამსახურს როგორ გაუძღვება, რომელსაც ძალიან მანკიერი წარსული აქვს.

აბაშიძის თქმით, „მოდულის“ შენობაში ყველაზე დიდი დანაშაული ხდებოდა.

„ვისურვებდი, რომ მან პასუხისმგებლობა ძალიან კარგად გაითავისოს. მისი აპოლიტიკურობა მთავარია და ის ანგარიშვალდებული ერთი კაცის წინაშე კი არ უნდა იყოს, არამედ ქვეყნის სამსახურში უნდა იყოს. ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა და თვალთვალი უნდა გამოირიცხოს“, - დასძინა აბაშიძემ, რომლის შეფასებას აკრიტიკებს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

როგორც for.ge სესიაშვილმა განუცხადა, ოპოზიციის კრიტიკა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და ეს მათ აზიანებს.

მისი შეფასებით, პოლიტიკოსები იმ კულტურისკენ უნდა წავიდნენ, რომ ცუდს ცუდი უწოდონ, კარგს - კარგი.

„თავისუფალი დემოკრატები“ კოალციაში რომ დარჩენილიყვნენ, გომელაურის დანიშვნას ნეგატიურად შეაფასებდნენ? ამხელა მონსტრი დავშალეთ და ამ სამსახურის ხელმძღვანელს ჰაერში ხომ ვერ გამოკეტავ? ეს უწყება პრემიერს უნდა დაექვემდებაროს, აბა, არასამთავროებს ხომ ვერ დავუქვემდებარებთ?“, - აცხადებს სესიაშვილი.

რაც შეეხება გომელაურის გეგმებს, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პრიორიტეტულ მიმართულება საქართველოში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების ამოცანების, გეგმების, სადაზვერვო შესაძლებლობებისა და ოპერაციების გამოვლენა და აღკვეთაა იქნება.

მისი ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები პირების ზუსტ და დროულ ინფორმირებულობას დაეთმობა, რაც კონტრდაზვერვითი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება იქნება.

გომელაურის შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ არის იმ ძველი პრაქტიკის გაგრძელება, რომელიც ახლო წარსულში უშიშროების სამინისტროს სახით არსებობდა.

ამას გარდა, გომელაურმა ქვეყნის საფრთხეებზეც ისაუბრა და განაცხადა, ე.წ. ისლამური სახელმწიფო, საქართველოსთვის იგივე საფრთხის მატარებელია, როგორც სხვა სახელმწიფოებისთვის.

„კონტრერორისტული დანაყოფების სათანადო აღჭურვა და გადამზადება გაგრძელდება. ტერორიზმის ხელშემწყობი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით, ყურადღება თანამოქალაქეების რადიკალიზაციას და ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმის პრევენციას უნდა დაეთმოს, რისთვისაც აუცილებელია ექსტრემისტული რიტორიკისა და იდეოლოგიის გავრცელების ხელის შეშლა“, - აცხადებს გომელაური.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას, როგორც for.ge-ს საპარლამენტო კულუარებში განუცხადეს, ამ თანამდებობასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კონსულტაციები სახელმწიფო სამსახურის სპეციალური დაცვის ხელმძღვანელ ანზორ ჩუბინიძესთან აწარმოა, თუმცა, მან ამ პოსტის დაკავების სურვილი არ გამოთქვა, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი კი, მასთან მოლაპარაკებების წარმოებას არ გეგმავს. შესაბამისად, პოლიტიკურ კულუარებში ამ დრომდე არ ფლობენ ინფორმაციას, თუ ვინ გახდება ძალოვანი მინისტრი.