რუსეთის საოკუპაციო ძალების წყალობით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ისევ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროსაბჭოს პრეზიდენტი, დონალდ ტუსკი, რომლის განცხადებით უკანასკნელ პერიოდში „სასაზღვრო ნიშნების“ აღმართვა აშკარა პროვოკაციაა.
„ახლახანს ჩამოვედი ადმინისტრაციული საზღვრის რეგიონიდან, სადაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად ვიმყოფებოდი და დავინახე, თუ როგორ მონტაჟდება გამყოფი ზოლები. უკანასკნელი პერიოდის სასაზღვრო ნიშნების აღმართვა აშკარა პროვოკაციაა და ეს ნამდვილად არ არის წვლილის შემტანი ნდობის განხორციელებაში, რომელიც მიმართულია სიტუაციის სტაბილიზაციისკენ“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროსაბჭოს პრეზიდენტმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის პროვოკაცია, რომელსაც საქართველოს მთავრობა მტკიცედ, პრინციპულად, მაგრამ მშვიდად შეხვდა.
„ჩვენი საერთო მიზანია, არ წამოვეგოთ ამ პროვოკაციებს და არავის მივცეთ ესკალაციის საბაბი. მადლიერებით მინდა აღვნიშნო, ის ფასდაუდებელი წვლილი, რაც ევროკავშირის შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვის პროცესში... ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირის ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ, ამერიკის კონგრესში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე იწყება საუბარი. აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აცხადებს, რომ კრემლში ვიღაცამ გადაწყვიტა, დაძაბულობა არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც გაამწვავოს. ყოფილი ელჩი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რადგან ეს მილსადენი, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ბაქო-სუფსის მილსადენი. ამასთან, კორტნის იმედი აქვს, რომ ამ ინციდენტის შემდეგ დასავლეთი საქართველოს მეტ დახმარებას აღმოუჩენს.
„რუსეთის ძალაუფლების სტრუქტურაში ვიღაცას სჯერა, რომ მოვიდა დრო გაძლიერდეს ძალისხმევა, რომელიც მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული. ალბათ, მოვიდა დრო დასავლეთმა დაიწყოს საქართველოსთვის მეტი დახმარების აღმოჩენა მილსადენების მონიტორინგის მიმართულებით. არ არის აუცილებელი ეს სამხედრო დახმარება იყოს.
იმის გამო, რომ დასავლეთი უკრაინისთვის იარღის მიწოდებაზე უარს ამბობს, რუსები შეიძლება ფიქრობდნენ, რომ შეუძლიათ, საქართველოს მიმართ უფრო აგრესიული იყვნენ და დასავლეთი არც საქართველოს მიაწოდებს შეიარაღებას. ჩემი აზრით, ამერიკის კონგრესში მალე დაიწყება საუბარი იარაღის მიწოდებაზე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ საქართველოსთვისაც. ეს ძალიან მალე არ მოხდება, მაგრამ რამდენიმე თვეში ეს დებატები დაიწყება“, - განაცხადა უილიამ კორტნიმ „ამერიკის ხმის“ ქართულ სამსახურთან ინტერვიუში.
პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამერიკის კონგრესში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე საუბრის დაწყება, რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალება იქნება, რომელიც კიდევ უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევს. მისივე განცხადებით, რუსეთის დღევანდელი მოქმედების ხაზი ადასტურებს იმას, რომ მზად არის ყველაფერი მოიმოქმედოს დასავლეთის და გასაკუთრებით ამერიკის ჯინაზე.
„კონგრესში ამგვარი რეზოლუზიის მიღება იქნება წითელი ნაჭრის აფრიალება რუსეთისთვის, რომელიც კიდევ უფრო მეტ აგრესიას გამოიწვევს. რუსეთმა ჭკუა ვერ ისწავლა, ვერც ეკონომიკურმა სანქციებმა ვერ შეძლო მისი შეჩერება. აკვიატებული აქვს, რომ ის მაინც გაუძლებს ყველაფერს. ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თემა გაითავისოს ამერიკამ და ამ შემთხვევაში არა შეიარაღებაზე გააკეთოს აქცენტირება, არამედ ეკონომიკური სანქციის პარალელურად დაიწყოს მოქმედება საზღვრების აღდგენაზე, მეჩვენება, რომ ეს უფრო ქმედითი და რეალური ნაბიჯი იქნება“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი შორენა ლორთქიფანიძე თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ამერიკის კონგრესი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის იარაღის მიწოდებას, ეს საქართველოსთვის 2008 წლის განმეორება იქნება.
„იარაღით დახმარება მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მგონია, რომ ასეთი განცხადებები ხელს უწყობდეს უსაფრთხოების მიმართულებას. აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსთვის მხარდაჭერის კუთხით მოლაპარაკებები მიდის დახურულ რეჟიმში, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხზე ასე ღიად საუბარმა, არ ვიცი რა შედეგი შეიძლება გამოიღოს. რუსეთმა ზუსტად იცის თავისი ინტერესები, რატომ აგრძელებს ოკუპაციას.
ამერიკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ძალიან კარგია თუკი იარაღით დაგვეხმარება, მაგრამ ახლა, როდესაც ასეთი გართულებული ვითარებაა საქართველოს საზღვრებთან, არის კი ამის დრო? ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს ყველა მიმართულებით გაართულოს სიტუაცია“, - ამბობს შორენა ლორთქიფანიძე.