„გამოაფხიზლეთ უშიშროების საბჭო და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი!“

„გამოაფხიზლეთ უშიშროების საბჭო და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი!“

„თბილისი-გორის ავტომაგისტრალამდე 400 მეტრია დარჩენილი, ნახეთ რაც ხდება საქართველო-სომხეთის საზღვართან და ამ დროს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არც შეკრებილა. გამაგებით, რისთვის არსებობს ეს უწყება, რა ფუნქცია აქვს უშიშროების საბჭოს, თუ ასეთ ვითარებაში არ შეიკრიბება?! რას აკეთებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი?!“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია, რომელიც თვლის, რომ რუსეთი საქართველოს ლიბანიზაციის სცენარის განვითარებით ემუქრება.

ვახტანგ მაისაია: საქართველოს საზღვრებთან განვითარებული მოვლენები პირდაპირ უკავშირდება იმ გეოპოლიტიკურ პროცესებს, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ვითარდება. რუსეთის მიზანია გორი-თბილისის მაგისტრალის ხელში ჩაგდება.

ამ შემთხვევაში შეძლებენ რუსები გორი-თბილისი მაგისტრალის ხელში ჩაგდებას?

- 400 მეტრი დარჩა თბილისი-გორის ავტომაგისტრალამდე. ეს უკვე პირდაპირი მუქარაა, რომ ჩვენ მოვედით ამ წერტილამდე და იქამდეც მივალთ. სწორედ, ამასთან არის კავშირში საქართველო-სომხეთის საზღვართან მიმდინარე პროცესები, ეს არის მიზანმიმართული და კომბინაციური სვლა. სომხეთი და რუსეთი დაინტერესებული არიან, რომ საქართველოს გავლით მოხდეს სომხეთში რუსული სამხედრო დაჯგუფების იარაღით მომარაგება. ასევე, რუსეთმა შეძლოს ასადის რეჟიმის შეიარაღებით მომარაგება. ამ კონტექსტში საინტერესოა ისიც, რომ სიტუაცია იძაბება რუსეთსა და თურქეთს შორის. თურქეთი ემზადება იმისთვის, რომ შეიჭრას სირიაში. ასადის რეჟიმის დამხობა კი, კრემლის ინტერესებში არ შედის. თუ ასადის რეჟიმი დაემხო, კრემლი კარგავს ყველაფერს.

თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ინტერესებს, თურქეთი შეძლებს სირიაში შეჭრას?

- თურქეთი არის ნატოს წევრი, მეტიც, თურქეთში არის ამერიკული სამხედრო ბაზა. თურქეთმა არაერთხელ განახორციელა ასეთი რეიდები, თუმცა მაშინ სხვა ვითარება იყო, დღეს სხვა ვითარებაა. თურქეთისთვის ახლა მთავარია დაარტყას ქურთისტანის დაჯგუფებას. შესაბამისად, რუსეთი ცდილობს, რომ შეიარაღებით და სამხედრო მოხალისეებით გააძლიეროს ასადის რეჟიმი. ამისთვის მას საქართველო სჭირდება როგორც ტრანზიტი.

და ამის გაკეთება არ შეუძლია ზღვიდან, ან თუნდაც ჰაერიდან?

- შეუძლია, მაგრამ ჰაერიდან და ზღვიდან სირიის მომარაგება ძალიან ძვირია. მაგალითად ჰაერიდან სამხედრო თვიმფრინავის, თუნდაც იგივე ჯავშან მანქანების ტრანპორტირება სულ მცირე 5-დან 20 მილიონ დოლარამდე ჯდება. ასე რომ, შემთხვევითი არ იყო საქართველო-სომხეთის საზღვართან, სოფელ საზაქენდში 10 ჰექტარით საზღვრის გადმოწევა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ რუსეთის ინტერესია სამხედრო ტრანზიტის ხელში ჩაგდება. რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორით გაატაროს ის შეიარაღება და სამხედრო კომპონენტი, რომელიც მათ სჭირდებათ.

აქიდან გამომდინარე, რამდენად დროულია კონგრესში საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე მსჯელობის დაწყება? როგორც აშშ-ის ყოფილი ელჩი აცხადებს, კონგრესი იწყებს მსჯელობას საქართველოსთვის ირაღის მიწოდების აუცილებლობაზე...

- რუსეთი დაგვემუქრა ლიბანიზაციის სცენარის განვითარებით და ამ ვითარებაში მარტო დეკლარაცია, პროცესს არ უშველის. საქმე უკვე მივიდა რეალურ სამხედრო კონფრონტაციამდე. კარგია, რომ ამ საკითხზე იწყებს კონგრესი მსჯელობას, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ მხოლოდ კონგრესის გადაწყვეტილება არ არის მთავარი, მთავარია რამდენად დაუჭერს მას მხარს ამერიკის ადმინისტრაცია.

ვიცით, რომ ობამამ ვეტო დაადო კონგრესის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით. არ მგონია, რომ საქართველოსთან მიმართებაში სხვა პოზიცია დააფიქსიროს. საქართველოსთვის იარაღის გადმოცემა კარგი იქნებოდა მანამ, სანამ მოხდებოდა მცოცავი ოკუპაცია. არავინ იცის, რუსები როდის წამოგვიყენებ ულტიმატუმს - ან გაგვატარეთ, ან ჩვენ დავიკავებთ თბილისი-გორის მაგისტრალსო.

ფიქრობთ, რომ რუსეთი ასეთ ღია ულტიმატუმზე წამოვა?

- რა თქმა უნდა. რატომ არ დააყენებს ულტიმატუმს, მორეიდება თუ რა? ის არის აგრესიული ქვეყანა. საკმაოდ აჟიტირებულია, ალყაშემორტყმულია, ყველანაირად ავიწროვებენ მის ინტერესებს, ამიტომ რუსეთი ვა-ბანკზე მიდის. სამხედრო მომზადების რელსებზე გადავიდა, ემზადება სამხედრო კონფლიქტური სცენარის განვითარებისათვის. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა.

ამ ფონზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არ წამოეგოს პროვოკაციას, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით უზრუნველყოს ოკუპაციის პროცესის შეჩერება...

- აქ უკვე პროვოკაციებზე არ არის საუბარი. აქ უკვე საუბარია ულტიმატუმზე.

თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქმედებით არ მივცეთ ესკალაციის საფუძველი...

- ბუნებრივია, მაგრამ რუსეთი მაინც წამოგაგებს პროვოკაციაზე, რაშიც ისინი პროფესიონალები არიან. ჩვენ ეს მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. ძალიან რთული ვითარებაა. საქართველოში ისეთი ვიარებაა შექმნილი, რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა, აგერ ჩვენი პრეზიდენტი ყაზბეგში ისვენებს. რა დროს დასვენება და ქსოვის დროა, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა შექმნილი.

თბილისი-გორის ავტომაგისტრალამდე 400 მეტრია დარჩენილი, ნახეთ რაც ხდება საქართველო-სომხეთის საზღვართან და ამ დროს, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო არც შეკრებილა. გამაგებინეთ, რისთვის არსებობს ეს უწყება, რა ფუნქცია აქვს უშიშროების საბჭოს, თუ ასეთ ვითარებაში არ შეიკრიბება?! რას აკეთებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი?!მინდა მივმართო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ მიხედოს შექმნილ ვითარებას, გამოაფხიზლეთ უშიშროების საბჭო და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი.