ორი რეზოლუციის პროექტი და ორად გაყოფილი აზრი „მტრედებსა“ და „ქორებს“ შორის

ორი რეზოლუციის პროექტი და ორად გაყოფილი აზრი „მტრედებსა“ და „ქორებს“ შორის

პარლამენტმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, შესაძლოა, 24 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე, რეზოლუციის ორ პროექტზე იმსჯელოს. უმცირესობასა და უმრავლესობას საკუთარი დოკუმენტები აქვს მომზადებული და მხარეები პროექტის შინაარსზე ვერ თანხმდებიან.

ნაციონალების მიერ მომზადებულ ცხრაპუნქტიან რეზოლუციის პროექტში სამი მთავარი გზავნილია. მათ შორის, უმცირესობა მთავრობას მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვიოს, ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ განლაგებული ყველა გაუქმებული და შემცირებული პოლიციური დანაყოფი აღადგინოს და აბაშიძე-კარასინის ფორმატი გააუქმოს.

მმართველი გუნდის შვიდპუნქტიანი დოკუმენტში კი ხაზია გასმული ქართული მხარის მშვიდობიან პოლიტიკაზე და ყურადღება ჟენევის ფორმატზეა გამახვილებული.

უმრავლესობა პროექტში აქცენტს რუსეთის პროვოკაციულ ქმედებებზეც აკეთებს და 10 ივლისს საოკუპაციო ხაზის გადმოწევას ეხმაურება.

„ვითარებას ის გარემოება კიდევ უფრო ამძიმებს, რომ რუსეთის მხრიდან ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის უშუალო სიახლოვეს, იმ მონაკვეთზე განხორციელდა, სადაც ბაქო-სუფსის საერთაშორისო მილსადენის ნაწილი მდებარეობს“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომელზეც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ცხარე კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე იმსჯელეს.

უმცირესობა-უმრავლესობა წარმომადგენლები საკუთარ დოკუმენტებს ლობირებდნენ და ერთმანეთის გამოსვლის პათოსს გმობდნენ. თუკი ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნუგზარ წიკლაურმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, გია ვოლსკის გამოსვლა კარასინის განცხადებებს შეადარა, ვოლსკი კი ვიცე-სპიკერ გიორგი ბარამიძეს „ღალატის მანიშნებელი მაგალითების ჩამოთვლას“ დაჰპირდა.

საკითხზე მხარეებს შორის დაპირისპირება სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება, რადგან ერთი დოკუმენტის შეჯერების მიზნით, ნაციონალებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილი პოზიციების შეჯერებას სკეპტიკურად უყურებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ორივე მხარეს ჰყავს არა მარტო მტრედები, არამედ ქორები. მისი თქმით, პოზიციების შეჯერების მცდელობა იქნება, მაგრამ პროგნოზი დამაკმაყოფილებელი არ არის, რადგან დოკუმენტებს შორის ფუნდამეტური ტიპის სხვაობებია.

„ისინი ამბობენ, რომ საოკუპაციო ზოლი გადმოწიეს, ჩვენ კი ვამბობთ, რომ ზოლი იქ გაატარეს, რომელიც საბჭოთა დროიდან არსებობს. გვიკრძალავენ და მოგვიწოდებენ, რომ ადმინისტრაციული საზღვარი და კონფლიქტები არ თქვათო. ეს სირაქლემას პოზიციაა, რადგან საქართველოში კონფლიქტებია. ამას გარდა, გვთხოვენ, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი შეწყდესო და ეს პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის. ეს მთავრობის საქმიანობაში ჩარევა იქნება“, - აცხადებს დეპუტატი.

ბერძენიშვილი ნაციონალების კიდევ ერთ მოთხოვნასაც ეხმაურება, რომელიც გაეროს სხდომის მოწვევას უკავშირდება.

დეპუტატის შეფასებით, გაეროს სხდომის მოწვევა არარეალისტურია, რადგან რუსეთი გაეროს მუდმივი წევრია და საკითხს ვეტოს დაადებს.

„არარეალისტური მოთხოვნებია და სავარაუდოდ, პოზიციების დაახლოება ვერ მოხდება, რადგან ორივე მხარეს ჰყავს არა მარტო მტრედები, არამედ ქორები. მტრედები შეიძლებოდა რაღაცაზე შეთანხმებულიყვნენ და ქორები ვერ თანხმდებიან. სხდომაზე თქვეს, ვოლსკი ლაპარაკობს როგორც კარასინიო და გიას ნერვების სიმყარე გამიკვირდა, რადგან მშვიდი ვჩანვარ, მაგრამ ასეთ რაღაცაზე გავგიჟდები“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ვოლსკი კი, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ნაციონალების რეპლიკებს მართლაც მშვიდად ხვდებოდა და საკითხის გარშემო მსჯელობდა. მისი განცხადებით, საკითხზე კონცეპტუალური განსხვავებებია და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება აუცილებელია იმ მასშტაბით, რასაც ხელისუფლება ახორციელებს.

„ნაციონალებიხელისუფლების ჩანაცვლებას გვკარნახობენ და მთავრობას ეუბნებიან, საუბარი ვინ სად დაიწყოს და შეწყვიტოს. თითქოს, მსოფლიოს პროცესები მათი რეზოლუციით მიმდინარეობს. ამ მოთხოვნების უკან მოცემული ვითარების სწორი ანალიზი არ არის. მათი აზრია, ვითარება დაიძაბოს და ერთადერთი მართალი მხარედ „ნაციონალური მოძრაობა“ დაიხატოს, რომელიც ვითომდა მტერს უპირისპირდება“, - დასძინა ვოლსკიმ, რომლის გამოსვლაც ისევე როგორც დოკუმენტი კრიტიკულად შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შოთა მალაშხიამ.

როგორც for.ge-ს მალაშხიამ განუცხადა, უმრავლესობამ რეზოლუციის პროექტის სახით „მაჩანჩალა“ დოკუმენტი მოამზადა. მისი მოსაზრებით, დოკუმენტი რეალობას არ შეესაბამება და მასში საფრთხის აღქმის რეალური მომენტები არ არის.

„ეს მაჩანჩალა დოკუმენტია, რადგან ყველანაირ საკითხს ჩამორჩება. რუსეთის მხრიდან სახეზეა მიზანმიმართული ქმედებებები, რომელიც საქართველოს საერთაშორისო როლის დაკნინებას ისახავს მიზნად“, - დასძენს მალაშხია.

აღსანიშნავია, რომ „თავისუფალი დემოკრატები“ უმცირესობა-უმრავლესობის მიერ მომზადებულ პროექტებს პოზიტიურად აფასებენ და ორივე დოკუმენტის მხარდაჭერას გეგმავენ. for.ge-სთან საუბარში ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტების პათოსი იდენტურია და ნორმები ერთმანეთან თანხვედრაშია. მისი განცხადებით, ერთობლივი დოკუმენტი უნდა შეიქმნას და ამაზე მუშაობა ქუთაისში უნდა გაგრძელდეს.

„ამას რეზოლუცია დაერქმება, თუ განცხადება, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ხედვა დაფიქსირებული იყოს. ერთი დოკუმენტის მიღება სასურველია, რათა საერთაშორისო პარტნიორებისთვის გაუგებარი იქნება, ერთი დოკუმენტის მიღება რატომ ვერ მოვახერხეთ“, - დასძინა დოლიძემ.

რაც შეეხება მთავრობის პოზიციას, შინაგან საქმეთა სამისტროს ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე კახა ქემოკლიძე ნაციონალების რეზოლუციის პროექტის მეხუთე მუხლს ეხმაურება, რომელიც საოკუპაციო ზოლში სამართალდამცავების განლაგებას ეხება. ქემოკლიძე ირწმუნება, რომ სამინისტროს საგუშაგოები არ გაუქმებია და ის პოლიციური დანაყოფები, რომელიც საოკუპაციო ზოლში იყო განლაგებული, 2008 წლის აგვისტოდან დღემდე სრულად ოპერირებენ. მისი მტკიცებით, სამინისტროს „მოდუს ოპერანდი“ - ოპერაციის მეთოდი პერმანენტულ რეჟიმში ცვალებად საფრთხეებსა და გამოწვევებს ეფუძნება.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნისა და ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღმართეს. ბანერი, რომელიც ორჭოსანშია დამონტაჟებული, თბილისი-გორის მაგისტრალიდან დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ამავე სივრცეში გარკვეულ მონაკვეთზე მოქცეულია ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც.