„გაიდარის ქალიშვილს რატომ უნდა ვხოვდეთ ბოდიშს, როცა თქვენს მკითხველებს არ სთხოვთ უარყონ თავისი პოზიცია“

„გაიდარის ქალიშვილს რატომ უნდა ვხოვდეთ ბოდიშს, როცა თქვენს მკითხველებს არ სთხოვთ უარყონ თავისი პოზიცია“

მიხეილ სააკაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს, ის 32 წლის მარია გაიდარია. გაიდარი ცნობილი რუსი ეკონომისტის და ფინანსისტის, იგორ გაიდარის ქალიშვილია. უკრაინული მედიის ცნობით, გაიდარმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააკაშვილმა თანაშემწის წარდგენისას განაცხადა, რომ გაიდარი მის ახლო მეგობრებთან - ბორის ნემცოვთან და ალექსანდრ ნავალნისთან ერთად მუშაობდა.

ერთი შეხედვით, ამაში უცნაური არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ პროფესიით ჟურნალისტი გაიდარი 2008 წელს წერდა, რომ საქართველო თავს დაესხა ე.წ. სამხრეთ ოსეთს და, რომ ომი საქართველომ დაიწყო. სწორედ, ამ განცხადების ავტორი გახდა დღეს სააკაშვილის მოადგილე. როგორც ჩანს, სააკაშვილის მიერ გაიდარის დაწინაურება ნაციონალებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან თვლიან, რომ მთავარია, ახლა რა პოზიცია აქვს მარია გაიდარს.

როგორ ხსნის სააკაშვილის გადაწყვეტილებას და ყოველივე ეს ადასტურებს თუ არა იმას, რომ 2008 წელს სააკაშვილის იმ გეგმით მოქმედებდა, რა გეგმაც მას რუსეთის პრეზიდენტმა შესთავაზა? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა.

ადამიანი, რომელიც 2008 წელს ამტკიცებდა, რომ საქართველო თავს დაესხვა მძინარე ე.წ. სამხრეთ ოსეთს, დღეს სააკაშვილის მოადგილე გახდა. როგორ შეიძლება აიხსნას სააკაშვილის ეს გადაწყვეტილება?

- გულწრფელად გეუბნებით, რომ არ ვიცი რას ნიშნავს მისი დანიშვნა და არც ის ვიცი რა ამოცანების შესასრულებლად გადაწყდა ეს დანიშვნა. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ერთი რამ და იმედი მაქვს, გაიდარის ქალიშვილი საბოლოო ჯამში, შეძლებს დააფიქსიროს თავისი ღია პოზიცია კონკრეტულ საკითხზე. მას რამდენჯერმე დაუსვეს შეკითხვა თუ ვის ეომება უკრაინა აღმოსავლეთ რეგიონეში და ბუნებრივია, იგულისხმებოდა რუსეთს თუ სეპარატისტებს, მან ამ შეკითხვას თავი აარიდა. for.ge-ს მკითხველებს ვურჩევდი, რომ ეს მაგალითი აიღონ გაიდარის ქალიშვილისგან და მარტო იმას ნუ გაიხსენებენ, რას წერდა გაიდარის ქალიშვილი 2008 წელს.

2008 წელს ის წერდა, რომ საქართველომ დაიწყო ომი და თავს დაესხა სამხრეთ ოსეთს. როგორ ფიქრობთ, ეს არ ქმნის უხერხულობას?

- ადამიანებმა შეიძლება შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება და მეორე, ის დაინიშნა უკრაინაში და არა საქართველოში. თუ რაიმე სარგებლის მოტანა შეუძლია, თუმცა მე არ ვიცი შეიძლება თუ არა ამ ადამიანის მხრიდან უკრაინისთვის წარმატების მოტანა, დღეს უკრაინის წარმატება, საქართველოს მომავალის წინაპირობაა.

ბატონო აკაკი, სააკაშვილის ახალი მოადგილე საქართველოს სდებდა ბრალს ომის დაწყებაში, როგორც ამას აკეთებდა რუსეთი, არ ფიქრობთ, რომ ამ განცხადების გამო სულ მცირე ბოდიში უნდა მოიხადოს?

- გაიდარის ქალიშვილს რატომ უნდა ვხოვდეთ ბოდიშს, როცა თქვენს მკითხველებს არ სთხოვთ უარყონ თავისი პოზიცია. გაიდარის ქალიშვილი არის რუსი და აბსოლუტურად ბუნებრივი შეიძლება იყოს მისი მხრიდან რუსული სახელმწიფოს ინტერესების დაცვა.

ჩვენს მკითხველს შევევშვათ და ვისაუბროთ ამ დანიშვნაზე, სააკაშვილმა მოადგილედ დანიშნა ადამიანი, რომელიც ამტკიცებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს ფაქტი უხერხულობას არ ქმნის?

- რბილად, რომ ვთქვათ ეს არის უსიამოვნო ფაქტი. 2008 წლის ომის შესახებ მისი პოზიცების შესახებ არ ვიცი და არც მსმენია. ის დღეს გახდა აქტუალური პოლიტიკური ფიგურა, თორემ ნამდვილად არ ვიცი რა განცხადება გააკეთა და რა - არა. თუ მან ეს განცხადება გააკეთა, ვისურვედი, რომ პრეზიდენტ სააკაშვილსაც გაეთვალისწინებინა ეს მომენტი, მაგრამ ვიმეორებ, რომ დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია უკრაინის წარმატება და თუ ვინმეს ამ წარმატებაში თავისი წვლილის შეტანა შეუძლია, არ მაინტერესებს მისი გუშინ და გუშინწინდელი განცხადებები.

ჩვენთვის მთავარია, ყურადღებით ვადევნოთ თვალ-ყური რამდენად მოახერხებს უკრაინა თავისი სუვერენიტეტის დაცვას და არა იმის ქექვა, ვინ სად, როგორ და რანაირად დაინიშნა. თუ უკრაინამ თავისი სუვერენიტეტი ვერ დაიცვა, შემდეგ თქვენს და სხვა გამოცემის მკითხველებს არაფრის კითხვის შანსი არ მიეცემათ, ჩვენ აღმოვჩნდებით ერთ დიდ რუსულ ხაფანგში. ამიტომ, დავანებოთ თავი ამ რაღაცა ინტრიგანულ ჩაღმავებებს.

უკაცრავად, რას ნიშნავს ინტრიგანული ჩაღრმავება? „ნაციოანლური მოძრაობა“ მოღალატეს უწოდებს ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ პოზიციას დააფიქსირებს და ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ასეთ ადამიანს მის მოადგილედ ნიშნავს...

- ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თქვენ რა უცნაური მიდგომა გაქვთ, რუსეთის მოქალაქე რა განცხადებას აკეთებს, ეს აბსოლუტურად არ ცვლის მდგომარეობას საქართველოში...

რუსეთის მოქალაქე, რომელიც დღეს უკვე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოადგილეა...

- ჩვენი ქვეყნის ბედზე პირდაპირ აისახება ის, თუ რა განცხადებებს აკეთებენ და რა განწყობები აქვთ საქართველოს მოქალაქეებს. საქართველომ რუსეთთან ომი წააგო არა მარტო 2008 წელს, არამედ რუსეთთან ომი წააგო 2012 წელსაც და სამწუხაროდ, უფრო მნიშვნელოვანი ომი წავაგეთ. დღეს ოკუპირებულია არა მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორია, არამედ ოკუპირებულია მთლიანად საქართველო და დღეს ჩვენ ერთმანეთთან ვარკვევთ იმას, ვაიმე სააკაშვილი ხომ არ დაბრუნდება.

ჩვენ ახლა არ ვსაუბრობთ სააკაშვილის დაბრუნებაზე...

- თქვენზე არ მაქვს ლაპარაკი, ზოგაგად მაქვს ლაპარაკი. თუ დღეს გაიდარი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამარჯვებაში, ამ კონკრეტულ შემთხვევაში 2008 წელს გაკეთებულ განცხადებას ვაპატიებ.

ერთია თქვენ აპატიებთ, მაგრამ მეორეა რამდენად აპატიებს ამას საქართველოს საზოგადოება...

- მაპატიეთ და თქვენ უკვე აირჩიეთ ამის მთავარი გამხმოვანებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის პირველ პირად. დღეს ქვეყანას მართავს არაოფიციალური პირი.

თქვენ რა იცით მე ვინ ავირჩიე? ბატონო აკაკი, მე ვსაუბრობ კონკრეტულ ფაქტზე და ამ საკითხე ვისაუბროთ. სააკაშვილის ახლადდანიშნული მოადგილე აცხადებდა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, მეტიც, სააკაშვილი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს, რომ მე პირველმა გავუწიე პუტინს შეიარაღებული წინააღმდეგობაო. ყოველივე ეს ადასტურებს თუ არა იმას, რომ 2008 წელს სააკაშვილის იმ გეგმით მოქმედებდა, რა გეგმაც მას რუსეთის პრეზიდენტმა შესთავაზა?

- ეს თქვენ გინდათ, რომ ადასტურებდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს რუსეთმა შეიძლება მხოლოდ ძალას სცეს პატივი. სამწუხაროდ, საქართველოს არ გააჩნია იმის ძალა, რომელმაც შეიძლება შემაკავებელი როლი ითამაშოს რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ სანამ მსოფლიო ვერ მიხვდება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სერიოზული შემაკავებელი ძალის ჩამოყალიბების აუცილებლობა დგას დღის წესრიგში, მანამდე რუსეთი ყოველთვის ითავხედებს და მითუმეტეს ითავხედებს ქვეყნაში, სადაც არის იმ ტიპის ხელისუფლება, როგორც დღეს ჩვენ გვყავს.