„დგება ეპოქა, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური კავშირები“

„დგება ეპოქა, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ეკონომიკური მდგომარეობა და ეკონომიკური კავშირები“

„საქართველო და მთლიანად, რეგიონი ერთგვარი ტურბულენტურობის ზონაში შედის, როცა თითქმის ყველა მხრიდან არის ძალზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. მთავარი, რაც ამ სიტუაციას განაპირობებს, არის წამყვანი ძალების სურვილი, რომ რეგიონის გავლენის სფეროში დარჩენას მიაღწიონ, ან გააფართოვონ თავიანთი გავლენის სფერო. რეგიონში მოთამაშე წამყვანი ქვეყნებიდან ყოველთვის განვიხილავდით ამერიკასა და რუსეთს, თუმცა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გვაიძულებს, დღეს თუ არა, ახლო მომავალში მაინც, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ჩინეთი, შედარებით დაბალი „კალიბრის“ თურქეთი და როგორც რეგიონში დაბრუნებული მოთამაშე - ირანი. ეს ყველაფერი ქმნის იმ ტურბულენტობას რომელზეც ვსაუბრობ“- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე.

როგორც ლაგაზიძე აღნიშნავს, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რომელსაც დღევანდელი ეპოქა გვიგზავნის, გვთავაზობს ძალიან ბევრ შანსს, მთავარია ქვეყანამ შეძლოს სწორი ლავირება გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის და თავისი ფუნქციის კვალიფიციურად და სწორად შეთავაზება მოახერხოს.

ქალბატონო ხათუნა, ვიდრე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე გადავიდოდეთ, კარგი იქნება ვიცოდეთ, რომელი მოთამაშე რისთვის იბრძვის რეგიონში და რა შეიძლება იყოს მათი მიზანი...

- როდესაც შავი და კასპიის ზღვის რეგიონებზეა საუბარი, უპრიანია განვიხილოთ დრამა, რომელიც ბოლო ორი-სამი კვირის განმავლობაში განვითარდა - ვგულისხმობ საბერძნეთის მოვლენებს, სადაც რუსეთისა და დასავლეთის ინტერესები შეეჯახა ერთმანეთს. მეორე მხრივ, ყურადსაღებია სომხეთის მოვლენები, სადაც ელექტროენერგიის ტარიფის დაწევის მოთხოვნით მიმდინარეობს აქციები. როგორც ჩანს, სომხეთში სოციალური თემა აღმოჩნდა ნოყიერი ნიადაგი დასავლეთისა და რუსეთის ინტერესების შეჯახებისა.

გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია ისლამური სახელმწიფოს კავკასიური ვილაიეთის შექმნა, რომელიც ასევე შეიძლება განვიხილოთ დასავლეთისა და რუსეთის მხრიდან ძალების მოსინჯვის კონტექსტში.

სათითაოდ შეგვიძლია განვიხილოთ ეს სამი მოვლენა, რომლის განვითარება შესაძლოა, აისახოს საქართველოზე.

რაც შეეხება საბერძნეთს, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთმა ბრძოლის ეს რაუნდი წააგო - თუ საბერძნეთი უარს იტყოდა ევროკავშირის და კრედიტორების მოთხოვნების შესრულებაზე, არა მარტო საბერძნეთი, ასევე ევროკავშირიც დგებოდა საკმაოდ მძიმე განსაცდელის წინაშე.

ბოლო ერთი წელია, რუსეთის საინფორმაციო თუ ზოგადად, რბილი ძალის პოლიტიკა აზანზარებს ევროკავშირს - პირდაპირ ხდება დასავლეთის პოლიტიკური, ბიზნეს თუ მედია-ჯგუფების მოსყიდვა. ამ სტრატეგიის მიზანია, რომ საბერძნეთის მსგავს ქვეყნებთან, რომელთაც საერთოზე არანაკლები განსხვავება აქვს ევროკავშირთან, როგორიცაა უნგრეთი და ა.შ. განხეთქილების ვაშლად აქციოს ევროკავშირისთვის. საბოლოო მიზანი ევროკავშირის დაშლა თუ არა შერყევა მაინც არის.

სხვათა შორის, საბერძნეთის კრიზისის დროს, ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი ამბობდა, რომ რუსეთს სურს რევანში საბჭოთა კავშირის დაშლისთვის და ეს იქნება ევროკავშირის დაშლა. ეს საკმაოდ მნიშნელოვან საფრთხედ იქცეოდა იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთი უარს იტყოდა ვალების გადახდაზე. თუმცა, ევროზონიდან საბერძნეთის გარიცხვაც იქნებოდა ევროზონის დაშლის დასაწყისი, პატიების შემთხვევაში კი სხვა ქვეყნებიც მოინდომებდნენ ვალების ჩამოწერას - პორტუგალია, ბულგარეთი და ა.შ. რაც ევროკავშირის სიცოცხლიუნარიანობის ნგრევას ნიშნავდა. მოკლედ, საბერძნეთის პარტიაში რუსეთი დამარცხდა.

***

რაც შეეხება სომხეთს, სადაც არავინ ელოდა ასეთ მასშტაბურ გამოსვლებს, ანუ დასავლური ტიპის ევოლუციის ჩანასახს, რუსეთს სწორედ, დასავლური გავლენის გაძლიერებით აშინებდნენ. დასავლური მედია ამტკიცებდა, რომ სომხეთში დასავლური კვალის ძებნა უსაფუძვლო იყო, თუმცა აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა რუსული მედია - ამბობდა, რომ ეს იყო ფერადი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.

ასეა თუ ისე, სიმართლე ალბათ, ორივე პოზიციაში უნდა ვეძებოთ, სომხეთში ასეთი მასშტაბის აქციები წინასწარი მომზადების გარეშე, ძნელად წარმოსადგენია. მტკიცება ძნელია, მაგრამ დიდია ალბათობა იმისა, რომ დასავლეთის დახმარების კვალი მაინც იგრძნობა ამ პროცესში.

მეორეა, რომ რაც სომხეთში ხდება რუსეთი ამას სრულიად იმსახურებს და სომხეთი არის კლასიკური მაგალითი იმისა, რა შეიძლება იყოს საქართველოს მომავალი რუსეთთან პარტნიორობისა და ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში - სომხეთზე გაჭირვებული ქვეყანა ძნელად მოსაძებნია პოსტსაბჭოთა სივრცეში და იმის მიუხედავად, რომ რუსული კომპანიები სრულად აკონტროლებენ სომხურ ენერგეტიკას, სოციალური პრობლემებით სავსე ქვეყანას ელექტროენერგიის ტარიფს უზრდიან. ეს არის კლასიკური ნიმუში, როგორ ექცევა რუსთი იმ პარტნიორებსაც კი, რომელიც მის სასიცოცხლო ინტერესებში შედის - ის არც კი ცდილობს სომხეთში იყოს არა თუ კარგი, არამედ ასე თუ ისე, ასატანი სოციალური მდგომარეობა - დღევანდელი სომხეთი არის დიაგნოზი, როგორი ქვეყანა გახდები რუსეთთან პარტნიორობის შემთხვევაში.

***

მთელი რეგიონი ქცეულია გავლენის მოპოვებისთვის ბროლის არეალად, ეს ყოველთვის ასე იყო, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ძლიერდება და ამავე კონტექსტში საინტერესოა ისლამური სახელმწიფოს კავკასიის ვილაიეთის შექმნა, რომელიც ყველაზე უფრო რეალურ საფრთხედ შეიძლება იქცეს საქართველოსთვის. ამაში ბევრი ჩვენი მეზობლის ინტერესია ჩართული.

თავის დროზე ისლამური სახელმწიფო შეიქმნა როგორც სირიაში ასადების დინასტიის ოპოზიცია, რომელიც თავის დროზე დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა აშშ-სა და თურქეთში. უკვე ამის შემდეგ იქცა ისლამური სახელმწიფო დასავლეთისთვის პრობლემად, რომელსაც საცეცებად მოედო ტერორიზმის ყველაზე სასტიკი გამოვლინებები. თუმცა, კავშირები ისლამურ სახელმწიფოსა და თურქეთს შორის დღემდე ფიქსირდება. თურქეთი, როგორც ჩანს, ცდილობს, გაუმკლავდეს საკუთარ ქურთულ რეგიონებს ტერორისტების ხელით, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი არის ადამიანური რესურსების გამტარი ისლამური სახელმწიფოსკენ.

გარდა ამისა, თეორიულად, არ არის გამორიცხული, რომ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს შექმნა რუსეთის დასუსტებისკენაც იყოს მიმართული. სრულიად შეაძლებელია, რუსეთმა რესურსები გადმოისროლოს კავკასიაში. შესაბამისად, შესუსტდება მისი რესურსი უკრაინასა თუ ახლო აღმოსავლეთში, სადაც მთავარი ბრძოლა მიდის. არ ვლაპარაკობ მაინც და მაინც შეიარარებულ ბრძოლაზე. შესაძლოა, ისლამური სახელმწიფო გამოყენებული იყოს სწორედ იმისთვის, რომ რუსეთს შეექმნას პრობლემები საკუთარ სახელმწიფოშივე მისი რესურსების დაქსაქსვის მიზნით.

თუმცა, რუსული რესურსების კავკასიაში თავმოყრა არანაკლები საფრთხე იქნება ალბათ საქართველოსთვისაც...

- საქართველოსთვის ორმაგად საშიშია, რადგან თავად რუსეთმაც შეიძლება გამოიყენოს ისლამური სახელმწიფო საქართველოს წინააღმდეგ - შესაძლებელია, რამდენიმე ტერორისტული დრეიფი განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე და თქვას, რომ ვერ აკავებს ტერორისტების გადმოსვლას, რადგან საქართველოს საზღვარი დაუცველია. არ არის გამორიცხული, მოითხოვოს საზღვრის ერთობლივი კონტროლი.

ისლამური სახელმწიფო თავისთავად არის გამოწვევა, მაგრამ არანაკლები გამოწვევაა ის, რომ ამას იარაღად იყენებენ ისეთი ქვეყნები როგორიცაა ერთი მხრივ - აშშ, ხოლო მორე მხრივ - რუსეთი.

ეს ყველაფერი ძალიან ამძაფრებს საქართველოს მდგომარეობას და ამ კუთხით ქვეყნის ხელისუფლებას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგია შესამუშავებელი. აუცილებელია ურთიერთობების გამყარება ადგილობრივი მუსლიმანური თემის ლიდერებთან, პანკისი იქნება ეს, აჭარა თუ ქვემო ქართლი, ასევე აუცილებელია კონტაქტების ინტენსიფიკაცია ირანისა და თურქეთის იმ არარადიკალურ ჯგუფებთან, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ქართველ მუსულმანებთან.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია სოციალური ინტეგრაციის, განათლების პროგრამების ძალიან სწრაფად ამუშავება. ვფიქრობ, უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური კვოტებიც კი უნდა გამოიყოს ამ რეგიონების ახალგაზრდებისთვის, რათა საქართველოში უმაღლესი განათლების მაქსიმალური საშუალება მიეცეთ. არანაკლებ მნიშვნელოვნია მათი წახალისება საქართველოს სამხედრო სასწავლებლებში, ასევე მათი კულტურული და რელიგიური იდენტობა უნდა იყოს მაქსიმალურად დაცული და ამაში საქრთველოს ეკლესიის როლი არის ძალზე მნიშვნელოვანი - ის ისედაც ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში და საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში, ის უნდა გამოვიდეს საქართველოს მუსლიმანური მოსახლეობის კულტურული და რელიგიური იდენტობის დაცვის ინიციატივით, რაც შემდგომში გარანტი იქნება ქრისტიანული მოსახლეობის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოებისა.

გარდა ამისა, აუცილებელია იმ ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობა, რომლებსაც, ასე თუ ისე, შეხება შეიძლება, ჰქონდეს ისლამურ სახელმწიფოსთან, ვგულისხმობ თურქეთსა და რუსეთს, აღარაფერს ვამბობ აშშ-ზე, რომელთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე ჩვენ ამ ტიპის საფრთხეს უბრალოდ, ვერ გავუმკლავდებით.

როგორც ჩანს, რუსეთმა უკვე დაიწყო მოქმედება და ისლამურ სახელმწიფოს არელოდებასაქართველოს საზღვრებზე კონტროლის მოსაპოვებლად. როგორ შეიძლება შეფასდეს საზღვრის მორიგი გადმოწევის ფაქტი?

- ამ შემთხვევაში ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი მოექცა საოკუპაციო ზოლში. ეს არის ნაბიჯი საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ნგრევისკენ. ჩვენდა საუბედუროდ, რუსეთის მხრიდან ანექსიას შეჩვეულები ვართ, მაგრამ ამ ნაბიჯს წინამორბედებისგან განასხვავებს ის, რომ ეხება საქართველოს როგორც ევროპისთვის ალტერნატიული დერეფნის ფუნქციას.

ეს არის სწორედ მნიშვნელოვანი - რუსეთის მიზანია საქართველომ დაკარგოს სტრატეგიული პარტნიორის, სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი.

თუმცა, როგორც ვთქვი, გამოწვევების გარდა არსებული სიტუაცია საქართველოსთვის შანსებსაც იძლევა. საქართველოს აქვს რესურსები იმისათვის რომ რუსეთს გაუმკლავდეს. ეს რესურსი გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბაქო-სუფსის პროექტში ჩართულ ქვეყნებსა და საერთაშორისო კორპორაციებს, რომელთა გავლენა არანაკლებია ცაკლე აღებულ სახელმწიფოებზე. ეს აქტი უნდა შეფასდეს არა მხოლოდ როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, არამედ რუსეთის მხრიდან ევროპის ენერგოუსაფრთოების წინააღმდეგ განხორციელებული ნაბიჯი.

რუსეთი ხელყოფს ალტერნატიულ დერეფანს, რომლის მეშვეობითაც ნავთობი მიეწოდება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს - საქართველომ სწორედ ასეთი შეფასება უნდა მოითხოვოს ევროკავშირისგან, ნატოსგან და ამ პროექტში ჩართული ყველა მოთამაშისგან. საქართველო მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის პირისპირ - ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი.

საქართველომ ძალიან ბევრი გაიღო იმისათვის, რომ თავის დროზე დაცული ყოფილიყო ეს ალტერნატიული დერეფნები, რომელსაც პერსპექტივაში დიდი მოცულობით შეეძლება ევროპის მომარაგება. თანამშრომლობა არის ორმხრვი და კეთილი ინებონ, სართაშორისო სტრუქტურებმა, იგივე ბიპიმ და შესაბამისი შეფასება მისცენ იმას, რასაც რუსეთი საქართველოში აპირებს.

თუმცა, ამისთვის ჯერ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ამოიღოს ხმა. საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოეთხოვა საერთაშორისო დამკვირვებლები ბაქო-სუფსის ამ მონაკვეთზე, როდესაც პირველად მოხდა პრცენდენტი და ბაქო-სუფსის მილსდენის ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა. ეს მოგვცემდა შანსს, საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგებისა ამ მონაკვეთზე, რაც ვფიქრობ, შეაფერხებდა რუსეთის მცოცავ ანექსიას.

გარდა ამისა, თუ ჩვენს ამ მოთხოვნას დასავლეთი მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებით გამოეხმაურებოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებოდით, რომ რუსეთთან ვრჩებით პირისპირ. პოლიტიკაში მოვლენების რეალური დანახვა, ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გინდა, რომ შემდგომში სწორი სტრატეგია გქონდეს.

საინტერესოა, რა შესაძლებლობები უჩნდება საქართველოს რეგიონში ისეთი ახალი მოთამაშეების გაქტიურებით როგორიცაა, მაგალითად ირანი, ჩინეთი, ინდოეთი? შესაძლებელია მათი პარტნიორობით შესუსტდეს ის გამოწვევები, რაც საქართველოს წინაშეა?

- ყველაზე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საით მიდის მსოფლიო, რადგან საბედნიეროდ, საქართველო კონტექსტიდან ამოგლეჯილი არ არის. დღეს, როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის ინტერესი მიმართულია აღმოსავლეთისკენ, სადაც თავმოყრილი არიან ეკონომიკური გიგანტები.

მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გააქტიურდა ჩინეთის ახალი პროექტი, რომელიც განახლებულ აბრეშუმის გზას გულისხმობს, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჩინეთი გავლენებს გააფართოებს რეგიონში. ეს ნიშნავს ეტაპობრივ გასვლას ევროპისკენ შუა აზია-კავკასიის დერეფნის გამოყენებით.

გარდა ამისა, ჩნდება კიდევ ერთი ახალი მოთამაშე, ეს არის ირანი, რომელიც სანქციების მოხსნის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ოქროს საბადო ხდება რეგიონის ქვეყნებისთვის.

შეიძლება ითქვას, დგება ეპოქა, როდესაც ქვეყნის უსაფრთხოებას განსაზღვრავს ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა ქვეყნებთან დამყარებული ეკონომიკური კავშირები და საქართველოს ხსნაც აქ შეიძლება, ვეძებოთ.

დღეს საქართველო მოქცეულია სამკუთხედის წვერში - მეორე წვერი ამ სამკუთხედისა არის ევროკავშირი თავისი 500-მილიონიანი ბაზრით, ხოლო მესამე წვერი - აზიური გიგანტები თავისი ტრილიონიანი ბიუჯეტებით, მრეწველობით და ეკონომიკით.

ევროპამ ამ ეტაპზე მოგვცა ის მაქსიმუმი, რისი მოცემაც შეეძლო - საქართველოს აქვს შესაძლებლობა თავისი პროდუქცია საბაჟო გადასახადის გარეშე გაიტანოს ევროპულ ბაზარზე. ეს შესაძლებლობა საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას ერთიათად ზრდის. ბევრი ინვესტორისთვის ეს არის შანსი, საქართველოს სახელით აწარმოოს პროდუქცია და ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გადასახდის გარეშე გაიტანოს.

მეორე, რაც ასევე სასიციოცხლოდ მნისვნელოვანია, ეს არის ამ გიგანტების ინტერესები - ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ჩინეთი, რომელიც ცდილობს, რომ თავისი ეკონომიკური შესაძლებლობები უკვე ეკონომიკურ გავლენებში გადაზარდოს და ირანი, რომელსაც სჭირდება ახალი გზები ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის, ტვირთების გადაზიდვისთვის და ა.შ.

როგორც ჩინეთის, ასევე ირანისთვის საქართველო საკმაოდ მნიშვნელოვანი ქვეყანაა - თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენ ვართ სამყაროს ჭიპი და სხვა ალტერნატიული გზები არ არსებობს სატრანსპორტო ნაკადების გატარებისთვის. თუმცა ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველზე კონკურენტული სატრანზიტო გზა. რაც უფრო მეტი დიდი ქვეყნის ინტერესი მოიყრის თავს საქართველოში, მით უფრო დაცული იქნება ქვეყანა და ეს იქნება ქვეყნის უსაფრთხოების მთავარი გარანტი - ძალიან დიდი ფული თავისთავად იცავს საკუთარ თავს. თუ საქართველოში ჩაიდება დიდი ჩინური, ინდური თუ ირანული, იგივე რუსული ინვესტიციები, შესაბამისად, დასავლეთის ინტერესიც საქართველოს მიმართ იქნება მზარდი. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ამ ინტერესთა თავმოყრამ საქართველოს უსაფრთხოების პარადიგმა შეიძლება შეადგინოს. ანუ, ამ ქვეყნების ინტერესები იქნება არა კონკურენცია გავლენის მოპოვებისთვის საქართველოზე, არამედ შეთანხმება, რომ საქართველო იყოს სტაბილური და უსაფრთხო ქვეყანა, რათა დაცული იყოს მათი ეკონომიკური და ფინანსური ინტერესები.

ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც მიგვაახლოებს ნატო-სთან. ნატოს თავის რიგებში სჭირდება უკვე უსაფრთხო და დაცული საქართველო, აღარაფერს ვამბობ ევროკავშირზე. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე პერსპექტიული - ერთი მხრივ საქართველო გახდეს ეკონომიკურად აყვავებული, ხოლო მეორე მხრივ - უსაფრთხო და მიმზიდველი.

ვიცით, რომ საქართველოში უკვე შემოვიდა ჩინური მატარებელი, მზადდება ახალი პროექტები და .. თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად ეფექტურად მუშაობს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით...

- შესაძლოა ნაკლებად ჩანდეს, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ეკონომიკის სამინისტროს ამ მიმართულებით აქვს რამდენიმე საინტერესო და საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტი.

განსაკუთრებით საინტერესოა ჩინეთის მიმართულება, როგორც ვიცით საქართველო ჩაერთო ჩინეთის მთავრობის ინიციატივაში, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის გასწვრივ ეკონომიკური სარტყლის განვითარებას გულისხმობს. ეს საქართველოსთვის ნიშნავს ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის გადაზიდვების განვითარებას. გარდა ამისა, ჩინეთისა და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროების თანამშრომლობით საქართველო გახდა დამფუძნებელი - ეს უპრეცენდენტო შემთხვევაა რადგან საქართველო არც ერთი რეგიონალური მასშტაბური პროექტის დაფუძნებელი არ ყოფილა. ეს აძლევს საქართველოს შანსს, აზიის ინფრასრუქტურის განვითარების ბანკის მეშვეობით, მოიზიდოს ინვესტორები რეგიონალური მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად.

ეს მიმართულება გვაძლევს საშუალებას, ფეხი ავუბათ თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებს - როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის მთელი ინტერესი მიპყრობილია წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისაკენ და მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც ამ მიმართულებით დაიწყოს მზერა.

რაც შეეხება გადაზიდვების მარშრუტებს, კონკურენცია ასევე მაღალია, მაგრამ იგივე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გათვლებით, ქაბული-ფოთის მარშრუტი სხვა ალტერნატივებთან შედარებით არანაკლებად კონკურენტუნარიანია. ამ მიზნით აქტიური მუშაობაა საჭირო მთელ იმ პერიმეტრზე, რომელიც ამ მარშრუტმა უნდა გამოიაროს - ავღანეთი-თურქმენეთი-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი - რაც ასევე საერთაშორისო გადაზიდვების რეგიონალურ ცენტრად აქცევს საქართველოს, ასევე აძლევს უსაფრთხოების გარანტიებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია აზიური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამაში საქართველოს ჩართულობა, ეს პროგრამა მოიცავს ავღანეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთს, მონღოლეთს, პაკისტანს და ა.შ. - შუა აზიის ქვეყნებს. მნიშვნელოვანია პროგრამის პარტნიორების ვინაობა - ესენია ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი. ანუ, ის შანსები, რაც დღეს საქართველოს აქვს, არის არა მარტო საქართველოს, არამედ მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეების სურვილიც, იმიტომ, რომ მათი ინტერესია, ევროპისა და აზიისთვის დამაკავშირებელი ხიდი, ახალი ინოვაციებით და ძალიან დიდი შანსია, რომ ეს გახდეს საქართველო.

მოგეხსენებათ მედიასა და ექსპერტულ საზოგადოებასთან სათანამშრომლოდ ჩვენი სამინისტროები საკმაოდ ჩაკეტილები არიან. ამ მიმართულებით, პირველი მერცხალი იყო თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც ფართომასშტაბიანი შეხვედრა გამართა არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტულ საზოგადოებასთან და შემდეგ უკვე, ეკონომიკის სამინისტრო, რომელმაც მიმდინარე პროექტები გაგვაცნო. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თანამედროვე უსაფრთხოება ეყრდნობა ქვეყნების ეკონომიკურ ფუნქციებს და ძალიან სასიხარულოა, რომ ეკონომიკის სამინისტრო ამას ხედავს. ასევე ის, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები იდგმება.

გარდა ამისა, ვფიქრობ, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ირანმა გამოყო 10 მილიარდი ახალი მილსადენის ასაშენებლად თავისი ენერგორესურსებისთვის, ჯერ არ არის ზუსტად დადგენილი, რა მიმართულებით გაიჭრება ეს მილსადენი. ვფიქრობ, საქართველოს აქვს შანსი, რომ მის ტერიტორიაზე გაიაროს ამ მილსადენმა და ამ მხრივაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი.

ის ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ პირდაპირ ეწერება დასავლეთის ინტერესებში. საქართველომ უნდა შეძლოს, თავისი ახალი როლი კარგად გაყიდოს, კარგად მიაწოდოს და დაუსაბუთოს როგორც დასავლეთს, ასევე - აღმოსავლეთს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს საქართველო რეგიონის ყველაზე უსაფრთხო და მიმზიდველი კუნძული.