„ფაქტობრივად, პრეზიდენტი ორმაგ თამაშს თამაშობს“

„ფაქტობრივად, პრეზიდენტი ორმაგ თამაშს თამაშობს“

მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია თანხვედრაში მოდის. „ნაციონალური მოძრაობა“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ მთავარი პროკურორი პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტმა დაამტკიცოს. დეპუტატი ლევან ბეჟაშვილ ამბობს, რომ დღევანდელი პროკურატურის სისტემა, დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, პოლიტიკურ დევნას ახორციელებს.

„ამაზე არაერთხელ უსაუბრია საერთაშორისო ორგანიზაციებს. ის ღარიბაშვილი-ივანიშვილის ხუშტურს ასრულებს. ამიტომ, ამ პირობებში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც უფრო მეტად ანგარიშვალდებულს გახდის პროკურატურას პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე, მხარდასაჭერია. ვფიქრობთ, მთავარი პროკურორის პრეზიდენტის მიერ წარდგენა და პარლამენტის დამტკიცება, ამ ორგანოს უფრო გამჭირვალე ხასიათს მისცემს“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, ხოლო მეორე მხრივ, არის კიდევ ერთი თემა, რომელიც იქცა განხილვის საგნად -  მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი არ გახლავთ ერთადერთი, რაზეც ყოფილ ხელისუფლებას, არასამთავრობო სექტორს და ქვეყნის პრეზიდენტს საერთო პოზიცია აქვთ. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობის მიღებას, მის გარშემო შესაძლოა, გაერთიანდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური სახეები და საუბარია დავით ბაქრაძეზე.

რაც შეეხება არასამათავრობა სექტორს, მისი ბევრი წარმომადგენელი, რომელიც ყოფილ ხელისუფლებასთან ასოცირდებოდა, დღეს პრეზიდენტთან სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობს და შესაძლოა, ეჭვებს და მითქმა-მოთქმას ესეც უწყობს ხელს. ამიტომაც, ამაზე ექსპერტებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ეს დამთხვევა სრულიად ბუნებრივი პროცესია, იქედან გამომდინარე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო სხვა და ოპოზიციაში არის სხვა.

„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მას სჭირდებოდა მკაცრი ვერტიკალი იმისთვის, რომ განეხორციელებინა ის, რასაც ახორციელედებდა. ანუ, სჭირდებოდა ის სისტემა, რომელი სისტემა მან შექმნა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არის ოპოზიციაში და შესაბამისად, სულაც არ მოსწონს სისტემა, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული“.

რაც შეეხება ნაციონალებთან პრეზიდენტის სამომავლო თანამშრომლობაზე ვარაუდებს, ექსპერტი ფიქრობს, რომ თუ პრეზიდენტი პოლიტიკაში გააქტიურებას აპირებს, მისი მხრიდან ნაციონალებთან კავშირი იქნება ძალიან მცდარი და სულელული ნაბიჯი.

„მე ასე შევაფასებდი შესაძლო კავშირს ნაციონალებთან. იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის სიმძიმე, რომელსაც ვერავინ ვერ გაუძლებს. რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, პრეზიდენტი არის ნეიტრალური ფიგურა და მისი ერთადერთი ფუნქცია არის უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას.

არასამთავრობო ორგანიზაციები დღევანდელი ხელისუფლებისგან ითხოვენ სწორედ იმას, რასაც თავის დროზე, ოპოზიცია ნაციონალებისგან ითხოვდა. შესაძლებელია, ამიტომაც იყოს ინტერესთა თანხვედრა. არ მგონია, რომ აქ რაღაცა შორს მიმავალი ზრახვები იყოს“-, ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია ყოფილი ხელისუფლების და ქვეყნის პრეზიდენტს საერთო პოზიციას იმით სხნის, რომ 2016 წლის არჩევნებზე მთავარი განმსაზღვრელი იქნება საგარეო პოლიტიკა, შესაბამისად, პროდასავლურ ძალებთან ასოცირებული პარტიები ცდილობენ ერთიანი პოზიციის შექმნას.

„ძალიან მარტივია - ამ შემთხვევაში პროკურატურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუჩნდათ ერთიანი პოზიცია. „ნაციონალური მოძრაობა“ აპელირებს საგარო პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე და სწორედ ამ ნაწილში ცდილობენ, რომ საერთო შეხების წერტილები მონახონ. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უკვე გადაიზარდოს თანამშრომლობის სხვა პროცესში.

საგარეო პოლიტიკური ფაქტორები დომინანტი ძალა ხდება ქართულ პოლიტიკაში. თავის მხრივ კი, პრეზიდენტი ამით ცდილობს, რომ თავისი პროდასავლური ორიენტაცია გაამყაროს ნაციონალებთან ერთად, რადგან პროკურატურის კანონის მიხედვით, მას ხელიდან ეცლება ბერკეტები, რომ ძალოვან სტრუქტურებზე ჰქონდეს რეალური გავლენა. ამით, ფაქტობრივად, პრეზიდენტი ორმაგ თამაშს თამაშობს“, – აცხადებს ვახტანგ მაისაია.