ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი მინაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მთავარი სატკივარი და სალაპარაკო ის კი არ არის, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიოს და პრინციპული პოზიცია დაიკავოს, არამედ მათი მთავარი საზრუნავი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა. მისი შეფასებით, რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური საუბარი არ აინტერესებს, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობა და მისი მიზანი, საქართველოს დაპყრობაა.
რუსულ ინტერესებსა და საქართველოს საგარეო აქტივობაზე, for.ge აკაკი მინაშვილს ესაუბრა:
საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით, ცხრაპუნქტიანი რეზოლუციის პროექტი მოამზადეთ. დოკუმენტზე უმრავლესობაც მუშაობს. ერთობლივი პროექტის შემუშავება არ გინდათ?
- საქართველოს ხელისუფლება ერთი-ერთში იმას ამბობს, რაზეც რუსული მხარე აპელირებს. გრიგორი კარასინისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებების შედარება შეგიძლიათ, რომელთა რიტორიკა ერთი სიმღერის ნაწილია. კერძოდ, კარასინი აცხადებს, რომ აბრები ოკუპირებულ ტერიტორიებზეა განლაგებული. ასევე კარასინი იმ ჟურნალისტებს თავს დაესხა, რომელთაც ბანერი მოხსნეს. კარასინის მსგავსად, ჟურნალისტები ზაქარეიშვილმაც გააკრიტიკა.
ხელისუფლების მთავარი სატკივარი და სალაპარაკო ის კი არ არის, რომ რუსეთს წინააღმდეგობა გავუწიოთ და პრინციპული პოზიცია დავიკავოთ, არამედ მათი მთავარი საზრუნავი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა.
კარასინმა პროვოკატორობა ისევ ჩვენ დაგვაბრალა. სახეზეა ერთი სიმღერა, რომელსაც ერთი შემკვეთი ჰყავს. რაც შეეხება რეზოლუციას, არ ვიცი, უმრავლესობა თავს იბრმავებს თუ რას აკეთებს, მაგრამ მათ დიპლომატიაში სწრაფი რეაგირების ფასი იციან. ამ ვითარებაში სისწრაფე საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობას ხაზს უსვამს. როდესაც, მტერი შენს ტერიტორიაზე შემოჭრას აგრძელებს და ამ ფონზე ამბობ, რომ პროცედურული საკითხებისა და ბიუროკრატიის გამო რეზოლუციის პროექტს ვერ განიხილავ, ეს მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ეს საკითხი ქვეყნის პრიორიტეტი არ არის და მზად ხარ, დათმობაზე წახვიდე.
დიპლომატიის მთავარი მიზანია, რომ ქვეყნის ინტერესები წარმატებული იყოს და სუსტის პოზიციიდან არ უნდა გამოდიოდე, მითუმეტეს, როდესაც მოწინააღმდეგე რუსეთის ფედერაციაა.
ხელისუფლება დესტაბილიზაციის საფრთხეს ხედავს და ამბობს, რომ 2008 წლის მსგავსად, შეცდომებს ვერ დაუშვებს. ვინაიდან, მმართველი ძალა ფრთხილად იქცევა, ამას სისუსტედ რატომ თვლით?
- „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომ საქართველო დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობის საბაბი არ უნდა იყოს. როცა რუსეთი მტერია და ის ქვეყნის ჩამოშლას ლამობს, ის უნდა გახსოვდეს, რომ მეგობრები გყავს, რომლებიც მუდმივად საქართველოს გვერდში არიან. ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეოს იმისთვის, რომ ეს მეგობარი სახელმწიფოები ხომალდის ბორტზე ჰყავდეს. თურმე, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობა არ უნდა ჩავრთოთ და ქვეყანა დაპირისპირების საგანი არ უნდა იყოს.
აგრესიულმა პოლიტიკამ რა შედეგი მოიტანა, რომელსაც თქვენ აწარმოებდით?
- ამ ხელისუფლების პირობებში ადამიანების დამცირება და გატაცება ხდება, ტერიტორიებზე შემოჭრა გახშირდა, ბანერების გამოკვრა დაიწყეს და მავთულხლართების გაბმა გაააქტიურეს. რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე თავისუფლად თარეშობს. მთავარი მაგისტრალიდან მანძილს დღითიდღე ამცირებენ, ოკუპირებულ ტერიტორიებში მთავარი მაგისტრალიც მოახვედრეს და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ რეაგირება მოახდინოს, საკითხის მიჩუმათებას ახდენს. საპოლიციო ძალები იმ ტერიტორიაზე უნდა იმყოფებოდნენ და ეს მტერმა უნდა დაინახოს. საქართველოსა და უკრაინის მთავარი პრობლემა რუსეთია და ნაცვლად იმისა, რომ ქართულ მხარეს საკითხი გაეაქტიურებინა, პროცესებიდან საკუთარი თავის დისტანცირება მოახდინეს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოლდოვაც იყო, რომელიც საქართველოსა და უკრაინის კვალდაკვალ არ მიდის და თავის საქმეს აკეთებს. უკრაინა და საქართველო პარტნიორი ქვეყნები არიან, მაგრამ რამდენად მართებულია, რომ უკრაინის გამო საქართველომ არაფერი მიიღოს?
- ამ ხელისუფლების მთავარი მოტივატორი ქვეყნის ინტერესები კი არ არის, არამედ ბოღმა, რომელიც მათ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ გააჩნიათ.
მმართველ გუნდს თქვენი რა ბოღმა აქვს, თქვენი რა შურს - წარსული თუ აწმყო?
- ხელისუფლება უუნაროა, რომელსაც არაფრის გაკეთების სურვილი არ აქვს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნავს. პრემიერ-მინისტრი ნებისმიერ საკითხზე მყისიერ კომენტარს აკეთებს, მაგრამ ამ ფაქტის მოსმენის შემდეგ სამი დღე გავიდა და შეფასება შემდეგ გააკეთა. პრემიერმა რაღაც უსაფრთხოების საბჭო შექმნა, რაც პრეზიდენტსა და მას შორის დავის საფუძველი გახდა და ერთმანეთი ლამის დახოცეს. უშიშროებისა და უსაფრთხოების საბჭოს ფუნქციები გაყვეს და ახლა, ამ პრობლემაზე კაციშვილი არ ლაპარაკობს.
თქვენ აპელირებთ, რომ რუსეთი პროვოკაციებს მიმართავს და მავთულხლართების არეალს აფართოებს. ოკუპანტი ქვეყანა მსგავს ნაბიჯებს თქვენი ხელისუფლების პირობებშიც დგამდა და პარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეზოლუციაც მახსოვს...
- ომის მომხრე არ ვართ და თუ გახსოვთ, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, პრეზიდენტის პირველი ვიზიტი მოსკოვში გაიმართა. იმედი გვქონდა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დაგველაგებინა. რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური საუბარი არ აინტერესებს, ისევე როგორც ქვეყნის დამოუკიდებლობა. რუსეთის მთავარი მიზანია, რომ დაგვიპყროს. ჩვენს დროს აბრების დადგმას ვერავინ ბედავდა. განმუხურში მავთულხლართების გაბმის მცდელობა ჰქონდათ და მათ ჩვენმა სამართალდამცავებმა კუდით ქვა ასროლინეს.
საქართველო ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და თუკი ხელისუფლება აგრესიულ პოლიტიკას მიმართავს, წარმოგიდგენიათ, ქვეყანა რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს?
- რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი მოქმედება კონკრეტული ფასი დაუჯდება. რუსეთმა საოკუპაციო ხაზი გადმოწია და კალაძემ განაცხადა, რომ ალტერნატულ გზებს ვეძებთო, ხიდაშელმა კი თქვა, რომ რაც ხდება, კარგია და მოსკოვი ამაზე აფეთქდებაო. ქართულმა მხარემ სიგნალი გაუშა, რომ ეს საკითხი მათთვის აქტუალური არ არის და შემოვლით გზებს ეძებს.
თქვენ ხელისუფლებას აქტივობას უწუნებთ, მაგრამ თუკი ქართული დიპლომატია არ მუშაობს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება როგორ მომზადდა?
- სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება კარგია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს თავად ამერიკის სწრაფი რეაგირების პროცესია. როდესაც პარლამენტი იძახის, რომ პოზიციის დაფიქსირებისთვის ერთი კვირა გჭირდება, ამით რუსეთს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელების საშუალებას აძლევს. კარასინის ფორმატი არსებობს და არა კარასინ-აბაშიძის, რადგან აბაშიძეს რასაც ჩასძახებენ, იმაზე აცეკვებენ.
კარასინ-აბაშიძის ფორმატი რომ გაუქმდეს, ამით რა შედეგი დადგება, მაშინ, როდესაც მოსკოვი ჟენევის ფორმატის გაძლიერებას არ ეთანხმება?
- საქართველოსა და რუსეთს შორის დავის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ რუსული მხარე საერთაშორისო თანამეგობრობის დარწმუნებას ცდილობდა, თითქოს ქვეყნები ერთი-ერთში დაილაპარაკებდნენ და ურთიერთობას გაარკვევდნენ. ამ საუბარში დემოკრატიული სახელმწიფოები უნდა ჩაერთონ.
ამ ურთიერთობაში საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყო და ჟენევის მოლაპარაკებებმა რა შედეგი დადო?
- ამ ომში ყოველთვის ვიმარჯვებდით, მაგრამ მას შემდეგ, რაც კარასინ-აბაშიძის ფორმატი შეიქმნა, რუსეთი მსოფლიოს ეუბნება, რომ ამ პროცესში არ ჩაერთოთ და რაღაც წარმატებას მივაღწიეთო. საქართველო ამხელა მტრის წინაშე მარტო დატოვეს. საქართველოს ოკუპაციის საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში წინ იყო წამოწეული. 2012 წელი მოვიდა და ეს თემა ყველა თემიდან მოხსნილია, რატომ? - იმიტომ, რომ დღის წესრიგიდან ეს თემა თავად ხელისუფლებამ მოხსნა. თუ სუსტი ხარ, აგრესია წახალისებულია.
საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებთ, მაგრამ უკრაინის მოვლენებზე ვნახეთ, რომ სანქციების მიუხედავად, რუსეთს განსაკუთრებული პრობლემები ევროპამაც ვერ შეუქმნა და ის ყირიმის ოკუპაციას განაგრძობს. მაშინ, როდესაც მოსკოვის წინაშე ევროპაც უძლური აღმოჩნდა, საქართველოს მთავრობა რა გზას დაადგეს?
- ევროპამ რუსეთი ძალიან სერიოზულად გააჩერა. ეკონომიკური სანქციების შედეგად, მოსკოვმა დიდი დარტყმა მიიღო და პუტინის სურვილები შერბილებულია. ნებისმიერ ფორუმზე პუტინს ალიყური ხვდებოდა. რუსების შვილები სად სწავლობენ? - დასავლეთში და ჩინოვნიკები რუსეთის სახელმწიფოს წურბელებივით წოვენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ თემაზე მიბმა ვერ მოვახერხეთ. თავად პრემიერი ამბობს, რომ პრობლემები უკრაინამ უნდა მოაგვაროს და ეს ჩვენი საქმე არ არის, რაც დიპლომატიურად წამგებიანია.