„თუ რუსეთი მეორე ფრონტს გახსნის, სანქციები შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რუსეთის მოკლევადიან გეგმაში შედიოდეს საქართველოში სერიზოული ინტერვენციის დაწყება. უფრო, მგონია, რომ მათი ძირითად მიზანია საზოგადოების გახლეჩა“, - აცხადებს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომლის განცხადებით, რუსეთი ცდილობს შეცვალოს საგარეო პოლიტიკური ვექტორი, ამის ფონზე გაძლიერდნენ პრორუსული ძალები, რომ შემდეგ უკვე, 2016 წლის არჩევნებში პარლამენტში შეძლონ ტრიბუნის მოპოვება.
რატომ გადავიდა რუსეთი ღია აგრესიაზე და უკავშირდება თუ არა კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესები საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო აქტიურობებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge კორნელი კაკაჩიას ესაუბრა.
ვითარება იმდენად დაძაბულია, რომ შსს-მ კონფლიქტის ზონაში დამატებითი ძალის კონცენტრაცია დაიწყო. რამდენად რთულია ვითარება და როგორ ფიქრობთ, რა არის ის მიზეზები, რამაც განაპირობა რუსეთის მხრიდან ეს ქმედება?
- რამდენიმე მიზეზი არსებობს. პირველი, ეს არის საქართველოს მიერ გაცხადებული სურვილი, რომ შეიძინოს საჰაერო თავდაცვითი სისტემები, იგივე თურქმენეთთან შესაძლო ურთიერთობა, რომ შესაძლოა, აქ გაიაროს თურქმენეთის ენეგრომატარებლებმა და მესამე, ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკა - იგივე ნატოს წვრთნები, რომელიც ჩატარდა და რომელიც განსხვავდებოდა ყველა სხვა წვრთნებისგან. თუ აქამდე ნატოს წვრთნების თემატიკა იყო ავღანეთში სამშვიდობო მისია, ამჯერად, ეს წვრთნები ტერიტორიული თავდაცვის ელემენტებს შეიცავდა.
ანუ, პროცესები, რომელიც კონფლიქტის ზონაში მიმდინარეობს, პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო აქტიურობებთან?
- რა თქმა უნდა. რუსეთს შეუძლია საოკუპაციო ზოლი მთლიანად შემოღობოს, მაგრამ ამას განგებ ნელ-ნელა აკეთებს. როგორც კი, მისთვის მიუღებელი ხდება საქართველოს აქტიურობა საერთაშორისო დონეზე, მაშინვე იძაბება სიტუაცია. ეს არის ის რეალობა, რომელიც 2008 წლიდან გვაქვს. სამწუხაროდ, ხელისუფლებას ბევრი რამის გაკეთება არ შეუძლია. ყველა ჩვენი პარტნიორი მოთმინებისკენ მოგვიწოდებს. საერთაშორიო ფონი კი, აშკარად ცუდია, ჩვენთვის სასარგებლო ნამდვილად არ არის.
ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის აღმართვას. როგორც გაეროს უშრობების საბჭომ, ასევე, საქართველოს პარტნიორებმა ერთხმად დაგმეს ეს აგრესია...
- გამოხმაურება იყო და იქნება კიდეც, მაგრამ ერთია გამოხმაურება და მეორეა მოქმედება. სამწუხარო რეალობაა ის, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში არავინ არ არის მზად იმისთვის, რომ საქართველოს ფორმალურად გაუწიოს ქმედითი დახმარება. ანუ, განალაგოს აქ საკუთარი ჯარი და აღუდგეს რუსეთის ამ უკანონო ქმედებას. დღეს მსოფლიოს წინაშე გაცილებით მნიშვნელოავნი პრობლემებია, იგივე ირანათან ურთიერთობები, უკრაინა, ისლამური სახელმწიფო და ა.შ. რომელიც გაცილებით მნიშვნელოვია მსოფიოსთვის. ამ მომენტში საქართველოს საკითხი ისე მწვავედ არ დგას, როგორც ეს ერთი შეხევდით უნდა იყოს.
გამომდინარე იქედან, რომ საქართველოს საკითხი ისე მწვავედ არ დგას, როგორც უნდა იყოს, ეს უწყობს ხელს რუსეთის აგრესიას საქართველოსთან მიმართებაში?
- რუსეთმა მშევნივრად იცის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მის ქმედებას, კონკრეტული ქმედება არ მოჰყვება, მაგრამ ბოლომდე მაინც არ არის დარწმუნებული, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების შემდეგ. რუსეთი ცდილობს მოსინჯოს საერთაშორო თანამეგობრობის რეაქცია. როგორც ეს იყო 2008 წლის ომამდე. ითვალისწინებენ, რომ უკრაინის საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია და თუ ვთქვათ, რაღაც, ხელსაყრელი გარემო შეიქმნება მომავალში, აქედან გამომდინარე, გარკვეულ დასკვნებს გააკეთებენ. ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი აქტიურობა.
ჩვენი თავდაცვა ეს არის საერთაშორისო მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდეს ინფორმაციის გაცვლა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში მათ არ დააყოვნონ რეაგირება. ქართული დიპლომატიის წინაშე სერიოზული გამოწვევა არსებობს, მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური სიტუაციისა, საქართველოს საკითხი არ გახდეს მეორეხარისხოვანი.
ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერის აღმართვის პარალელურად, დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რუსეთის მოქმედების გეგმაში ჯდება ასეთი სცენარი - საქართველო დათმობს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ბაქო-თბილის-სუფსას მილსადენზე?
- რუსეთის ამოცანაა, მუდმივ პრესის ქვეშ იყოს საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება, რომ მათ მუდმივად ჰქონდეთ საფრთხის გრძნობა. რაც მთავარია, ძალიან ხშირად იფიქრონ იმაზე, რომ რეალურად მათი უსაფრთხოება არ არის დაცული. რუსეთის მიზანია გახლიჩონ საზოგადოებრივი აზრი და დაიწყოს საუბრები იმაზე, რომ ხომ არ ჯობია ამ შემთხვევაში ვიფიქროთ ევრაზიულ კავშირზე. პლუს, ამას ემატება ის რბილი ძალა და პროპაგანდა, რომელიც საკამოდ მომძლავრებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში.
რუსეთს უნდა გარკვეული სიგნალი გაუგზავნოს დასავლეთს და დაანახოს, რომ ამ შემთხვევაში გეოგრაფია უფრო მნიშვნელოვანია, ანუ ის, რომ რუსეთი საქართველოს მეზობელია. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთს არ შეუძლია შესთავაზოს უსაფრთხოების კონკრეტული მექანიზმი, ხომ არ ჯობია უარი თქვას ამ რეგიონზე და გარკვეული გარიგება მოხდეს სხვადასხვა რეგიონზე, ეს შეიძლება იყოს ირანი, ან სხვა საკითხები, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის.
თუმცა, ჯერჯერობით, ამის ნიშნები არ არის და არ მგონია, რომ დასავლეთმა ეს დათმოს. გამომდინარე იქედან, რომ მათ ესმით პოსტსაბჭოთ სივრცის რუსეთისთვის დათმობა სერიოზულ პრობლემებს შექმნის მთლიანად საერთაშორისო პოლიტიკაში და უფრო მეტი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, ვიდრე დღეს აქვს რუსეთთან.
შესაძლებელია თუ არა პროცესები მივიდეს იმ ვითარებამდე, რომ ჩვენ ისევ ავღმოჩნდეთ ინტერვენციის წინაშე? ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი გადავიდა ღია აგრესიაზე და ამით ხსნიან იმ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, რომელიც ახლა დაიწყო დ რომელიც ძალიან ჰგავს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. უკრაინის პარალელურად რუსეთი შეძლებს, რომ ფორტის მეორე ხაზი გახსნას საქართველოში?
- ეჭვი მეპარება, რომ რუსეთს ახლა ამის თავი ჰქონდეს, გამომდინარე იმ სერიოზული სანქციებიდან, რომელიც მასზეა დაკისრებული. თუ მეორე ფრონტს გახსნის, ეს სანქციები შეიძლება კიდევ უფრო დამძიმდეს. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ მათ მოკლევადიან გეგმაში შედიოდეს საქართველოში სერიზოული ინტერვენციის დაწყება. უფრო მგონია, რომ მათი ძირითად მიზანია საზოგადოების გახლეჩა. მოხდეს საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა და გაძლიერდეს პრორუსული ძალები, რომ შემდეგ, უკვე, 2016 წლის არჩევნებში პარლამენტში მოხვდნენ პრორუსული ძალები. მაინც მგონია, რომ ამ შემთხვევაში რუსეთის სტატეგია არის პოლიტიკული ლანშაფტის შეცვლა.
შესაძლებელია ბალანსი დაირღვეს და პრორუსულმა ძალებმა შეძლონ საპარლამენტო ტრიბუნის დაკავება? პრორუსულ ძალებში, ალბათ, ყველაზე მეტად, ნინო ბურჯანაძე იგულისხმება.
- შეგვიძლია ვნახოთ ბოლო გამოკითხვები რომელიც ჩაატარა IRI-იმ და NDI-იმ. სამწუხაროდ, ამის შანსები არსებობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ საქართველომ ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია ვარშავის სამიტზე, იგივე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხელისუფლების მხრიდან ელოდება გარკვეულ წარმატებებს, როგორც MAP-თან, ასევე ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით. თუ კონკრეტული შედეგები არ დაიდო, მაშინ მოსახლეობაში გარკვეული უკმაყოფილების გაზრდა არ არის გამორიცხული და ბუნებრივია, ეს რუსეთის წისქვილზე ასხმას წყალს.
თვითონ ბურჯანაძე არ იძახის, რომ მე პრორუსული პოლიტიკოსი ვარო. ის ამბობს, რომ პოლიტიკური კურსი, რომელსაც ხელისუფლება ატარებს არარეალურია, რადგან ჩვენ არ მიგვიღებენ არც ნატოში და არც ევროკავშირშიო. სწორედ ასეთი რეალობა უწყობს ხელს მათი პოზიციების გაძლიერებას და განსაკუთრებით საზოგადოების იმ მერყევ ნაწილში, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე და მის პოტენციალზე.
ამიტომ, საჭიროა უფრო მეტი მუშაობა და განსაკუთრებით რეგიონებში. სამწუხაროდ, ევროატლანტიკური სტრუქტურებთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხშირად გამხდარა ქილიკის საგანი, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია. ადგილობრივი ხელისუფლება სრულ ჰარმონიაში უნდა იყოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, ემორჩილებოდეს მის ძირითად საგარეო და პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რაც ხშირად რეგიონებში არ შეიმჩნევა.