თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები აღმართვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთის სამხედრო ოლქში ფართომასშტაბიანი წვრთნები დაიწყო, ამასთან წვრთნები მიმდინარეობს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციისაგან მოითხოვს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას. თამარ ბერუჩაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთი საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები“, - ნათქვამია განცხადებაში.
შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ეს სამხედრო წვრთნები ბოლო დღეების მოვლენებთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული.
„მაგრამ ეს არის რუსეთის დიდი პოლიტიკის ორი ნაწილი, რომელიც უნდა შეფასდეს, როგორც პროვოკაცია და მცდელობა, რეგიონში გამოიწვიოს დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი მდგრადი უსაფრთხოების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. საოკუპაციო ჯარების ეს უკანონო ქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ხელისუფლება ამგვარ პროვოკაციებს მომზადებული ხვდება და თანმიმდევრული პოლიტიკით რუსეთს არ აძლევს საშუალებას, ამგვარი პროვოკაციებით საკუთარ მიზანს მიაღწიოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
სამხედრო წვრთნებში მონაწილეობს 58-ე არმიის 1500-ზე მეტი არტილერისტი. სამხედრო წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიცაა 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები „Акация“, „Мста-С“ და „Мста-Б“, ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები „Град“, „Торнадо-Г“ და „Ураган“, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „Штурм-С“, ნაღმტყორცნები „Поднос“ და „Сани“. სულ წვრთნებში მონაწილეობს 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობას, ასევე საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.
„ცალსახად, ეს არის პროვოკაცია. სხვა შეფასება უბრალოდ არასწორი იქნება. გარდა იმისა, რომ ეს არის პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის კრემლის პროვოკაცია დასავლეთის წინააღმდეგ. თუ ჩვენ დავხედავთ რუკას სადაც მოხდა ე.წ. საზღვრის გადმოწევა, ვნახავთ, რომ ეს უკავშირდება ნავთობსადენს. ნავთობსადენი ეს არის საერთო დასავლური ინტერესი. საქართველოსთან ერთად, ეს პროვოკაცია მიმართულია დასავლეთის წინააღმდეგ. ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია, თუმცა, შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად ადევნებენ თვალყურს პროცესებს, რომ ვითარება არ გამწვავდეს, რისი სურვილი ჩვენს მოწინააღმდეგ აქვს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესაშვილი.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში ფართონასშტაბიანი სამხედრო წვრთნების დაწყებას, საქართველოს დაშინებად აფასებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე, რომლის განცხადებით, კრემლმა ჩათვალა, რომ საქართველო ბოლომდე არ არის დაჩოქილი, შესაბამისად, ცდილობს ბოლომდე დაჩოქებას.
„როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ ბოლომდე დაჩოქილები არ ვართ და ახლა უნდათ, რომ ბოლომდე დავიჩოქოთ. ამისთვის საჭიროა პრევენცია და არა რეაგირება მომხდარი ფაქტის შემდეგ. ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგა და თუ დაალაგა, ასეთი რაღაცეები არ უნდა გააკეთონ. კონფლიქტის ზონაში ჩვენი სამხედროები არ იმყოფებიან, ჩვენთვის ბუფერული ზონაა, ვერ შევდივართ და ელემენტარულად, გასროლა ვერ მოხდება. ვერავინ ვერავის ვერ ესვრის, მაგრამ რუსეთს თუ უნდა ომის დაწყება, ყველაფრის გარეშე დაიწყებენ.
ახლა 24 საათიან რეჟიმში უნდა ვიყოთ უცხოურ არხებზე, რომ მსოფლიოს გავაგებინოთ რა ხდება საქართველოში. აუცილებელია მსოფლიოს დავანახოთ ის, რა პროცესებს იწყებენ რუსები საქართველოში. ასეთ ვითარებაში ძალიან სახიფათოა ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერი დავალაგეთ რუსეთთან. ის, რომ უკრაინა-ყირიმი სულ სხვაა, საქართველო-აფხაზეთი კი სულ სხვა, ასეთი განცხადებები ძალიან სახიფათოა. რადგან, ეს არის გზა იზოლაციისკენ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ რუსეთი უკვე გადავიდა სამხედრო აგრესიაზე, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული კომუნიკაციების ხელში ჩაგდება.
„ეს არ არის ოკუპაცია, ეს არის აგრესია. მესამე ფაზა უკვე არის სამხედრო ინტერვეცია. სამწუხაროდ, აგრესიიდან ინტერვენციამდე ალბათობის საშიშრობა სტაბილურად მაღალია. აქ უკვე საუბარია იამზე, რომ რუსეთმა სამხედრო მობილიზაცია დაიწყო და რა ფორმას მიიღებს ეს სხვა საკითხია. მათი მიზანია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული კომუნიკაციების ხელში ჩაგდება.
რუსები ცდილობენ, რომ ხელში ჩაიგდონ გორის ცენტრალური მაგისტრალი და აიყვანონ კონტროლზე ნავთობსადენები. ეს არის რუსეთის პასუხი დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებზე. როგორც კი ევროკავშირმა ბოლო გადაწყვეტილებით გაამკაცრა სანქციები, რუსები გადავიდნენ კონტრზომებზე. ბაქო-თბილისი-სუფსა მილსადენის საოკუპაციო ზოლში მოქცევა პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი დასავლეთს ხელიდან ართმევს რესურსებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.