„ობამას განცხადებას შესაბამისი მოქმედებები ვერ ან არ მოჰყვება“

„ობამას განცხადებას შესაბამისი მოქმედებები ვერ ან არ მოჰყვება“

[გეგა ბერიძე]
ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში სიტყვა „ოკუპაცია“ პირველად გამოიყენა და რუსეთს მკაცრი ტონით მიუთითა, რომ ქართული რეგიონების – ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ოკუპაცია შეწყვიტოს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებას მიესალმებიან და ამის შედეგად ქვეყნის „გარდაუვალ დეოკუპაციას“ მოელიან. დამოუკიდებელ ექსპერტთა შეფასებით კი, ამერიკული ადმინისტრაციის „მნიშვნელოვან განცხადებას, შესაბამისი მოქმედებები ვერ ან არ მოჰყვება“.

საქართველოს საკითხი კვლავ რუსეთისა და აშშ-ს უთანხმოების მიზეზია.

როგორც ორი ქვეყნის პრეზიდენტების დიმიტრი მედვედევისა და ბარაქ ობამას ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „აშშ-სა და რუსეთს შორის კვლავ არსებობს უთანხმოება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველო“.

“იმ სფეროებში, რომლებშიც თანხმობა გვაქვს, წინ წავიწიეთ და ეს დაგვეხმარა წარმატებები გვქონოდა ურთიერთობების გადატვირთვისას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ეს მოიცავს რუსი ხალხის დამოკიდებულებების შეცვლასაც და ისინი დღეს გაცილებით კეთილგანწყობილი არიან აშშ-ის მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტ სივრცეს ქმნის დამატებითი პარტნიორობისთვის. შეხვედრისას აქცენტი გავაკეთეთ არა მარტო ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვაზე, არამედ მათ გაფართოებაზე, რადგან ცივი ომის დასრულებიდან 20 წლის შემდეგ, აშშ-რუსეთის ურთიერთობები უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე მხოლოდ უსაფრთხოება და იარაღის კონტროლი. ეს ურთიერთობები უნდა მოიცავდეს ჩვენს საერთო კეთლდღეობას და იმას, რისი შენებაც ერთად შეგვიძლია“,- აცხადებს დიმიტრი მედვედევი.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ „არსებობს თანხმობა, რომ ევროპას უსაფრთხოების საკუთარი სისტემა უნდა ჰქონდეს“.

“ჩვენ გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა გარკვეულ საკითხებში, მათ შორის 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტის შედეგებზე, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის განვიხილოთ მომავალი და ჩამოვაყალიბოთ ურთიერთობის ახალი მექანიზმები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ პირველად ახსენა სიტყვა „ოკუპაცია“ და რუსეთს მკაცრი ტონით მიუთითა, რომ მან საქართველოს რეგიონების – ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირება უნდა შეწყვიტოს. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ შეხვედრის შემდეგ საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

“ობამას ადმინისტრაციას კვლავ სერიოზული უთანხმოება აქვს რუსეთის მთავრობასთან საქართველოს საკითხზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია. პარალელურად, შეერთებული შტატები თანამშრომლობს რუსეთის ხელისუფლებასთან რეგიონში სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ჩვენ გავხდით ისეთი მზარდი ნდობის აღდგენის ზომების მოწმე, როგორიცაა ზემო ლარსის საზღვრის გახსნა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ჩარტერული რეისების დაშვება. კვლავაც ვაგრძელებთ ზეწოლას ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების მექანიზმების გასაძლიერებლად და ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დასაბრუნებლად”, – ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას მიერ ტერმინ „ოკუპაციის“ გამოყენებას მიესალმება და მიაჩნია, რომ საქართველოში არსებულ ვითარებას ვაშინგტონში ზუსტი სამართლებრივი შეფასება მიეცა.

როგორც სააკაშვილი აცხადებს, „პირველად ასეთ დონეზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ამერიკის ადმინისტრაციამ რუსეთის ჯარების საქართველოში ყოფნას ოკუპაცია უწოდეს, საქართველოს ტერიტორიები კი ოკუპირებულად მოიხსენიეს“.

“ჩვენ უკე ორი წელია იმაზე ვმუშაობთ, რომ ეს ტერმინი საერათაშორისო არენაზე დამკვიდრდეს. ეს არ არის ადვილი ამოცანა, რადგან ეს სიტყვა წმინდა სამართლებრივ შედეგებს ნიშნავს და იგი საერთაშოროსო პრაქტიკაში ძალიან იშვიათად გამოიყენება. ასევე იშვიათია ისეთი თავზეხელაღებული ქმედებები, რომლებსაც რუსეთი საქართველოში ახორციელებს. ჩვენ მუდმივ კონსულტაციების რეჟიმში ვიმყოფებოდით ამერიკულ მხარესთან, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც და მივესამლებით, რომ გუშინ ზუსტი სამართლებრივი შეფასება მიეცა იმას რაც საქართველოში ხდება. ზუსტად ჩამოყალიბდა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და რუსეთი ჯარები საქართველოში ოკუპანტებს წარმოადგენენ”, – აცხადებს სააკაშვილი.

ამ ფონზე სააკაშვილი რუსეთთან დიალოგის მზადყოფნასაც გამოთქვამს. როგორც სააკაშვილმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მხრიდან მუქარით აღსავსე რიტორიკისა და ტონისა, საქართველო იყო, არის და ყოველთვის იქნება მომავალში მზად, რუსეთთან ამომწურავი დიალოგი აწარმოოს“.

“საქართველო მზადაა, რუსეთთან დიალოგი წარმართოს თითქმის 500 ათასი გამოდევნილი ეთნიკურად ქართველის საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე, საქართველოს დეოკუპაციაზე და ურთიერთობების ყველა მიმართულებით ნორმალიზაციის თაობაზე”, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

თავის მხრივ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის შეფასებით, „თეთრი სახლის მიერ საქართველოს ოკუპაციის ოფიციალურად აღიარება გარდაუვალ დე-ოკუპაციას ნიშნავს“. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებას საოკუპაციო მიზნებისათვის არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური სივრცე არ რჩება და ამ მიმართულებით მოსკოვის ძალისხმევა ნულამდე დავიდა.

ამის თქმის საფუძველს პარლამენტის თავმჯდომარესაც აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის თაობაზე თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადება აძლევს, რომელშიც ვაშინგტონმა საქართველოსთან მიმართებაში სიტყვა „ოკუპაცია“ პირველად გამოიყენა.

ბაქრაძის განცხადებით, მაშინ, როცა რუსეთი მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს აღიარებს და მათ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად წარმოჩენას ცდილობს, აშშ-ის მხრიდან ამ პროცესების „ოკუპაციად“ შეფასებას, რუსეთის ძალისხმევა ნულამდე დაჰყავს.

მისივე თქმით, თეთრის სახლის მიერ საქართვლეოს ოკუპაციის ოფიციალურად აღიარება გარდაუვალ დე-ოკუპაციას, საქართველოდან რუსეთის ჯარების გასვლას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ნიშნავს.

“ტერმინ „ოკუპაციას“ მხოლოდ ლინგვისტური დატვირთვა არ გააჩნია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტერმინია, რომელიც განსაზღვრავს, თუ საითკენ წავა პოლიტიკური პროცესები. თავის დროზე აშშ-მ სწორედ „ოკუპაციად“ შეაფასა ავღანეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ გერმანიაში მიმდინარე პროცესები, რაც საბოლოოდ ამ ქვეყნებიდან რუსეთის ჯარების გასვლით დასრულდა. ამერიკის მიერ ამ ტერმინის გამოყენება ოკუპაციის დასასრულს ნიშნავს”, – აცხადებს ბაქრაძე, რომელიც აქვე დასძენს, რომ თეთრი სახლის ბოლო განცხადება ადასტურებს, რომ აშშ ღირებულებებით არასდროს ვაჭრობს.

ბაქრაძე იმედს გამოთქვამს, რომ თეთრი სახლის მიერ აღნიშნული ტერმინის გამოყენება სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ერთგვარი სიგნალი იქნება.

ამასობაში საკითხის მიმართ ნაკლებ ოპტიმიზმს იჩენენ დამოუკიდებელი ექსპერტები. უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, „ობამას მიერ გაკეთებული აქცენტები მისაღები და მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე ნათელია, რომ ამ განცხადებას შესაბამისი მოქმედებები ვერ ან არ მოჰყვება“.

ამის შესახებ „პირWელს“ სესიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განუცხადა.

–“აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ის განცხადება გააკეთა, რაც ზოგადად აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის პოზიციებიდან გამომდინარეობდა. ობამას მიერ გაკეთებული აქცენტები ჩვენთვის მისაღები და მნიშვნელოვანია, თუმცა ასევე ნათელია ის რეალობა, რომ ამ განცხადებას შესაბამის შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები ვერ ან არ მოჰყვება. მიზეზი ისევ და ისევ იმ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარეობს, რომლის თანახმად, რუსეთს სამხრეთ კავკასიასა და განსაკუთრებით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპირატესი პოზიციები გააჩნია, აცხადებს სესიაშვილი.

ამასთან, ექსპერტის შეფასებით „ჩვენ შევეჩვიეთ დასავლეთისგან ჩვენთვის პოზიტიურ პოზიციებს და განცხადებებს, თუმცა ყოველგვარი მოქმედებისა და შედეგების გარეშე“.

“ეს ყველაფერი მაგონებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ვითარებას - „ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის“ და „საქართველო გახდება ნატოს წევრი“, თუმცა რეალურად ამის პერსპექტივები ძალიან ბუნდოვანია. დეოკუპაციასთან დაკავშირებით ვითარება კიდევ უფრო რთულია”, - აღნიშნავს სესიაშვილი.