„2008 წელს რუსები პროვოკაციაზე იწვევდნენ ხელისუფლებას, ახლა, პირდაპირ მოდიან აგრესიაზე“

„2008 წელს რუსები პროვოკაციაზე იწვევდნენ ხელისუფლებას, ახლა, პირდაპირ მოდიან აგრესიაზე“

სანამ ქართველი პოლიტიკოსები შეთანხმდებიან, გადმოწიეს თუ არა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი, ვითარება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში იძაბება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჭოსანსა და წითელუბანთან არსებულ საოკუპაციო ხაზთან, ადგილობრივების გარდა, უცხო პირებს არ შეუშვებენ. შეზღუდვა ეხებათ ჟურნალისტებსაც. შეზღუდვის მიზეზად შს სამინისტრო პროვოკაციის თავიდან აცილებას ასახელებს. 

შს მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განმარტებით, შეზღუდვა არ ეხებათ სამართალდამცავებს. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე როგორც სპეცდანიშნულების დანაყოფები, ასევე შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია იცავდა პერიმეტრს და მოსახლეობის უსაფრთხოებას, ხელისუფლებამ დამატებითი პრევენციული ზომები მიიღო და ადგილზე გააძლიერა პატრულირება. თალაკვაძის თქმით, დანაყოფები იქნებიან იმ პერიოდამდე, სანამ სიტუაცია არ განიმუხტება.

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ვითარება კონტროლირებადია და პირდაპირი საფრთხე ამ მომენტისთვის არ იკვეთება, თუმცა, დე ფაქტო საზღვართან სააკაშვილის ბიბლიოთეკის ხელძღვანელის ანდრო ბარნოვის მხრიდან დე მარშის ფაქტს ჰქონდა ადგილი.

„ის საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ არის ყველაზე მეტი პატრიოტი და ყველაზე უფრო აწუხებს დროშის წაღების ფაქტი, ხოლო მეორე მხრივ, იმ ადამიანებს, რომლებიც იცავენ ამ ტერიტორიას და მოქალაქეების უსაფრთხოებას, მიაყენა წარმოუდგენელი შეურაცხყოფა. სხვათა შორის, ის იყო პოლიციელი, რომელიც იბრძოდა აგვისტოს ომის დროს და უშუალოდ თვითონ თავისი სიცოცხლის ფასად იცავდა იმ ადამიანებს, რომლებიც მაშინ ხელისუფლების მაღალმა ეშელონებმა დროშებთან და ტექნიკასთან ერთად მიატოვეს ისე, რომ დღემდე ერთი დამაჯერებელი არგუმენტი მოსახლეობისთვის ამასთან დაკავშირებით არ მიუციათ. ამიტომ ჩვენთვის, როგორც შს სამინისტროსთვის ბარნოვის მოქმედება არის მიუღებელი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ბარნოვის ქმედება ხურვალეთის საგუშაგოსთან გააპროტესტეს ადგილობრივებმა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბარნოვის ამგვარი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებდა. მოსახლეობა პოლიტიკოსებს და ჟურანალისტებს ურჩევენ თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან.

„თვითონ ჩამოვლენ, პიარს გაიკეთებენ, რამდენიმე ხმამაღალ განცხადებას გააკეთებენ, იბაქიბუქებენ და შემდეგ კი უკანმოუხედავად მიდიან თბილისისკენ. ჩვენ კი აქ ვრჩებით და ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გვიმძიმდება. თუ ამდენი ვაჟკაცობა აქვს ანდრო ბარნოვს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ბანერი მოგლიჯეს, მოვიდნენ კომბაინზე გვერდით დაგვისხდნენ და ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ხორბლის აღებაში“, - აცხადებენ ადგილობრივები.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მოუწოდებს მოსახლეობას, გაითვალისწინონ შესაბამისი სამსახურების განცხადება და არ ჩაერთონ პროვოკაციაში, რომელიც შესაძლებელია უფრო რთულ ფორმაში გადაიზარდოს.

„ჩვენს საზოგადოებას აქვს უფლება საკუთარი პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ყველა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბანერის და დროში აღმართვით, საკითხი ვერ გადაწყდება. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება მიანიშნებს საზოგადოებას, რომ შემდგომი ნაბიჯები შეიძლება იყოს კიდევ სხვა დამატებითი პროვოკაციის მომტანი, მითუმეტეს შესაბამისი სამსახურები ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას, საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს და მოიქცეს ისე, როგორც ამას სწორად მიიჩნევენ შესაბამისი სამსახურები.

როგორც კი გარკვეული ინფორმაცია მიიღეს შესაბამისმა სამსახურება და აღარ შეუშვეს ჩვენი თანამოქალაქეები პროტესტის გამოსახატავად, მაშინვე გამოხტდა „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავროები და გაიმართნენ აქციის გასამართად. კიდევ ერთხელ შექმნეს პროვოკაციის ფონი, როგორც ეს იგივე ბარნაოვმა გააკეთა. ვერ მოვუწოდებ იმ ძალებს, რომლებიც პოლიტიკურად არიან მართული და პოლიტიკური ინტერესი აქვთ, რომ ქვეყანა პროვოკაციაში იყოს ჩართული, მაგრამ მოვუწოდებ საზოაგდაოებას, დაუჯერონ შესაბამის სამსახურებს, როცა არის ინფორმაცია, რომ პროვოკაცია შესაძლებელია უფრო რთულ ფორმებში გადაიზარდოს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

საოკუპაციო ხაზის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გამო, შეშფოთებულია გაეროს გენერალური მდივანი. პან გი მუნის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტმა შესაძლებელია ნეგატიური გავლენა იქონიოს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან, რაც შეიძლება პროვოკაციულად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის პროცესში. გენერალური მდივანი ვითარების განმუხტვის მიზნით მხარეებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის გამოყენებას ურჩევს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გაცხადებით, ე.წ. საზღვრის გადმოწევა იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა აწარმოა. როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ხელისუფლებამ ყველაფრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა შეინარჩუნოს.

„რაც შეეხება ე.წ. საზღვრის გადმოწევას და იქ მიმდინარე პროვოკაციულ ქმედებებს, პირველ რიგში, მინდა პოლიტიკოსებს მოვუწოდო, ცოტა მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ასეთ საკითხებს, ვინაიდან, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სტაბილურობა შევინარჩუნოთ ქვეყანაში და არც ერთ ძალას არ მივცეთ საშუალება, რომ რაიმე პროვოკაციული გზით მოახერხონ სიტუაციის დაძაბვა რეგიონში. ეს არის 2008 წლის ომის შედეგი, ეს არის ის მძიმე მემკვიდრეობა, რომელსაც ჩვენ ვიმკით“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ყველა ის ბანერი, ყველა მავთულხლართი, რაც კი გამართულა, გადაწეულა ან გადმოწეულა, ყველა ეს ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში ხორციელდება. თუმცა, განსხვავებულად ფიქრობს საგარეო საქმეთა მინისტრი. თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ბანერი იყო ოკუპირებული ტერიტორიების უფრო შიგნით და გადმოვიდა უფრო ახლოს.

„რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ ე.წ. საზღვარიც არ არის. ეს არის საოკუპაციო ხაზი, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე არის შემოხაზული მავთულხლართებით, გარკვეულ მონაკვეთზე არსებობს ვირტუალურად იმ მხარის გადასახედიდან, რომელიც აკონტროლებს ტერიტორიას საოკუპაციო ზოლამდე.

შესაბამისად, თუ ჩვენ ამ გადმოსახედიდან ვისაუბრებთ, ბანერი იყო ოკუპირებული ტერიტორიების უფრო შიგნით და გადმოვიდა ახლოს და მიუახლოვდა 450 მეტრით ცენტრალურ მაგისტრალს. ეს არის ძალიან რთული, ძალიან შემაშფოთებელი სიტუაცია. ბანერის დისლოკაცია ნამდვილად მოხდა და ეს არის ფაქტი“, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა.

კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი, რომლის განცხადებით, პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს, ყველაზე სწორია. თინა ხიდაშელის თქმით, ქვეყნის ხელისუფლების მთავარი ამოცანაა არ დაუშავს ომი საქართველოს ტერიტორიაზე.

„მე ამ ხელისუფლების ნაწილი ვარ და ამ მთავრობაში მინისტრი ვარ ზუსტად იმიტომ, რომ რა თქმა უნდა, ვფიქრობ, პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ეს არის ყველაზე უფრო სწორი, ეფექტური, მაღალი პასუხისმგებლობის მატარებელი და საიმედო ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა არ დავუშვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ომი და ამას ჯერჯერობით წარმატებით ახორციელებს საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისგან განსხვავებით, დღეს საოკუპაციო ძალები პირდაპირ გადავიდნენ აგრესიაზე, რაც მისივე თქმით, საკმაოდ დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის.

„2008 წელს რუსები იყვნენ საფარში და ელოდებოდნენ მოქმედებებს, პროვოკაციაზე იწვევდნენ ხელისუფლებას, რაც წარმატებით განახორციელა სააკაშვილმა. ახლა, პირდაპირ მოდიან აგრესიაზე ყოველგვარი საფარისა და მახის გარეშე. არ ვიზიარებ ზაქარეიშვილის განცხადებას, თუმცა, მესმის, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს შეინარჩუნოს მშვიდობა.

ეს არის სწორი, მაგრამ ერთია, როდესაც სწორ პოლიტიკას ახორციელებ, მეორეა, რომ შენ უნდა მისცე სწორი ინტერპრეტაცია მოვლენას, რომელსაც აქვს ადგილი. აშკარაა, რომ ხელისუფლება ცდილობს არ წამოეგოს რუსეთის ახალ პროვოკაციას. აშკარაა, რომ რუსები პირდაპირ აგრესიაზე მოდიან, რაც არის პრობლემა. ნაციონალების ამ აქტიურობების შედეგია ის, რომ რუსებმა საქართველოს დროშა ჩამოხსნეს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.