სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „ნდობის ჯგუფში“ ერთად გამოცხადდნენ, თუმცა, დეპუტატებმა მათ ცალ-ცალკე მოუსმინეს.
დეპუტატების წინაშე ჩუბინიძემ 2012-2014 წლების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯების თაობაზე ისაუბრა, ხიდაშელმა კი, ყურადღება საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე გაამახვილა და ვარაუდი გამოთქვა, რომ საკითხის თაობაზე ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება.
ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის მეხუთე სართულზე, ძალოვანი მინისტრისა და ჩუბინიძის სტუმრობა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, თუმცა, საკითხების საიდუმლო ნაწილიდან გამომდინარე, დეტალები არ გასაჯაროვდა.
ხიდაშელის განცხადებით, საფრანგეთში გაფორმებული დოკუმენტის თაობაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატების ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გასცეს. მინისტრის შეფასებით, ქართულმა მხარემ ფრანგებთან ძალიან სერიოზული ხელშეკრულება დადო.
„ამის შემდეგ, ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება. ქვეყნისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების თვალსაზრისით, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით. ამ ხელშეკრულებამ საქართველოს დიდი შესაძლებლობები გაუჩინა“, - დასძინა ხიდაშელმა, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა, „მისი პასუხებით დამშვიდდებიან თუ არა „თავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც ეჭვობდნენ, რომ მან საფრანგეთში სხვა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი“.
ხიდაშელმა აღნიშნული კითხვის დასმა ირაკლი ალასანიას გუნდის წევრების მიმართ გვირჩია და თქვა, რომ მან სხვა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც არასოდეს დაუმალავს.
აღნიშნული კითხვით მინისტრის მსგავსად, for.ge-მ „თავისუფალ დემოკრატებსაც“ მიმართა და ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულების კუთხით გარკვეული ნაბიჯი იდგმება, თუმცა, დოკუმენტი იმას არ ითვალისწინებს, რა განზრახულობებიც ირაკლი ალასანიას ჰქონდა. მისი თქმით, მთავარია, დოკუმენტის პირობები როგორი იქნება დროში გაწერილი და რეალურად განხორციელებული.
„თუკი ძლიერი თავდაცვა არ გვექნება და ქვეყანა ვერ განვითარდება, დოკუმენტს რა აზრი აქვს?“, - დასძინა აბაშიძემ, for.ge-თან საუბარში გივი თარგამაძე კი აცხადებს, რომ ცუდია, რომ ბიუჯეტის სეკვესტრის გამო, ამ ხელსაყრელი მომენტის გამოყენება ვერ ხდება და გაურკვეველია, შეთანხმებით, როდის რა მოხდება.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი დარჩა.
ძიძიგურის შეფასებით, ხელშეკრულებით, თავდაცვის სამინისტრო და ქართული სახელმწიფო ყოჩაღად გამოიყურებიან.
რაც შეეხება მეორე სტუმრის განწყობებს, თავდაცვის მინისტრის მსგავსად, მედიის წარმომადგენლების კითხვებს ამომწურავად ჩუბინიძემ უპასუხა, რომელმაც მზაობა გამოთქვა, რომ 2013 წლის სპეციალური დაცვის სამსახურის ხარჯები გასაჯაროვდეს.
ჩუბინიძე „ნდობის ჯგუფის“ ფორმატში ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარგამაძის მიერ დასმულ საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხარჯების გასაჯაროვება „ნდობის ჯგუფმა“ უნდა მოითხოვოს. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს არანაირი მსგავსი დანახარჯი არ ჰქონდა და ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურის სამსახურის ბიუჯეტით საერთოდ არ სარგებლობდა.
ჩუბინიძე ირწმუნება, რომ ივანიშვილი არც აღნიშნული სამსახურის თვითმფრინავით სარგებლობდა და ის თვითმფრინავთან დაკავშირებულ ხარჯებს ყოველთვის საკუთარი ფულით იხდიდა.
„2013 წლის ხარჯების გასაჯაროვება ჩემი პრეროგატივა არ არის და თუ ამის შესახებ რაიმეს მეტყვიან, ვალდებული ვიქნები, ეს ხარჯები მათ გადავცე. ამის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, რადგან „ნდობის ჯგუფს“ შეუძლია, ეს ყველაფერი ნახოს და გარკვეული ნაწილი გაამჟღავნოს კიდევაც, რომელიც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არ იქნება“, - განაცხადა ჩუბინიძემ, რომელსაც პარლამენტი თანხების გასაჯაროვებას სავარაუდოდ, არ მოსთხოვს, რადგან თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ „ნდობის ჯგუფი“ პრემიერს შესყიდვის განსაიდუმლოებას იმ შემთხვევაში სთხოვს, თუკი ეჭვობს, რომ ადგილი აქვს კანონდარღვევას. სესიაშვილის მოსაზრებით, თარგამაძე ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვს.
შეგახსენებთ, რომ „ნდობის ჯგუფის“ ფორმატში თინა ხიდაშელის მისვლა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოითხოვეს.