ანზორ ჩუბინიძე: შს მინისტრობაზე შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ამისთვის მზად ვარ, რადგან ამ გუნდში ვმუშაობ“

ანზორ ჩუბინიძე: შს მინისტრობაზე შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ამისთვის მზად ვარ, რადგან ამ გუნდში ვმუშაობ“

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე მისი გამინისტრების თაობაზე for.ge-ს ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს.

for.ge-ს კითხვის საპასუხოდ - „გაიმართა თუ არა შს მინისტრობის თაობაზე მასსა და ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს შორის კონსულტაციები?“, ჩუბინიძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები არავისთან არ გამართულა.

„შეთავაზება არ ყოფილა, რომელიმე პიროვნებასთან არანაირი საუბარი არ გვქონია“, - ამბობს ჩუბინიძე.

იმ შემთხვევაში თუკი, ხელისუფლების მხრიდან აღნიშნულ პოსტზე შეთავაზება იქნება, ჩუბინიძე თანამდებობის დაკავებისთვის მზაობას გამოხატავს.

„რაც შეეხება იმას, დავთანხმდები თუ არა ამ შეთავაზებას, ერთ-ერთ ძალოვან უწყებაში უკვე ვმუშაობ, რომლის ხელმძღვანელიც ვარ და ეს ნიშნავს, რომ მე თანახმა ვარ, ამ გუნდთან ვიმუშაო. ჯერჯერობით, არანაირი საფუძველი არ მაქვს, რომ რომელიმე პოსტზე ვისაუბრო. ვთვლი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კარგი საკადრო სისტემა აქვს და თვითონ მოახერხებენ, რომ ადამიანი თავად შეარჩიონ.  კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მზად ვარ, რადგან ამ გუნდში ვმუშაობ“, - დასძინა ჩუბინიძემ.

for.ge-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შესაძლოა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ დაიკავოს, უსაფრთხოების სამსახური კი, შესაძლოა, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჩააბარონ.

წყაროს ცნობით, ანზორ ჩუბინიძეს შს მინისტრის პოსტის დაკავება არ სურს, თუმცა, მას პოზიციის შეცვლის მიზნით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორჯერ შეხვდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა მაშინაც მოიაზრებოდა, როცა ირაკლი ღარიბაშილმა პრემიერის პოსტი დაიკავა და შს მინისტრის თანამდებობა დატოვა.