შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი შესაძლოა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ დაიკავოს, უსაფრთხოების სამსახური კი, შესაძლოა, შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ჩააბარონ.
ამ კონფინგურაციის შესახებ საქართველოს პარლამენტში საუბრობენ, სადაც დღეს, „ნდობის ჯგუფის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან ერთად, ანზორ ჩუბინიძესაც ელოდებიან.
როგორც for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის კულუარებში განუცხადეს, ანზორ ჩუბინიძეს შს მინისტრის პოსტის დაკავება არ სურს, თუმცა, მას პოზიციის შეცვლის მიზნით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ორჯერ შეხვდა.
შს მინისტრობასთან დაკავშირებით, თუ რა განწყობა აქვს ჩუბინიძეს, ამის გარკვევას for.ge დღეს, თავად ჩუბინიძესთან შეეცდება, თუმცა, ამ ინფორმაციას დეპუტატები ოფიციალურ კომენტარებში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჩუბინიძის გამინისტრების თაობაზე „ვერაფერს ვერ იტყვის“.
სესიაშვილის განმარტებით, უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატურის წარდგენა პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს კანდიდატურის წარდგენისთვის 14 დღიანი ვადა აქვს.
„ვფიქრობ, რომ კანდიდატი შემდეგი სასესიო კვირისთვის წარდგენილი იქნება, რომელსაც თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტები მოუსმენენ. რაც შეეხება ჩუბინიძეს, ვერაფერს ვერ გეტყვით“, - დასძინა სესიაშვილმა, რომლისგან განსხვავებით, ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ძალოვან უწყებაში პოსტები ზემოთ აღნიშნული კონფიგურაციით გადანაწილდება.
როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის წევრმა, ტარიელ ლონდარიძემ განუცხადა, არ არის გამორიცხული, რომ პოსტები გომელაურსა და ჩუბინიძეზე გადანაწილდეს.
„უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და შს მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ხელის ბიჭები იქნებიან და შეიძლება, ეს ადამიანები ვახტანგ გომელაური და ანზორ ჩუბინიძე იყვნენ. ეს პიროვნებები მიბმულნი არიან ბიძინა ივანიშვილთან და თუკი ყოფილი პრემიერი აქამდე მხოლოდ შსს-ს მართავდა, მომავალში ის ორ უწყებას გაუწევს მმართველობას. ეს ადამიანები სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხებზე ვერ იმუშავებენ, რადგან კარგად ვხედავთ, საოკუპაციო ხაზზე რა ხდება“, - დასძინა ლონდარიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ანზორ ჩუბინიძის კანდიდატურა მაშინაც მოიაზრებოდა, როცა ირაკლი ღარიბაშილმა პრემიერის პოსტი დაიკავა და შს მინისტრის თანამდებობა დატოვა.