„ნაბუკოს“ ნათელი პერსპექტივა გაუჩნდა... 6 წლის შემდეგ

„ნაბუკოს“ ნათელი პერსპექტივა გაუჩნდა... 6 წლის შემდეგ

[ეკა ბაქრაძე]

აზერბაიჯანელები იქადიან, რომ „ნაბუკოს“ გაზსადენს მარტო თვითონ შეავსებენ და ამისათვის ევროკავშირს შუა აზიელებთან ვაჭრობა არ დასჭირდება. თუმცა, ეს მხოლოდ 6 წლის შემდეგ მოხდება და ამ წლების განმავლობაში როგორ შეიცვლება ვითარება არავინ იცის.

თურქული კომპანია „ბოტასი“ მზადყოფნას გამოთქვამს 2017 წლისთვის „ნაბუკოს“ გაზსადენით შაჰდენიზიდან ევროპას 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდოს. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ინფორმაციით, „ნაბუკოს“ გაზსადენის შესავსებად, ქვეყანაში საკმარისი რესურსია.

თურქულ კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას აზერბაიჯანიდან, თურქეთის გავლით, გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესახებ. კომპანიის მენეჯერმა სტრატეგიისა და ბიზნესისა განვითარების საკითხებში ლევენტ ოზგუილმა განაცხადა, რომ იგეგმება სამთავრობათაშორისი პაკეტზე ხელმოწერა, რომელიც შაჰდენიზის საბადოს დამუშავებისა და აზერბაიჯანის გაზის ტრანზიტის საკითხებს მოიცავს. მისივე განცხადებით, სამთავრობათაშორისი ხელშეკრულება, შესაძლოა, აპრილში გაფორმდეს.

კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის ხოშბახტ იუისიფზადეს განცხადებით, აზერბაიჯანს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ნაბუკო დამოუკიდებლად შეავსოს. „გაზსადენის მშენებლობის ვადების 2017 წლამდე გადაწევის მიუხედავად, უნგრეთისა და რუმინეთის საზღვარზე, უკვე აშენებულია 47 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი“, - განაცხადა ხოშბახტ იუისიფზადემ. მისი თქმით, 2017 წლისთვის აზერბაიჯანი მხოლოდ შაჰდენიზის საბადოდან 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებას გეგმავს.

ეს განცხადებები ცოტა არ იყოს გაურკვეველია. თურქული მხარე აცხადებს, რომ ევროპას 10 მლრდ კუბ/მეტრ აირს მიაწვდის, აზერბაიაჯანელები 25 მლრდ-ზე საუბრობენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ნაბუკოს“ გამტარიანობა 31 მლრდ კუბური მეტრია. ასე რომ, აზერბაიჯანული და მით უფრო თურქული მხარის მარტოოდენ მოწადინება გაზსადენის სრულად დატვირთვას ვერ უზრუნველყოფს.

თუმცა, ქართველი ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ჩვენს მეზობლად მართლაც დამატებითი საბადოები აღმოაჩინეს და თანაც საკმაოდ დიდი. ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანში, შაჰდენიზის საბადოზე ბოლო გაბურღვებმა მარლთაც დიდი ოპტიმიზმი გააჩინა, რომ სოლიდური მარაგებია.

„იმისთვის, რომ ინვესტორებმა „ნაბუკოს“ პროექტი დააფინანსონ, მათ ზუსტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ გაზის წყაროების შესახებ. აზერბაიჯანში ბოლოს ჩატარებულმა გაბურღვითმა სამუშაოებმა აჩვენა, რომ აზერბაიჯანში „ნაბუკოსთვის“ საკმარისი მარაგებია“, - ამბობს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა აზერბაიჯანი „ნაბუკოს“ გაზის წყაროდ საბოლოოდ დაიბევა. ცოტა ხნის წინათ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ მანუელ ბაროზუმ ბაქოში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას „სამხრეთ კორიდორის“ შექმნის შესახებ, რომელშიც „ნაბუკოს“ პროექტიც იგულისხმება.

დოკუმენტის თანახმად, აზერბაიჯანი ვალდებულებას იღებს, ევროკაშირს დიდი მოცულობით ბუნებრივი აირი მიაწოდოს. თავის მხრივ, ევროპა უზრუნველყოფს ახალი მილსადენების მშენებლობასა და მომხმარებლამდე ბუნებრივი აირის შეუფერხებელ მიწოდებას.