საპარლამენტო ოპოზიცია 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრზე აპელირებს, ეროვნული ბანკი მმართველ გუნდს რჩევას აძლევს, გენერალური აუდიტის სამსახური შენიშვნებს ასაჯაროვებს, მთავრობა კი ირწმუნება, რომ ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი შეცვლილი არ არის.
პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვერსია უკვე განიხილეს და დოკუმენტი შენიშვნებითურთ მთავრობას უკან გადაუგზავნეს. გაითვალისწინებს თუ არა აღმასრულებელი ხელისუფლება დეპუტატების მოსაზრებებს, ეს ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც რიგგარეშე სხდომაზე კანონმდებლებს დოკუმენტს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური წარუდგენს.
საკომიტეტო მოსმენების ფორმატში, ნოდარ ხადური უწყებაში არ გამოცხადებულა და ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე მისმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა, რომელიც უმცირესობამ გაკიცხვისგან დაინდო, თუმცა, ოპოზიცია იმუქრება, რომ დოკუმენტის განხილვის პროცესიდან ხადური „იოლად ვერ გამოძვრება“.
სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ მუქარას სისრულეში მოიყვანს, მანამდე გიორგი კაკაურიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა საჭირო გახდა.
კაკაურიძის ცნობით, გასულ წლის შემოდგომაზე, ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 5 პროცენტიანი ზრდა იქნა აღებული და ეს პარამეტრი შეთანხმებული იყო როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ასევე სხვა წამყვან საფინანსო ინსტიტუტებთან.
მისი მტკიცებით, ბევრ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა არათუ არ ხდება, არამედ კლებასაც განიცდის.
„სტიქია მოხდა, რასაც დამატებითი ხარჯების მობილიზია და ბიუჯეტის კორექტირება დასჭირდა. ბიუჯეტიში ხარჯების შემცირება არ ხდება და თუკი ერთი სამინისტროდან თანხის მეორე სამინისტროში გადატანას სეკვესტრს დავარქმევთ, მაშინ, შეიძლება სხვა წლების ბიუჯეტიც ვნახოთ“, - ამბობს კაკაურიძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, ეკონომიკური ზრდის კლებამ საგადასახადო შემოსავლების კლება დაახლოებით 200 მილიონი ლარით გამოიწვია, მაგრამ ამ თანხის კომპენსირება რამდენიმე წყაროდან მოხდება.
„კერძოდ, ეს არის ე.წ. მეოთხე თაობის ლიცენზიებიდან მისაღები თანხები, რომელთა აუქციონები იანვრის ბოლოს იქნა ჩატარებული და მიმდინარე წელს ბიუჯეტში უკვე შემოსულია 75 მილიონზე მეტი ლარი, ხოლო ბიუჯეტში დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტი შემოსული წლის ბოლომდე იქნება. გარდა ამისა, გრანტი დაახლოებით 40 მილიონი ლარის ოდენობითაა და „სხვა შემოსავლებში“ 20 მილიონი ლარი გვაქვს გაზრდილი. რაც შეეხება სხვა წყაროებს, ფინანსური აქტივების კლება შეცვლილი არ არის და ისევ 90 მილიონია, სახელმწიფო ვალის აღებაში კი, 15 მილიონიანი ზრდა გვაქვს. ამასთანავე, საგარეო წყაროებიდან მისაღებია სახსრები 115 მილიონი ლარით“, - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
კაკაურიძე დაგეგმილი შემოსულობების მაჩვენებლებზე აპელირებს და ამბობს, რომ შემოსულობების სახით დაგეგმილი იყო - 9 მილიარდ 975 მილიონი ლარი, შემოსულობები 25 მილიონით ლარით იზრდება და 9 მილიარდ 900 მილიონ ლარს შეადგენს.
„ბიუჯეტში ხარჯვითი ნაწილი შეცვლილი არ არის, 9 მილიარდ 575 მილიონი იყო და ამავე მოცულობით არის დატოვებული, თუმცა, თანხების შინაარსობრივად გადანაწილება მოხდა. კერძოდ, სამინისტროების დაფინანსება 160 მილიონი ლარით მოხდა“, - დასძენს კაკაურიძე, რომლისგან განსხვავებითაც, ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი სეკვესტრირებულ ბიუჯეტზე აქცენტირებს.
როგორც for.ge-ს მაჭავარიანმა განუცხადა, პარლამენტში ექვსი თვის თავზე, სეკვესტრირებული ბიუჯეტი შევიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხარჯები შემცირდა.
მისი განცხადებით, ხელშეკრულებით აყვანილთა ხელფასები 10 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო 2012 წელთან შედარებით, 300 მილიონი ლარით სახელმწიფო აპარატის შენახვა გაიზარდა.
„სეკვესტრის ნაცვლად, ბიუჯეტში ცვლილებებს კორექტირებს დაარქმევენ, ჩასწორებას თუ შესწორებას, კონკრეტულ სამინისტროებს დაფინანსება შეუწყდებათ. მათ შორის თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს. რაც არ უნდა ლამაზად გამოძვრნენ და სეკვეტრს რაც არ უნდა დაარქვან, ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ჩვენი მოსახლეობა გაღარიბდა, რადგან ამის მაჩვენებელი ძალიან ცუდია. 2012 წლიდან დღემდე, ეკონომიკამ დაახლოებით 7 მილიარდი ლარი დაკარგა, ეკონომიკა კი, ამ თანხით რომ გაზრდილიყო, გადასახადის სახით მილიარდ 500 მილიონით ამოვიდოდა და პენსიის 10 ლარით გაზრდაზე კი ვილაპარაკებდით, არამედ 200 ლარიან პენსიაზე პრეტენზია გვექნებოდა“, - აცხადებს მაჭავარიანი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ზურაბ მელიქიშვილი.
for.ge-სთან საუბარში მელიქიშვილი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტრო ჩვეულ სტილს არ ღალატობს და საყოველთაო გაჭივრების ფონზე იმას ამბობს, რომ ყველაფერი კარგადაა.
დეპუტატის თქმით, შემოსავლები არათუ მცირდება, მთავრობის მტკიცებით, თურმე იზრდება კიდეც.
„ბიუჯეტს პრობლემები აქვს და თურმე, პროგრამები არ მცირდება, რაც არასწორია. საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო გადასახადებში კლებაა და გაუფასურებულ ლარს სულ უფრო მეტი ფული სჭირდება. ხელისუფლება ცდილობს, რომ პრობლემები არა თუ არ შეიმჩნიოს, არამედ შეუმჩნეველი ბიუჯეტის უარყოფითი ტენდენციებიც დარჩეს“, - დასძენს მელიქიშვილი.
მთავრობას ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების გამო აკრიტიკებს დამოუკიდებელი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძეც. როგორც for.ge-ს ჯაფარიძემ განუცხადა, ძალიან სამწუხაროა, რომ ფინანსთა სამინისტროში „ქეისების თეორიების“ მიმდევრები არიან.
კანონმდებელი ინტერესდება, თუკი ხარჯების შემცირება არ ხდება, მაშინ პრემიერი რატომ ამბობდა, რომ ხარჯები შემცირდებოდა.
„ასეთი ბიუჯეტის წარმოდგენას, რა აზრის აქვს, თუკი ყოველ წელს, მისი გაუარესება ხდება? მთავრობას შეუძლია ყველაფერი ჩინეთში საფონდო ბირჟის ლამის ჩამოშლას, ან საბერძნეთის კრიზისს დააბრალოს. მთავრობის მხრიდან გეგმების წარდგენას რა აზრი აქვს, თუკი ყველაფერს უარესობისკენ ცვლიან? ბიუჯეტში არ ჩანს, რომ მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს. ეს ბიუჯეტი სტიქიას ეხება და არა იმას, რომ ქვეყანა სავალუტო კრიზის პირობებში იმყოფებოდა და ეკონომიკის ზრდა სამჯერ არის შემცირებული“, - დასძენს ჯაფარიძე.
რაც შეეხება ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მოსაზრებებს, ორივე უწყებამ საკუთარი შეფასებები წერილობითი სახით პარლამენტს უკვე მიაწოდა, თუმცა, საკუთარ პოზიციაზე საუბარს გიორგი ქადაგიძე პარლამენტში სტუმრობის დროსაც გეგმავს.
ლაშა თორდიას უწყების შეფასებით, მოგების გადასახადიდან მისაღები შემოსულობის ოდენობა რამდენადაც დამოკიდებულია გასული წლის ეკონომიკურ ზრდაზე, საბიუჯეტო ცვლილების პროექტით მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდის მიმართულებით დაკორექტირების საჭიროება, შესაძლებელია გათვალისწინებული ყოფილიყო 2015 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
მათი განმარტებით, შემოსავლების კუთხით, გაცილებით მეტია მობილიზებული, ვიდრე პროექტით არის დაგეგმილი.
გიორგი ქადაგიძის უწყება კი, მთავრობას მიმდინარე ხარჯების შემცირებას ურჩევს და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია არსებულ შოკებზე ქმედითი რეაგირება და მომავალი შესაძლო გაუარესებისგან თავის დასაცავად ბუფერების შექმნა.
„ხარჯების შემცირება უპირატესად მიმდინარე ხარჯების კლებით უნდა მოხდეს. კერძოდ, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ 48 მლნ ლარით მცირდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 99 მლნ ლარით იზრდება. პროექტით, ასევე არ არის დაგეგმილი ცვლილებები საგადასახადო კუთხითაც, რაც ხელს შეუწყობდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და შედეგად გაცვლით კურსზე წნეხის შერბილებას. წარმოდგენილი ბიუჯეტის ცვლილებებში საყურადღებოა, ხარჯების განაწილება მიმდინარე და კაპიტალურ ხარჯებს შორის. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში მიმდინარე ხარჯები 15 მლნ ლარით იზრდება, ხოლო კაპიტალური ხარჯები 55 მლნ ლარით მცირდება. ნაერთ ბიუჯეტშიც კაპიტალური ხარჯების კლება მნიშვნელოვნად აღემატება მიმდინარე ხარჯების შემცირებას. მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის წევრების მხრიდან არაერთხელ გამოითქვა წუხილი ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებით, რამაც რთული პირობები შეუქმნა დოლარის სესხების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. შესაბამისად, თუ პარლამენტის მიზანია ლარის გაუფასურების გამო სასესხო ტვირთის შემცირება, ან შემდგომი ალტერნატივა - ლარის გაცვლითი კურსის დამატებითი გაუფასურების ზეწოლის განეიტრალება, საჭიროა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება, რაც არ არის გათვალისწინებული წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტით“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.