„რუსეთი მზად არის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას წინააღმდეგ ძალა გამოიყენოს“,– განაცხადა ნატო–ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, რომლის განცხადებით, რუსეთი ძალაუფლებას იყენებს მეზობელი ქვეყნების დასაშინებლად. რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ აგრესიის საპასუხოდ, ალიანსი ზრდის სწრაფი რეაგირების ძალებს, ამასთანავე, აღმოსავლეთ საზღვრებთან აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას.
ნატო–ს გენერალური მდივნის თქმით, ყველაფერი, რასაც ალიანსი აკეთებს, არის თავდაცვის ნაწილი.
„ჩვენი პასუხი არის თავდაცვითი, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებებს შეესაბამება. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ გავაძლიერეთ საჰაერო პატრულირება და წარმომადგენლობა ალიანსის აღმოსავლეთით მოსაზღვრე ქვეყნებში. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს. რუსეთის ქმედებები აგრესიულია. ყირიმის ანექსია არის აგრესიული ქმედება.
რუსეთი აგრძელებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების თანამედროვე იარაღით, თავდაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას, და გზავნის იქ სამხედროებს, ესეც აგრესიაა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოკავშირეებს, რუსეთი კი იყენებს საკუთარ ძალაუფლებას საზღვრების შესაცვლელად და უკრაინაში დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ანალიტიტიკოსები თვლიან, რომ ნატო–ს გენერალური მდვივნის განცხადება დროული და ადეკვატურია, რადგან რუსეთს ხედავს როგორც მოწინააღმდეგეს და გმობს მის აგრესიას, ოკუპაციას და ანექსიას. ანალიტიკოსების განცხადებით, ყველაზე მეტი საფრთხე მაინც საქართველოსთან მიმართებაში არსებობს. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო ვარშავას სამიტზე MAP–ს მიიღებს, ამან შესაძლებელია წაახალისოს რუსეთის პრეზიდენტი გამომდინარე იქედან, რომ მას ეძლევა უკანასკნელი შანსი დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ მისთვის MAP–ის მქონე სახელმწიფო არაფერს წარმოადგენს.
თუმცა, ამავე დროს არ გამორიცხავენ, რომ საქართველოსთვის MAP-ის მიღების შემთხვევაში ხელი ჩაიქნიოს საქართველოზე, ისევე, როგორც ეს მოხდა ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც რუსეთის მუქარის მიუხედავად გახდნენ ნატოს წევრები. აღსანიშნავია, რომ დღეს ბალტიის ქვეყნები ძალიან პრინციპულად უჭერენ მხარს საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაკარგა პირდაპირი გავლენა უკრაინაზე, ფაქტობრივად დარჩა დნესტრისპირეთი, რომელიც მოლდოვას ნაწილია. საქართველოს შეთხვევაში კი, რუსეთს მეტი საშუალება აქვს პირდაპირი სახმელეთო კონტაქტი ჰქონდეს, რადგან ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო ესაზღვრება რუსეთს.
„რაც შეეხება საქართველოს, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ნუ გავაჩენთ ჩვენს საზოგადოებაში განცდას, რომ ეს საფრთხე აუცილებლად მოხდება და გადაიზრდება პირდაპირ თავდასხმაზე. ზოგადად, უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირების საბაბი.
რუსეთი დასავლეთთან დაპირისპირებისთვის ცდილობს გამოიყენოს მუქარა პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ქვეყნებზე, რადგან ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის და ნატოს წევრია. ამიტომ, ალიანსმა უფრო პრინციპული პოზიციები უნდა შეინარჩუნოს ამ ქვეყნებთან მიმართებაში“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
„საქართველოს ატლანტიური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი“ გიორგი მუჩაიძე აცხადებს, რომ ნატო–ს გენერალური მდივნის მხრიდან ამ განცხადებით ხაზი ესმევა იმას, რომ რუსეთი ძალის გამოყენებისთვის არა მხოლოდ მზად არის, არამედ იყენებს კიდევაც ძალას როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და ამ რეალობიდან გამომდინარე, ამ რეალობას სწორად აღიქვამენ ნატოელი პარტიორები და ძალიან ცალსახად ესმით, რომ აგრესიული ქმედება რუსეთის მხრიდან კვლავაც ძალაშია.
„კონკრეტულად, ესკალაციის რა ფორმებს მიაღწევს ეს ძნელი საპროგნოზოა. თუმცა, რამდენადაც მეტი იქნება საერთაშორისო ზეწოლა და რამდენად სწრაფად მოხდება ამ ქვეყნების ინტეგრაცია ევროატლანტიკური უსაფრთხოების სტრუქტურებში, იმდენად ესკალაციის შანსი ქვევით დაიწევს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი აღმოსავლეთ ევროპის და მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნების, რომელთა გაწევრიანებამდე რუსეთი ძალიან ხშირად აბსურდულ მუქარებს აჟღერებდა და მათ შორის ბირთვული იარაღის ჟღარუნსაც ჰქონდა ადგილი. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება ინტეგრაციაზე, რუსეთმა უკან დაიხია და მიიღო ეს რეალობად.
აქედან გამომდინარე, აუცილებია ჩვენი მხრიდან ამ თემის გააქტიურება, ჩვენი საშინაო დავალების შესრულება, ასევე აუცილებელია ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის მაქსიმალური გააქტიურება როგორც სკეპტიკურ ქვეყნებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან. თავდაცვის სამინიტროს მხრიდან არის ამის სურვილი. იმედი მაქვს, რომ ეს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სურვილებად არ დარჩება და ჩვენი მთავრობაც ჩაერთვება ამ პროცესში, რადგან ეს არის სწორედ ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.
ექსპერტი, კორნელი კაკაჩია თვლის, რომ კონფლიქტის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს უკრაინას, ერთადერთი, რაც შეიძლება ამ შემთხვევაში მოხდეს, ეს არის კონფლიქტის ესკალაცია. რაც შეეხება მლდოვას, კაკაჩია თვლის, რომ თუ მოლდოვამ არ შეიცვალა თავისი საგარეო კურსი და არ დააფიქსირა სწრაფვა ნატოსკენ, სხვა შემთხვევაში რუსეთს დიდი სურვილი არ ექნება მოლდოვასთან კონფლიქტის.
„არა მგონია, რომ რუსეთს რაღაცა დიდი სურვილი ჰქონდეს და მეორე, მოლდოვის გეოგრაფიული მდებარეობა რუსეთს ხელს არ უწყობს, რომ პირდაპირი ოპერაცია განახორციელოს. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰყავს საკუთარი ჯარი დნეტრისპირეთში, ეს შეიძლება არ იყოს საკმარისი. აქედან გამომდინარე, ალბათ, უფრო ნაკლებად სავარაუდოა მოლდოვის ვარიანტი.
ყველაზე დიდი შანსი თეორიულად არსებობს საქართველოსთან მიმართებაში. განსაკურებით იმ სიტუაციაში, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, თუ საქართველო მიიღებს მაპს. ანუ, ამ შემთხვევაში იზრდება კონფლიქტის შანსი, მაგრამ ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მაპ–ის მიღების შემდეგ რუსეთმა შესაძლოა, საერთოდ დაგვანებოს თავი, რადგან საქართველო უკვე საბოლოოდ დაადგა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას და მისი ევრაზიული კავშირისკენ შემობრუნება ვერ მოხდება. ასე რომ, შესაძლებელია მაპ–ის მიღების შემდეგ, რუსეთმა ხელი ჩაიქნიოს საქართველოზე“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.