მორიგი ბლეფი ევროპის დასაშანტაჟებლად

მორიგი ბლეფი ევროპის დასაშანტაჟებლად

საბერძნეთში 5 ივლისს გამართული რეფერენდუმის თანახმად, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას. საბერძნეთში საყოველთაო გამოკითხვები ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა მას შემდეგ დანიშნა, რაც მთავრობამ ევროზონის ლიდერებთან შეთანხმების მიღწევა ვერ შეძლო.

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მოკავშირე დეპუტატები აცხადებენ, რომ საბერძნეთმა ევროზონა უნდა დატოვოს და რეფერენდუმის შედეგები იმას ნიშნავს, რომ საბერძნეთი ევროზონაში ვეღარ დარჩება. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი საბერძნეთის გაკოტრებული სახელმწიფოს დაფინანსება უნდა შეწყვიტოს, ხოლო ევროკავშირის ლიდერებმა ახლა საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის პროცედურების ორგანიზება უნდა დაიწყონ. გერმანელი დეპუტატები თვლიან, რომ საბერძნეთს შეუძლია დარჩეს ევროკავშირში, თუმცა, ევროზონაში მათ მომავალი არ აქვთ.

„მათ სცადეს ჩვენი დაშანტაჟება. ისინი სხვა ქვეყნების გადასახადის გადამხდელების მძევლად აყვანას ცდილობენ“ - აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.

საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს ევროზონის ლიდერები ეხმაურებიან - ევროჯგუფის ხელმძღვანელის, იერუნ დეისელბლუმის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგები საბერძნეთის მომავლისთვის „სამწუხაროა“. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, მარტინ შულცმა კი განაცხადა, რომ ევროპაში ძალიან რთული და დრამატული პერიოდი დაიწყება, თუ საბერძნეთის მთავრობა „გააზრებულ“ გადაწყვეტილებებს მალე არ მიიღებს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაოლო ჯენტილონის თქმით, „ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ შეთახმების მიღწევა კიდევ ვცადოთ. თუმცა, ბერძნული ლაბირინთიდან გამოსავალი არ არსებობს“. რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა ევროკომისარი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინიც - „მტკივნეული დღეებია მათთვის, ვისაც სჯერა ერთიანი ევროპის“, – დაწერა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

თუმცა, არიან ევროპელი ლიდერები, რომლებიც ბერძენი ხალხის გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მათ შორის არის დიდი ბრიტანეთის ევროსკეპტიკური პარტიის ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯიც. „ევროკავშირის პროექტი კვდება. ფანტასტიკურია ბერძენი ხალხის სიმამაცის ნახვა ბრიუსელის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური დამცირების პირისპირ“, - განაცხადა ფარაჯმა.

ესპანეთის მემარცხენე, ანტიკორუფციული პარტიის ლიდერის, პაბლო იგლესიასის თქმით კი, „საბერძნეთში დემოკრატიამ გაიმარჯვა“.

შეგახსენებთ, რომ საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, რეფერენდუმში მონაწილეთა 61,3 პროცენტი წინააღმდეგია, საბერძნეთმა კრედიტორების მოთხოვნა შეასრულოს, 38,7 პროცენტი კი, ამ მოთხოვნების შესრულების მომხრეა.

ბერძენს ამომრჩეველს 5 ივლისის რეფერენდუმზე უნდა გადაეწყვიტა, დაუჭერდა თუ არა მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვდნენ. ევროზონის ლიდერების პოზიციაა, ათენმა გადასახადები გაზარდოს და სოციალურ პროგრამებზე სახელმწიფო ხარჯები შეამციროს, რასაც ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება.

რატომ აღმოჩნდა უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო დეფოლტის წინაშე და როგორ დაუშვა ეს ევროპამ, როგორი მომავალი შეიძლება ჰქონდეს საბერძნეთს და როგორ აისახება შექმნილი სიტუაცია საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნების ევროპულ მომავალზე, ამ თემებზე ექსპერტი, კახა გოგოლაშვილი გვესაუბრება.

კახა გოგოლაშვილი: რეფერენდუმის შედეგები ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი წინააღმდეგია, შემცირდეს სახელმწიფო ხარჯები. ქვეყანა რაც უფრო ღარიბია, მით უფრო მეტადაა ორიენტირებული სოციალურ პროექტებზე, ანუ მოსახლეობა ძირითადად აქედან ღებულობს შემოსავლებს.

საბერძნეთის მთავრობის „დამსახურებაა“ ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი დარწმუნებულია, ყველაფერში დამნაშვე საერთაშორისო კრედიტორები არიან, რომლებიც აიძულებენ რაღაც პირობების მიღებას - პირობების, რომელიც არ აწყობს საბერძნეთის მოსახლეობას. მაგრამ არავინ ფიქრობს, კრედიტორები ამ პირობებს უყენებენ იმის სანაცვლოდ, რომ საბერძნეთს საგარეო ვალის გადახდაში დაეხმარებიან.

ეს არის რაღაცნაირი, მოჯადოებული წრე, რაც უფრო იზრდება ეკონომიკური კრიზისი, მით უფრო მეტია პოპულიზმი და რაც უფრო მეტია პოპულიზმი, მით უფრო ნაკლებია შანსი ამ კრიზისიდან გამოსვლისა - ამ სიტუაციაშია დღეს საბერძნეთი.

პრინციპში, საბერძნეთმა დიდი ხანია, იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ამ სიტუაციაში აღმოჩნდებოდა. მას ჰქონდა აღებული დიდი რაოდენობით საგარეო ვალი და მისი დაბრუნების ნაცვლად ახალ კრედიტებს ითხოვდა... როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ შეძლო კრიზისიდან გამოსვლა ან ევროპამ ეს როგორ დაუშვა?

- მთავარი პრობლემაა საბერძნეთის ეკონომიკა, არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკური პოლიტიკა. ვერ განვითარდა ეკონომიკის დარგები და მხოლოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები საკმარისი არ აღმოჩნდა აღებული კრედიტების დასაფარად. არაეფექტიანი ეკონომიკის პირობებში ხარჯები ყოველთვის იზრდება. საბერძნეთიც ნელ-ნელა შევიდა ისეთ ვითარებაში, რომ დეფოლტის გარდა სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა. დეფოლტი კატასტროფაა არა მხოლოდ საბერძნეთისთვის, არამედ უამრავი ეროპული და ამერიკული ბანკებისთვისაც, რომლებიც ვერ ამოიღებენ თავიანთ კრედიტებს საბერძნეთის ეკონომიკიდან. მთავარი მიზეზი, რამაც საბეძნეთი ამ სიტუაციაში შეიყვანა იყო ის გაყალბებული სტატისტიკა, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებს აწვდიდნენ.

როდესაც ევროზონაზეა საუბარი, სახელმწიფოები ვალდებული არიან დაიცვან და შეასრულონ გარკვეული პირობები, კრიტერიუმები. ამ პირობების შესრულება საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ევროს სტაბილურობას - მაგალითად, ქვეყანამ უნდა დაიცვას საბიუჯეტო დეფიციტის დადგენილი ნორმა, არ უნდა დაუშვას, რომ საგარეო ვალმა გადააჭარბოს მშპ-ს 60%-ს.

როგორც ჩანს, საბერძნეთის როგორც წინა, ასე ახლანდელი მთავრობა არაობიექტურ ინფორმაციას აწვდიდა ევროპულ ინსტიტუტებს. პრინციპში, ამით ფარულად აყენებდა ზიანს ევროსტაბილურობას - ეს აისახა კიდეც ევროს კურსზე. ეს ყველაფერი გამოჩნდა მაშინ, როდესაც უკვე გვიან იყო და საბერძნეთს დაუგროვდა უზარმაზარი ვალები.

ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ საბერძნეთის მომავალზე, მაგრამ საინტერესოა გერმანიის პოზიცია, რომელიც, როგორც ვიცით, ხშირად გადამწყვეტია-ხოლმე. მერკელი და მისი მომხრეები ალაპარაკდნენ საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გაყვანაზე. თუმცა, მაგალითად, ესპანეთი თანახმაა დაკრედიტების მესამე ეტაპზე გადავიდეს. რამდენად რალურია საბერძნეთის ევროზონიდან გაყვანის სცენარი?

- თეორიულად შესაძლებელია ევროზონის დატოვება. თუ დეფოლტს გამოაცხადებს ქვეყანა, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება დარჩეს ის ევროზონაში და ზიანი მიაყენოს ევროს. ასეთ შემთხვევაში, ევროზონის ქვეყნები, რა თქმა უნდა, მომხრეები იქნებიან, რომ რაღაცნაირად, მოხდეს საბერძნეთის ევროზონიდან იზოლირება.

იმის მიუხედავად, რომ საბერძნეთმა თავისი რეფერენდუმით, ფაქტობრივად, კენჭი უყარა ევროზონიდან გასვლას (თანაც, ვიცით, რომ ევროპის მოთხოვნის შესრულებას მოჰყვებოდა 8-მილიარდიანი კრედიტის მიღება), მე მაინც მჯერა, რომ ეს არის პოლიტიკური ფანდი - ალბათ, ფიქრობენ, რომ დააშანტაჟებენ ევროზონის ქვეყნებს - საბერძნეთი თუ საკუთარ ვალუტას შემოიღებს, არ მგონია, მისი სტაბილურობა უზრუნველყოს, რადგან როგორც მოგახსენეთ, კონკურენტუნარიანი ეკონომიკა არ გააჩნია.

რამდენად არის შესაძლებელი პარალელების გავლება საქართველოსა და საბერძნეთს შორის? ჩვენ გვაქვს არაკონკურენტუნარიანი ეკონომიკა, თუმცა საგარეო ვალი საშიშ ზღვრთან ახლოს ნამდვილად არ არის...

- დაახლოებით 2000 წლიდან საქართველო დაუბრუნდა ისეთ პოლიტიკას, რომ ფისკალური და საბიუჯეტო კონტროლი შესაძლებელი იყო. ფაქტობრივად, საქართველო მუდმივად ცხოვრობს ქამრების შემოჭერის რეჟიმში. საგარეო ვალების აღების საკითშიც ჩვენი მოახლეობა საკმაოდ კრიტიკულია.

ჩვენთან შედარებით საბერძნეთის მოსახლეობა დალხენილად ცხოვრობდა. საქართველოში პედაგოგებისა და ექიმების ხელფასები საკმაოდ დაბალი იყო, მაგრამ ის ვერ გაიზრდებოდა თუ ბიუჯეტში შესაბამისი შემოსავლები არ იქნებოდა. კერძო კომპანიებშიც საკმაოდ დაბალი ხელფასებია. საბერძნეთის მთავრობას კი სხვა პოლიტიკა ჰქონდა.

საბერძნეთი ევროზონაში შესვლის შემდეგ ინვესტიციებით იყო განებივრებული, ფაქტობრივად ევროს ჩამოეკიდა საბერძნეთის ეკონომიკა. ბერძნებმა უკონტროლობით ისარგებლეს და უხვად აფინანსებდნენ სოციალურ ბიუჯეტებს. მოსახლეობა შეეჩვია ვალში კარგად ცხოვრებას და აღარ ფიქრობდნენ, რომ ოდესმე ამ ვალის გადახდა მოუწევდათ.

ამ სიტუაციას ხომ არ გამოიყენებენ პროპუსული ძალები იმისათვის, რომ ევრაზიული კავშირის ახალი ძალით პოპულარიზაცია დაიწყონ? ალბათ, კარგი მაგალითი იქნება საბერძნეთი, რომელსაც ევროპა აღარ უჭეერს მხარს, აღარ უდგას გვერდით...

- არ მგონია პრორუსულ ძალებს ისეთი ძალა შესწევდეთ, რომ ისეთი ევროპული ქვეყანა, როგორიც საბერძნეთია ევრაზიის კავშირისკენ გადაიბირონ. საბოლოო ჯამში, რუსეთსაც უამრავი პრობლემა აქვს - ომი სირიაში, ყირიმი აქვს შესანახი და ა.შ. შესაძლოა, რუსეთის მომხრეები აჟიტირებული არიან რომ აი, ევროკავშირი იშლება, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, საბერძნეთი ევროზონიდანაც რომ გავიდეს, ვინ დაეხმარება ბერძენ ხალხს პრობლემების მოგვარებაში? - ისევ ევროპა, რომელიც არ დაუშვებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნას, საბერძნეთის მოსახლეობამ იშიმშილოს...

სურთ თუ არა, საბერძნეთს სოლიდარობა უნდა გამოუცხადონ ევროკავშირის ქვეყნებმა. ევროკავშირის პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ ახლავე უნდა ვიფიქროთ მომავალში ბერძენი ხალხის მხარდაჭერისთვისო.

შესაძლოა, რუსეთმა ერთჯერადი დახმარება გაუწიოს, მაგრამ გრძელვადიან დახმარებას მხოლოდ ევროპა გაუწევს - ასეთ კონკურენციას ევროპასთან რუსეთი ვერ გაუძლებს.

საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნების ევროპული გზა ხომ არ გართულდება? ევროპამ თავის დროზე თვალი დახუჭა საბერძნეთის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც დამთავრდა ისე, როგორც დამთავრდა. არასტაბილური ეკონომიკის მქონე ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას როგორი მომავალი აქვს?

- რა თქმა უნდა, ეს უფრო გაურთულებს მდგომარეობას ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს. კიდევ უფრო გამკაცრდება კრიტერიუმები როგორც ევროკავშირში, ასევე ევროზონაში შესასვლელად. ასე რომ, საქართველოს სერიოზული ბარიერების გადალახვა მოუწევს.