„ჯანდაცვაში მართვის იდეალურ მოდელად ითვლება კერძო სექტორის და სახელმწიფოს პარტნიორობა“

„ჯანდაცვაში მართვის იდეალურ მოდელად ითვლება კერძო სექტორის და სახელმწიფოს პარტნიორობა“

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას თუ რამით შეუძლია თავი მოიწონოს, ერთ-ერთი საყოველთაო დაზღვევა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი. ალბათ, ამან შეუწყო ხელი ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს პოპულარობას. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პოპულარობა ისე გაიზარდა, რომ სერგეენკოს გვარი მუდმივად განიხილებოდა პრემიერის პოსტზე. და, სწორედ, ამ დროს, ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა საზოგადოებას მიანიშნა, რომ C ჰეპატიტის იდეის ავტორი შსს-ს მინისტრის მოადგილე და დევნილთა მინისტრი იყო. ეს განცხადება იყო თუ არა მინიშნება სერგეენკოსთვის, რთული სათქმელია, თუმცა მას შემდეგ, სერგეენკოს გაპრემიერების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. შესაძლოა, ეს უბრალოდ დამთხვევაა, მაგრამ მაინც სასარგებლო, ვინაიდან იყო წარმატებული, ამ ქვეყანაში არ ნიშნავს, რომ შენი კარიერა წარმატებით დასრულდება.          

რაც შეეხება C ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამას, ვისი ინიციატივით დაიწყო და საიდან იღებს სათავეს, მაინც ვერ გავარკვიეთ, ვინაიდან საკმაოდ ვრცელი თემა აღმოჩნდა. ყოველ შემთხვევაში, მინისტრისგან პირობა მივიღეთ, რომ შემდეგ ინტერვიუში აუცილებლად დაწვრილებით გვიამბობდა ამ პროგრამის შესახებ.

ამ ინტერვიუს, კი, რომელიც დავით სერგეენკოსთან ჩავწერე, პირობითად, შეიძლება მოთელვა ეწოდოს, ვინაიდან უფრო, ინფორმაციული ხასიათის და ზოგადია, თუმცა არ ვთვლი, რომ უინტერესო. 

საზოგადოებაში ამ მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მინისტრად მოგიხსენიებენ. მეტიც, მთავრობაში საკადრო პოლიტიკის ყოველი ცვლილების წინ, პრემიერადაც განიხილებოდით. თვლით, რომ ყველაზე წარმატებული ხართ?

- მე ესე არ ვთვლი. მართალი გითხრათ, წარმატებული არის ის მიმართულება, რაც მთავრობამ განსაზღვრა პრიორიტეტად და ეს არ არის რაღაც ყალბი თავმდაბლობა. მე არ ვთვლი, რომ აქ რაღაც პიროვნებამ ითამაშა როლი, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მთავრობამ ჯანდაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და შესაბამისად, მთელი ძალისხმევა იქეთკენ იყო მიმართული, რომ ეს პრიორიტეტი წარმატებთ განხორციელებულიყო.

რაც შეეხება ჩემს გაპრემიერებას, მართლაც იყო რაღაც პერიოდები, როდესაც საზოგადოებაში ეს აზრი ტრიალებდა, მაგრამ მე ვრჩები იმ აზრზე, რომ პიროვნულად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება მინისტრი, რა სახელის და გვარის და რა მონაცემების. მთავარია როგორ ვითარდება დარგი. დარგი კი, ჩემი აზრით, ვითარდებოდა წარმატებულად. ახლა, როცა ორ წელიწადზე მეტი გავიდა, რეტროსპექტივის გაკეთება შემიძლია და ისიც შემიძლია ვთქვა, რომ არის უამრავი ისეთი კონკრეტული პროექტი, რომელიც შესაძლებელი იყო უკეთესად გაკეთებულიყო.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს პირველი აღიარება, რა თქმა უნდა, საყოველთაო დაზღვევა იყო, რასაც დაემატა ახალი პროექტი - C ჰეპატიტის მკურნალობა. რომელი პროექტის მიმართ გაქვთ უკმარისობის გრძნობა, უფრო მეტის გაკეთება რა მიმართულებით შეიძლებოდა და რატომ არ გაკეთდა?

- გეტყვით რა ვერ გაკეთდა და შევეცდები ავხსნა, რატომ ვერ გაკეთდა. ჩვენ გვქონდა თავიდან ამოცანა, რომ მაქსიმალურად მცირე დროში მოგვეცვა ჯანდაცვის სერვისებით მოსახლეობის ნახევარზე მეტი. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის პროექტები მოითხოვს ძალიან დიდ რესურსებს, როგორც ფინანსურს, ასევე მენეჯერულს და რაც მთავარია - დროითს. ჩვენ დრო არ გვქონდა, ვინაიდან, ყოველგვარი დრამატიზების გარეშე, ვუყურებდით როგორ ვკარგავდით ყოველ დღე ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც უფულობის გამო არ შეეძლო, თუნდაც, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება. ამიტომ, ჩვენი პირველი თვეების მოქმედება იყო სწრაფი გადაწყვეტილების, რომ ჯანდაცვის ძირითადი სამკუთხედიდან - მიწვდომადობა, ფასი, ხარისხი - გვემუშავა მიწვდომადობაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიეღოთ მოსახლეობას ეს სამედიცინო დახმარება. რა ვერ გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში? - ვერ გაკეთდა პირობითად, ამ სამკუხედის დანარჩენი ორი პუნქტის - ხარისხის და ფასწარმოქმნის სერვისები. რა თქმა უნდა, პრიორიტეტი იყო და შეიძლებოდა ალბათ, იგივე რესურსი რომ მოგვეხმარებია ხარისხის და ფასწარმოქმნის მიმართულებისთვისაც, მეტი შედეგი მიგვეღო, მაგრამ ერთადერთი, რაშიც მე პირნათელი ვარ ყველასთან - ჩვენ ძალისხმევა არ დაგვიშურებია.

წინა ხელისუფლების დროს ექიმების მხრიდან გვახსოვს აქციები იმართებოდა. სამედიცინო პერსონალი ხშირად აპროტესტებდა იმას, რომ მათ ტესტირების გავლას სთხოვდნენ. აქვე გავიხსენებ 90-ან წლებს, როდესაც ლამის, ყოველი შენობის თითო ოთახში უმაღლესი სასწავლებელი იყო გახსნილი, მათ შორის სამედიცინო. ამ სასწავლებლებმა ბევრი „ექიმი“ გამოუშვეს. როდესაც ხარისხზე საუბროთ, იგულისხმება თუ არა ამაში ექიმების კვალიფიკაცია? ხშირად პაციენტები უკმაყოფილონი არიან მომსახურების ხარისხით, ხოლო ზოგჯერ, ექიმის არაკვალიფიციურობის გამო ლეტალური შედეგიც დამდგარა.

- ჯანდაცვის ხარისხი არის უკიდურესად სპეციფიური თემა, ამ სპეციფიურობას ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ ერთს ვიტყვი - ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ერთი და იგივე ადამიანთან ერთი და იგივე დაავადებაც კი სხვადასხვა დროს შეიძლება ძალიან განსხვავებული სცენარით წარიმართოს. ამიტომ, აქ არ არის ერთიანი სტანდარტი მიდგომის. ექიმის და პაციენტის ურთიერთობა არის უკიდურესად ინდივიდუალური რამ და ამიტომ, ამ ხარისხის კონტროლი ძალიან რთულია შესაფასებლადაც და გასაუმჯობესებლადაც.

აი, თქვენ ბრძანეთ რომ პაციენტები ხშირად უკმაყოფილო არიან მომსხურების ხარისხით. ჩვენ არ გვაქვს ჯერ ჩამოყალიბებული სისტემა, რას ნიშნავს საერთოდ კარგი ხარისხი. მე შეიძლება უკმაყოფილო დავრჩე ისეთი სამედიცინო მომსახურებით რომელიც იდეალურად იქნა შესრულებული, უბრალოდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა საჭიროებდა ხანგრძლივ და ზოგჯერ მტკივნეულ ინტერვენციებს. ამიტომ, მე ცალსახად არ ვამბობ და არასოდეს არ ვიტყვი, რომ დავუშვათ, საქართველოში ექიმები არ არიან შესაბამისი კვალიფიკაციის, სანამ არ მექნება ობიექტური სისტემა ხარისხის შეფასების. მე თუ მკითხავთ, პირიქით, საქართველოში ძალიან კარგი ექიმები არიან და თუ არის პრობლემა, ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს პრობლემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მათი ხარისხის ობიექტური შეფასების სისტემის შექმნა.

რაც შეეხება პერიოდულ ტესტირებას, გნებავთ სერტიფიცირებას, ჯანდაცვის ხარისხის კონტროლის მთლიან მოცულობას თუ წარმოვიდგენთ, ეს მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილია იმ დიდი სისტემის, რასაც ჯანდაცვის ხარისხი ქვია.

საერთოდ, ჯანდაცვის სისტემა, ყველა ქვეყანაში მთავრობისთვის არის პირველი რიგის გამოწვევა. უდიდესი ეკონომიური და ტრადიციების ქვეყნებიც ცდილობენ, რომ პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემაში გაატარონ რეფორმები.

დღეს, საქართველო რეგიონში, თუ თურქეთს არ ჩავთვლით, არის საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის მქონე და მე უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის ბოლო ორი წლის, ან ორწელიწადნახევარი წლის მიღწევა. არის დარგები, სადაც მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან ძალიან დიდი ნაკადი პაციენტებისა, რომლებიც ღებულობენ ისეთ კვალიფიციურ დახმარებას, რომელსაც თავის ქვეყანაში ვერ მიიღებდნენ.

90-იანმა წლებმა ყველაფერზე იქონია გავლენა და არ შეიძლებოდა მას არ ქონოდა გავლენა განათლებაზე. მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ჯანდაცვის სისტემა აღმოჩნდა თავისუფალი ბაზრის ერთ-ერთი ნაწილი, რაც ჩემი აზრით, არის პირველი რიგის კატასტროფული პრობლემა. ჯანდაცვის სისტემა არ შეიძლება ბოლომდე მივანდოთ თავისულ ბაზარს, იგი აუცილებლად უნდა ექვემდებარებოდეს რეგულირებად ბაზარს.

ჯანდაცვის სისტემა არის სპეციფიური და არ შეიძლება იყოს ღია კონკურენციის პირობებში. როგორც ამბობდნენ, ბაზარი განსაზღვრავს სად არის უკეთესი ხარისხი და იქ მივა პაციენტიო, მაგრამ პაციენტი ორი მთავარი მიზეზის გამო ვერ გააკეთებს ამას - პირველი, ჯანდაცვის სერვისები, არ არის ისეთივე როგორც ნებისმიერი სხვა სახის სერვისები. თუკი, ჩვეულებრივ შემთხვევაში ადამიანი ყიდულობს ტელევიზორს, განსაზღვრავს ამ ტელევიზორის სპეციფიკას, განსაზღვრავს ბიუჯეტს და ღებულობს გადაწყვეტილებას, ანუ ზუსტად იცის რა ჭირდება, მიდის და ხდება თანხის გაცვლა ნივთში. ეს არის ჩვეულებრივი სიმეტრიული შესყიდვა. ჯანდაცვაში შესყიდვა არის ასიმეტრიული. პაციენტს არ აქვს წარმოდგენა, რა ჭირდება მას, მას აქვს ძალიან ბუნდოვანი მოცემულობა, მაგალითად ძალიან ტკივა თავი, არ იცის რა მიზეზით არის გამოწვეული და მიდის სერვისების მიმწოდებელთან, რომელიც მთლიანად თვითონვე განსაზღვრავს მისაწოდებელი სერვისების მოცულობას, პარამეტრებს, რაოდენობას და ა.შ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ერთჯერადი კონსულტაცია - ადამიანი გაციებულია, ბევრი სითხე უნდა მიიღოს, პარაცეტამოლი დალიოს, ან აქვს ინსულტი და ჭირდება უძვირესი და ძალიან მძიმე მკურნალობა. ეს განაპირობებს სერვისების შესყიდვის ასიმეტრიულობას. ასიმეტრიული შესყიდვა არის ერთ-ერთი განმასხვავებელი ჯანდაცვის.

მეორე სპეციფიკა, რის გამოც პაციენტი ვერ გააკეთებს არჩევანს ხარისხზე, ეს პროცესების ინერციულობაა. მაგალითად, პაციენტმა აღმოაჩინა, რომ ჭირს C ჰეპატიტი, მან არ იცის რომელ სამედიცინო დაწესებულებაში დაემართა ეს, რადგან წლების განმავლობაში ის ფიზიკურად ვერ გრძნობდა ამას. ამ წლების განმავლობაში კი ის ათეულობით დაწესებულებაში შეიძლება მისულიყო. ანუ, მას შემდეგ, რაც გაიგებს, რომ ჰეპატიტი აქვს, რეტროსპექტივა რომც გააკეთოს, ვერაფრით ვერ გაიგებს (არ არსებობს ინსტრუმენტი რომლითაც განსაზღვრავს), ცუდი სერვისის გამო რომელ დაწესებულებაში დამართეს ჰეპატიტი, რომ არასოდეს მივიდეს იქ.

სწორედ, ეს ორი ფაქტორი ძალიან სპეციფიურს ხდის ჯანდაცვას და ამ ორმა ფაქტორმა ქართველი ექიმები და ექთნები დატოვა ერთი-ერთზე თავიანთ გადარჩენასთან. მე თუ მკითხავთ, ჯანდაცვაში ყველაზე დამანგრეველი ფაქტორი იყო ეს.

სახელმწიფომ ბოლო პერიოდებში უკან დაიბრუნა რამდენიმე კლინიკა, სადაც მართვაში შესული იყო კერძო მენეჯმენტი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ პრეტენზიების მართებულობას, რაც საზოგადოებას ჰქონდა სამედიცინო სფეროში არსებულ მონოპოლიებზე - არათუ, საზოგადოებას, ექიმებსაც კი არ ჰქონდათ არჩევანის უფლება. რამდენიმე კომპანია აკონტროლებდა ბაზარს - მათ ხელში იყო დაზღვევა, კლინიკები, მედიკამენდების დისტრიბუცია, სააფთიაქო ქსელი .. თუმცა, მონოპოლიების მიმართულებით, თითქმის, არაფერი შეცვლილა, ბაზარზე ისევ ის მოთამაშეები რჩებიან და ახალიც არავინ შემოსულა - რატომ?

- დიახ, 2012 წლის მდგომარეობით, პრაქტიკულად, მთელი საქართველო, ყველა რაიონი გადანაწილებული იყო კერძო სადაზღვევო კომპანიებს შორის და შექმნილი იყო ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელი სისტემა - რაიონებს მთლიანად მართავდა ერთი მფლობელი, რომლის აქტივებში შედიოდა დავუშვათ, მედიკამენტების წარმოება, იგივე კომპანიას ქონდა სადაზღვევო, იგივე კომპანიას ქონდა მართვაში იმ რაიონის კლინიკები და იმ რაიონში ქონდა სასწრაფო დახმარების სამსახურები. ეს იყო სრული მწკრივი, რომ ამ კომპანიას მხოლოდ თავისი წამალი გაეყიდა ამ სავადმყოფოში, რომ სასწრაფო დახმარებას უზრუნველყოფა გაეკეთებინა და მხოლოდ მასთან მიეყვანა ეს პაციენტები და ამ პაციენტებისთვის არ ყოფილიყო არჩევანი. ცხადია, ეს სრულიად მიუღებელი იყო.

თუმცა, 2014 წლის 1 იანვრიდან, მთლიანად, საქართველოს მასშტაბით, სასწრაფო დახმარებების რაიონული მართვა გადმოიბარა სახელმწიფომ. ამასთან, ცხრა რაიონში, სადაც ინვესტორს, წლების განმავლობაში, თითი თითზე არ დაუკარებია, რომ ვალდებულებები შეესრულებია, მრავალჯერ ვცადეთ მასთან მოლაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ და ამიტომ, ეს კლინიკები კანონის ძალით ჩამოვართვით.

ასევე, კიდევ ცხრა რაიონში, სადაზღვევო კომპანიებს, რომლებიც ფლობდნენ კლინიკებს, თუმცა ფორმალური ვალდებულებაც კი არ ქონდათ, რომ სრულყოფილი სერვისები განეხორციელებინათ, რადგან მხოლოდ რაღაც, სიმბოლორი, მსუბუქი, ამბოლატორიული სერვისები ჰქონდათ და მომაკვდავი ადამიანი რომ მისულიყო, ვერაფრით დაეხმარებოდნენ, იძულებული გავხდით, მათგან გამოგვესყიდა ეს კლინიკები. ახლა, ჯამში, თვრამეტ რაიონში, უკვე, სახელმწიფო აკონტროლებს ამ ყველაფერს. ის რაღაც პარადოქსული წარმოუდგენელი სიტუაცია არ არის და ეს ერთიანი რგოლი გაწყვეტილია საქართველოს 61- დან 18 რაიონში.

ახლა დგება საფრთხეები, რომ ჩამოყალიბდეს გარკვეული მონოპოლიური მართვა, განსაკუთრებით, პრობლემა შეიძლება შეიქმნას პედიატრიულ კლინიკებთან დაკავშირებით, როდესაც ერთი კომპანია ხდება 70%-ზე მეტის მფლობელი. ეს პრობლემაც გარკვეულ ცივილურ მიდგომას მოითხოვს და არა ხელის გადაგრეხვით დარეგულირებას. მე ვფიქრობ, რომ შევძლებთ ამის გაკეთებას, რომ ბავშვებს პრობლემა არ შეექმნათ.

თქვენ ახსენით რატომ არ შეიძლება ჯანდაცვა ლიბერალურ ბაზარს მივანდოთ, მაგრამ მეორე მხრივ, როცა სახელმწიფო ხდება მესაკუთრე და მმართველი, 70 წელი ვუყურებდით როგორი მესაკუთრე და მმართველი იყო სახელმწიფო. გარდა ამისა, საყოველთაო დაზღვევაც ძალიან კარგია, მაგრამ რამდენი ხანი გაუძლებს ამ ყველაფერს ბიუჯეტი? ისე ხომ არ გამოვა, რომ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავვარდეთ?

- სახელმწიფოს და ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენცია და ფუნქცია არანაირად არ არის, რაიონული სავადმყოფოების, გინდა დედაქალაქის საავადმყოფოების მართვა. ჯანდაცვის სამინისტროს ფუნქცია არის ჯანდაცვის პოლიტიკის განსაზღვრა და იმაზე ზრუნვა, რომ ეს პოლიტიკა იყოს განხორციელებული. ჩვენ იმ სავადმყოფოებთან დაკავშირებით იძულებულები გავხდით, ეს ნაბიჯი გადაგვედგა. ბოლო წლების მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ჯანდაცვაში არ ვარგა და არაეფექტურია არც ერთი უკიდურესობა, როდესაც სრულიად განკერძოებულია და მხოლოდ კერძო მმართველები მართავენ ამ სფეროს და არც მეორე უკიდურესობა, როდესაც სახელმწიფო არის მონოპოლისტი. ამ ეტაპზე, როგორც პოლიტიკის შემუშავებაში, ასევე დაწესებულების მართვაში, მართვის იდეალურ მოდელად ითვლება კერძო სექტორის და სახელმწიფოს პარტნიორობა. ჩვენ ქვეყანაში ეს შედარებით ახალია, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში ძალიან ფართოდ გამოიყენება. ეს არის მოდელი, როდესაც სახელმწიფო და კერძო მმართველი იყენებენ თავის უძლიერეს მხარეებს და ეს არის სიმბიოზი. სწორედ, აქეთ მივდივართ და კანონპროექტის მონახაზიც უკვე მზად არის.

როდესაც სახელმწიფომ C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელება დაიწყო, ამას უმალ მოყვა ე.წ. შავი პიარი. ბევრი სტატია გამოქვეყნდა, როგორ ვიქეცით საცდელ ვირთხებად და ა.შ. როგორ ფიქრობთ, საიდან და რატომ დაიწყო ამ პროექტზე შეტევა?

- C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი, თავისი მასშტაბებით იმდენად დიდია, რომ არ შეიძლებოდა რყევები არ გამოეწვია. რითი იყო გამოწვეული? - გამოწვეული იყო ნიუტონის მესამე კანონით, ქმედება უდრის უკუქმედებას. ვერ დაგეთანხმებით, რომ ბევრი სტატია დაიწერა და შავი პიარი აგორდა. აქ იყო სამი ჯგუფი, რომელთაც, ასე ვთქვათ, ნეგატიური რეაქცია ქონდათ. ამ პროექტმა დამერწმუნეთ, რეგიონულ პოლიტიკადაზეც იქონია გავლენა და ბევრად უფრო მიმზიდველი გახადა საქართველოს მოქალაქეობა და საქართველოსთან უფრო მეტი ინტეგრაცია, იგივე, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ანუ, ამუშავდა რუსელი პროპაგანდა?

- ვიტყოდი - რეგიონული გავლენა. მეორე ჯგუფი, ვინაც ეს ნეგატივი გამოიწვია (მე თუ მკითხავთ, ესეც ძალიან უმნიშვნელო იყო), იყო არაპოლიტიკური ოპონენტები. პოლიტიკური ოპონირება ყოველთვის კარგია, მაგრამ ჩასაფრებული ხალხისგან წარმოუდგენელ რაღაცეებს ვისმენდი - ანალიზსა და კომენტარებს რომ არ ექვემდებარება. მესამე ჯგუფი იყო, რაღაც ჯგუფი, არა ორგანიზებული ან სპეციფიური ადამიანებისა, არამედ გაფანტული, ე. წ. ყოვლისმცოდნეები, რომლებსაც აქვთ რაღაცა „კომპეტენტური“ შეხედულება ყველაფერზე. ჯამში, ამას რაიმე უარყოფითი გავლენა არ გამოუწვევია ამ პროექტის.

ამ პროექტის ინიციატივა ვისგან წამოვიდა?

- ამას ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომელცას ცალკე ინტერვიუ დაჭირდება.

წლების განმავლობაში, ქართული ჯანდაცვის აქილევსის ქუსლი იყო ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, დღევანდელი სტატისტიკა როგორია?

- ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ბავშვთა სიკვდილიანობა საქართველოში კლებულობს. თუმცა, მისი მაჩვენებელი ჯერ კიდევ არ არის მიახლოებული ევროპულთან. დინამიკა არის პოზიტიური, - კლებისკენ, თუმცა აქაც სიურპრიზების გარშე არ ყოფილა. 2013 წელს ჩვენ შევცვალეთ ინფორმაციის მოწოდების სისტემა და აღმოჩნდა, რომ ის სისტემა, რაზეც იყო აწყობილი სტატისტიკა, რეალურად, არ ფარავდა ყველა შემთხვევას. ანუ, აღმოჩნდა, რომ დედათა სიკვდილიანობა სტატისტიკურზე უფრო მაღალი იყო, თუმცა - პოზიტიური დინამიკით. სხვათა შორის, თუ გრაფიკს დახედავთ, დედათა სიკვდილიანობის შკალა 2009 წელს პიკზეა. როცა დავინტერესდი რატომ, რა მოხდა, რომ იმ წელს უფრო მეტი დედა გარდაიცვალა, აღმოჩნდა, რომ 2009-ში ეს კვლევა ჩაატარა მაშინდელი ამერიკის ელჩის მეუღლემ და ჩაატარა ობიექტური მონაცემებით, რომელსაც ვერაფერი ვერ უქნეს.

ყველაზე მეტად მოსახლეობას წამლის ფასები აინტერესებს - როგორი დინამიკა გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით? და, კიდევ ერთი - ადგილობრივი წამლების ხარისხზე რა შეგიძლიათ თქვათ, იმასაც ამბობენ, რომავერსის“ წამლები ერევანში უფრო იაფია ღირს, ვიდრე თბილისში.

- წამლის ფასები და ხარისხიც დიდი თემაა, თუმცა მოკლე პასუხი ასეთია - კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით იყო ფასების ზრდა. ეს ფასების ზრდა ახლა დასტაბილირებულია და კურსის ცვლილების დაწყებამდე ნიშნულთან არის მიახლოებული. რაც შეეხება ხარისხს, ჩვენ დადასტურებულად ვერ ვიტყვით ცუდია თუ კარგია, სანამ არ გვექნება ხარისხის კონტროლის სპეციალური ლაბორატორია. ეს ლაბორატორია გვექნება წლის ბოლოს.