„თუკი ეს ყველაფერი ყურად არ იღეს, არ არის გამორიცხული, პარლამენტი დავტოვო“

„თუკი ეს ყველაფერი ყურად არ იღეს, არ არის გამორიცხული, პარლამენტი დავტოვო“

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე ამავე რაიონის არც საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით მაღრაძეს და არც გამგებელს, ტარიელ თუთარაშვილს არ ელაპარაკება. დეპუტატი ამბობს, რომ მაღრაძე კორუმპირებული ადამიანია და მას ამის მტკიცებულებებიც აქვს. კანონმდებელი მტკიცებულებების გასაჯაროვებას ჯერჯერობით ერიდება, მაგრამ ირწმუნება, რომ ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს და ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართავს, ეს ადამიანები მმართველობას ჩამოაშოროს.

ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არსებულ დაპირისპირებაზე, for.ge გოგი ქავთარაძეს ესაუბრა:

ზესტაფონის დასუფთავების სამსახურის უფროსი, რომელიც თანხების გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს, საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. ზესტაფონში რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს?

- ტყუილად საუბარი არ მიყვარს, მაგრამ ბევრ რაიმეს მიგახვედრებთ. პირველ რიგში, რაც ძალიან მაწუხებს, ეს „ქართული ოცნების“ ავტორიტეტის საქმეა. რატომღაც არავინ ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში კოალიცია მოვიდა, „ქართულ ოცნებას“ ლანძღვა-გინების მეტი არაფერი მოუტანია. ამ ხნის განმავლობაში, „ქართული ოცნება“ ლანძღვის ნაცვლად რომ ექოთ, ხალხის განწყობა სხვანაირი ხომ იქნებოდა?

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნებისა და თავმჯდომარეების არჩევა იწყება და იქ ისეთი ღირსეული ხალხი უნდა შევიყვანოთ, რომლებიც დაწეულ ავტორიტეტს მაღლა ასწევენ.

ქართული ოცნებისავტორიტეტი რატომ ეცემა - საქმეს არ აკეთებთ, გაკეთებული საქმე საზოგადოებამდე ვერ მიგაქვთ, თუ პრობლემებს თავს ვერ ართმევთ?

- თუ შეიძლება, ზესტაფონის მაგალითზე ვისაუბრებ, რომელიც ძალიან სპეციფიკური რაიონია. ზესტაფონი ისეთი არტერიაა, სადაც მაღალი დონე უნდა იყოს. დასუფთავების სამსახურის უფროსი მურმან ნებიერიძე იყო, რომელიც დღე და ღამე მუშაობდა, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე კი, ყველა იმ ადამიანს ებრძვის, ვინც ჩემს გუნდში მოიაზრება. მან ასეთ ფიგურად ნებიერიძეც აღმოაჩინა.

მაღრაძე თქვენ რატომ გებრძვით? ის ხომ, „ქართული ოცნებისწარმომადგენელია?

- ზესტაფონში ამ მხრივ ძალიან უცნაური სიტუაციაა. მაღრაძეც და მეც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ვართ. ის ჩვენი ოპონენტი რომ იყოს, კიდევ რაღაცას გავიგებდი.

რას ვერ იყოფთ, კონფლიქტის მიზეზი რა არის?

- მასთან გასაყოფი არაფერი მაქვს. როდესაც, ზესტაფონში გავიმარჯვე, მასთან კონფლიქტი რაზეც მომივიდა, ეს გამგებლის პოსტი იყო. მას გამგებლობა სურდა, რაზეც მეგობრულად ვურჩიე - იქნებ, სხვა თანამდებობაზე ეფიქრა. თავის დროზე, პარტიის ადგილობრივი შტაბის თავმჯდომარის პოსტზე მაღრაძის კანდიდატურა მე წამოვაყენე, ვიფიქრე რაღაც პოსტი ექნებოდა და კონფლიქტი აღარ გვექნებოდა. უდიდესი შეცდომა დავუშვი, თურმე, ყველაფერი ლომის ხახაში ჩავუშვი. საკრებულოში ადგილი აქვს ნეპოტიზმს, სადაც კადრები შევსებულია ნათესავებით, ახლობლებით, ბიძაშვილებით, კლასელებით და ა.შ. ჩემი პროფესია და სტატუსი მაქვს და იქ რა უნდა მინდოდეს? დაპირისპირების მიუხედავად, მოსახლეობასთან აქტიურად ვთანამშრომლობ.

ნეპოტიზმი ახსენეთ და გკითხავთ, ზესტაფონში თქვენი გავლენით პოსტებზე ადამიანები არ დაგინიშნავთ?

- არა.

თქვენ აპროტესტებთ, რომ დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელი ნებიერიძე დააკავეს, მაგრამ ამ ადამიანს სახელმწიფო 58 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება...

- მურმან ნებიერიძე შესანიშნავი ადამიანია და ის 24 საათი მუშაობდა, რომ ზესტაფონი რაღაცისთვის დაემსგავსებინა. თუკი მას რაიმე გადაცდომა აქვს, ეს პროკურატურის საქმეა და ამ სიტუაციაში მას ვერ დავიცავ. რასაც მეუბნებიან, თუკი მან ამ შეცდომების ნახევარი მაინც დაუშვა, ეს სასიამოვნო არ არის. ნებიერიძის დაკავებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, რადგან ის ძალიან პატიოსანია.

თუ ნებიერიძე პატიოსანია, მაშინ, პროკურატურა რას ედავება?

- პროკურატურა მას თანხების გაფლანგვას ედავება, რასაც დამტკიცება სჭირდება. გამოძიება გრძელდება და თუკი ისეთ სუტუაციას მივიღებთ, რომ მას ზარალის ანაზღაურებას დააკისრებენ, მას ვეღარ დავიცავ. ეს ყველაფერი რატომ მოხდა? ეს პროცესები მხოლოდ მის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ის ჩემს გვერდზე მდგომი კაცია, რომელიც ყველას ებრძვის. რაც შეეხება გამგებელ თუთარაშვილს, მე მას არ ველაპარაკები.

თქვენ არც საკრებულოს თავმჯდომარეს ელაპარაკებით, არც გამგებელს და ამით ზესტაფონი არ ზარალდება?

- რა თქმა უნდა, ზარალდება. საქმე ჩემს ახირებას არ ეხება. მეტყვიან, რომ ეს ადამიანები ხალხის რჩეულები არიან, მაგრამ საკრებულოში კონკურსი რომ ჩატარდა, გარეთ ისეთი კვალიფიციური ადამიანები დარჩნენ, რომ ვერ წარმოიდგენთ. ამ კომისიის ხელმძღვანელი მაღრაძე იყო.

დავიჯერო, მაღრაძესა და თუთარაშვილს ხელისუფლებაში ქავთარაძეზე მეტი გავლენა აქვთ? ზესტაფონში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლაში ცენტრალური ხელისუფლება რატომ არ ერევა? ამ ყველაფრით რაიონი ზარალდება და თქვენ ხომ იმიტომ აგირჩიეს, რომ ადგილობრივების პრობლემები მოგეგვარებინათ? თქვენი ლიდერები - კალაძე და ღარიბაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების პრობლემებით არ ინტერესდებიან?

- ზესტაფონში არსებული მძიმე ვითარების თაობაზე კალაძეს ვესაუბრე, რომელიც ძალიან ყურადღებით იქცევა. ამ საკითხებით კობახიძეც დაინტერესებულია. მეჩვენება, რომ რაღაც ხდება, ან მაღრაძეს ვიღაც „იქსი“ ადამიანი მხარს უჭერს. მისი მოქმედება ჩვენი რაიონის საწინააღმდეგოა. რაღაცეების თქმა მინდა, მაგრამ ყველაფერს ვერ გეტყვით.

რა ინფორმაციას ფლობთ და რას მალავთ?

- მას ისეთი წარსული აქვს, რომელზეც პასუხი უნდა აგოს, თუმცა, რას ვგულისხმობ, ვერ ვიტყვი. კალაძემ ხუმრობით მითხრა, ეს კაცი შენ აგირჩევია და ყველაფერი შენი ბრალი ყოფილაო. მე ავხსენი, ეს ყველაფერი რატომ გავაკეთე. მაღრაძეს იმპიჩმენტი რომ გამოვუცხადოთ, ეს ძნელი განსახორციელებელი იქნება, რადგან მან გარშემო საკუთარი ხალხი შემოიკრიბა. რა დააშავა, ამას თქვენც ვერ გეუბნებით, მაგრამ იქნებ, ჩემი მასალები საქმეს მაინც გამოადგეს და ეს მწვავე ვითარება ჩაქრეს.

როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზესტაფონს რა შესძინეთ?

- პარლამენტში ჩემი საქმიანობით კმაყოფილი არ ვარ. ჩემი ახირებული პრინციპია, რომ ტრიბუნასთან ბევრჯერ არ გამოვიდე, თუმცა, ჩემი ძალები მოსახლეობასთან არის გადასროლილი, რაც მათი პრეტენზიების გაცნობასა და შეხვედრების გამართვაში გამოიხატება.

თქვენ მათ პრობლემებს აგვარეთ?

- ძალიან ბევრ რამეს. ბევრი რაღაც ჩემი ფუნქცია არ არის, მაგრამ ჩემთან ადამიანი რომ მოდის და პრობლემის გადაჭრას მთხოვს, მას უარს ვერ ვეუბნები.

თუკი გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან კონფლიქტი გაქვთ და თან ბევრი რაღაც თქვენი ფუნქცია არ არის, მაშინ მოქალაქების პრობლემებს როგორ აგვარებთ?

- ჩემი ავტორიტეტით.

როგორ?

- შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებში პირადად მივდივარ. ამომრჩეველთა პრობლემებს რომ ვაგვარებ, ეს ადამიანები ჩემთან ამიტომ მოდიან.

ზესტაფონში მიმდინარე პროცესებისთვის იმპულსი, თქვენ ხომ არ მიგიციათ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ იქ არსებულ მოვლენებზე ზესტაფონის რამდენიმე მცხოვრებს აზრი ვკითხე, რომელთაც მითხრეს, რომ მმართველობის სისტემაში ისეთი ადამიანები მიიყვანეთ, რომლებიც მათთვის მიუღებელი იყო...

- მაგალითად, ვინ?

მაგალითად, თეატრის დირექტორი ვახო კვინიკაძე...

- ეს ადამიანი წამყვანი მსახიობი იყო, მაგრამ პოსტიდან მისი გადაყენების საკითხი მე დავაყენე. ის ძალიან კარგი კაცია, მაგრამ როგორც მმართველი ვერ გამოდგა და პოსტიდან წავიდა.

პრობლემებზე საუბრობთ და რასაც ვისმენ მიკვრის, რადგან თქვენ წარმოგიდგენიათ, რომნაციონალური მოძრაობისდროს, დეპუტატი გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დაპირისპირებული ყოფილიყო და ამაში ცენტრალური ხელისუფლება არ ჩარეულიყო? ისინი პროცესებში რამდენად ჯანსაღად ჩაერეოდნენ, ეს ერთია, მაგრამ მეორეა ის, ვიღაც რაღაცას კურირებდეს...

- უნდა ვთქვათ, რომ ისინი უფრო კარგად მუშაობდნენ. მათი ბევრი საქმე ძალიან არ მომწონდა და არც მომეწონება, მაგრამ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც ვერ გვარდება. მგონია, რომ ცენტრალურ ოფისში, ან ზემდგომ ორგანოებში, მაღრაძეს რაღაც ჯგუფი მხარს უჭერს.

რაღაც ჯგუფირას ნიშნავს? გუნდში შიდა ბრძოლებია?

- მგონია, რომ მას ვიღაც მხარს უჭერს, მაგრამ ვინ - ვერ გეტყვით.

თუკი თქვენ ყველაფერში მართალი ხართ, ვითარების გარკვევას უფრო რადიკალურად, რატომ არ ცდილობთ?

- საკითხი დღის წესრიგში რამდენჯერმე დავაყენე. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციაში სია წარვადგინე და მითხრეს, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო.

როგორც მახსოვს, ამ სიის თაობაზე პრობლემები გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან, დავით საგანელიძესთან გქონდათ...

- მაშინ, ცოტა გავცხარდი და შემდეგ, ბოდიშიც მოვიხადე, მაგრამ ჩვენ ურთიერთობა გავარკვიეთ.

ზესტაფონში მიმდინარე პროცესებს თქვენი პროტესტი ხომ არ მოჰყვება და მოსალოდნელი ხომ არ არის, რომ პარტიიდან და პარლამენტიდან წახვიდეთ?

- შეიძლება. უკან არ დავიხევ და თუკი ეს ყველაფერი ყურად არ იღეს, არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტი დავტოვო, მაგრამ ამ ნაბიჯს ბატონო ბიძინას გარეშე არ გადავდგამ. ბიძინა ავტორიტეტია და რაიონში მან გამომიშვა. იმის ნაცვლად, რომ მჭიდროდ ვიყოთ, რაიონში არაფერი არ ხდება.

ყოფილი პრემიერი ახსენეთ და გკითხავთ, თუკი სამართალის ძიებაში ხართ, მას რატომ არ მიმართეთ?

- არ შევაწუხე.

რატომ?

- ბატონ ბიძინასთან რომ მივიდე და ეს ყველაფერი ვუთხრა, შეიძლება მითხრას, გოგი გამგებელთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან საერთო ენა რატომ ვერ იპოვეო და როგორ, მართალი შენ ხარო?! ეს ადამიანურად შეიძლება მეწყინოს და ამიტომ თავს ვიკავებ. მისი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ ეს მომენტი დადგება. ამ ვითარებაში, მე რა უნდა მინდოდეს? 75 წლის ადამიანი ვარ, რომელსაც ჩემი სახელი, პროფესია, ავტორიტეტი და სტატუსი მაქვს. ჩემი ამოცანა, რა არის?

რა არის?

- რაიონი რომ დაწყნარდეს და საქმე გავაკეთოთ. „ფერო“ უფრო მეტად უნდა ავამუშაოთ, რომ ბიუჯეტში მეტი ფული შემოვიდეს. იდეა მაქვს, რომ ეკოლოგიური ცენტრი ზესტაფონში ჩამოყალიბდეს. ზესტაფონში ყოველი მეხუთე ბავშვი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული და პირდაპირ გაოცებული ვარ. ბატონი ბიძინა გვაფთხილებს, რომ კერძო საკუთრების მიმართ ფრთხილი განცხადებები ვაკეთოთ, მაგრამ ეკოლოგიას ყურადღება უნდა მიექცეს. არაფერს ვითხოვ და მინდა ვთქვა, რომ დიდი გაკვეთილი მივიღე.

გაკვეთილი რისგან მიიღეთ?

- ადამიანებთან ურთიერთობის და იმის, საკუთარ თავზე პრობლემების გადაჭრა როგორ უნდა აიღო. ერთხელ, ჩემთან ამომრჩეველი მოვიდა, ვისაუბრეთ და რომ გადიოდა, მითხრა, ძალიან დიდი მადლობაო. ვკითხე, მადლობას რატომ მიხდით-თქო და მიპასუხა, იმისთვის, რომ მომისმინეთო. მივხვდი, რომ მოსმენა ყველაზე მთავარია.

ხელისუფლება ხალხს უსმენს?

- მოსმენის დეფიციტია. გვსურს, რომ ეს არ იყოს, მაგრამ პრობლემები არის. ზოგჯერ, შეხვედრებზე ვგრძნობ, რომ ზოგიერთი ადამიანი ფსიქიკურად ვერ არის, მაგრამ მასაც უნდა მოვუსმინოთ. ცენტრალურ ხელისუფლებას მივმართავ, რომ გაითვალისწინონ, ეს ხალხი ხელმძღვანელები არ უნდა იყვნენ. ამას გაითვალისწინებენ თუ არა, პოზიციას არ შევიცვლი. ეს ხალხი სუფთა ხალხი არ არის. მაღრაძე კორუმპირებული ადამიანია.

მაღრაძის კორუმპირებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები გაქვთ?

- რა თქმა უნდა.

რატომ არ აქვეყნებთ?

- როცა საჭირო იქნება, ყველაფერს პრესა გაიგებს.

და ბოლოს. 2016 წელს, პოლიტიკიდან წასვლას აპირებთ, თუ მაჟორიტარ დეპუტატად ისევ კენჭს იყრით?

- ამაზე არ მიფიქრია. პარლამენტში ძალიან აქტიური აღარ ვარ, მაგრამ ჩემთვის ახალი ეტაპი იწყება და გააქტიურებას ვგეგმავ.