სახალხო დამცველი გიორგი მღებრიშვილის პასუხს იმ კანონზე სთხოვს, რომელსაც ხელს ხათუნა კალმახელიძე აწერს. საქმე ეხება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, 2011 წლის 30 მაისის 97-ე ბრძანებას, რომელიც განსაზღვრავს საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას, მათი შემოწმების პროცედურას. 32-ე მუხლის თანახმად, დაწესებულების დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის და მისი მოთავსების ადგილის ჩხრეკა, ბრალდებულის ნივთების შემოწმება. ბრალდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.
თუმცა, ამის მიუხედავად სახლახო დამცველის ოფისში აცხადებენ, რომ ეს არის დამცირებელი მოპყრობა ქალთა მიმართ, კანონში გაწერილი მუხლი არ ნიშავს, რომ მოპყრობა ღირსების შემლახველი უნდა იყოს. სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის, ეკა სხილაძის განცხადებით, სახალხო დამცველი მოითხოვს ჩხრეკის დახვეწას ისე, რომ ეს არ იყოს ქალი პატიმრებისთვის ღირსების შემლახავი მოპყრობა.
„რა თქმა უნდა, ჩხრეკა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ხორციელდებოდეს ღირსების შემლახავი ფორმით. სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის დროს ნათლად გამოჩნდა, რომ ქალი პატიმრების მიმართებაში ჩხრეკის პროცედურები მოითხოვს ბუქნებს და შიშველ ჩხრეკას, რაც შეურაცმყოფელია ქალი პატიმრებისთვის.
გამომდინარე იქედან, რომ ეს პროცედურული წესი არსებობს სასჯელაღსრულების დაწსებულებაში, სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, რომ ეს წესი შეიცვალოს და ჩანაცვლდეს იმგვარად, რომ ჩხრეკას არ ჰქონდეს ღირსების შემლახველი დამოკიდებულება. მაგალითად, გამოყენებული იქნას სკანირების თანამდროვე მეთოდები ან სხვა ტექნიკა, რომელსაც ითვალისწინებს გაეროს წესდება ქალ პატიმრებთან მოპყრობის შესახებ“, - აცხადებს for.ge-სთან ეკა სხილაძე.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას, მათი შემოწმების პროცედურა ღირსების შემლახავია. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება სასჯელაღრულების მე-5 დაწესებულებაზე გაამახვილა.
„მიუხედავად იმისა, რომ მე-5 დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ. დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომლის დროსაც ქალ პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც რა თქმა, ღირსებული შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში for.ge-ს განუცხადეს მინისტრის 2011 წლის 30 მაისის 97-ე ბრძანების თანახმად, ადმინისტრაცია ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები, ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პატიმრობის დაწესებულებაში ან გადიან იქიდან. ბრალდებულისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია. ბრალდებულის შემოწმებას ახორციელებს დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
ამავე მუხლის თანახმად, სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. სრული შემოწმებისას ბრალდებული ვალდებულია უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ, მთლიანად გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მუშაკთან ერთად.
ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. ბრალდებულს დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა ქონისა და შენახვის უფლებაც ამ დებულებით დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში მათ გააჩნიათ. ბრალდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში. ბრალდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ. სრული შემოწმება უნდა ჩაატაროს იმავე სქესის შესაბამისმა პირმა. ამ დროს დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.
სახალხო დამცველის პრეტენზია მიუღებელია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისთვის, გიორგი მღებრიშვილისთვის.
„ერთი რამე ცალსახად შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება. იმისთვის არ დაგვიბრუნებია ის, რომ უკან წავართვათ. თუკი ვინმე რაიმე გადაცდომას ჩაიდინეს, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. ამისთვის არსებობს გენერალური ინსპექცია. უნდა მიმართონ გენერალურ ინსპექციას. ეს ინფორმაცია იქნება დეტალურად შესწავლილი და თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდა, იქნება მკაცრი რეაგირება“, - აცხადებს გიორგი მღებრიშვილი.