„ნაციონალური მოძრაობა“ აღმასრულებელ მდივანს ირჩევს, პარტიის წევრებს არჩევანის გაკეთება გიორგი ვაშაძესა და სერგო რატიანს შორის მოუწევთ. for.ge-ს ინფორმაციით, აღნიშნული პოსტის დაკავების მეტი შანსი სერგო რატიანს აქვს, რადგან მას ნდობას პარტიის ლიდერები უცხადებენ.
როგორც for.ge-ს კულუარულ საუბარში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განუცხადა, გუნდში რატიანი ვაშაძისგან განსხვავებით, კეთილგანწყობით სარგებლობს, რატიანს მხარს თბილისის ყოფილი მერი, პატიმრობაში მყოფი გიგი უგულავაც უჭერს. წყაროს ინფორმაციით, უგულავამ რატიანის მიმართ საკუთარი მხარდაჭერა წერილში დააფიქსირა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე მივიდა.
აღსანიშნავია, რომ უგულავასგან განსხვავებით, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს წერილი არ დაუწერია, თუმცა, მან საკუთარ გუნდს ვაშაძისადმი მხარდაჭერა აცნობა, რომელთაც ინფორმაცია პარტიის სხვა წევრებს მიაწოდეს.
უნდა ითქვას, რომ მერაბიშვილის გარდა, ვაშაძეს ნდობა უკრაინაში მყოფმა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებაც გამოუცხადეს. მათ შორის უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ, დავით საყვარელიძემ. როგორც წყარო ამბობს, პარტიაში ვაშაძის მხარდამჭერი წერილი უკრაინიდანაც მივიდა, თუმცა, არა - პარტიის ლიდერ მიხეილ სააკაშვილისგან. წერილის ავტორები საყვარელიძე და ცხადაია არიან, წერილის პათოსის გამო კი, ნაციონალები გაღიზიანებას ვერ მალავენ.
„თუკი ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ვაპროტესტებთ, ამ ფონზე, საყვარელიძესა და ცხადაიას პარტიის საქმიანობაში ჩარების უფლება, საიდან აქვთ?“, - განუცხადა for.ge-ს ერთ-ერთმა ნაციონალმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალებს აღმასრულებელი მდივნის კანდიდატურაზე უკრაინაში ვიზიტის ფარგლებშიც იმსჯელეს და როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მიხეილ სააკაშვილს მხარი არც ვაშაძისთვის და არც რატიანისთვის არ დაუჭერია - „სააკაშვილმა ნეიტრალური პოზიცია დაიკავა და თქვა, რომ ეს ის თანამდებობა არ არის, რომელიც პარტიაში დაპირისპირების მიზეზი უნდა გახდეს“ - ამბობს პარტიის ერთ-ერთი წევრი და დასძენს, რომ სააკაშვილს საუბრისას აღუნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე გამორჩეული აღმასრულებელი მდივანი მიხეილ მაჭავარიანი იყო.
„ნაციონალური მოძრაობა“ აღმასრულებელ მდივანს დღეს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე აირჩევს. შეგახსენებთ, რომ ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა.