გამოკითხულ დევნილთა 88,3%-ს თავის წარმოშობის ადგილას დაბრუნება სურს

გამოკითხულ დევნილთა 88,3%-ს თავის წარმოშობის ადგილას დაბრუნება სურს

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დაკვეთით ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა გააქარწყლა მითი იმის შესახებ, რომ ახალ თაობას არ სურს დაბრუნება აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. კვლევა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისიარიატის დაკვეთით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა ჩაატარა. კვლევამ მიზნად დაისახა დევნილებისთვის მიეცათ საშუალება გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები და პოზიცია ნებაყოფლობით დაბრუნებასა და ალტერნატიულ გრძელვადიან გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88,3%-ს სურს, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ადგილას, თუ ამის შესაძლებობა და მათთვის მისაღები პირობები ექნებათ. ამასთან, 2,6% მზად არის, ნებაყოფლობით დაბრუნდეს დღეს არსებული გარემოებების პირობებში, მხოლოდ გამოკითხულთა 6% აცხადებს, რომ მათ არ სურთ დაბრუნება.

განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარ აცხადებს, რომ ეს კვლევა დაეხმარებათ შემდგომში პრიორიტეტების დასახვისთვის, თუ რა მიმართულებით უნდა იმუშაონ.

„კონკრეტულად რამდენიმე ციფრს გავუსვამ ხაზს, თუ რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი - აბსოლუტურ უმრავლესობას დევნილებისა სურს ნებაყოფლობითი დაბრუნება, მხოლოდ 6% ამბობს, რომ მათ დაბრუნება არ სურთ. ჩავთვალოთ ეს ის 6%-ია, რომელიც დღეს უკეთესად მოეწყო თბილისსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში. ასე რომ, მრავალჯერ დასმული კითხვა და მითი, რომ ახალი თაობა წამოვიდა და მათ არ სურთ უკან დაბრუნება, ამ კვლევით არის გაქარწყლებული და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი შედეგი კვლევისა, რითიც განსხვავდება წინა კვლევებისგან, ის არის, რომ დევნილთა 57% თავს ინტეგრირებულად თვლის იმ საზოგადოებაშიც, სადაც ახლა ცხოვრობენ. ინტეგრაციის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალებში, ვიდრე - მამაკაცებში. მესამე მნიშვნელოვანი ციფრი კი, სოზარ სუბარის თქმით არის ის, რომ გამოკითხულთა 57% ამბობს, რომ მათ სურთ, იცხოვრონ იმ ადგილას, სადაც ამ წუთებში ცხოვრობენ და არ სურთ სხვაგან გადასვლა.

„ეს ციფრი ეთანხმება ინტეგრაციის მაჩვენებელს და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სწორია ის პოლიტიკა, რაც გვაქვს წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით. ჩვენ ვცდილობთ, ადამიანებს იქ დავუკანონოთ სახლი, სადაც ისინი ცხოვრობენ და არა იქ, სადაც ხელისუფლება გადაწყვეტს. ამის კლასიკური მაგალითია ფოცხო-ეწერი თუ როგორ ახდენდა წინა ხელისუფლება დევნილების გადასახლებას იმ ტერიტორიებზე, სადაც მათ არ სურდათ“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

for.ge-სთან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი კვლევა ჩატარდა წინა წლებში. მისი თქმით, რაც უფრო მეტი კვლევა ჩატარდება მით უკეთესია, რადგან იქნება საზოგადოების განწყობის უფრო ნათელი სურათი და უფრო სანდო იქნება თავად კვლევების შედეგებიც.

„კონფლიქტის მოგვარება მრავალშრიანი პროცესია და ანგარიშგასაწევია ყველა ასპექტი. დევნილების დაბრუნების გარდა კონფლიქტის მოგვარება გულისხმობს შერიგებას, ნდობის აღდგენას, კონფლიქტის მხარის ინტერესების გათვალისწინებას, ასევე რუსეთისა და მესამე მხარეების ფაქტორების გათვალისწინებას. თუმცა, დევნილების დაბრუნება, რა თქმა უნდა, უმთავრესია და მნიშვნელოვანი ამ საკითხზე ჩატარებული კვლევების შედეგებში“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აღნიშნული კველევა აფხაზურ მხარესთან თუ საერთაშორისო საზოაგდოებასთან დიალოგისთვის უდაოდ არის ძალიან მნიშვნელოვანი არგუმენტი.

„ეს შედეგი, რაც დევნილთა სამინისტრომ გაახმაურა, ძალზედ მნიშვნელოვანია დევნილთა ურთიერთობის ზოგადი კონცეფციის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, რომ ინტეგრირება ამ საზოგადოებასთან არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს შეეცვალათ დამოკიდებულება იმ ადგილების მიმართ, სადაც დაიბადნენ. იცით, რომ წლების განმავლობაში იყო კამათი იმაზე, უნდა შეექმნათ თუ არა დევნილებისთვის გარკვეული პირობები დანარჩენ საქართველოში. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ თუ შეუქმნიდნენ ნორმალური პირობებს,  შეიძლება საერთოდ არ მოესურვებინათ დაბრუნება“, - აცხადებს საყვარელიძე.

ექსპერტის თქმით, ეს იყო ინტეგრირების პოლიტიკის საპასუხო მოსაზრება.

„ვიცით, რომ აზარბაიჯანმა საერთოდ კარვებში დაასახლა თავისი დევნილიები სწორედ იმიტომ, რომ მათ შეენარჩუნებინათ დაბრუნების მისწრაფება, ანალოგიური მოსაზრებით, რომ ინტეგრაციამ შეიძლება ხელი შეუშალოს სამომავლოდ იმ ადგილების ათვისებას, საიდანაც არიან. საბედნიეროდ, ქართველი ახალგაზრდობა თავის პოზიციებს არ იცვლის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 88,3%-ს სურს, დაბრუნდეს თავის წარმოშობის ადგილას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.