რუსეთი საქართველოსთან 1996 წლის 19 მარტს გაფორმებული შეთანხმების გაწყვეტას აპირებს. ამ შეთანხმების თანახმად, ის პირები, რომლებიც უკვე გასამართლებულები არიან და მისჯილი აქვთ თავისუფლების აღკვეთა, საქართველოსთვის უნდა გადმოეცეს. შეთანხმების გაუქმების ინიციატივა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის, რომელსაც ასევე ეთანხმება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და უზენაესი სასამართლო. რუსეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლითაც რუსეთის პრემიერ-მინისტრი, დიმიტრი მედვედევი პრეზიდენტს მიმართავს წინადადებით, რომ მთავრობის გადაწყვეტილება აცნობოს ქართულ მხარეს.
რუსეთის გადაწყვეტილებას, ქართული მხარე გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, დავით კერესელიძე for.ge-სთან საუბრისას განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის არაჰუმანური გამოვლენა და არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ფორმით შეიძლება გამოავლინო აგრესია და გაავრცელო სხვა ქვეყნის მიმართ.
„მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს საომარი მოქმედება, ხელშეკრულების გაწყვეტა, თუ ადამიანების დაკავება, ეს არის ისევ და ისევ, ის მიზანმიმართული პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი უკვე წლების მანძილზე ატარებს. მე ვიტყოდი, რომ ეს არის აგრესიული პოლიტიკა. როდესაც რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%, აგრძელებს აგრესიულ რიტორიკას და ქმედებებს, ასეთი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო“, - აცხადებს დავით კერესელიძე.
გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, მუდმივი განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, საქართველოს რამდენი მოქალაქე იხდის სასჯელს რუსეთის ციხეებში, უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩებიან ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეები. ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში სამი ქართველის განთავისუფლება მოხერხდა.
პრემიერის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან დაგეგმილ შეხვედრაზე, რუსეთში, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების გათავისუფლების საკითხზე იმსჯელებს.
„ერთ-ერთი საკითხია ე.წ. ჯაშუშების გადმოცემა. ამ საკითხზე ჩვენ ვსაუბრობდით და მე არ მგონია, რომ ამ ხელშეკრულების გაუქმებამ პირდაპირი გავლენა იქონიოს პროცესებზე. ამ ფორმატში 3 ადამიანი დავაბრუნეთ, თუმცა არიან ჩვენი მოქალქეები, რომელიც ამ ბარლდებით არიან გასამართლებული. ჩვენი მიზანია მათი განთავისუფლება, საკამოდ დიდი სასჯელი აქვთ შეფარდებული, ზოგს 18 წელი, ზოგს 20 და ა.შ.“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ აბაშიძე.
პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ როდესაც იდგმება გაცილებით საშიში ნაბიჯები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, რუსეთის მხრიდან საქართველოსთან მორიგი ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს.
„მე არ მგონია, იმ რეალობის შემდეგ, რაც ჩვენ ამდენი წელია გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან, ამ ხელშეკრულების გაუქმება უნდა გვიკვირდეს. მაშინ, როდესაც იდგმება გაცილებით უფრო საშიში ნაბიჯები ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის მისამართით, ამ ხელშეკრულების გაუქმება არ უნდა გვიკვირდეს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო ფაქტია, ძალიან ცუდია, მაგრამ ეს ყველაფერი ჯდება იმ ერთიან პოზიციაში, რომელსაც რუსეთის ფედერაცია სამწუხაროდ ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში“, - აცხადებს თენგიზ ფხალაძე.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თამჯდომარის განცხადებით, როდესაც ორი ქვეყანა ასეთ დაპირისპირებაშია, თავისთავად ცხადია, რომ არსებობს გარკვეული რისკები, რომ ეთნიკური ქართველების უფლებები დაცული არ იქნება საპატიმროებში.
„ორივე მხარის ინტერესში შედის, რომ გასამართლებული პირები გადავცეთ მხარეებს, რითაც გარანტირებული იქნება მათი უფლებები, რომ ეთნიკური ნიშნით მათზე საპატიმროში არ განხორციელდება ძალადობა. სამწუხაროდ, ჩვენ მსგავსი ფაქტები გვაქვს, პირადად შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ რუსეთის საპატიმროებში და მათ მიმართ ადგილი ჰქონდა წამებას.
იმ შემთხვევაში თუკი გაუქმდება ეს ხელშეკრულება, შევეცდებით შვეიცარიის საელჩოს დახმარებით შევძლოთ ჩვენი თანამოქალქეების დახმარება. თუკი ადგილი ექნება მათი უფლებების დარღვევას, ასეთ შემთხვევაში შევეცდებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ძალისხმევით დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეები რუსეთის საპატიმრობეში. ამ ეტაზე რთულია სხვა მექანიზმებზე ვიფიქროთ, რამდენადაც ჩვენ არ გვაქვს სხვა ბერკეტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებთ, როდესაც რუსეთ-საქართველოს შორის აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო, რუსეთს იმედი ჰქონდა, რომ საქართველო თუ არ იქნებოდა მისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ, მის საწინააღმდეგო კურსს არ დაადგებოდა. როგორც ცინცაძე აცხადებს, მაშინ, რუსეთი ამ ხელშეკრულებით აღფრთოვანებული არ ყოფილა.
„დსთ-ს ფარგლებში დადებულია 50-მდე ხელშეკრულება არ გაუქმებულა, ძალაშია, მაგრამ ახლა, როდესაც სააკაშვილის დროინდელი რიტორიკა ივსება პრაქტიკული ნაბიჯებით, რუსეთი ამას განიხილვას როგორც თავისი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც ნიშნავს, რომ რუსეთი თავს ვალდებულად არ გძნობს, ანგარიში გაუწიოს საქართველოს და მის ინტერესებს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ამას თანდათანობით მოჰყვება რუსეთის ბაზრის შეზღუდვაც“, - აცხადებს ცინცაძე.
მისივე თქმით, აღნიშნული ხელშეკრულების გაუქმება არასასიამოვნო სურპრიზია. პოლიტოლოგის განცხადებით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ საქართველო რუსეთისგან დარტყმას მოულოდნელი კუთხიდან ღებულობს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გაუქმდება აბაშიძე-კარასინის ფორმატი, მაგრამ იქნება ისეთივე მკვდრადშობილი დიპლომატიური სხეული, როგორც ჟენევის მოლაპარაკებაა.
„შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ ხელშეკრულებას არ აქვს, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტენდენციას, რომ რუსეთი უკვე წყვეტს იმ ვიწრო ძაფებსაც და საცალფეხო ხიდებსაც კი, რომელიც ჯერ კიდევ ფორმალურად გვაკავშირებს რუსეთთან. როგორც ჩანს, რუსეთმა გადაწყვიტა საქართველოსთან აბსოლუტურად ყველა ურთიერთობების გაუქმება. სამწუხაროდ, საქართველოს რუსეთისგან დარტყმას მოულოდნელი კუთხიდან ღებულობს.
საქართველიში არავის არ მოუვიდოდა აზრად, რომ რუსეთი სამიზნედ აირჩევდა ამ ხელშეკრულებას, რომლის არსებობაც არც საქართველოში და არც რუსეთში აღარავის არ ახსოვს. რამდენი ასეთი ხელშეკრულებაა კიდევ დადბეული 90-იანი წლების დასაწყისში, რომელსაც ჩვენ გავიხსენებთ მაშინ, როდესაც რუსეთი დაიწყებს ამ ხელშეკრულებებიდან გამოსვლას. ეს არის ქართული დიპლომატიის დღევანდელი შედეგი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე.