„ჩემი ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტია დატოვეს  ინტელექტუალურმა ახალგაზრდებმა“

„ჩემი ინფორმაციით, რესპუბლიკური პარტია დატოვეს ინტელექტუალურმა ახალგაზრდებმა“

პარლამენტის თავმჯდომარე ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შსს-ს რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის განხილვაში. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, ხორციელდება სამართალდამცავი სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა და მზად არიან, ყველა დასაბუთებული მოსაზრება გაიზიარონ.

„ბოლო მოეღება ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს. ის არ იქნება არანაირი სახელით - გინდ ერქვას ოდეერი, გინდ უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი. მთელი კონტროლის სისტემა იქნება ნათელი, ღია, ფუნქციები იქნება მკაფიოდ განსაზღვრული და არ იქნება გადაფარვები და პარალელიზმი სხვადასხვა უწყებებს შორის. ახალი სამსახური მოემსახურება სახელმწიფოს და არა მმართველ პოლიტიკურ ძალას“, - ეს განცხადება კი ვახტანგ ხმალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა.

for.ge-ს ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის ამ განცხადებებს წინ უძღოდა მათი შეხვერდა ექსპერტებთან.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, დახურულ შეხვედრაზე უსუფაშვილმა და ხმალაძემ საკუთარი წუხილი გამოთქვეს როგორც საარჩევნო კოდექსის, ასევე შსს-ს და  პროკურატურის რეფორმის საკითხებზე. „ამ დროისთვის რესპუბლიკელებისთვის წარმოუდგენლად გაუგებარია უფრო მეტი ლტოლვა ხელისუფლებისკენ“, - ამბობს for.ge-ს წყარო და არგუმენტად მოჰყავს უსუფაშვილის უარი, მისთვის შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ამ დროისთვის რესპუბლიკელების ძირითადი სატკივარი საკუთარი პარტიის პერსპექტივაა, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ რესპები რეალურად აფასებენ საკუთარ ძალასაც და იმ საფრთხეებსაც, რაც იმ შემთხვევაში გაჩნდება, როგორც კი, მათი რიგებიდან, ვინმე საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად, დღევანდელი პოლიტიკური სასწორის აყირავებას შეეცდება.

უკავშირდება თუ არა რესპუბლიკელების შფოთვა კულუარულად გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, პარტიის რიგები დატოვეს ინტელექტუალურმა ახალგაზრდებმა, ჩვენთვის უცნობია. თუმცა, საქმეში ჩახედული ადამიანები ირწმუნებიან, რომ რესპუბლიკელები არ სჯერდებიან მიღწეულს და ახლა, თვალი ძალოვანი სტრუქტურების მინისტრების პორტფელებისკენ გაურბით.

სწორედ, მათ ამ ამბიციებს უკავშირებენ რესპუბლიკელების ფერიცვალებას და მათ დამთმობ პოზიციებს რეფორმებთან დაკავშირებით, რაც პარტიიდან ახალაგაზრდების გადინების საბაბი გახდა.

„რესპუბლიკური პარტიის“ ზოგიერთი ლიდერის და პარლამენტის თავმჯდომარის სიფრთხილეს დაგვიანებულს უწოდებს იურისტი, ატლანტიკური საბჭოს წევრი, ლევან ალაფიშვილიც, რომლის განცხადებით, ხელისუფლებამ არ გაიზიარა ატლანტიკური საბჭოს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.

რას უკავშირდება პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება, შსს-ს რეფორმირების საკითხში ჩაერთოს ნებისმიერი დაინტერესებული მხარე და რეალურად, რა ხდება რესპულიკურ პარტიაში? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ლევან ალაფიშვილს ესაუბრა. 

ლევან ალაფიშვილი: კარგი იქნებოდა პარლამენტის თავმჯდომარე ასეთივე მოწოდებით და მხარდაჭერით გამოსულიყო მაშინ, როდესაც ჩვენ, ატლანტიკურმა საბჭომ კვლევის შედეგები და რეკომენდაციები მივაწოდეთ ხელისუფლებას. ეს მოხდა შარშან ზაფხულში. მაშინ, ერთიანად დაგვესხნენ თავს და გვითხრეს, რომ რაღაც არაჯეროვანს და მიუღებელს წერენო. დღეს სიტუაცია შეიცვალა და როგორც ჩანს, პოლიტიკურად და ამითაც არის ნაკარნახევი უსუფაშვილის ეს განცხადებაც.

რაც შეეხება მოტივაციას და შესაძლო ცვლილებებს, ბუნებრივია, პარლამენტი ფორსირებულად განიხილავს ამ კანონპროექტს და ეჭვი მაქვს, რომ ფორსირებულად განიხილავს სწორედ იმიტომ, რომ მას მოჰყვება ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამ წელსვე უნდათ ამის დასრულება, იმიტომ, რომ დასაგეგმია მომავალი საბიუჯეტო წელი და უნდათ, რომ ახალი სამთავრობო სტრუქტურით დაიგეგმოს. ამის პარალელურად, რესპუბლიკელების ამბიცია იზრდება.

ამბიციის ზრდაში რას გულისხმობთ?

- როგორც მე მაქვს ინფორმაცია, სპეცსამსახურს, ანუ ახლად შექმნილ სააგენტოს პრემიერი პრინციპულად არ დაუთმობს არავის კოალიციიდან, მაგრამ რაც შეეხება რეფორმის შემდგომ შსს-ს, რესპუბლიკელი გიგლა აგულაშვილი, შესაძლოა, იყოს ის კანდიდატი, რომელსაც ლობირებენ რესპუბლიკელები. გარდა ამისა, როგორც მაქვს ინფორმაცია, თვითონ პარტიაში არის გარკვეული უთანხმოება და ძირითადად ეს თვალში საცემია რეგიონებში. იმ ფონზე, როდესაც კოალიციის სხვა სუბიექტები თავის პარტიის წევრებზე თუ მხარდამჭერებზე უფრო მეტად ზრუნავენ, რესპუბლიკელები ამ მიმართულებით არ აქტიურობენ, ბუნებრივია, რომ ამას მოსდევს უკმაყოფილება.

ბოლო ინფორმაცია რაც მაქვს, გახლავთ ის, რომ რესპუბლიკური პარტია დატოვეს საკამოდ ინტელექტუალურმა ახალგაზრდებმა. პარტიაში ასეთი მოვლენები უცხო არ არის, მაგრამ რესპუბლიკელებისთვის ეს დამაფიქრებელი უნდა იყოს იმ თვალსაზრისით, რომ ეროვნული ბანკის უკანონობიდან გამომდინარე, მათ ურთიერთობა გაიფუჭეს დასავლეთთან.

სად ჩანს, რომ დასავლეთთან გაიფუჭეს ურთიერთობა? ფაქტია, რომ რესპუბლიკელები ხელისუფლებაში ერთ-ერთ პროდასავლურ ძალად არიან ცნობილი...

- გეთანხმებით, მაგრამ როდესაც 23 ივნისს სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ ქვეყნის მეორე პირს, დავით უსუფაშვილს, იქიდან გამოსულებმა კომენტარი არ გააკეთეს. 24 ივნისს ამ ორ კრედიტორს დაემატა კიდევ ორი კრედიტორი. ოთხმა უმსხვილესმა კრედიტორმა, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს საკრედიტო დავალიანება 2 ნახევარ მილიარდ დოლარს შეადგენს, წერილობით დააფიქსირა თავისი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ.

ეს ხდებოდა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრიდან მეორე დღეს. ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, რესპუბლიკელებს ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის სიმცირის კვალობაზე, შედარებით მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ დასავლეთში და თუ ამასაც დაკარგავენ, ქვეყნის შიგნით დარჩებიან ერთი პოლიტიკური ძალის შემხედვარე. პარტია „ქართულ ოცნებას“ ან მის რომელიმე მაღალჩინოსანს უნდა შესციცინებდნენ თვალებში, რას გაიმეტებენ მათთვის, ეს არის ის პერსპექტივა რაც დღეს არის და ხვალ რა იქნება, ამას ვერ გეტყვით.

რითი ხსნით რესპუბლიკელების ამგვარ პოზიციას?

- როდესაც კოალიციაში როლებს და ფუნქციებს ინაწილებ, ბუნებრივია, რომ ინაწილებ პასუხისმგებლობასაც. სავარაუდოდ, რესპუბლიკელებს მოუწიათ მათივე ფასეულებების და პრინციპების წინააღმდეგ კომპრომისზე წასვლა, რის გამოც გაიმყარეს პოზიციები კოალიციაში და მთავრობაში.

ერთი მაგალითი დამისახელთ იმის, რაზეც მოუწიათ პრინციპულ პოზიციაზე უარის თქმა, მხოლოდ იმიტომ, რომ გაემყარებინათ პოზიცია კოალიციაში?

- 2006 წელს შექმნილი აქვთ ასეთი დოკუმენტი - რესპუბლიკური არჩევანი, რომელშიც მოცემულია ყოფილი ხელისუფლების სამართლიანი კრიტიკა და ამავე დროს მათი ხედვები, როგორ ხედავენ მომავალ განვითარებას. ამ ხედვაში წერია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გაფლანგვა საზოგადოების ნდობა, საკუთარი კეთილდღეობისთვის და ფუფუნებისთვის უფრო მეტს იბრძოდა, ამავე დროს კონსტიტუცია, კანონმდებლობა და ინსტიტუციები ფიქციად აქციაო.

დღეს რა ხდება, სხვა მოვლენებზე რომ არაფერი ვთქვათ, იგივე პრეზიდენტზე თავდასხმაში მათი აქტიური მონაწილეობა, ეროვნულ ბანკთან მიმართებაში კანონის საკუთარ თავზე მორგების პროცესში მონაწილეობა, ეს რა არის? დიახ, რომ რესპუბლიკელი ებანოიძე იყო ამ პოლიტიკურად მოტივირებული კანონპროექტის ავტორი. რაც შეეხება პოზიცების გამყარებას, მხედველობაში მაქვს პარლამენტში საკომიტეტო თანამდებობები და ამავე დროს, მთავრობაში მნიშვნელოვანი პოზიციები. ისინი თვლიან, რომ კომპრომისები ამად უღირთ. თუმცა, როგორც ჩანს, ასე არ თვლიან პარტიის წევრები, რის გამოც პარტიის შიგნით არასახარბიელო პროცესები მიდის.

თქვენ, უკვე აღნიშნეთ, რომ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვეს მისმა წევრებმა, თუმცა ამას ოფიციალურად არ ადასტურებენ. თქვენი ინფორმაციით, რამდენმა ადამიანმა დატოვა პარტია?

- ეს იცის ორმა მხარემ, ვისაც მიმართეს და მათ, ვინც მიმართეს პარტიიდან გასვლის შესახებ. ვერ გეტყვით რამდენმა დატოვა, მაგრამ როგორც გადმომცეს და ასევე ეს ვიცი პარტიის იმ წევრებისგან, რომლებმაც უკვე დატოვეს „რესპუბლიკური პარტია“, რომ ეს ციფრი საკამოდ დიდია. მინდა გითხრათ, რომ პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრები წუხან ამის შესახებ.