„ოცნებას“ ქადაგიძის შემცვლელად ჯავახიშვილის დანიშვნა მოუნდება, მარგველაშვილი კი, ივაჭრებს და რაღაცას მოიგებს“

„ოცნებას“ ქადაგიძის შემცვლელად ჯავახიშვილის დანიშვნა მოუნდება, მარგველაშვილი კი, ივაჭრებს და რაღაცას მოიგებს“

ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილი „ქართულ ოცნებასთან“ პოლიტიკურ გარიგებაში შევა. მისი თქმით, ქვეყნის პირველი პირი პოლიტიკური სიტუაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს და პასუხისმგებლობას არაფერზე იღებს. დეპუტატის პროგნოზით, „ქართული ოცნება“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნას მოითხოვს, რომელიც კანონმდებელის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ფინანსების განმკარგავი იყო.

ეროვნული ბანკის მომავალთან დაკავშირებით, for.ge მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა:

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე, გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილება თებერვალში ეწურება და მისი შემცვლელის პოვნის მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატების შერჩევას იწყებს. რატომ იწყება ეს პროცესი შვიდი თვით ადრე?

- ამ საკითხზე მარგველაშვილი ივაჭრებს. სამწუხაროდ, ის პასუხს არაფერზე აგებს და ის მანტია - თითქოს, პრეზიდენტი არაფრის გადამწყვეტია - ძალიან კარგად მოირგო. მსგავსი რამ კონსტიტუციაში არ წერია და პირიქით, პრეზიდენტი არჩევითი იმიტომ არის, რომ მას მანდატი ჰქონოდა და კონკრეტულ საკითხზე საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. მან პოზიცია უნდა დააფიქსიროს, თუ როგორ წარმოუდგენია ეკონომიკური პრობლემების მოგვარება. ის კი, პოლიტიკური სიტუაციის მის სასარგებლოდ გამოყენებას ცდილობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებითაც ასე მოხდა, რადგან მან პარლამენტში „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები კანდიდატურა შემოიტანა.

თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტი ეროვნული ბანკის კანდიდატზე პოლიტიკურ გარიგებაშიქართულ ოცნებასთანშევა?

- რა თქმა უნდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება და მარგველაშვილს ღირსეული კანდიდატურის შერჩევა შეუძლია, მაგრამ ღირსეულ კანდიდატურას დამტკიცება უნდა და ეს პარლამენტი იმისთვის მზად არ არის, რომ ღირსეული პირი აირჩიოს. საკანონმდებლო ორგანოს სურს, რომ პოლიტიკურად მორჩილი კანდიდატურა დაამტკიცოს.

ანუ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი არ იქნება?

- ეს პოლიტიკური თამაშია და მარგველაშვილი ამით რაღაცას მოიგებს.

თუმცა, ნინო გვენეტაძის შემთხვევაში ვნახეთ, რომ მასქართული ოცნებამხარს არ უჭერდა და კოალიციაში რამდენიმეთვიანი კონსულტაციები გაიმართა, რათა გვენატაძის კანდიდატურა არ ჩავარდნილიყო. ანუ, პრეზიდენტმა პარლამენტში ის წარადგინა, ვინც სურდა და კომპრომისებზე წასვლაოცნებასმოუწია...

- გვენეტაძე ყველაფერს აკეთებს, რაც „ქართულ ოცნებას“ სურს. „ოცნებამ“ გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მას მხარს ბიძინა ივანიშვილი უჭერდა. აქ პიროვნული მომენტი იყო, როცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი თავი რამდენიმე დეპუტატს წარმოედგინა. ივანიშვილმა, როგორც სჩვევია, ამ დეპუტატებს სურვილის გაჟღერებისთანავე, ანგელოზები მიწაზე დაუსვა. გვენეტაძე რას აკეთებს? მას ინსპექტორის თანამდებობა შემოაქვს და სისტემიდან იმ მოსამართლეებს გაუშვებენ, რომლებიც მათ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ხელისუფლება გვენეტაძის სახით, უკეთეს ვარიანტს ვერ წარმოიდგენდა. როგორც სასამართლო დაზიანდება, ასე მოხდება ეროვნული ბანკის შემთხვევაში, მაგრამ აქ ზიანს ვერ აანაზღაურებენ.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ვისი დანიშვნა სურს?

- მათ ალბათ, ნოდარ ჯავახიშვილის დანიშვნა მოუნდებათ, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის ფინანსების განმკარგავი იყო.

რაც შეეხება 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსახორციელებელ ცვლილებებს, როგორ აფასებთ მომზადებულ პროექტს?

- როცა ბიუჯეტის სეკვესტრი გამოცხადდა, მაშინ სტიქია არ იყო და ახლა ბუნებრივია, რომ თანხების მოზიდვა საჭიროა, მაგრამ პრობლემები 13 ივნისს არ წარმოქმნილა. მთავრობა დეკემბერში ვერ ხედავდა, რომ რუსეთი უკრაინაში იყო შეჭრილი? საქმე არაპროფესიონალებთან გვაქვს, თუმცა, ბიუჯეტის პროექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისაა, რომ ქვეყნის საგარეო ვალი დაახლოებით 185 მილიონი ლარით იზრდება და გადასახადები მცირდება. საინტერესოა, ეს ბიუჯეტი ვის მოაკლდა?

ბიუჯეტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის უწყება იმცირებენ...

- თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მინიმალური ჰქონდა და საინტერესოა, მას თანხები რის საფუძველზე შეუმცირდა? „ნდობის ჯგუფში“ იქნება საუბარი საფრანგეთში გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც თავდაცვით შეიარაღებას ეხება. თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ დოკუმენტს არ გავასაჯაროვებო, მაგრამ ბოდიში და ქვეყნის თავდაცვა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის საქმე არ არის. ამაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხიდაშელი არ არის.

13 ივნისის სტიქიური მოვლენა ახსენეთ და გკითხავთ, გამოწვევის წინაშე, რამდენად ადეკვატური იყო ხელისუფლება?

- ეს იყო უმძიმესი მოვლენა, დაღუპულია 19 ადამიანი და პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს შევიკავებ. როგორც ბარბარე რაფალიანცთან იყო უზნეო გამოსვლები, ასე მოხდა გზის გაყვანაზეც. ახლა ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის, რადგან ეს იარა მოშუშებული არ არის. დრო მოვა, როცა პრობლემებზე ვისაუბრებთ. ერთადერთი ვინც თითი არ გაიშვირა, კალაძე იყო, რომელიც როგორ ჩანს, რუკას კარგად არკვევს. ნიადაგმცოდნე ვარ და მამაჩემი ცნობილი ადამიანი იყო, რომელიც ეროზიაზე მუშაობდა და ღვარცოფსა და მეწყერზე ძალიან ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული. ძალიან კარგად ვიცი, ეროზია რა არის. არ შეიძლება, მეწყერი ერთ საათში წარმოიშვას. მეწყერი რამდენიმე თვისა და წლის პრობლემაა. სოფელში ჩემი სახლის თავზე მეწყერია და ის როდის მოწყდება, არავინ იცის. იმ დონეზე არ დავალ, რომ ხელისუფლებას მეწყერის არსებობა დავაბრალო.