„ისლამური სახელმწიფოს“ ახალი ვილაიეთი ამჯერად ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე შეიქმნა. საკუთარი პროვინციის დაარსების შესახებ განაცხადება დაჯგუფების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა, აბუ-მუჰამად ალ-ადნანიმ გააკეთა. რუსეთის ოთხი რეგიონის - დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი ისლამისტემა „ისლამურ სახელმწიოფოს“ ერთგულება შეჰფიცეს და შესაბამისი ვიდეოჩანაწერი ინტერნეტსივრცეში განათავსეს.
„ვულოცავთ „ისლამური სახელმწიფოს“ ჯარისკაცებს კავკასიაში ხალიფასადმი ერთგულების ფიცის დადებას. ის იღებს თქვენ ფიცს და აბუ მუჰამად ალ-ქადარს ნიშნავს კავკასიის მმართველად“, - ამბობს ალ-ადანი ინტერნეტში გავრცელებულ განცხადებაში.
ჩრდილოეთ კავკასიის ტერირორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნას გამოეხმაურა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი. ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებები საქართველოსგან უყურადღებოდ არ რჩება და როგორც მთელი მსოფლიო, საქართველოც საფრთხედ განიხილავს.
„ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ განაცხადა კავკასიის ემირატის შესახებ. უდავოა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია არის საფრთხე არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ, როგორც მთელი მსოფლიოს შემადგენელი ნაწილი ასევე განვიხილავთ „ისლამურ სახელმწიფოს“ საფრთხედ. არსებობს შესაბამისი ორგანოები, მათ შორის შეიარაღებული ძალები თავისი წილი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომლებიც ამუშავებენ სცენარებსა და გათვლებს. „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებები უყურადღებოდ არ რჩება“, - აცხადებს ვახტანგ კაპანაძემ.
აღსანიშნავია, რომ სიახლე არ არის ჩეჩენი და დაღესტნელი საველე მეთაურების „ისლამური სახელმწიფოს“ დაქვემდებარებაში გადასვლა, რადგან, მანამდეც რამდენიმე ჩეჩენმა და დაღესტნელმა საველე მეთაურმა ღიად განაცხადეს ამის შესახებ. კავკასიაში „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურების გამო საზღვრებზე კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.
შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, „ისლამური სახელმწიფოს“ ხალიფატის შექმნა კავკასიიის ტერიტორიაზე საქართველოსთვის, ისევე როგორც მთლიანად კავკასიისთვის კარგი არ არის. თუმცა გომელაური თვლის, რომ გამოწვევებზე საუბარი გადაჭარბებულია.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ჩავერთვებით. ჩვენ ვმუშაობდით როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართულებით, ასევე „იმარატ კავკასიის“ მიმართულებით. ისევ გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონტროლს და უფრო მეტად გავამკაცრებთ იგივე საზღვრებს. ასევე გაგრძელდება კონტროლი, რომ საქართველოდან სირიაში აღარ წავიდნენ საბრძოლველად. მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი არის თურქეთის მიმართულებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კავკასიელი ისლამისტების გააქტიურებას ეხმაურება ნატო-ს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალი სერ ადრიან ბრედშოუ, რომლის განცხადებით, ის, რომ კავკასიელმა ისლამისტებმა „ისლამურ სახელმწიფოს“ ერთგულება გამოუცხადეს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ბრედშოუს თქმით, „ისლამური სახელმწიფო“ პრობლემა არა მხოლოდ კავკასიისთვის, არამედ მსოფლიოს ბევრი რეგიონისთვის არის.
„ეს პრობლემა მომდინარეობს ავღანეთიდან, კვეთს ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთს და აფრიკის ნაწილსაც კი. ამ საფრთხესთან გამკლავების თავალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული თანამშრომლობა და ამ მხრივ სტაბილურობა. ისიც ნიშანდობლივია, რომ სხვა რეგიონულმა კონფლიქტებმა არ უნდა გადაიტანოს ჩვენი ყურადღება ამ საკითხიდან“, - განაცხადა სერ ადრიან ბრედშოუმ.
პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი თვლის, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ჩრდილო კავკასიაში გააქტიურება პანკისის ხეობაში გააქტიურებას არ გამოიწვევს. რადგან, მისი თქმით, ის კონტაქტები უკვე აღარ არსებობს, რაც აქამდე იყო. თუმცა, ხანგოშვილისგან განსხვავებით, საფრთხეებზე საუბრობს უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ფაქტობრივად ხალიფატი კავკასიაშია. მათ უკვე დანიშნეს თავიანთ წარმომადგენლად დაღესტნელი წარმოშობის საველე მეთაური, რომელიც პირველი გადავიდა „ისლამური ხალიფატის“ მხარეზე .
„ისლამურმა ხალიფატმა პირდაპირ გამოაცხადა, რომ მან უკვე შექმნა საკუთარი ადმინისტრაციული ერთეული, ანუ კავკასიური ვილაიეთის სახით და მიუერთეს შესაბამის გუბერნიას. სამწუხაროდ, კავკასიის ვილაითში საქართველოც შედის, როგორც განუყოფელი ნაწილი. მეტიც, მათი სამხედრო შენაერთები უკვე ჩვენი საზღვრის მონაკვეთზე არიან განლაგებული. ამ ვილაითში შესულია - დაღესტანი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ყაბარდო-ბალყარეთი. მათი საბრძოლო პოტენციალი დაახლოებით 5-დან 15 000 მებრძოლს მოიცავს.
აქედან 5 ათასი აქტიური მებრძოლია, 15 ათასი კი აქტიური რეზერვი. მათ უკვე გაუჩნდათ მყარი ფინანსური წყარო. დაიწყება იმ ე.წ. მებრძოლების დაბრუნება სირიიდან თავიანთ მშობლიურ მხარეში. შესაბამისად, ეს არის საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვიცით როგორი სასტიკი მეთოდებით მოქმედებს „ისლამური ხალიფატი“. ტერორისტული აქტებიდან გადავლენ ასიმეტრიულ სამხედრო ოპერაციებზე. არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დაიწყოს წმინდა სამხედრო ტიპის ასიმეტრიული ოპერაციები. სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ რეალური სამხედრო მოწინააღმდეგე“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
ექსპერტი, საერთაშორისო საკითხებში, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ სირიისა და ერაყის გარდა, ისლამური ხალიფატის გეგმებში შედის, თურქეთის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილის კონტროლის ქვეშ მოქცევა, ვინაიდან თვლიან, რომ ასე გავლენ კავკასიაზე, რადგან მიჩნიათ, რომ კავკასიაში სერიოზული დასაყრდენი აქვთ.
„ის, რომ ამ ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი წამყვანი სამხედრო ლიდერები არიან როგორც ჩრდილო კავკასიიდან, ასევე, უშუალოდ პანკისის ხეობიდან და ეს ნაკადი უბრალოდ არ წყდება, ესეც ცხადია და მათ თავისთავად აქვთ დასაყრდენი ჩრდილოეთ კავკასიაშიც და პანკისის ხეობაშიც. ეს ორი ფაქტორი განაპირობებს, რომ საფრთხე არის რეალური და ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს პარტიორ ქვეყნებთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, რომ ჩვენ არ ავღმოჩნდეთ სიურპრიზის წინაშე, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმები იქნება მორიგი სურპრიზი ქართული ძალოვანი თუ უშიშროების სამსახურებისთვის“, - აცხადებს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ამავე თვალსაზრისით საინტერესოა, რა მონაწილეობას მიიღებს რუსეთი ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, იმ დაძაბული ფონის პირობებში, როდესაც მათ დეკლალირებული აქვთ, რომ ისინი ღია კონფრონტაციაში არიან დასავლეთთან.
„ცხადია, რომ რუსეთის ინტერესში ნამდვილად არ შედის „ისმალური სახელმწიფოს“ ხალიფატის გეგმების ხელის არშეშლა ჩრდილო კავკასიაში. მით უფრო, როდესაც იქ არიან ისეთი ლიდერები, როგორიც არის ჩეჩნეთის პრეზიდენტი, რომელსაც „ჩაბარებული“ აქვს ეს რეგიონი ზუსტად მსგავის საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
ამიტომ, საქართველოსთვის ეს არის საფრთხე და უნდა იქნას სწორად შეფასებული. დაისახოს მიზნები ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად და მოხდეს იმ შესაძლებლობების მობილიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონალურ და გლობალურ დონეზე იმისთვის, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ მარტო ამ საფრთხის წინაშე. იმიტომ, რომ რეალურად „ისლამური სახელმწიფოს“ გეგმები არის ძალიან გრანდიოზული და ისინი ამ ეტაპზე აღწევენ ყველა წარმატებას, რაც მათ მიაჩნიათ, რომ უნდა ჰქონდეთ“, - ამბობს ვანო მაჭავარიანი.