ალქაჯებზე ნადირობა თუ პრორუსული საფრთხე

ალქაჯებზე ნადირობა თუ პრორუსული საფრთხე

ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი პროექტის, damoukidebloba.com-ის ფარგლებში გამოქვეყნდა კვლევა „რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე“. კვლევის ავტორები ამ თემის გააქტიურების მიზეზს იმით ხსნიან, რომ 2015 წლის მაისში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ, კონფერენციები გაიმართა, სადაც საერთაშორისო მედიისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იმ გზებზე იმსჯელეს, რითიც შესაძლებელი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა.

როგორც კვლევის ავტორები აღნიშნავენ, კონფერენციებზე რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებაზე საუბრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს.

კვლევაში ჩამოთვლილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც, კვლევის ავტორთა შეფასებით, ამგვარი რიტორიკით გამოირჩევიან (ის ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთს (აშშ, ევროკავშირი) საქართველოს მტრად წარმოაჩენენ, გამოირჩევიან ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებებით და აქცენტს აკეთებენ რუსეთ-საქართველოს „მეგობრობის“ აღდგენაზე, ურთიერთობის ნორმალიზებაზე ან საქართველოს ნეიტრალიტეტზე) ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ორი ორგანიზაცია არის აღსანიშნავი - „ევრაზიის ინსტიტუტი“ და „ევრაზიული არჩევანი“.

კვლევის ავტორებისთვის საინტერესოა, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც არიან.

მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტის“ მიერ დაფუძნებულია „ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი“ და „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“. ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემა „საქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა, „ევრაზიის ინსტიტუტის“ პარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები „საქინფორმი“ და „ივერიონი“.

„ევრაზიის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან, ერთად არის „კავკასიური თანამშრომლობის“ დამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა „გლობალური კვლევების ცენტრი“ და „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“.

ორგანიზაცია „ევრაზიულ არჩევანს“ არჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულია „ერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანს“ აქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაც „პატრიოტი TV“.

კვლევაში ნათქვამია, რომ ზემოთაღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება - თუ „ევრაზიული ინსტიტუტი“ ძირითადად, ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანი“ უფრო პროაქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, კვლევის ავტორებმა მოიძიეს, რომ აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი.

კვლევას თუ გადავხედავთ, მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ სასურველი იქნებოდა, უფრო არგუმენტირებული და დეტალური მიმოხილვა გვეხილა, მაგრამ რაკი პრობლემა რეალურად არსებობს, საჭიროდ ჩავთვალეთ ყურადღების გამახვილება. პარალელურად, For.ge შეეცადა იმ მედიაგამოცემების პოზიციაც მიეწვდინა მკითხველისთვის, რომლებიც კვლევაშია მოხსენიებული.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი, არნო ხიდირბეგიშვილი თვლის, რომ ის ამ ჩამონათვალში სააკაშვილთან პირადი მტრობის გამო მოხვდა.

„მაგათ მიიღეს გრანტი სააკაშვილისგან, მე მაქვს ყველანაირი საბუთი, რომ ისინი სააკაშვილისა და მერაბიშვილისგან არიან მართული. კვლევაში მოყვანილი არც ერთი ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს და არ მინდა ამ დილეტანტურად გაკეთებული კვლევის დეტალებზე ვაკეთო კომენტარი. მე ვარ პრო-ქართული ორიენტაციის საინფორმაციო სააგენტოს ხელძღვანელი, უკვე 10 წელია და სააკაშვილი, რომელიც პირად მტრად მთვლიდა, რაიმე ტიპის დაფინანსება რომ მქონოდა, ჩემი პასუხისმგებლობის საკითხს აქამდე აუცილებლად დააყენებდა. აბსოლუტური სისულელეა ის, რასაც ჩემზე ამბობენ და ამაზე პასუხს სასამართლოში აგებენ“,- აცხადებს არნო ხიდირბეგიშვილი.

„ივერიონის“ მთავარი რედაქტორი ზაურ ნაჭყებია იმით ხსნის ამ ჩამონათვალში მოხვედრის მიზეზს, რომ შესაძლოა, „ივერიონი“ ერევათ „ივერონში“, რომელიც ორი წლის წინ დაიხურა.

„ივერონს“ იმ პერიოდში, 2012 წლის არჩევნების დროს მართლაც აფინანსებდა მინდია გულუა, მაგრამ მე არ ვყოფილვარ არც დამფუძნებელი ან დირექტორი, ვიყავი მთავარი რედაქტორი, ანუ შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი.

რაც შეეხება „ივერიონს“, ის არ არის „ივერონის“ სამართალმემკვიდრე, სრულიად დამოუკიდებელი გამოცემაა და ამ ეტაპზე არც არავისი პარტნიორი არ არის. არავის არ აქვს უფლება დამაბრალოს ტენდენციურობა რუსეთუმობა და ა.შ. რაც შეეხება დაფინანსებას, რუსეთიდან კი არა საქართველოდანაც არ მიგვიღია.

კვლევას რომ ატარებ, მყარი არგუმენტები უნდა გაგაჩნდეს, ვერ გეტყვით საიდან დაასკვნეს, რომ რუსეთის გამხმოვანებელი და „ევრაზიის ფონდის“ პარტნიორი ვარ. რაც ამ კვლევაში წერია, სრული აბსურდია“, - აცხადებს ზაურ ნაჭყებია.

ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის, „საქართველო და მსოფლიოს“ მთავარი რედაქტორი ირაკლი თოდუა (გამომცემელი აიპ „ისტორიული მემკვიდრეობა“) მიიჩნევს, რომ ეს კვლევა გაკეთებულია დონორებისთვის - უკვე ათვისებული გრანტის დასადასტურებლად.

„გაზეთმა თავისი პოზიცია უკვე გამოხატა და ახლა, რამდენი ხელმოცარული გამოხტება, ყველაზე კომენტარის კეთებას არ ვაპირებ და ზოგადად, გავლენის აგენტების საქმიანობაზე კომენტარების კეთების არანაირი სურვილი არ მაქვს“, -  აცხადებს ირაკლი თოდუა.

საინტერესოა, რომ ზოგადი საუბრებისას საზოგადოების წარმომადგენლები პრორუსული პროპაგანდის გაძლიერბაზე ხშირად საუბრობენ, თუმცა როდესაც მედიას ეხება საქმე და მისი ორიენტაცია საჯარო განხილვის საგანი ხდება, მეტი დამაჯერებლობისთვის სასურველი იქნებოდა იმ კონკრეტული სტატიების მიმოხილვა, რომლითაც, მაგალითად, პრორუსული ორიენტაცია დასტურდება. ზოგადად კი, თუ დემოკრატიულ პრინციპებზე და აზრის გამოხატვის თავისუფლებაზე საუბარი, ვერავის მოედავები მიზანმიმართული პოლიტიკის გატარებაში. თუ რასაკვირველია, ამგვარი პოლიტიკის გატარებისთვის სპეციალურად არ ფინანსდები.

ექსპერტი, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მარკირება პრორუსებად და პროდასავლელებად გადამეტებულია.

„ალქაჯებზე ნადირობამ უკვე წარმოუდგენელი ფორმა მიიღო. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მხრიდან წამოვა ასეთი მარაზმი? ფაქტობრივად, ეს კვლევა არის გაკეთებული ასეთ საფუძველზე: ყველა, ვინც არ ლოცულობს დასავლეთზე, არის პრო-რუსი - არ შეიძლება ასეთი მიდგომა. თუ კითხვას დასვამ, რაციონალურად ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რას გვაძლვს დასავლეთი, მაშინვე მოწებებული გაქვს იარლიყი - დასავლეთისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი რატომღაც ამ ქვეყანაში ინათლება პრორუსად. შესაძლოა, იმ მედიის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, რაც ჩამონათვალშია მოცემული, მაგრამ ასეთი კვლევები ძალიან სახიფათოა. ესენი თუ პრორუსები არიან, სხვა ყველა დანარჩენი პროდასავლელია? ასეთი ზღვრის გავლება რას ნიშნავს“? - მიიჩნევს ხუხაშვილი.

ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ კვლევაში გამოხატულ პოზიციასა და ზოგიერთი, ჩამონათვალში მოხვედრილი გამოცემის განწყობებში დამთხვევას ხედავს. ასეთ მაგალითად ცისკარიშვილს „საქართველო და მსოფლიო“ მოჰყავს, რომელიც მისი შეფასებით, დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ამ გამოცემაში არასდროს შეხვედრია რაიმე წვრილმანზეც კი კრიტიკული განწყობა რუსეთისადმი. თუმცა როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, გაზეთი კრიტიკულია ყველა სხვა მიმართულიებით - ყოფილი თუ დღევანდელი ხელისუფლების, ამერიკის და ევროპის მიმართ.

„თავად ჩავატარე ექსპერიმენტი, როდესაც ეს გაზეთი ახალი გამოსული იყო. ჩემი შეფასებები პუტინის მმართველობზე ვეღარ ამოვიკითხე ინტერვიუში, რომელიც გამოქვეყნდა, - ეს ნაწილი ამოიღეს. როდესაც კვლავ მომაკითხეს, მთელი ინტერვიუ მივუძღვენი იმის გარჩევას, თუ რას წარმოადგენს პუტინის ხელისუფლება დღევანდელი მსოფლიოსთვის - ეს სტატია კი საერთოდ არ გამოქვეყნებულა“.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, რაც შეეხება დაფინანსებას, არ არის აუცილებელი, აქაური ორგანიზაციები აფინანსებდნენ, რადგან ამისათვის შესაძლოა, სხვა, მაგალითად, მოსკოვში ნათესაური წყაროებიც მოიძებნოს.

რაც შეეხება კვლევის ობიექტურობას, სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, მას ძალზე გაუკვირდა „ივერიონის“ მოხვედრა ამ სიაში, რადგან ამ მედიასაშუალების მიმართ ასეთი მიდრეკილება არ შეუმჩნევია - „რამდენიმე ინტერვიუ მივეცი ამ გამოცემას და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია, ჩემი ნათქვამი არც დაუმახინჯებიათ და არც შეუკვეციათ“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

მედიისგან განსხვავებით, საკუთარი პოზიციის გასაიდუმლოებას არ ცდილობენ პრორუსული იდეოლოგიის გამტარებლად მოხსენიებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. თუმცა აცხადებენ, რომ ამ კვლევას მაინც და მაინც არ ენდობიან.

ევრაზიული კავშირის წარმომადგენელი, ნანა დევდარიანი თვლის, რომ არანაირი კვლევა ეს არ არის - უბრალოდ, ჩამოთვლილია, არასმთავრობო ორგანიზაციები და ნათქვამია, რომ პრორუსული ორიენტაციის არიან.

„არც დაუმალავს ამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ პრორუსული ორიენტაცია აქვთ, რა კვლევა უნდოდა ამას? სამაგიეროდ, მედიაორგანიზაციებს ასახელებენ, „საქართველო და მსოფლიოს“ და „საქინფორმს“ - ჩვენი მთავარი კრიმინალი ის ყოფილა, რომ ბანერები გავცვალეთ „საქართველო და მსოფლიოს“ საიტთან. როგორც ჩანს, მათთან უნდა შეგვეთანხმებინა. პრორუსულის დარქმევა კარგი მოიფიქრეს - ეს როგორ, პროდასავლური კარგია და პრორუსული ცუდია?

ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს შეხედულებებს. არანაირი დაფინანსება არ არის საჭირო იმისათვის, რომ შენ ასეთი ან ისეთი აზრი გქონდეს. ან ვის ეტყობა ეს დაფინანსება? წავიდნენ და ნახონ „საქართველო და მსოფლიო“ რა ოფისში ზის, რა პირობებში; იგივე ითქმის „საქინფორმზეც“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.

ნანა დევდარიანის აზრით, ვინც იმართება წლების განმავლობაში უცხოეთიდან კარგად არის ცნობილი.

„ორგანიზაციების დაფინანსებას რომ გადახედოთ, მაგალითად, რომელიც ფინანსდებიან აშშ-დან, საერთაშორსო განვითარების სააგენტოს ხაზით, ან სოროსის ფონდიდან, ეს არის მრავალმილიონიანი და მრავალწლიანი პროგრამები, მაგრამ ამას ეტყობა, არ არქმევენ პროპაგანდას“,- აცხადებს დევდარიანი.

მიუხედავად არაერთგვაროვანი პოზიციისა, ბოლო პერიოდის სოციოლოგიურ კვლევებს თუ გადავხედავთ, ქვეყანაში პრორუსული განწყობები პროცენტულად გაზრდილია, რაც სავარაუდოდ, პრორუსული პროპაგანდის გააქტიურების შედეგი უნდა იყოს.

ასეთი მონაცემების მიუხედავად, ექსპერტები თვლიან, რომ აშკარად გამოხატული პრორუსული იდეოლოგია საქართველოში არ შეინიშნება. შესაძლოა, „რბილი ძალის“ საიდუმლოც სწორედ ამაშია, თუმცა, რატომღაც საქართველოში ეს პრობლემა სერიოზულ საფრთხედ არ აღიქმება.

„აშკარად გამოხატულ პრორუსულ იდეოლოგიას სიმართლე გითხრათ, საქართველოში ვერ ვხედავ. ისინიც კი, ვისაც შეიძლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება უნდოდეს, ცდილობენ, ამას რაღაცნაირად, რბილი სახე მისცენ და პირდაპირი პროპაგანდა ამ მიმართულებით არ დამინახავს არასოდეს.

რაც შეეხება, არასამთავრობოებს, მათ შესახებ ვერაფერს ვიტყვი, მე მედიას ვადევნებ თვალს. ასეთი ტიპის მოქმედებებით ვიღაცის მარკირება, რომ ეს რუსია ეს კი პროდასავლელი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩემი აზრით, არის ძალზე დაბალინტელექტუალური ქმედება“, - აცხადებს ხუხაშვილი.

მისივე შეფასებით, ქვეყნის პოლიტიკა იგეგმება საქართველოში, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამიტომ, არც პრორუსები უნდა იყვენ და არც პროდასავლელები.

ნანა დევდარიანი: „ჩვენს ორგანიზაციას შეხვედრები აქვს რუს ექსპერტებთან, გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ან ჩვენ ერთმანეთის ყველა მოსაზრებას ვიზიარებთ. ჩვენს ორგანიზაციას ექსპერტებთან აქვს საქმე და სხვას ვისთან აქვს, ვერ გეტყვით. ამდენი იწვალეს ამ კვლევაზე და ორი არასამთავრობოსა და ორი მედიასშუალების მეტი ვერ დაასახელეს, მაშინ, როდესაც 3000-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში და მათი უმეტესობა პროდასავლურ პროპაგანდას ეწევა.

ან რა მოთხოვნები უნდა ჰქონდეს რუსულ მხარეს? ან არასამთავრობო ორგანიზაციას რა მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია? ეს ხომ არ არის გადაწყვეტილების მიმღები სტუქტურები? იმ კვლევის არ იყოს, რომელშიც წერია, რომ თურმე 31% მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირს, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ესეც პროპაგანდის ნაწილია, - აი, მტერი!

თუ გაიხსენებთ ადეიშვილის ბოლოდროინდელ ინტერვიუს და ნაციონალური ლიდერების ინტერვიუებსაც, აგრეთვე აშშ-ს ახალი ელჩის განცხადებას, რომელმაც ღიად თქვა, რომ მისი ამოცანაა პროდასავლური ძალები გააერთიანოს პრორუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, ყველაფერი თავის ადგილას დადგება.

მიხვდით, რაც ხდება? პროდასავლური ძალები უნდა გააერთიანონ, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობაც“ მათთან ერთად გავა არჩევნებზე. ამისათვის კი რუსეთისგან უნდა შექმნან საფრთხე, რომელიც ამ წუთას რეალურად, პროპაგანდის სახით არ არსებობს, თორემ სხვა მხრივ, ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 25% მიტაცებული აქვს, საფრთხე ყოველთვის არსებობს. ხელოვნურ პოლიტიკურ საფრთხეს ქმნიან, რომ მოახდინონ პროდასავლური ძალების გაერთიანება და როგორმე ამით გააცოცხლონ „ნაციონალური მოძრაობა“.

რაც შეეხება პრორუსული პროპაგანდის საფრთხის სერიოზულობას, სოსო ცისკარიშვილის აზრით, თუ დასახელებაში „ევრაზიული კავშირი - საქართველო“, ტირეს ჩავთვლით მინუსის ნიშნად, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვიყოთ მშვიდად, ისე, როგორც დსთ-ს შემთხვევაშია.

„რაც შეეხება მედიას, მედიასივრცე უკვე იმდენად დიდია, რომ ძნელია, რომელიმე ერთი მიმართულების გაძლიერება გამოიკვეთოს, რადგან აქტიურობა მიდის ყველა მიმართულებით. დაახლოებით 100 სატელევიზიო არხი ღიაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა, საფრთხეს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ ცალმხრივი ინფორმაციის მიწოდება“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

რომ არ გაძლიერდეს ასეთი პროპაგანდა, სოსო ცისკარიშვილის აზრით, მოსახლეობას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ რეალური პრორუსული განწყობები საქართველოში არ არსებობს. თუ ვინმე მისტირის რუსულ კულტურას, ეს პრობლემა არ არის, მაგრამ პოლიტიკურ ჭრილში თუ ვინმე მისტირის რუსეთს, -  მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც საბჭოთა კავშირი ახსოვს, ანუ ის პერიოდი, როდესაც უმუშვრობა ისჯებოდა.

„დღეს კი მოგეხსენებათ, როგორი სიტუაციაა, ძნელად მოიძებნება ისეთი სამსახური, ერთი თვის ხელფასით ოჯახის გამოკვება რომ შეიძლებოდეს თუნდაც ათიოდე დღით. ამ ადამინებს დღევანდელი რუსეთის მიმართ რეალური ინფორმაცია არ გააჩნიათ და სწორედ ის არის რუსული პროპაგანდის ამოსავალი, რომ მაშინდელი საბჭოთა კავშირი და დღევანდელი რუსეთი ერთმანეთთან გააიგივონ, რაც ასე ნამდვილად არ არის“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

იმის გარკვევაში, ეს მართლაც ალქაჯებზე ნადირობაა თუ მომძლავრებული პრორუსული პროპაგანდა, რომელიც მომავალში სერიოზულ საფრთხეს შეგვიქმნის, ალბათ, უფრო მასშტაბური კვლევები დაგვეხმარებოდა. ისეთი კვლევები, რომელიც ნაკლებ კითხვებს გააჩენდა და საზოგადოებას, ასევე ხელისუფლებას საფრთხის რეალურობაში დაარწმუნებდა.