„პლატფორმას შევქმნით, ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით და იმედი გვაქვს, არჩევნებში სერიოზულ შედეგს ვაჩვენებთ“

„პლატფორმას შევქმნით, ამომრჩევლის წინაშე წარვდგებით და იმედი გვაქვს, არჩევნებში სერიოზულ შედეგს ვაჩვენებთ“

დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე ირწმუნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები პიროვნული დაპირისპირების საფუძველზე არ დაუტოვებია და მისი უკმაყოფილება პარტიაში სიახლის ნაკლებობამ გამოიწვია. კანონმდებელი პავლე კუბლაშვილთან, გოგა ხაჩიძესთან და გიორგი მელაძესთან ერთად სექტემბერში პარტიის დაფუძნებას გეგმავს, თუმცა, ამბობს, რომ აღნიშნული პირები 2016 წელს, პოლიტიკიდან წასვლას აპირებენ.

ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ მისი მომავალი პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კარგ შედეგს აჩვენებს.

რას ეფუძნება „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ პროგნოზები, for.ge ამის გარკვევას ზურაბ ჯაფარიძესთან შეეცადა:

როდის აფუძნებთ პოლიტიკურ პარტიას?

- მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ახალ პოლიტიკურ პარტიას შევქმნით, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და კარგ შედეგს აჩვენებს. პავლე კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გოგი მელაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და მე არ მინდა, რომ ერთი კაცის პარტია გავაკეთო, სადაც ადამიანებს დავპატიჟებ. გადავწყვიტეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია შევქმნათ, რომლის სახელწოდებაც იქნება - „პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის“. შევეცდებით, რომ ორგანიზაციაში სწორი ღირებულებების და გამოცდილების მქონე ადამიანები მოვიზიდოთ, რომელთაც სურვილი ექნებათ, რომ ქართულ პოლიტიკაში ჩაერთონ. პოლიტიკური ცხოვრების ცალკე დაწყების მიზანი სწორედ ის იყო, რომ პოლიტიკაში ახალი სახეები ჩავრთოთ, რისი ნაკლებობაცაა ქართულ პოლიტიკაში.

ნაციონალური მოძრაობისდატოვების შემდეგ, განცხადება გაავრცელეთ, სადაც აცხადებდით, რომ თქვენი პოლიტიკური გუნდი 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. პოზიცია რატომ შეიცვალეთ?

- განცხადებაში ჩემზე საუბარი არ ყოფილა, არამედ იქ საუბარი ხაჩიძე-მელაძე-კუბლაშვილზე იყო, რომლებიც თვლიან, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში საკმარისი დრო გაატარეს, ახლა კი, სიახლის და ახალი სახეების წამოწევის დროა. ისინი საარჩევნო სიაში აღარ იქნებიან.

ანუ, ხაჩიძე-მელაძე-კუბლაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას 2016 წელს ჩამოშორდებიან?

- დიახ, ჩამოშორდებიან.

თუკი ისინი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებენ, მათი ინტერესი რა არის, პოლიტიკური პარტია ზურაბ ჯაფარიძეს შეუქმნან?

- ისინი ფიქრობენ, რომ ამ ვითარებაში არსებული პოლიტიკური სპექტრი იმ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს, რაც მოსახლეობიდან მოდის. საზოგადოებას სიახლე სურს, რომელიც პოლარიზებული სიტუაციით ძალიან დაიღალა. ხალხში მოთხოვნაა, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს და ამას ყველა პოლიტიკური კვლევის შედეგი ადასტურებს. ჩემი თანაგუნდელების მიზანია, რომ საკუთარი პოლიტიკური გამოცდილება გამოიყენონ და ახალი ცენტრის შექმნას ხელი შეუწყონ.

სიახლეზე აპელირებთ და საზოგადოებას ახალს რას სთავაზობთ?

- ძალიან ბევრი იდეა გვაქვს. ეკონომიკურ ნაწილში ორი ინიციატივა გავაჟღერეთ. კერძოდ, თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღების იდეით გამოვედით, რომელიც აქამდე არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუჟღერებია. ეს წინადადება გულისხმობს ლართან ერთად სხვა ვალუტის დაშვებასაც, რაც საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუადვილებს და პოტენციური ბიზნსმენებისთვის ეკონომიკურ გარემოს ბევრად უფრო პროგნოზირებადს გახდის, რადგან მათ საშუალება ექნებათ, რომ ეკონომიკური ოპერაციები იმ ვალუტაში აწარმოონ, რომელიც მათთვის იქნება სასურველი. მეორე ინიციატივა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას ითვალისწინებს. ამ იდეით, ერთის მხრივ, საქართველი იქნება ქვეყანა, სადაც ბიზნესითვის საგადასახდო ტვირთი ნაკლები იქნება და მეორეს მხრივ, ქვეყანაში ბიზნეს გარემო პროგნოზირებადი იქნება.

იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკა დაიქოქოს და განვითარდეს, ასეთი რადიკალური ნაბიჯები უნდა იქნეს გადადგმული. ისეთი საქართველო არ გვინდა, რომელიც ევროპული დონის განვითარებას ასი წლის შემდეგ მიაღწევს. გვსურს, რომ ამ ყველაფერს ჩვენი შვილები მოესწრონ. ეს გეგმა იმას გულისხმობს, რომ ათ წელიწადში საქართველო ისეთი მდიდარი იქნება როგორც ახლა პოლონეთი და უნგრეთი არიან.

თქვენ ამბობთ, რომ თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღების ინიციატივა გაქვთ, თუმცა, ითქვა, რომ ეს იდეა თავის დროზე კახა ბენდუქიძეს ჰქონდა...

- თავისუფალი სავალუტო რეჟიმის შემოღების იდეა კახას ჰქონდა და ამას ლობირებდა, მაგრამ მაშინ, მან ამის გატანა ვერ მოახერხა. თავის დროზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა, რომ ეს იდეა მომგებიანი არ იქნებოდა.

თქვენს მიერ გაჟღერებულ იდეებს უმრავლესობა სკეპტიკურად შეხვდა. თქვენ სიახლეზე აქცენტირებთ, თუმცა, თუკი მმართველმა გუნდმა თქვენი წინადადებები არ გაიზიარა, თქვენი იდეები ხომ არ დარჩება იდეებად?

- ამ იდეებს მმართველი გუნდი როგორ შეხედავს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ამას რიგითი მოქალაქეები როგორ გაიგებენ. ელიავას ბაზრობაზე ხალხს იდეის არსი ავუხსენი და მათ შორის ერთი ადამიანიც კი ვერ ვნახე, რომელმაც ვერ გაიგო, ეს ინიციატივები მისთვის მომგებიანი რატომ იქნება. ასეთი იდეებით პლატფორმას შევქმნით, რომლითაც 2016 წელს ამომრჩევლის წინაშე წარვსდგებით. იმედი გვაქვს, რომ ამ არჩევნებში სერიოზულ შედეგს ვაჩვენებთ.

ეს იმედი რა საფუძვლით გაქვთ? თქვენი ელექტორატი ვინ იქნება? საკუთარი თავი .. მესამე ძალად მიგაჩნიათ?

- ამას შეგვიძლია „მესამე ძალა“ დავარქვათ, თუმცა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ ნაციონალების ან ხელისუფლების ელექტორატზე ვიმუშაოთ. ნებისმიერ ამომრჩეველზე ვიმუშავებ, რომელიც ჩვენი ხედვის განხორციელების მომხრე იქნება. ამ გუნდში შეიძლება ისეთი ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ან „ქართული ოცნების“. ამ რიგებში ბურჯანაძისა და ინაშვილის მხარდამჭერები ვერ მოხვდებიან.

ეს იდეები რაც გაქვთ, თქვენი ყოფილი გუნდიდან რომ გაგეჟღერებინათ, ამის ძალა, რესურსი და უფლება არ გქონდათ?  ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა რატომ გადაწყვიტეთ და სიახლის დანერგვანაციონალურ მოძრაობაშირატომ არ დაიწყეთ?

- ეკონომიკური იდეების გამხმოვანებელი და შემოქმედიც მე ვიყავი. რომ გითხრათ, იდეების გატანის წინააღმდეგობა მქონდა, ეს ასე არ იყო, მაგრამ გარკვეული იდეების გატანის პრობლემა მქონდა. ცხადია, რაღაც კომპრომისებზე წასვლა მიწევდა.

შეგიძლიათ, თქვათ, რომელი იდეის გატანის პრობლემა შეგექმნათ?

- ამას არ დავაკონკრეტებ. იდეები იყო, რომელიც განვახორციელე და რომლებიც ვერ გავიტანე.

თქვენნაციონალური მოძრაობისაღმასრულებელი მდივანი იყავით. ხელი რამ შეგიშალათ, რომ პარტიის რებრედინგი მოგეხდინათ? თქვენი ყოფილი თანაგუნდელები ამბობენ, რომ ისინი თქვენგან მეტს ელოდნენ და ნაკლები მიიღეს...

- მგონია, რომ საკმაოდ აქტიური ვიყავი და ვიღაცას შეიძლება განცდა ჰქონდეს, რომ რაღაც სათანადოდ არ გავაკეთე და მათ ამ შეფასების გაკეთების უფლება აქვთ. როცა „ნაციონალური მოძრაობის“ რთული პერიოდი იყო, წინა ხაზზე ვიყავი და მწამდა და ახლაც მწამს, რომ ამ პარტიის გადარჩენა პრინციპულად გარდაუვალი იყო.

პარტიის დატოვების მთავარ მიზეზად დაგვიანებული რებრედინგი დაასახელეთ. თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში გუნდში არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ. for.ge- თქვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა განუცხადეს, რომ თქვენ მიხეილ სააკაშვილთან და გიორგი ვაშაძესთან უთანხმოება გქონდათ, ხოლო გიორგი ბარამიძის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადაყენებას ითხოვდით. რეალურად, გუნდი დატოვეთ თუ არა პიროვნული დაპირისპირებების საფუძველზე?

- პიროვნული ურთიერთობები პრობლემა არ ყოფილა და ყველასთან კარგი ურთირთობა მქონდა. პარტიაში სხვადასხვა საკითხზე უთანხმოება იყო, რაც საზღვარს არ გასცდენია. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, რის გამოც პროდასავლური ორიენტაციის ელექტორატის დიდი ნაწილი ნიჰილიზმშია გადასული. ამის შედეგია ის, რომ რუსული ძალების გავლენა იზრდება, რაც ყველაზე დიდი საფრთხეა. „ნაციონალურ მოძრაობას“ შანსი ჰქონდა, რომ პროდასავლურ ელექტორატზე ემუშავა, რაც სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო არ მოხდა.

აღმასრულებელი მდივნის რანგში, პარტიას რა შესძინეთ?

- ადამიანი ვიყავი, რომელიც პარტიის პლატფორმაზე მუშაობდა და საპარლამენტო ფრაქციას ბიუჯეტის განხილვისას ამზადებდა.

თუმცა, ეკონომიკური საკითხების მომზადებაში პარტიის სხვა ლიდერებიც გეხმარებოდნენ. იგივე მიხეილ მაჭავარიანი...

- ეს პარტია კარგად აწყობილი მანქანაა და მას რა შევიძინე და რა დავაკელი, ამაზე თავად ნაციონალები ისაუბრებენ.

რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, პარტიის შენახვას საკმაოდ დიდი თანხები სჭირდება და თქვენ საიდან გაქვთ ფული?

- ზოგადად, ფინანსების წყარო შეიძლება იყოს - სახელმწიფოს დაფინანსება, რომელიც არ გვაქვს, რადგან საარჩევნო სუბიექტი არ ვართ და ბიზნესიდან მოზიდული თანხები. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ფინანსები ვიშოვოთ. მგონია, რომ დაფინანსებას ვიშოვით, რადგან ფული გჭირდება, რომ საარჩევნო კამპანია კარგად ჩავატაროთ.

დაფინანსების მოპოვების მიზნით, კონსულტაციები ბიზნესმენებთან გააქვთ?

- რამდენიმე ბიზნესმენი შერჩეული გვყავს, ვისთანაც კონსულტაციებს ვაწარმოებთ.

ეს ბიზნესმენები ფულს თქვენ რატომ გაძლევენ, მათი ინტერესი რა არის? თქვენში მომავალ პოლიტიკურ ძალას ხედავენ?

- შეიძლება, მომავალსაც ხედავენ და ამავდროულად, ჩემი ეკონომიკური ხედვები იციან. მათ ახსოვთ, რომ არასწორი მიდგომების გამო „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ვაკრიტიკებდი. ბევრი ფაქტორია, რის გამოც ბიზნესმენებმა შეიძლება ჩვენ დაგვაფინანსონ.