ქუცნაშვილი 800-მდე თანამდებობის პირისთვის „ქამრების შემოჭერას“ ითხოვს

ქუცნაშვილი 800-მდე თანამდებობის პირისთვის „ქამრების შემოჭერას“ ითხოვს

საქართველოში 25 მაღალი რანგის დაახლოებით 800-მდე თანამდებობის პირს შესაძლოა, პრემიის მიღების უფლება შეეზღუდოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარლამენტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტს დაამტკიცებს.

ცვლილებების ავტორი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილია, რომელიც პროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს და პროგნოზირებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი პრემიების გაცემას 2016 წლის პირველ იანვრამდე აკრძალავს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაახლოებით 10 მილიონი ლარი დაიზოგება.

კანონპროექტის პათოსი უმრავლესობის წევრთა ნაწილისთვის დასაფიქრებელი აღმოჩნდა, მეორე ნაწილი კი, ინიციატივას პოპულიზმად აფასებს და ქუცნაშვილს ურჩევს, ბიუჯეტის სასარგებლოდ სახლიდან ფულის მოტანა იმ დეპუტატებსაც დაავალოს, რომელთაც დეკლარაციაში დიდი ოდენობის თანხები აქვთ მითითებული.

სკეპტიკოსებისგან განსხვავებით, ქუცნაშვილი პროექტის მიღებას აუცილებელ პირობად მიიჩნევს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დაზოგილი თანხები მოწყვლად ჯგუფებს უნდა მოხმარდეს, მათ შორის - სტიქიით დაზარალებულებს.

დეპუტატს საკუთარი ცვლილებების გატანის იმედი აქვს და ამბობს, რომ პროექტი მთავრობის მიერ საჯაროდ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის პოლიტიკის“ მხარდაჭერას ემსახურება.

„მნიშვნელოვანია, კანონი ხალხის მოთხოვნას პასუხობდეს. საჯარო სამსახურს რეფორმა რომ სჭირდება, ამაზე დიდი ხანია ვსაუბრობ, მაგრამ თუკი ჩვენ საჯარო სამსახურში ცვლილებების განხორციელებას და პარლამენტში პროექტის წარდგენას დაველოდებით, დარჩენილი ექვსი თვე ისე ჩაივლის, რომ კანონი მორალურ ძალას დაკარგავს. ამ ცვლილებებით 10 მილიონ ლარამდე დაიზოგება, რაც შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა მოწყვლადი ჯგუფების დახმარებისთვის“, - აცხადებს ქუცნაშვილი, რომლის საპასუხოდ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალ კვირას ინიცირებული იქნება კანონპროექტი, რომელიც საჯარო სამსახურში რეფორმის განხორიეცლებას ეხება.

როგორც for.ge-ს კახიანმა განუცხადა, შესაბამისი კანონპროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს - ეს კანონი ყველა საკითხს აწესრიგებს, მათ შორის სახელფასო თემას.

„შესაძლოა, ეს ცვლილებები მომავალ კვირას ინიცირებული იყოს და მისი განხილვა რიგგარეშე სესიაზე მოხდება. ალბათ, ქუცნაშვილის პროექტის განხილვა ამ კონტექსტში მიზანშეწონილი იქნება“, - აცხადებს კახიანი.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე კი მიიჩნევს, რომ ფულად სარგოსთან დაკავშირებით, ერთიანი სისტემა უნდა იყოს მოფიქრებული. როგორც for.ge-ს ხმალაძემ განუცხადა, ქუცნაშვილის წინადადება არახალია და დასათვლელია თანხები, რათა გაირკვეს, „ჩიტი ბრდღვნად ღირს თუ არა“.

„ფრაქცია - „რესპუბლიკელებმა“ მსგავსი კანონპროექტი რამდენიმე თვის წინ წარადგინეს, რომლითაც გათვალისწინებული იყო, რომ პრემირების სისტემა საერთოდ გაუქმებულიყო, მაგრამ ეს რიგ შემთხვევებში ობიექტურ პრობლემებს უკავშირდება, რის გამოც სახელმწიფო სამსახურსა და თვითმართველობებში ანაზღაურების საკითხების გადასაწყვეტად მთლიანობაში ერთნაირი მიდგომაა შესამუშავებელი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია თანამშრომელთა რანგებთან, კლასებთან“, - აცხადებს ხმალაძე.

დეპუტატის განმარტებით, საჯარო მოხელის ხელფასი შედგება - თანამდებობრივი სარგოსგან, დანამატისგან და პრემიისგან.

„პრემია შეიძლება არსებობდეს, თუკი ადამიანი ერთჯერადად სპეციალური დავალებით განსაკუთრებული მოცულობის სამუშაოს გასწევს, რომელსაც მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვება. დანამატი კავშირში უნდა იყოს იმ კონკრეტულ ფუნქციურ დატვირთვასთან, რომელიც კონკრეტულ თანამშრომელს აქვს. პრემია კი გამონაკლისი უნდა იყოს. ზაქარიას ინიციატივის წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, მაგრამ დასათვლელია თანხები, რათა ვიცოდეთ, „ჩიტი ბრდღვნად ღირს თუ არა“, - განაცხადა ხმალაძემ.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური კი ცვლილებებს პოლულიზმად აფასებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის ისეთ ინიციატიასაც დაუჭერს მხარს, რომ ფულიანმა დეპუტატებმა მეტი ფული ბიუჯეტში მიმართონ.

„ვისაც დეკლარაციაში მეტი ფული აქვს ნაჩვენები, მათი სახსრებიდან რაღაც პროცენტი დავუმატოთ და კიდევ უფრო შეივსება ბიუჯეტი. ზოგჯერ სახლიდანაც შეიძლება ფულის მოტანა, ვისაც ბევრი აქვს. რად უნდა ამას პოპულიზმი? პრემიას ისედაც არ ვიღებ“, - დასძინა მეჭიაურმა.

უმრავლესობის ნაწილის მსგავსად, ქუცნაშვილის იდეას ოპოზიციაც სკეპტიკურად უყურებს. როგორც for.ge-ს ნაციონალმა, გივი თარგამაძემ განუცხადა, მთავრობამ უცხოელები ჩამოიყვანა, რათა ესწავლათ, რომ პრემიები აღარ აეღოთ.

„მათ ასწავლეს, მაგრამ შემდეგ რამდენი ვარიაცია ვნახეთ? - თქვეს, ეს პრემია არ არის, იმას სარგო ჰქვიაო, ეს დანამატიაო და „ნოუ ჰაუ“ ჯილდო გახდა. პრემიებს თუ გააუქმებენ, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მას კიდევ ახალ სახელს დაარქმევენ“, - განაცხადა თარგამაძემ.

რაც შეეხება იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც ქუცნაშვილის პროექტით, ექვსი თვით პრემიის აღება შეეზღუდებათ, ესენი არიან: დეპუტატები, მინისტრები და მათი მოადგილეები, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსები და მათი მოადგილეები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და მისი მოადგილე, საგადასახადო ომბუდსმენი და მისი მოადგილე, პარლამენტის აპარატის უფროსი და მისი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები, გენერალურ აუდიტორი და მისი მოადგილე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და საბჭოს წევრები, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს წევრი, ეროვნული მარეგულირებელი კომისიის წევრი, ცესკო-თავმჯდომარე, მისი მოადგილე და კომისიის მდივანი, გუბერნატორები და მათი მოადგილეები, მოსამართლეები, მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და მისი მოადგილე, ასევე საკრებულოს თავმჯდომარეები, მერები და გამგებელები.